Facebook Twitter

16 მაისი 2025 წელი საქმე №ას-446-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - რ.ხ–ა

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2024 წლის 17 იანვარს ს.ს. „ს.ბ–მა“ სარჩელით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტში ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს მოპასუხე რ.ხ–ას მიმართ, ქ. ხობში, .......... მდებარე ს.ს. „ს.ბ“-ს კუთვნილი (ს/კ ........) უძრავი ქონების მოპასუხე რ.ხ–ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ხობის მუნიციპალიტეტში ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2024 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ხობში, ......... (ს/კ ........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე რ.ხ–ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. საქმეში განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე ქ. ხობში, ......... (ს/კ ..........), 2023 წლის 14 დეკემბრიდან ს.ს. „ს.ბ“-ს საკუთრებაშია რეგისტრირებული.

5.2. მოპასუხე მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს და არ ათავისუფლებს მას.

5.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე და 312-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილი იყო ისიც, რომ აპელანტი არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

5.4. პალატამ განმარტა, რომ ადრე ქონების საკუთრებაში ყოფნის ფაქტი და მზაობა გამოსყიდვის თაობაზე, ვერ აქცევდა აპელანტს მართლზომიერ მფლობელად, რადგან ამ ქონებაზე უფლება სამართლებრივად დაკარგული ჰქონდა.

5.5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ სადავო უძრავ ქონებაში ხანდაზმულ დედასთან ერთად ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი პირებიც, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ასეთი მოცემულობის არსებობისას, არასრულწლოვნის უფლებასთან მიმართებით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის „ბავშვთა უფლებათა კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სისტემური ანალიზის მიხედვით, მართალია ბავშვს აქვს საცხოვრებლის უფლება, თუმცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილება იმას არ ნიშნავს, რომ ამ უფლების დაცვას მისი მშობლები ვერ უზრუნველყოფენ. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხე მხარის განსაზღვრა მოსარჩელის დისპოზიციური უფლებაა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს რ.ხ–ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, ამ მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ სარჩელში მითითებული მოთხოვნის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, რაც უსაფუძვლოს ხდიდა აპელანტის მსჯელობას.

5.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანი იყო, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ყოველივე ეს კი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს ვინაიდან, სადავო უძრავი ქონება მის საკუთრებაში ირიცხებოდა და მოსარჩელემ უკანონოდ მიისაკუთრა ის. კასატორის მიზანია გამოისყიდოს აღნიშნული ქონება, რისთვისაც სჭირდება დრო. ამჟამად ვერ ახერხებს სესხის სრულად დაფარვას, თუმცა არ გაურბის ვალდებულებას. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი საკუთრება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ყოველივე ზემოაღნიშნული და მიიღო სუბიექტური გადაწყვეტილება, რომლითაც შეილახა არასრულწლოვანი ბავშვების უფლებები.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

13. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას და მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

16. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება სადავო საცხოვრებელი ბინის არასრულწლოვანის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა. შესაბამისად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სადავო ქონებაზე არამართლზომიერ მფლობელობას გაამართლებდა და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

17. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერც ის გარემოება გახდება, რომ კასატორი გამოთქვამს მზაობას თანხის გადახდის სანაცვლოდ უძრავი ნივთის მოპასუხისთვის დაბრუნების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგების მიღწევა, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც, შესაბამისად, აღნიშნული კუთხით კასატორის კანონიერი ინტერესი არ დარღვეულა (შდრ. სუსგ. Nას-13-2020, 04.03.2020წ.).

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ხ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. რ.ხ–ას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (გადახდის ქვითარი № 57281401, გადახდის თარიღი: 14.04.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ლიბერთი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი