16 მაისი 2025 წელი
საქმე №ას-469-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.ბ–ია
მოწინააღმდეგე მხარე - კ.მ–ნი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - განქორწინება, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 04 სექტემბერს, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და კ.მ–ნის სარჩელი მ.ბ–იას მიმართ დაკმაყოფილდა. შეწყდა მასსა და მ.ბ–იას შორის 1994 წლის 03 მაისს რეგისტრირებული ქორწინება. ასევე კ.მ–ნი ცნობილ იქნა მ.ბ–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ფოთი, ..........., ს/კ ........, ფართი 46.36 კვ.მ, ½ წილის თანამესაკუთრედ.
2. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მ.ბ–იამ საჩივრით მიმართა სასამართლოს.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მ.ბ–იას საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 04 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 04 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ბ–იამ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნითაც, აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში დაევალა სრულყოფილად შევსებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა და მოწინააღმდეგე მხარის რეკვიზიტების (მისამართი, ტელეფონის ნომერი) მითითება.
6. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით 2-ჯერ (22/10/2024; 08/11/2024) გაეგზავნა აპელანტ მ.ბ–იას პ/ნ ....... სააპელაციო საჩივარში თავის მიერვე მითითებულ მისამართზე: ფოთი, ......, საიდანაც გზავნილები დაბრუნდა ადრესატისათვის ჩაუბარებლად მიზეზებით „მისამართზე არავინ დამხვდა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით: ზემოაღნიშნული განჩინების მ.ბ–იასთვის ჩაბარება დაევალა ფოთის საქალაქო სამმართველოს შესაბამის საუბნო სამსახურს.
2024 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს ნაბადის პოლიციის განყოფილებიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ სასამართლო გზავნილის მ.ბ–იასთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. მომართვაზე დართულია 2024 წლის 03 დეკემბერს შედგენილი ოქმი ბინაზე გამოცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, პოლიციის შესაბამისი თანამშრომელი 2024 წლის 03 დეკემბერს გამოცხადდა მ.ბ–იას მისამართზე: ფოთი, ........., ბინა დახვდა დაკეტილი, ხოლო მეზობელმა განუმარტა, რომ მ.ბ–ია იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ვინაიდან, აპელანტ მ.ბ–იასთვის ვერც კურიერის მეშვეობით და ვერც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით ვერ მოხერხდა გზავნილის (ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების) ჩაბარება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ.ბ–იას საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ზემოხსენებული განჩინება 2024 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში თვალსაჩინო ადგილას, ასევე განთავსდა ვებ გვერდზე (www.geocourts.ge), რაც მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს - კერძოდ, 2025 წლის 02 იანვარს.
7. დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 04 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის მოტივით, დატოვებულ იქნა განუხილველად.
9. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აპელანტს რამდენჯერმე გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. სასამართლო გზავნილის ჩაბარების დასტურებით ირკვევა, რომ 2025 წლის 19 მარტს გზავნილი ჩაბარდა მ.ბ–იას.
10. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ბ–იამ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინებით დადგენილი ხარვეზის მის მიერ შეუვსებლობა ობიექტური და საპატიო მიზეზით იყო განპირობებული, რადგან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სათანადო წესით არ ჩაბარებია მას. ის სადავოდ ხდის პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ აქტში გაკეთებულ ჩანაწერს, რომ მ.ბ–ია საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. მისი განმარტებით, აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, რადგან ის წლებია არ ყოფილა საზღვარგარეთ, ცხოვრობს მითითებულ მისამართზე და არც ფოსტის და არც პოლიციის თანამშრომელი მას არ დაკავშირებია, მით უფრო მაშინ როცა სააპელაციო საჩივარში მითითებული ჰქონდა საკონტაქტო ინფორმაცია. ამდენად კერძო საჩივრის ავტორის აზრით, მისთვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება შესაძლებელი იყო საცხოვრებელ მისამართზე. გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2025 წლის 07 თებერვლის განჩინებით, მის მიმართ არ იქნა უზრუნველყოფილი სამართლიანი სამართალწარმოების კონსტიტუციური პრინციპი დისპოზიციურობის დაცვა და მას არ მიეცა ხარვეზის შევსების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 07 თებერვლის განჩინების გაუქმებას და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნებას.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 აპრილის განჩინებით, მ.ბ–იას კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
14. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი საამისოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
16. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ორჯერ გაეგზავნა საქმის მასალებში (სააპელაციო საჩივარში) თავის მიერ მითითებულ მისამართზე: ფოთი, ........., საიდანაც გზავნილები დაბრუნდა ადრესატისათვის ჩაუბარებლად მიზეზებით „მისამართზე არავინ დამხვდა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით: ზემოაღნიშნული განჩინების მ.ბ–იასთვის ჩაბარება დაევალა ფოთის საქალაქო სამმართველოს შესაბამის საუბნო სამსახურს. 2024 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს ნაბადის პოლიციის განყოფილებიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ სასამართლო გზავნილის მ.ბ–იასათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. მომართვაზე დართულია 2024 წლის 03 დეკემბერს შედგენილი ოქმი ბინაზე გამოცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, პოლიციის შესაბამისი თანამშრომელი 2024 წლის 03 დეკემბერს გამოცხადდა მ.ბ–იას მისამართზე: ფოთი, .........., ბინა დახვდა დაკეტილი, ხოლო მეზობელმა განუმარტა, რომ მ.ბ–ია იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ვინაიდან, აპელანტ მ.ბ–იასთვის ვერც კურიერის მეშვეობით და ვერც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით ვერ მოხერხდა გზავნილის (ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების) ჩაბარება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ.ბ–იას საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ზემოხსენებული განჩინება 2024 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში თვალსაჩინო ადგილას, ასევე განთავსდა ვებ გვერდზე (www.geocourts.ge), რაც მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს - კერძოდ, 2025 წლის 02 იანვარს.
18. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო აპელანტისათვის განჩინების ჩაბარების მომდევნო დღეს - 2025 წლის 03 იანვარს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 13 იანვარს (ორშაბათს, ვინაიდან ხარვეზის გამოსწორების ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს (საქართველოს მთავრობის დადგენილებით გამოცხადებულ უქმე დღეებს), თუმცა სადავო არ არის, რომ აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას სათანადო წესით არ ჩაბარებია, და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით; იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით; თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში; ამასთან, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
20. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ აპელანტს (აპელანტის წარმომადგენელს) ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ფოსტის მეშვეობით არაერთხელ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, მისი აპელანტისათვის ჩაბარება აგრეთვე დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. ამასთან, მიუხედავად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჩაბარების წესისა, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა იმავე კოდექსის 78-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ და აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.
21. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ, განჩინების აპელანტისათვის ჩაბარების მიზნით, განკარგა ყველა საპროცესო საშუალება, მაგრამ აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილი ვერ იქნა ჩაბარებული, რის შემდეგაც სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ და აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად მიიჩნევა ინფორმირებულად და სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
. 22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
23. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
24. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა გონივრული ვადა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად, იგი ინფორმირებული იქნა აღნიშნულის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, აპელანტმა არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაეტოვებინა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ბ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი