08 თებერვალი 2024 წელი
№ას-307-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - ამხანაგობა „ნ.გ/N. G”-ის წევრები _ შ.პ.ს. „ნ.გ–ი“, შ.პ.ს. „ჰ.“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უსაფუძვლოდ დაკავებული თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ამხანაგობა „ნ.გ/N. G”-ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მენარდე“ „მიმწოდებელი“) წევრებმა შ.პ.ს. „ნ.გ“-მ და შ.პ.ს. „ჰ“-მ (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „შემსყიდველი“, „შემკვეთი“) მიმართ, უსაფუძვლოდ დაკავებული თანხის - 39 484.87 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 22 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №01.01.01/30/488 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შეასრულა გზის ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოები ქ.თბილისში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობა გამოწვეულია, მათ შორის, შემსყიდველის ბრალეულობით. ხელშეკრულების დადების შემდეგ შემსყიდველმა თითოეული ობიექტის სამუშაოების შესასრულებლად განსაზღვრა 30 სამუშაო დღე, რაც არის არაგონივრული ვადა, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ, ასფალტ-ბეტონის სამუშაოების, შესრულება დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, რის გამოც, წვიმიან დღეებში მოსარჩელე ორგანიზაცია ვერ ასრულებდა სამუშაოებს. მოსარჩელე მხარე ითხოვდა ვადების გაგრძელებას მოპასუხისაგან, თუმცა შემსყიდველი არ თანხმდებოდა აღნიშნულ პირობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მოპასუხე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აკისრებდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების - 482 699.94 ლარის 0.05%-ს პირგასამტეხლოს სახით, რაც შეუსაბამოდ მაღალია. მართალია, ხელშეკრულება დადებულია 482 699.94 ლარზე, თუმცა დაკვეთილი სამუშაოების რეალური ღირებულება შეადგენს 267647.84 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე იცნობდა ხელშეკრულების პირობებს, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ადგენდა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.05%-ის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მათ მიერ არ შესრულდა. ვადაგადაცილების ხანგრძლივობა შეადგენს 183 დღეს, რაც, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების შესაბამისად, იძლევა 44167.05 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაქვითვის უფლებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ამხანაგობა „ნ. გ./N. G“-ის წევრების - შ.პ.ს. „ნ.გ“-სა და შ.პ.ს. „ჰ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან სხვაობის - 34 285 ლარის დაბრუნება.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. 2017 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 01.01.01/30/488 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ განახორციელა გზის შეკეთების სამუშაოები. კერძოდ, ქ. თბილისის მასშტაბით ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოები. ამავე ხელშეკრულებით, სამუშაოების შესყიდვის მთლიან თავდაპირველ ღირებულებად განისაზღვრა - 482 699.94 ლარი. მხარეთა შეთანხმებით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 25 დეკემბერს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების მე-9 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წერილობით დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7.2. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ოდენობამ შეადგინა 267 647.84 ლარი. საბოლოოდ სამუშაოების შესყიდვის მთლიან ღირებულებად განისაზღვრა 267 647.84 ლარი.
7.3. მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა ვადების დარღვევით, ვადაგადაცილებებმა ერთობლიობაში შეადგინა 183 დღე.
7.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას პირგასამტეხლო დაანგარიშებული აქვს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 482 699.94 ლარის - 0.05%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა - 44 167.05 ლარი, რაც მოპასუხემ მოსარჩელეებს დაუქვითა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან, პირგასამტეხლოს ანგარიშში.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ, სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის გამო, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
8.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 01.01.01/30/488 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ შეასრულა გზის შეკეთების სამუშაოები, კერძოდ, ქ. თბილისის მასშტაბით ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოები. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადები და ობიექტების მიხედვით ჯამურმა ვადაგადაცილებამ შეადგინა 183 დღე. შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიმართ შემსყიდველს პრეტენზია მხოლოდ ერთი ობიექტის მიმართ აქვს დაფიქსირებული, რისთვისაც მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 241.35 ლარი.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებაზე, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 8 ობიექტზე სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილება, თუმცა უდავოა ის გარემოება, რომ საბოლოოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად და ხარვეზი გამოვლინდა მხოლოდ ერთი ობიექტის მიმართ. პალატამ შენიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და საბოლოოდ, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს.
8.4. პალატამ ხაზს გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მოსარჩელის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ზემოხსენებული ვალდებულების დარღვევის გამო რაიმე სახის ზარალის დადგომის ფაქტი. აპელანტის მიერ მითითებული არგუმენტი, რომ სამუშაოების ვადაგადაცილებამ გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება, სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის შედეგად დამდგარ ზიანად არ იქნა მიჩნეული. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლო დარიცხული იქნა არა შესრულებელი ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. პალატამ შენიშნა, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ საბოლოოდ შეადგინა 267 647.84 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით დადგენილი 482 699.94 ლარისა. შესაბამისად, უდავოდ დგინდება, რომ 215 052,1 ლარის (482 699,94 – 267 947,84) ნაწილში მენარდეს რაიმე სამუშაოს შესრულების ვალდებულება არ წარმოშობია, ისევე როგორც შემკვეთს არ წარმოეშვა აღნიშნული თანხის მენარდისთვის ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მენარდისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება იმ თანხიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც შესასრულებელი ვალდებულება არ წარშობილა, ეწინააღმდეგება კერძოსამართლებრივ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად მოვალეს პირგასამტეხლო ვერ დაეკისრება არარსებული ვალდებულებიდან გამომდინარე.
8.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 22.09.2017წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გამოანგარიშებული უნდა ყოფილიყო მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, რაც შეადგენს 267 647.84 ლარს და არა ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულებიდან.
8.6. რაც შეეხება ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველდღიური პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო შესრულდა სრულად, სახეზე არ არის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით დამდგარი ზიანი, ამასთან შესრულებული სამუშაო, ერთი ობიექტის გარდა, აკმაყოფილებდა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ხარისხს და შემსყიდველს რაიმე პრეტენზია ხარისხის კუთხით არ დაუფიქსირებია, 0.05%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება არ შეესაბამებოდა ვალდებულების დარღვევის ხარისხს. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა ისიც, რომ 8 ობიექტის შემთხვევაში, ჯამში 183 დღის ვადაგადაცილება, თანაც იმ პირობებში, როდესაც მენარდე შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ახორციელებდა ქ. თბილისის მასშტაბით ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ ხარისხის დარღვევად, რომ კონტრაჰენტს სრული სიმკაცრით დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
8.7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ მოსარჩელის მხრიდან განხორციელდა პირგასამტეხლოს გადახდა და შესაბამისად აღარ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი. პალატამ შენიშნა, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გადახდილ იქნა 9654 ლარი, რომლის შემცირებასაც მოსარჩელე ვეღარ მოითხოვს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მენარდე დაეთანხმა პირგასამტეხლოს სრულ ოდენობას. სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს პირგასამტეხლოს ის ნაწილი, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დააკავა მენარდისთვის გადასახდელი თანხიდან. შესაბამისად, აპელანტის ზემოხსენებული არგუმენტი ვერ იქნა მიჩნეული ვარგისად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად განხორციელდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთის 0.02%-მდე შემცირება და საბოლოოდ კანონიერად დაეკისრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 34 285 ლარის ოდენობით დაკავებული სახელშეკრულებო ანაზღაურების მოსარჩელისთვის გადახდა.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით:
10. ხელშეკრულების მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მის ოდენობასა და გაანგარიშების წესზე. ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების შესრულების ვადა მიმწოდებელმა 183 კალენდარული დღით გადააცილა, რამაც შემსყიდველს წარმოუშვა ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. დაუსაბუთებელია, რატომ გამოიანგარიშეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლო შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან, როდესაც მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან. ამასთან, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს განაკვეთის შემცირებაზეც, ვინაიდან მოდავე მხარე სამეწარმეო ურთიერთობაში გამოცდილი სუბიექტია და ივარაუდება, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. მიმწოდებელმა მხარემ თავდაპირველად დათქმულ ვადებში სამუშაოები ვერ შეასრულა, რის გამოც მას სანქციის დაკისრების გარეშე მიეცა სამუშაოთა წარმოების დამატებითი ვადები, გარდილი ვადების უგულებელყოფამ კი მოპასუხეს მიაყენა ზიანი, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებაში გამოიხატა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად, მიღებული იქნა არსებითად განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სადავოა დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი, კერძოდ, კასატორის პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს, აგრეთვე პირგასამტეხლოს გამოთვლის მართებულობას არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ დაკვეთილი სამუშაოების ღირებულებიდან. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სრული მოცულობით სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სამართლებრივად, გარკვეულწილად, არასწორად შეაფასა ისინი, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
15. კასატორის საკასაციო პრეტენზია უკავშირდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ვლინდებოდა თუ არა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში ასახული აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს.
17. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.
18. საკასაციო პალატის განსჯით, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების ნამდვილობა სადავო არ არის, არამედ, სადავოა, ჰქონდა თუ არა შემკვეთს უფლება, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან გამოექვითა მენარდის მიმართ არსებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა. ამრიგად, სასამართლოს შეფასების საგანია ნარდობის საზღაურიდან პირგასამტეხლოს გამოქვითვის მართლზომიერება, აღნიშნული კი უნდა გადაწყდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე-420-ე მუხლების საფუძველზე.
19. საკასაციო საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნაა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (შდრ. იხ. ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).
21. ამდენად, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაიცვას სამართლიანი ბალანსი მხარეთა შორის, თუმცა სასამართლომ მხარეთა თანასწორობა მისთვის კანონით დაწესებული ჩარჩოს ფარგლებში უნდა უზრუნველყოს. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. ს.უ.ს.გ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17).
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოვალის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. სუსგ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).
23. სასამართლოს პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშობა მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაშიც _ „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი... შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. მესხიშვილი ქ. „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).
24. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შემკვეთს შეთანხმებული ვადის დაცვით არ შეუსრულა 267467.84 ლარის ღირებულების სამუშაოები. ვადაგადაცილების ხანგრძლივობამ შეადგინა 183 კალენდარული დღე, რის გამოც შემკვეთმა მენარდეს დააკისრა პირგასამტეხლო 44167.05 ლარის ოდენობით, რაც შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებიდან დაუქვითა კიდეც მოვალეს.
25. საკასაციო პალატის განმარტებების თანხმად, პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ. №ას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
26. უწინარესად, პალატა შენიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელით მენარდემ ვერ დაასაბუთა პირგასამტეხლოს განაკვეთის 0.05%-ის 0.02%-მდე შემცირების მოთხოვნა. დადგენილია, რომ მიმდინარე 16 ობიექტიდან სამუშაოები 8 მათგანზე ვადაგადაცილებით წარიმართა; საქმის მასალებშია მენარდის მოთხოვნების საფუძველზე შემკვეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამუშაოთა ვადების გახანგრძლივების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 152; 161); საგულისხმოა, რომ დამატებით ვადაში შემკვეთს პირგასამტეხლოს გადახდევინება არ მოუთხოვია. მიუხედავად დამატებითი ვადის მიცემისა, მენარდემ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება ვერც ამ ვადებში შეძლო, არამედ, დაკვეთილი სამუშაოების საერთო ვადაგადაცილებამ შეადგინა 183 დღე.
27. საკასაციო პალატა ვადაგადაცილებული ობიექტების სიმრავლესთან, კრედიტორის მხრიდან მოვალისთვის ვალდებულების შესრულების ხელშეწყობის მიუხედავად ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან ერთად, საყურადღებოდ მიიჩნევს იმ მიზნის მნიშვნელობასაც, რასაც ემსახურებოდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. გზის სამუშაოების დროული შესრულების მიმართ ინტერესი არ შემოიფარგლება მარტოოდენ დამკვეთით, გზების ეფექტიანი რეაბილიტაციის მიმართ ვლინდება მოჭარბებული საჯარო ინტერესიც, რამეთუ მისი გაჭიანურება ლოგიკურად წარმოშობს შეფერხებებს, რომელიც აუარესებს საზოგადოებრივი ცხოვრების წესს.
28. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარე მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შდრ: სუსგ. №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022წ.; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022წ; №ას-889-2022, 23 მარტი, 2023წ.; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024წ.; №1519-2023, 21 ივნისი, 2024წ.; №485-2024, 28 ივნისი, 2024წ.).
29. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, მოსარჩელეს, რომელმაც დავის საგნად აქცია მის მიერვე შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი, საგულისხმო არგუმენტებით უნდა დაესაბუთებინა, თუ რა გარემოებათა გამო უნდა მიჩნეულიყო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0.05% შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. საკასაციო პალატის განსჯით, წარმოდგენილი სარჩელი ამგვარ დასაბუთებას არ შეიცავდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით შემცირებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია. სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური ღირებულებების - მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლოს არ წარმოშობია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, ჩარეულიყო მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლებაში და შეემცირებინა პირგასამტეხლოს განაკვეთი. პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა ვალდებულების თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა. ამდენად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კი, ნაწილობრივ დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
30. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი ნაწილობრივ მაინც საფუძვლიანია, სახელდობრ: საკასაციო პალატამ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019წ.; №ას-581-2019, 31.07.2019წ.; №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.).
31. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულება მხარეებს შორის წარმოადგენდა მარტოოდენ საორიენტაციო ფასს, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება კი დამოკიდებული იყო შემკვეთის მიერ ხელშეკრულების დადების შემდეგ გაცემულ დავალებებზე. უდავოა ისიც, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №01.01.01/30/488 ხელშეკრულების ფარგლებში შემკვეთმა გასცა არა 482 699.94 ლარის სამუშაოების, არამედ 267 647.84 ლარის სამუშაოების შესრულების დავალება. სწორედ ამ მოცულობის სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობამ წარმოშვა კრედიტორის მოთხოვნის უფლება პირგასამტეხლოზე. აღნიშნულის მიუხედავად, შემკვეთმა პირგასამტეხლო დაარიცხა, მათ შორის, იმ სამუშაოებსაც, რომლის შესრულების მითითებაც მენარდის წინაშე არ გაუცია. სანქციის დაკისრება იმ სამუშაოთა ეკვივალენტურ ღირებულებაზე, რომლის შესრულების მოვალეობაც მენარდეს არ ჰქონია, ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს ინსტიტუტის მიზნებს და შეუსაბამოა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერად ქცევის მოვალეობასთან.
32.1. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოთა შესრულების ვადა დარღვეულია 183 კალენდარული დღით. დადგენილია ისიც, რომ დაკვეთილი სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენდა 267647.84 ლარს. შეთანხმებული 0.05%-ის გათვალისწინებით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 133.82 ლარს (267647.84*0.05%), რაც, ვადაგადაცილებული 183 დღის კვალობაზე შეადგენს 24489.77 ლარს. სწორედ ამ ოდენობის პირგასამტეხლოს დაკავების უფლება გააჩნდა შემკვეთს შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებიდან. დადგენილია, რომ ვადაგადაცილების პირგასამტეხლოდ შემკვეთმა მენარდეს სამუშაოთა ღირებულებიდან გამოუქვითა 44167.05 ლარი.
32.2. ამრიგად, სხვაობა ფაქტობრივად გამოქვითულ თანხასა და რეალურად გადასახდევინებელ პირგასამტეხლოს ოდენობას შორის, რაც შეადგენს 19677.27 ლარს (44167.058-24489.77), წარმოადგენს შესრულებულ სამუშაოთა იმ ღირებულებას, რომლის გადახდის ვალდებულებაც შემკვეთს მენარდის მიმარეთ კვლავ აკისრია. ამრიგად, სარჩელი საფუძვლიანია 19677.27 ლარის ნაწილში.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
34. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, ვინაიდან, საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას.
სასამართლო ხარჯები:
35.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინანდადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
35.2. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 39484.87 ლარს, საიდანაც საფუძვლიანად იქნა მიჩნეული მარტოოდენ 19677.27 ლარი, ესე იგი, სასარჩელო მოთხოვნის 49.83%. ამრიგად, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1185 ლარის 49.83%, რაც 590.54 ლარს შეადგენს, მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
36.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
36.2. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში დავის საგნის ფასი შეადგენდა 34285 ლარს, საიდანაც, საფუძვლიანად იქნა მიჩნეული მხოლოდ 19677.27 ლარის მოთხოვნა. დადგენილია, რომ მოპასუხე (აპელანტი/კასატორი) სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული სუბიექტია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოსა და და საკასაციო პალატის მიერ მიკუთვნებულ თანხებს შორის სხვაობაზე - 14607.73 ლარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების გამო ეკისრება მხარეს, რომლის სასარგებლოდ არ დასრულდა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი. ამრიგად, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი 584.3 ლარი (14607.73*4%) და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი 730.38 ლარი (14607.73*5%), რაც ჯამში შეადგენს 1314.68 ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრებათ ამხანაგობა „ნ.გ–ი/N. G“-ის წევრებს: შ.პ.ს. „ნ.გ“-სა და შ.პ.ს. „ჰ“ -ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის №2ბ/2836-20 განჩინება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ამხანაგობა „ნ.გ/N. G“-ის წევრების: შ.პ.ს. „ნ.გ“-ს და შ.პ.ს. „ჰ“ -ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ამხანაგობა „ნ.გ–ი/N. G“-ის წევრების: შ.პ.ს. „ნ.გ“-ს და შ.პ.ს. „ჰ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან სხვაობის - 19 677 ლარის და 27 თეთრის გადახდა.
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/ნ .......) ამხანაგობა „ნ.გ/N. G“-ის (ს/ნ ......) წევრების: შ.პ.ს. „ნ.გ“-ს (ს/ნ .......) და შ.პ.ს. „ჰ“-ს (ს/ნ .......) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 590 ლარის და 54 თეთრის ანაზღაურება.
7. ამხანაგობა „ნ.გ/N. G“-ის წევრებს: შ.პ.ს. „ნ.გ–ს“ და შ.პ.ს. „ჰ“ -ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ 1314 ლარის და 68 თეთრის გადახდა (სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 584.30 ლარი, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 730.38 ლარი).
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი