11 ივნისი, 2024 წელი
№ა-2385-ბ-4-2024 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შ.პ.ს. „ე.მ.“
მოწინააღმდეგე მხარეები – შ.პ.ს. „ს.კ.უ–ა“
ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება
განმცხადებელის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ე.მ.“-ის სარჩელი შ.პ.ს. „ს.კ.უ–ა“-სა და ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შ.პ.ს. „ს.კ.უ–ა"-ს შ.პ.ს. „ე.მ.“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 203620.57 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც შ.პ.ს. „ს.კ.უ"-მ, ისე შ.პ.ს. „ე.მ.“-მა. მოპასუხე სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნას სარჩელის სრულად დაკმაყოფილება წარმოადგენდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ე.მ“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ.პ.ს. „ე.მ“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ე.მ“-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
6. 2024 წლის 30 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა შ.პ.ს. „ე.მ“-ის დირექტორმა ლ.ლ–ვამ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა. ამავე განცხადებით შ.პ.ს. „ე.მ.“-მა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინების აღსრულების შეჩერება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით შ.პ.ს. „ე.მ.“-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლისა და შ.პ.ს. „ე.მ.“-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინების აღსრულების შეჩერების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.
10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ე.მ“-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით კი შპს „ე.მ“-ის სარჩელს სრულად ეთქვა დაკმაყოფილებაზე უარი.
11. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება.
12. პალატა განმარტავს, რომ აღსრულების ქვემდებარეა მხოლოდ ისეთი სასამართლო აქტი, რომელიც დავაში მონაწილე პირს მეორე მხარის სასარგებლოდ აკისრებს რაიმე ვალდებულებას (ქონების გადაცემა, ქმედების განხორციელება, ფულის გადახდა და ა.შ.), შესაბამისად, იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებას დაქვემდებარებულ და შესაბამისად, შეჩერებაუნარიან აქტად განიხილებოდეს, იგი უნდა ადგენდეს ქცევის გარკვეულ წესს მოდავე მხარეთა შორის.
13. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელი სრულად უარყოფილია, ხოლო გადაწყვეტილება აღსრულების ქვემდებარეა მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც გადაწყდა სახელმწიფო ბაჟის საკითხი (შ.პ.ს. „ე.მ“-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 4739.85 ლარის ოდენობით; შ.პ.ს. „ე.მ“-ს შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 7000 ლარის გადახდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად). ამრიგად, სახელმწიფო ბიუჯეტისა და შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს სასარგებლოდ აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილება გამოიტანა არა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არამედ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის საბოლოო განჩინებამ კი განაპირობა სწორედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა.
14. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი სააღსრულებო ფურცელს გასცემს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება, რისი აღსრულების შეჩერებასაც შუამდგომლობს შ.პ.ს. „ე.მ.“-ი, არ წარმოადგენს აღსასრულებელ გადაწყვეტილებას, ხოლო შ.პ.ს. „ე.მ.“-ის მიერ საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობისა და აღსრულების შეჩერების მოთხოვნით მომართვის დროისათვის (2024 წლის 30 აპრილი), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა და სააღსრულებო წარმოების დაწყება საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც აღსრულების შეჩერების შესახებ მოთხოვნას უსაფუძვლოს ხდის.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ.პ.ს. „ე.მ.“-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 432-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ე.მ.“-ის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი