31 იანვარი 2025 წელი
№ას-1405-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ს.ს. „ბ–ი”
მოწინააღმდეგე მხარე _ გ.გ–ია
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს.ს. „ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გ.გ–იას მიმართ, 2021 წლის 07 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ არსებული დავალიანების - 6460.17 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით, საიდანაც 4691.50 ლარი არის ძირი თანხა, 708.47 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 1033.71 ლარი - დარიცხული პირგასამტეხლო, ხოლო 26.49 ლარი - სადაზღვევო თანხა.
სარჩელის საფუძვლები:
2. ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-სა და გ.გ–იას შორის 2021 წლის 07 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა კრედიტი 4949 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი წლიური 26.65%, კრედიტის ვადა 1476 დღე, კრედიტის დაფარვის თარიღი - 2025 წლის 22 სექტემბერი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ერთჯერადად 20 ლარი, დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%. 2022 წლის 20 აპრილს ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-სა და ს.ს. „ბ–ს“ შორის დადებული შეთანხმების ძალით, წინამდებარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების უფლება კრედიტის გამცემმა დაუთმო ს.ს. „ბ–ს“, რის შედეგადაც მოსარჩელე წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებამონაცვლეს. მოპასუხემ დაარღვია კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც, 2022 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ სასარჩელო მოთხოვნაში ასახული ოდენობით.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერები მისი შესრულებული არ არის. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი მოპასუხის მიერ თანხის მიღების დამდასტურებელი მტკიცებულებები, თავად კი არ ადასტურებს კრედიტის სახით თანხის მიღების ფაქტს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. 2021 წლის 07 სექტემბერს ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-სა და გ.გ–იას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა კრედიტი 4949 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი წლიური 26.65%, კრედიტის ვადა 1476 დღე, კრედიტის დაფარვის თარიღი - 2025 წლის 22 სექტემბერი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ერთჯერადად 20 ლარი, დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%.
7.2. 2022 წლის 18 იანვარს გ.გ–იამ განცხადებით მიმართა ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-ს და მოითხოვა 2021 წლის 07 სექტემბრის №615.2118143.001 სესხის ხელშეკრულებაში მითითებული 4949 ლარის მისთვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაზედაც უარი მიიღო.
7.3. ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-ს 27.01.2023 წლის წერილის მიხედვით, გ.გ–იასა და ბანკს შორის 2021 წლის 07 სექტემბერს დადებული №615.2118143.001 საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის საბანკო ბარათის ანგარიშზე განხორციელდა სესხის თანხის ჩარიცხვა 4949 ლარის ოდენობით. ჩარიცხული კრედიტის თანხიდან საკრედიტო სესხის ხელშეკრულების თანახმად ჩამოიჭრა კრედიტის გაცემის ერთჯერადი საკომისიო 98.98 ლარი. ანგარიშზე დარჩენილი ნაშთიდან მოპასუხის მიერ მოხდა 4826 ლარის ნაღდით გატანა ბანკის ცენტრალური ფილიალის სალაროდან. გატანის შესაბამისი სალაროს გასვლის ორდერი მოპასუხის მიერ დადასტურდა ერთჯერადი SMS კოდით, რომელიც გამოიგზავნა ბანკის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მობილურ ნომერზე 555....... აღნიშნული პროცედურა შესრულდა „საბანკო ანგარიშით მომსახურების ძირითადი პირობების“ შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, საბანკო ოპერაციის SMS კოდით დადასტურება წარმოადგენს საბანკო ოპერაციის კლიენტის ხელმოწერით დადასტურების ალტერნატივას და, შესაბამისად, ის წარმოადგენს ქაღალდის მატარებელზე კლიენტის ხელმოწერის ტოლფასს.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. მხარეთა შორის სადავოა ვალდებულების არსებობის ფაქტი, რამდენადაც მოპასუხე სადავოდ ხდის კრედიტის თანხის მისთვის გადაცემისა და ათვისების ფაქტს. მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას, რადგან მისი ნამდვილობისთვის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობისას გამსესხებელმა უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.
8.2. საქმეში წარმოდგენილი „საბანკო ანგარიშით მომსახურების ძირითადი პირობების“ 21.6. ქვეპუნქტის თანახმად, საბანკო ოპერაციის SMS კოდით დადასტურების დროს, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტი საბანკო ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტით. დადგენილია, რომ მოპასუხის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოსარჩელემ ვერ წარადგინა მისთვის სესხის სახით გაცემული თანხის დამადასტურებელი კანონით დადგენილი წესით შევსებული გასავლის ორდერი, მით უფრო, იმ პირობებში, როცა წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ სესხი გაცემულია ნაღდი ანგარიშსწორების გზით.
8.3. კრედიტის გამცემისა და მოსარჩელის აპელირება თანხის გაცემის ოპერაციის SMS კოდით შესრულებაზე, არ არის თვითკმარი საფუძველი თანხის მოვალისთვის გადაცემის შესახებ სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისთვის, ვინაიდან სწორედ „საბანკო ანგარიშით მომსახურების ძირითადი პირობებით“ ცალსახაა ბანკის ვალდებულება, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საბანკო ოპერაციის დამადასტურებელი მატერიალური დოკუმენტით, ასეთი დოკუმენტის არარსებობა კი დაუსაბუთებლად აქცევს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მსესხებელმა ნამდვილად აითვისა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს. „ბ–მა“ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. სააპელაციო პალატამ უგულებელყო გ.გ–იას მხრიდან გრაფიკით გათვალისწინებული ულუფების გადახდის ფაქტი, სახელდობრ, ის გარემოებები, რომ სესხის აღებიდან სარჩელის წარდგენამდე გ.გ–იამ ჯამურად გადაიხადა 1021.62 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხის დასაფარად მიემართა 257.5 ლარი, პროცენტის დასაფარად - 594.33 ლარი, დაზღვევის დასაფარად 22.4 ლარი, სესხის გაცემის საკომისიოს დასაფარად 98.98 ლარი, ჯარიმის დასაფარად - 48.51 ლარი. საბანკო ამონაწერით დასტურდება გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის დღეს, 2021 წლის 20 ოქტომბერსა და 22 ნოემბერს, გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელების მსესხებლის მიერ ანგარიშზე შეტანის ფაქტები, სწორედ ამ გადახდების შემდეგ დაფიქსირდა სესხზე ვადაგადაცილებები. გრაფიკით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების, საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერისა და თანხის SMS კოდით განაღდების ფაქტები ერთობლიობაში ქმნის საკმარის საფუძველს საიმისოდ, რომ სესხის გადაცემის ფაქტი დადგენილად მიჩნეულიყო.
9.2. გ.გ–იას არ უარუყვია კრედიტის გრაფიკის რამდენიმე გადახდის განხორციელების ფაქტი, გადახდილი თანხების უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით უკან დაბრუნება არ მოუთხოვია და ამ მიზნით არც შეგებებული სარჩელი წარუდგენია, რამეთუ ვალდებულებას, რომელიც შესრულდა, თავისად მიიჩნევდა; დადგენილი სასამართლო პრაქტიკით კი, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ერთჯერადად გადახდაც კმარა, რათა გაქარწყლდეს კრედიტის ამღების მტკიცება კრედიტის თანხის რეალურად გადაუცემლობასთან დაკავშირებით.
9.3. სასამართლომ ბანკის მხრიდან მტკიცების ტვირთის დაუძლევლობად მიიჩნია სესხის თანხის განაღდების დოკუმენტური მტკიცებულების მხარისათვის გადაცემაზე უარი. ხელმოწერილი დოკუმენტი თანხის გაცემის შესახებ თანხის გაცემის მომენტისთვის შედგენილი არ ყოფილა, ვინაიდან SMS კოდით ოპერაციის დადასტურების დროს კლიენტს არ მოუთხოვია მატერიალური დოკუმენტით უზრუნველყოფა, არამედ ამგვარი მოთხოვნა წამოაყენა მხოლოდ დავის წარმოშობის შემდგ. დროის დაკონკრეტებას „საბანკო ანგარიშით მომსახურების ძირითადი პირობების“ 21.6 პუნქტში კონკრეტული მიზანი აქვს - თუ კლიენტი SMS კოდით დაადასტურებს ოპერაციას და პარალელურად მატერიალური დოკუმენტის მიღებასაც ისურვებს, ამ დროს მას გადაეცემა სალაროს გასავლის ორდერი, რომელზედაც დაიტანება საბანკო დაწესებულების წარმომადგენლისა და კლიენტის ხელმოწერები, დოკუმენტი დგება ორ პირად, ერთი გადაეცემა კლიენტს, მეორე კი ინახება ბანკში, თუ დოკუმენტზე არ ფიქსირდება ორი მხარის ხელმოწერა, ის დოკუმენტი ნამდვილი არ არის. ვინაიდან SMS კოდით ოპერაციის დადასტურებისას კლიენტს მატერიალური დოკუმენტით უზრუნველყოფა არ მოუთხოვია, შესაბამისად, იმ მოცემულობით არ შედგენილა და ბანკს არ გადასცემია ორმხრივად ხელმოწერილი სალაროს გასავლის ორდერი, ამიტომაც, ბანკი მოგვიანებით ვერ გადასცემდა ისეთ მატერიალურ დოკუმენტს, რომელიც ოპერაციის შესრულების პროცესში არ შედგენილა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია მიემართება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კრედიტის ამღებისათვის კრედიტის თანხის რეალურად გადაცემა არ დასტურდება. კასატორის განსჯით, სასამართლომ უგულებელყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულების დანართი გრაფიკით განსაზღვრული ვალდებულების რამდენჯერმე შესრულების დამადასტურებელი ამონაწერი), რომლებიც ერთიან ჯაჭვში მოწმობდნენ სწორედ იმას, რომ კრედიტის თანხა კრედიტის მიმღებმა რეალურად მიიღო; ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა „საბანკო ანგარიშით მომსახურების ძირითადი პირობების“ 21.6 პუნქტი და კრედიტის გამცემის ვალდებულებად განიხილა მტკიცებულების (სალაროს გასავლის ორდერის) წარმოდგენა, რომელიც საკრედიტო ურთიერთობის ფარგლებში, კრედიტის ამღების ნების არარსებობის გამო, ფიზიკური ფორმით არ შედგენილა.
14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 873-ე, 417-ე მუხლები.
15. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).
16. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებითაც. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
17. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს სწორედ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე საკრედიტო ვალდებულების არსებობა-არარსებობის საკითხი.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. დასახელებული ცნებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიძლება ატარებდეს როგორც რეალურ, ისე კონსენსუალურ ხასიათს. როცა ხელშეკრულების დადებას თან ახლავს კრედიტის გადარიცხვა ან გაცემა, იგი რეალურია. შესაძლებელია საკრედიტო დაწესებულებამ ხელშეკრულებით იკისროს კრედიტის გაცემა მომავალში. ასეთ შემთხვევაში იგი არა უფლებამოსილი, არამედ მოვალეა მსესხებელს სესხად მისცეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სახსრები, შესაბამისად, ასეთი ხელშეკრულება კონსენსუალურია (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი IV, ტომი II, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ.195).
19. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული საკრედიტო ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ბანკი გასცემს სასყიდლიან კრედიტს სესხის ფორმით, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას, დააბრუნოს მიღებული კრედიტი, გადაიხადოს დარიცხული საპროცენტო სარგებელი/საკომისიო, პირგასამტეხლო და სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები“.
20. ციტირებული დებულებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება რეალურ გარიგებას წარმოადგენდა, რომლის ძალაში შესვლაც დამოკიდებული იყო არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებაზე, არამედ ხელშეკრულების საგნის _ გვაროვნული ნივთის გადაცემაზე, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება), რომელიც, თავის მხრივ, მიიღო მსესხებელმა.
21. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულების სახესვაობას წამოადგენს, შესაბამისად, საკითხები, რომლებიც რეგულირებული არ არის სსკ 867-ე-873-ე მუხლების ფარგლებში, უნდა გადაწყდეს ანალოგიის წესით, სესხის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით. საბანკო კრედიტის მარეგულირებელი დებულებები საკრედიტო ურთიერთობის ფორმის საკითხებზე მითითებებს არ შეიცავს, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სესხი/საბანკო კრედიტი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალნი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს...სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით, შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს, სესხის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული (იხ. სუსგ. №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.).
22. მატერიალური სამართლის ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგნის მსესხებლისთვის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით (იხ. სუსგ. №ას-819-767-2017, 20.12.2017წ.). ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის რეალურად დადების ფაქტი და მისი ოდენობა, მსესხებლისათვის კი არანაირი საჭიროება არ არსებობს ფლობდეს და წარმოადგინოს ამგვარი დოკუმენტი არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით.
23. ვინაიდან მოთხოვნის ნამდვილობის გამომრიცხველი შესაგებელი აგებული იყო სწორედ იმ პოზიციაზე, რომ საბანკო დაწესებულების სარჩელს კრედიტის თანხის გაცემისა და მოპასუხის მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ერთვოდა, სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის მართებულად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, როდესაც მიუთითა, რომ კრედიტის თანხის გადაცემისა და, შესაბამისად, დაბრუნების მოვალეობის წარმოშობის დადასტურება კრედიტის გამცემის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა.
24. კრედიტის გაცემის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულების დოკუმენტური ფორმით არარსებობას კრედიტის გამცემი ორგანიზაცია ასაბუთებს შემდეგნაირად: „ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-ს 27.01.2023 წლის წერილის მიხედვით, გ.გ–იასა და ბანკს შორის 2021 წლის 07 სექტემბერს დადებული №615.2118143.001 საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის საბანკო ბარათის ანგარიშზე განხორციელდა სესხის თანხის ჩარიცხვა 4949 ლარის ოდენობით. ჩარიცხული კრედიტის თანხიდან საკრედიტო სესხის ხელშეკრულების თანახმად ჩამოიჭრა კრედიტის გაცემის ერთჯერადი საკომისიო 98.98 ლარი. ანგარიშზე დარჩენილი ნაშთიდან მოპასუხის მიერ მოხდა 4826 ლარის ნაღდით გატანა ბანკის ცენტრალური ფილიალის სალაროდან. გატანის შესაბამისი სალაროს გასვლის ორდერი მოპასუხის მიერ დადასტურდა ერთჯერადი SMS კოდით, რომელიც გამოიგზავნა ბანკის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მობილურ ნომერზე 55..... . აღნიშნული პროცედურა შესრულდა „საბანკო ანგარიშით მომსახურების ძირითადი პირობების“ შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, საბანკო ოპერაციის SMS კოდით დადასტურება წარმოადგენს საბანკო ოპერაციის კლიენტის ხელმოწერით დადასტურების ალტერნატივას და, შესაბამისად, ის წარმოადგენს ქაღალდის მატარებელზე კლიენტის ხელმოწერის ტოლფასს“.
25. 04.09.2021 წლის სამომხმარებლო სესხის და ანგარიშის გახსნის განაცხადის ფორმით (ტ.1, ს.ფ. 108), განაცხადზე ხელმოწერით გ.გ–იამ დაადასტურა, რომ გაეცნო და ეთანხმებოდა საბანკო ანგარიშით მომსახურების პირობებს და ტარიფებს/ლიმიტებს, საბანკო ბარათით მომსახურების პირობებს და ტარიფებს, რომლებიც მოცემულ განაცხადთან ერთად წარმოადგენდა ხელშეკრულებას საბანკო ანგარიშით მომსახურეობის შესახებ და განთავსებული იყო ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-ს ინტერნეტ გვერდზე https//vtb.ge.
საბანკო ანგარიშით მომსახურების ძირითადი პირობების 21 მუხლი დასათაურებულია, როგორც „საბანკო ოპერაციების SMS კოდით დადასტურების პირობები“ და ითვალისწინებს შემდეგ დანაწესებს:
21.1. წინამდებარე პირობები არეგულირებს ბანკში წარმოებული საბანკო ოპერაციების კლიენტის მიერ დადასტურებას SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდით (შემდგომ „SMS კოდი“). საბანკო ოპერაციის SMS კოდით დადასტურება წარმოადგენს საბანკო ოპერაციის კლიენტის ხელმოწერით დადასტურების ალტერნატივას და, შესაბამისად, ის წარმოადგენს ქაღალდის მატარებელზე კლიენტის ხელმოწერის ტოლფასს.
21.2. ბანკში საბანკო ოპერაციის SMS კოდით დადასტურება გულისხმობს, რომ გადახდის ოპერაციის SMS კოდით დადასტურების მეთოდის კლიენტის მიერ არჩევის შემთხვევაში, ბანკი, კლიენტის მიერ ბანკში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერზე, გაუგზავნის მას შესაბამისი საბანკო ოპერაციის მონაცემებს/რეკვიზიტებს და SMS კოდს;
21.3. მიღებული SMS კოდის ბანკისათვის ზეპირად მიწოდებით კლიენტის მიერ დასტურდება, რომ იგი სრულად გაეცნო შესაბამის საბანკო ოპერაციას, ეთანხმება მასში მოცემული მონაცემების/რეკვიზიტების სისწორეს და სურს აღნიშნული საბანკო ოპერაციის შესრულება;
21.4. SMS კოდის კლიენტის მიერ დასახელების შემთხვევაში, ბანკი განახორციელებს ამ კოდის პროგრამულ უზრუნველყოფაში შეყვანას და საბანკო ოპერაციის დასრულებას;
21.5. ბანკი ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს იმ კონკრეტული საბანკო ოპერაციების ჩამონათვალს, რომელთა დადასტურებაც შესაძლებელია SMS კოდით;
21.6. საბანკო ოპერაციის SMS კოდით დადასტურების დროს, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტი საბანკო ოპერაციის დამადასტურებელი მატერიალური დოკუმენტით.
26. ციტირებული ნორმიდან გამომდინარე, SMS კოდით დადასტურებული საბანკო ოპერაციის შესრულებისას საბანკო ოპერაციის დამადასტურებელი მატერიალური დოკუმენტის შედგენისა და გაცემის ვალდებულება ბანკს მხოლოდ მაშინ გააჩნია, თუკი კლიენტი საბანკო ოპერაციის შესრულების პროცესში ან მისი დასრულებისთანავე მოითხოვს საბანკო ოპერაციის დამადასტურებელი მატერიალური დოკუმენტის გადაცემას. საბანკო ოპერაციის SMS კოდით დადასტურების პროცედურა დოკუმენტბრუნვის შემცირების მიზანს ისახავს, სწორედ ამიტომ გვევლინება საბანკო ოპერაციის SMS კოდით დადასტურება საბანკო ოპერაციის კლიენტის ხელმოწერით დადასტურების ალტერნატივად და ქაღალდის მატარებელზე კლიენტის ხელმოწერის ტოლფას დოკუმენტად, შესაბამისად, ხელმოწერით დადასტურებული მატერიალური დოკუმენტის შექმნა სრულად ხდება დამოკიდებული კლიენტის ნებაზე; თუკი ოპერაციის მიმდინარეობის/დასრულებისთანავე იგი ამგვარ ნებას არ გამოხატავს, ლოგიკურია, რომ მოგვიანებით ამგვარი დოკუმენტის შექმნა და მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა შეუძლებელი იქნება სწორედ იმ სახელშეკრულებო დათქმის გამო, რომლითაც კლიენტმა ბანკთან ურთიერთობაში საბანკო ოპერაციის SMS კოდით დადასტურების მეთოდით ჩაანაცვლა კლასიკური საბანკო დოკუმენტბრუნვა.
27. ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კლიენტის მიერ ხელმოწერილი სალაროს გასავლის ორდერის არარსებობის პირობებში, მოსარჩელე კრედიტორს შეეძლო, ვალდებულების არსებობა ემტკიცებინა სხვა მტკიცებულებებითაც. ამ მიზნით, მოსარჩელემ გასწია კიდეც საპროცესო ძალისხმევა, სახელდობრ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოპასუხე გ.გ–იასთვის მტკიცებულებების, კერძოდ, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე GE79VT10000003537714506 GEL 2021 წლის 07 სექტემბრიდან მოყოლებული ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-ში აღებულ სესხთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულების წარდგენა, რაც სასამართლოს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა კიდეც და დასახელებული მტკიცებულების წარსადგენად მხარეს განესაზღვრა 05 დღის ვადა.
28. პალატა შენიშნავს, რომ 2023 წლის 24 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, საოქმო განჩინების საფუძველზე, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა შემდეგი დოკუმენტები: 18.01.2022 წლით დათარიღებული გ.გ–იას განცხადება ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-ს მიმართ, რომლითაც მოითხოვდა 07.09.2021 წლის №615.2118143.001 სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის 4949 ლარის მისთვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის, კერძოდ, მისი და მოლარის მიერ ხელმოწერილი თანხის გასვლის ორდერის დამოწმებული ასლის გადაცემას და ამავე მოთხოვნაზე, 27.01.2023 წელს ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-ს მიერ გაცემული პასუხი, რომლის შინაარსიც ასახულია წინამდებარე განჩინების 7.3 პუნქტში.
29. პალატის განსჯით, მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი არცერთი დოკუმენტი შინაარსობრივად არ განეკუთვნება 17.02.2023 წლის საოქმო განჩინების ძალით წარმოსადგენად დავალებულ მტკიცებულებას, რომლის შესრულების მიზნითაც მოპასუხე მხარეს ევალებოდა მისი კუთვნილი GE79VT10000003537714506 GEL საბანკო ანგარიშის ამონაწერის, ან მისი თანაბამრმნიშვნელოვანი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელშიც ასახული იქნებოდა გ.გ–იას ანგარიშზე 2021 წლის 07 სექტემბრიდან მოყოლებული ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-დან სესხის (კრედიტის) გაცემის/ჩარიცხვის დანიშნულებით შესრულებული საბანკო ოპერაცი(ებ)ის თაობაზე ცნობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
30.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134.2 მუხლის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი;
30.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135.1 მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებს ფიზიკური და იურიდიული პირები გადაუგზავნიან სასამართლოს დანიშნულ ვადაში. თუ მათ არ შეუძლიათ ამ ვადაში წარადგინონ ეს მტკიცებულებები, ისინი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს ამის შესახებ მიზეზების მითითებით. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.
31. ციტირებულ ნორმასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „განსახილველი ნორმა ითვალისწინებს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ საშუალებას, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი შეიძლება, დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც არ ევალება სადავო ფაქტის დადასტურება. მითითებული ნორმის განმარტებისათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნორმით განსაზღვრულ მიზანს, რაც გამოიხატება მტკიცებულებების წარდგენის უზრუნველყოფაში იმ მხარისაგან, რომელთანაც ინახება, კონკრეტულ შემთხვევაში, წერილობითი მტკიცებულება, მაგრამ მისთვის არ არის ხელსაყრელი მათი სასამართლოში წარდგენა, რადგან ამ მტკიცებულებით შეიძლება, დადასტურდეს მისთვის არასასურველი ფაქტი“. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იმისათვის, რომ სასამართლომ გადააკისროს მტკიცების ტვირთი მხარეს, რომელსაც არ ევალება სადავო ფაქტის დადასტურება, აუცილებელია, არსებობდეს ორი წინაპირობა: პირველი, მხარე არ უნდა უარყოფდეს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა და, მეორე, იგი წერილობითი მტკიცებულების არასაპატიო მიზეზით წარდგენაზე უარს უნდა ამბობდეს. მხოლოდ ამ პირობების არსებობისას შეუძლია სასამართლოს, მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე. ამდენად, მითითებული ნორმა არეგულირებს ისეთ სიტუაციას, რომლის თანახმად, მტკიცებულება, რომლითაც მხარეს ევალება მის მიერ მითითებული ფაქტის დადასტურება, ამავე მხარის შუამდგომლობის მიხედვით, გააჩნია მეორე მხარეს. მხოლოდ შუამდგომლობის აღმძვრელი პირის მითითება ქმნის ვარაუდს, რომ პროცესუალურ მოწინააღმდეგეს გააჩნია მისთვის საჭირო მტკიცებულება. ამ ვარაუდის გაქარწყლების საფუძველია პროცესუალური მოწინააღმდეგის უარყოფა ამ მტკიცებულების მასთან არსებობის თაობაზე (იხ. სუსგ. №ას-1235-1164-2012 7.03.2013წ.; №ას-893-851-2013 7 ნოემბერი, 2014 წ.).
32.1. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ მოპასუხე მხარე არ უარყოფს GE79VT10000003537714506 GEL საბანკო ანგარიშის მისდამი კუთვნილებას და შესაბამისად, მასზე შესრულებული საკრედიტო ოპერაციების ამსახველ ინფორმაციაზე წვდომის არსებობას, თუმცა, ამის მიუხედავად, არც მტკიცებულებათა წარდგენის შესახებ განჩინება შეუსრულებია და არც მისი შეუსრულებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის.
32.2. ამ მოცემულობაში, საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული საპროცესო უსწორობა და მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის გაანაწილოს სსსკ 135.2 მუხლის შესაბამისად, რაც განაპირობებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის შებრუნებას და მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირის გაათავისუფლებას 07.09.2021 წლის №615.2118143.001 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 4949 ლარის გ.გ–იას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან და ამ ფაქტის არარსებობის დამტკიცების ტვირთის თავად მოპასუხე მხარისათვის გადაკისრებას.
33.1. საკასაციო პალატა აქვე შენიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისგან შეფასების მიღმაა დატოვებული სარჩელით მითითებული და მოპასუხისგან შეუდავებელი გარემოება იმის შესახებ, რომ 2021 წლის 07 სექტემბერს გაცემული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ირღვევა 2022 წლის 20 მარტიდან (იხ. სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოება), აგრეთვე, სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც, დავალიანება, შესრულებული გადახდების ხარჯზე, შემცირებულია 1021.64 ლარით; აგრეთვე, სარჩელის მე-5 ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულება ნაწილობრივ აქვს შესრულებული. არც წარმოდგენილი შესაგებლით და არც სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, მოპასუხე მხარეს კრედიტის გამცემის წინაშე 1021.64 ლარის გადახდის ფაქტი არ უარუყვია; შეფასების გარეშეა დარჩენილი სარჩელში მითითებული ამავე გარემოებების სამტკიცებლად სასამართლოში წარდგენილი, ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-ს მიერ გაცემული, გადახდების ისტორია, რომელიც აღწერს №615.2118143.001 ხელშეკრულებაზე გარკვეული პერიოდულობით შესრულებულ გადახდებს (ტ.1, ს.ფ. 139).
33.2. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ მოპასუხე საკუთარი შესაგებლით დასახელებული გადახდების განხორციელების ფაქტს არ შედავებია; ამავდროულად, არც შეგებებული ან დამოუკიდებელი სარჩელი აღუძრავს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადახდილი თანხების ბანკისაგან გამოთხოვის მოთხოვნით. ამ მოცემულობაში, სააპელაციო პალატამ სადავოდ ქცეული ხელშეკრულების დანართად საქმეში წარმოდგენილი გადახდის გრაფიკის შესაბამისად შესრულებულ გადახდებს სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განმტკიცებულ ვალდებულების არსებობის პრეზუმფციასთან (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას) ურთიერთკავშირში.
34.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
34.2. განსახილველ შემთხვევაში, როგორც სააპელაციო სასამართლომ, ისე პირველი ინსტანციის სასამართლომ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი სრულად დააფუძნეს კრედიტის რეალურად გაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთის დაუძლევლობის არგუმენტს, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს. სააპელაციო პალატამ, კრედიტის გაცემის ფაქტის დასადგენად, მტკიცების ტვირთი უნდა გაანაწილოს ამ განჩინების 30-ე-32-ე პუნქტების შესაბამისად; ამავდროულად, შეფასება უნდა მისცეს შეუდავებელ და მაშასადამე, დამტკიცებულად მიჩნეულ ფაქტს კრედიტის ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგინოს ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტი, რის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც, დამატებით დასადგენი იქნება კრედიტორის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
35. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს. „ბ–ი”-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე