Facebook Twitter

21 ოქტომბერი 2024 წელი

№ას-34-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ მ.დ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ტ–ვა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ტ–ვამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ.დ–ვას მიმართ, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, ს.დ–ვის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის №2-3972/17 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის, 1 485 000 აშშ დოლარისა და სარგებლის (პროცენტის) 90 000 აშშ დოლარის გადახდის მიზნით, ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის №2/ბ-131-2019 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის – 15 000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის, 1 500 000 აშშ დოლარიდან გადაუხდელი თანხის ყოველწლიური 3%-ის გადახდის მიზნით დადგინდა მოპასუხის (პ/N........) საკუთრებაში არსებული, ა) ქ. ბათუმში, .........., პირველ სართულზე მდებარე 335,00 კვ.მ საერთო ფართის №შ1/2/1 არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ:.........), ბ) ქ. ბათუმში, ........., პირველ სართულზე მდებარე 170,00 კვ.მ არასაცხოვრებელი საერთო ფართის №შ1/2 (ს/კ:..........) და გ) ქ. ბათუმში, ........, „ჩ” ბლოკში, 5-6 ღერძებში მდებარე 75,00 კვ.მ არასაცხოვრებელი საერთო ფართის №შ1/1/7 (ს/კ:..........) იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაცია.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:

5.1. 2014 წლის 24 ოქტომბერს, მოსარჩელესა (გამსესხებელი, იპოთეკარი) და ს.დ–ვს (მსესხებელი) შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ს.დ–ვს 6 თვის ვადით ასესხა 1 500 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, ს.დ–ვი ვალდებული იყო, სესხის სახით მიღებული თანხიდან 500 000 აშშ დოლარი დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო დარჩენილი 1 000 000 აშშ დოლარი - 2015 წლის 24 აპრილამდე. გარდა ძირითადი თანხის გადახდისა, ს.დ–ვი ვალდებული იყო, სესხად გაცემული თანხიდან 1 000 000 აშშ დოლარზე ყოველთვიურად გადაეხადა თვეში 1,5%. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით: ...., ....., .......

5.2. მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2017 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ს.დ–ის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების დაკისრება და უძრავი ნივთების რეალიზაცია, კერძოდ: სესხის ძირითადი თანხის - 1 500 000 აშშ დოლარის, სარგებლის - 90 000 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის - 765 000 აშშ დოლარის გადახდა; 1 590 000 აშშ დოლარის ამოღების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდებით: ......., .........., .........) რეალიზაცია. აღნიშნულ სარჩელზე შეგებებული სარჩელი აღძრა ს.დ–მა და მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ არ ფლობს ქართულ ენას და გარიგება დაიდო მოტყუებით.

5.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის №2-3972/17 გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ს.დ–ს დაეკისრა სესხის ძირი – 1 485 000 აშშ დოლარი და პროცენტი 90 000 აშშ დოლარი; მ.ტ–ვას სარჩელი 15 000 აშშ დოლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ს.დ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, მას უფლება აქვს, მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ ადგენს იპოთეკით დატვირთული ნივთების იძულებითი წესით რეალიზაციას ან/და არ შეიცავს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტას.

5.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის N2-3972/17 გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.დ–ვმა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ტ–ვამაც იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის N2/ბ-131-2019 გადაწყვეტილებით, ს.დ–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მ.ტ–ვას შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მიუღებული შემოსავლისა და 15 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის N2-397/17 გადაწყვეტილება, აღნიშნულ ნაწილში მ.ტ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ს.დ–ვს მ.ტ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის – 15 000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 1 500 000 აშშ დოლარიდან გადაუხდელი თანხის ყოველწლიური 3%-ის გადახდა.

5.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2019 წლის 30 მაისის N2/ბ-131-2019 გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.დ–მა, თუმცა, უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5.7. კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის N2/ბ-131-2019 გადაწყვეტილებით, დგინდება ის გარემოება, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს.დ–ვი გაეცნო იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელსაც ხელი მოაწერა, ამასთან, დადგენილად მიიჩნია ს.დ–ვისათვის სესხის თანხის გადაცემის ფაქტიც.

5.8. ს.დ–ვმა საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთები (ქ. ბათუმში, .........., პირველ სართულზე მდებარე 335,00 კვ.მ საერთო ფართის №S1/2/1 არასაცხოვრებელი ფართი, ს/კ ........, ქ. ბათუმში, ........, პირველ სართულზე მდებარე 170,00 კვ.მ. საერთო ფართის № S 1/2 არასაცხოვრებელი ფართი, ს/კ ........ და ქ. ბათუმში, ............, 5-6 ღერძებში მდებარე 75,00 კვ.მ არასაცხოვრებელი საერთო ფართის №S1/1/7 , ს/კ .......) გაასხვისა მ.დ–ვაზე.

5.9. სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1 და 301.1 მუხლებზე მიუთითა.

5.10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს, მოსარჩელესა (გამსესხებლის, იპოთეკარის) და ს.დ–ვს (მსესხებელს) შორის სანოტარო წესით გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში შემდეგი საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები: ........, ........, .........

5.11. უდავო იყო, რომ მსესხებელმა მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მსესხებელს დაეკისრა კიდეც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება.

5.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამჟამად მ.დ–ვას საკუთრებაში რიცხული იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

5.13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე აპელანტის შედავება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ“ ნაწილზე მითითებით განმარტა, მართალია, მოსარჩელემ ზემოაღნიშნული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ს.დ–ის მიმართ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით, თუმცა, ისიც, ფაქტია, რომ სასამართლოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე არ უმსჯელია, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილების არც სარეზოლუციო ნაწილი და არც აღწერილობითი ნაწილი აღნიშნულ სადავო ნაწილზე მსჯელობას და გადაწყვეტას არ შეიცავს. ამდენად, დადგინდა, რომ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლოს არ უმსჯელია. შესაბამისად, მხარეებს შორის არ არსებობს იმავე საგანზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე ,,ბ“ ნაწილით საქმისწარმოების შეწყვეტას. ეს კი, თავის მხრივ, ვერ დაუკარგავს მხარეს ამ ნაწილში დავის წარმოების უფლებას.

5.14. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე აპელანტის შედავება და სამოქალაქო კოდექსის 130.1, 128.1 და 144.1 ნაწილებზე მითითებით აღნიშნა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 24 ოქტომბერს, 6 თვით. შესაბამისად, გამსესხებელს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2015 წლის 25 აპრილს. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით კი, გამსესხებელმა განსახილველი სარჩელი წარადგინა 2019 წლის 11 ივლისს, ანუ ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადის მიხედვით.

5.15. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებელი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინების 8.6. პუნქტით სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე რაკი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასამართლოს არ უმსჯელია, არ არსებობს იმავე საგანზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

2017 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელემ - მოსარჩელემ 2014 წლის 24 ოქტომბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის მოთხოვნით სარჩელი აღძრა ს.დ–ის მიმართ, რაზეც ბათუმის საქალაქო სასამათლოს 2018 წლის 05 დეკემბერს მიღებულია გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ს.დ–ს დაეკისრა სესხის თანხის გადახდა, ხოლო სასამართლოს გადაწვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა - იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და არც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების მიღება ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება არ მოუთხოვია.

საქმეში არსებული მტკიცებულებით დადგენილია, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამათლოს 2018 წლის 05 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ვინაიდან ამ საკითხზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ახალი სასარჩელო მოთხოვნით მისი დაკმაყოფილება, არასწორია. მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების გაუმართლებელი დარღვევაა, დავაში მონაწილე ერთ მხარეს მიენიჭოს უფლება განმეორებითი სარჩელის ინიცირებაზე იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოწესრიგებული საკითხი აღარ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, გარდა შიდა სამართლით მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებისა.

6.2. სრულად იქნა უგულებელყოფილი ის გარემოება, რომ წინამდებარე სარჩელი ხანდაზმულია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაავრცელა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის 2014 წლის 24 ოქტომბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა კი, 3 წელია. ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ძირითადი მოთხოვნა გამომდინარეობს სასესხო ურთიერთობიდან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უნდა ეხელმძღვანელათ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით და, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, არ დაეკმაყოფილებინათ სარჩელი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის დავალიანების გადახდევინების მიზნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და 301.1 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მუხლები.

11. კასატორის მტკიცებით, ვინაიდან არსებობდა იმავე საგანზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეეწყვიტა სარჩელზე საქმისწარმოება. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნაზე არასწორად გაავრცელა 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც მოპასუხეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი სარჩელის ხანდაზმულად ცნობაზე.

12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიებს შემდეგ გარემოებათა გამო:

12.1. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე და ს.დ–ი ერთმანეთთან სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. ხსენებული სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. მსესხებელმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, არ დააბრუნა სესხი, რის გამოც, მოსარჩელემ ს.დ–ის მიმართ, სესხის დაბრუნებისა და იპოთეკის საგნების რეალიზაციის მოთხოვნით 2017 წლის 20 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში.

აღნიშნული სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სესხის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს თანხის გადახდევინების მიზნით იპოთეკის საგნების რეალიზაციის მოთხოვნაზე არ უმსჯელია, შესაბამისად, არც ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს გადაწყვეტას იპოთეკის საგნების რეალიზაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელით ხსენებული მოთხოვნა დაყენებული იყო. ყურადსაღებია, რომ ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო განუმარტავს მოსარჩელეს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია ვალდებულების შესრულების მიზნით („მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად, მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება“). დადგენილია, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნაზე არც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უმსჯელიათ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების ფარგლებში.

12.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მართალია, 2017 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელემ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - ს.დ–ის მიმართ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის მოთხოვნით, თუმცა, ვინაიდან სასამართლოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის მოთხოვნაზე არ უმსჯელია (მიღებული გადაწყვეტილების არც აღწერილობითი და არც სარეზოლუციო ნაწილები აღნიშნულ მოთხოვნაზე მსჯელობას და გადაწყვეტას არ შეიცავს), მხარეებს შორის არ არსებობს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

12.3. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის 3-წლიანი და არა 6-წლიანი ვადა, თუმცა მიუხედავად ამისა, პალატის განსჯით, წინამდებარე სარჩელი ხანდაზმული არ არის, სახელდობრ: საქმის მასალებიდან ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ თავდაპირველად 2017 წელს წარდგენილი სარჩელითვე დააყენა მოთხოვნა როგორც სესხის დაბრუნების, ისე - იპოთეკის საგნების რეალიზაციის შესახებ, თუმცა ხსენებული საქმის სამართალწარმოებისას, სასამართლოებს არ უმსჯელიათ იპოთეკის საგნების რეალიზაციის მოთხოვნაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (ს.უ.ს.გ. №ას-1191-2019 , 04.12.2019წ.).

ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია, გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ №ას-986-2019, 16.10.2019წ.).

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სესხის დაბრუნების მოთხოვნაზე სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება. იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთოსამართლებრივი საშუალება, არსებითადაა დაკავშირებული უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან, რაც მის აქცესორულობაზე მიუთითებს, შესაბამისად, იპოთეკის ნამდვილობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს მოთხოვნა (სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლი) (ს.უ.ს.გ. №ას-1345-2018, 15.03.2019წ.), სესხისა და იპოთეკის რეალიზაციის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე კი, გამოყენებული უნდა იქნას ის ვადა, რომელიც სესხის ხელშეკრულების მოთხოვნაზე ვრცელდება (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-1345-2018, 15.03.2019წ.; №ას-1191-2019 04.12.2019წ.).

12.4. უდავოა, რომ თავდაპირველად, 2017 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელეს ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დაცვით აქვს მიმართული ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის და დაყენებული აქვს მოთხოვნა სესხის დაბრუნებისა და იპოთეკის საგნების რეალიზაციის შესახებ.

12.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

იმავე კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

12.6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანით იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნაზე შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა.

როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილია, რომ არც ბათუმის საქალაქო სასამართლოს და არც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნაზე არ უმსჯელიათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის №2-3972/17 გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია იმ კუთხით, რომ იგი არ მოიცავდა მსჯელობას იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნაზე, შესაბამისად, ამ ნაწილში ხსენებული გდაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 20 იანვრიდან.

საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან ზემოხსენებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ ადგენს იპოთეკით დატვირთული ნივთების იძულებითი წესით რეალიზაციას ან/და არ შეიცავს გადაწყვეტას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით მოსარჩელეს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს სესხის გადახდევინების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაცია, აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით ხანდზმულობის ვადის დენის შეწყვეტა დასრულდა და სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დენა 2019 წლის 20 იანვრიდან თავიდან დაიწყო. უდავოა, რომ მოსარჩელეს წინამდებარე სარჩელი წარმოდგენილი აქვს 2019 წლის 11 ივლისს. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წინამდებარე სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.დ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.დ–ვას (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის (საგადასახადო დავალება №1706270202, გადახდის თარიღი: 26.01.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი