16 მაისი 2025 წელი
საქმე №ას-207-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.ზ–ძე, თ.თ–ია
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „პ–ს“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.პ.ს. "პ"-მა სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების გ.ზ–ძისა და თ.თ–იას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 7900 ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „პ"-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 7900 ლარის გადახდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს 6900 ლარის ნაწილში, ხოლო 1000 ლარის დაკისრების ნაწილში კი სარჩელი არ ცნეს. პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ვინაიდან აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას 6900 ლარის ნაწილში ცნობდა და გადაწყვეტილებას ნაწილობრივ, კერძოდ 1000 ლარის ნაწილში, ასაჩივრებდა, რაც არ აღემატებოდა 2000 ლარს, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით გ.ზ–ძემ და თ.თ–იამ კერძო საჩივარი წარადგინეს სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვების საფუძველი. მათთვის გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა და დასაბუთება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა სადაოდ გახადონ გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელსაც არ ეთანხმებიან, რეალური ფაქტობრივი გარემოებების გამო, რასაც შესაგებელშიც აფიქსირებდნენ. მათივე განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ის ეფუძნება დაუდასტურებელ ფაქტებს და კერძო საჩვრის ავტორებს აკისრებს იმ თანხის გადახდის ვალდებულებას, რაც არ არის გადასახდელი. კერძო საჩივრის ავტორები კვლავ აცხადებენ, რომ ცნობენ სასარჩელო მოთხოვნას 6900 ლარის ნაწილში და უთითებენ კონკრეტულ გარემოებებზე, თუ რატომ არ არის 1000 ლარი მათი გადასახდელი. ამასთან აღნიშნავენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არავითარი ღონისძიება არ გაუტარებია მოერიგებინა მხარეები დაკისრებული თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
10. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, მოცემული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.
11. სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრის კონკრეტულ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 7900 ლარის გადახდა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სარჩელი 6900 ლარის ნაწილში ცნეს და დარჩენილი თანხის - 1000 ლარის ნაწილში გაასაჩივრეს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება მოცემულ შემთხვევაში, იყო 1000 ლარი, რაც არ აღემატებოდა 2000 ლარს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველს ქმნიდა.
13. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ ის არ ცნობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ თანხა უსაფუძვლოდ დაეკისრა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიას არსებითად ვერ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, ვინაიდან, იგი სცდება კერძო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხთა წრეს.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არის სააპელაციო საჩივრის ფასი. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსაფუძვლობაზე მითითება გავლენას ვერ მოახდენს საჩივრის დასაშვებობაზე.
15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების არც იმ პრეტენზიას, რომ მათ მიმართ დაირღვა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება სადაოდ გახადონ გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელსაც არ ეთანხმებიან, და მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოპასუხის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი).
16. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მართლაც მოიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, თუმცა ეს უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს ლეგიტიმური საჯარო მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (სუსგ-ები: №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას-533-533-2018, 22.06.2018წ.).
17. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).
18. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-317-2023, 27.04.2023, №ას-673-2022, 21.10.2022; №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018).
19. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, გ.ზ–ძისა და თ. თ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ზ–ძის და თ.თ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი