Facebook Twitter

16 მაისი 2025 წელი

საქმე №ას-535-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ი–ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჯ.ი–ის მიმართ დელიქტით მიყენებული ზიანის - 50 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 25 000 ლარის ფარგლებში ცნო.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 35 500 ლარის ანაზღაურება.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4.1. სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით, აღნიშნულის გამო აპელანტმა მოწინააღმდეგის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით თავისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება ითხოვა

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 დეკემბრის განჩინებით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით:

5.1. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დადგენილად მიიჩნია და მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე:

5.1.1. 2022 წლის 14-15 დეკემბერს, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ჯ.ი–ი, მის მეწყვილე პოლიციის უმცროს ლეიტენანტ ნ.ს–ძესთან ერთად, იმყოფებოდა მორიგე ცვლაში და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას ტერიტორიაზე. დაახლოებით 11:15 საათზე, ჯ.ი–მა მეწყვილე ნ.ს–ძე დატოვა სამოქმედო ტერიტორიაზე, ხოლო თავად, ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, ,,ტოიოტა"-ს მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით სახ. ნომრით ,,.......", გაემართა მეგობრის საცხოვრებელი სახლისკენ. უკან დაბრუნებისას, დაახლოებით 02:00 საათზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 48-ე კილომეტრზე, სოფელ ...... მიმდებარედ ჯ.ი–მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია, მნიშვნელოვნად დაზიანდა მხოლოდ ზემოაღნიშნული ავტომანქანა (იხ. ს.ფ. 40-44, 49-51).

5.1.2. შემთხვევის ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შემთხვევის ადგილზე შემოწმებული იქნა ჯ.ი–ი სიმთვრალე-სიფხიზლეზე, რის შედეგადაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის დარღვევისათვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი-მართვის უფლების ჩამორთმევა სამი წლის ვადით და ასევე, ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 54- 65).

5.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 18 ივლისის N005053423 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2018 წელს დამზადებული მაღალი გამავლობის ავტომობილი TOYOTA HILUX-ის სახელმწიფო ნომრით ........, ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია. ავტომობილის აღდგენა ექსპლუატაციის მიზნით, ძარაზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის (იხ. ს.ფ. 31-39).

5.1.4. სსიპ ლევან ს–ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 01 აგვისტოს N005340223 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2018 წელს დამზადებული მაღალი გამავლობის ავტომობილი ,,TOYOTA HILUX"-ის სახელმწიფო ნომრით ,,......", საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 50 000 ლარს (იხ. ს.ფ. 19-24).

5.1.5. სსიპ ლევან ს–ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 01 აგვისტოს N005340723 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2018 წელს დამზადებული მაღალი გამავლობის ავტომობილი ,,TOYOTA HILUX"-ის სახელმწიფო ნომრით ,,........", საბაზრო ღირებულება დაზიანებულ მდგომარეობაში შეადგენს 14 500 ლარს (იხ. ს.ფ. 25-30)

5.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომლისთვისაც სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულის გამო, აპელანტმა იშუამდგომლა, მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

5.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო აპელანტის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.3.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 372-ე მუხლსა და 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ იქნა მიჩნეული, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, იურიდიულად მაინც არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. აღნიშნული კი გამორიცხავდა პროცესზე გამოცხადებული მხარის სასარგებლოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

5.3.2. პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა დელიქტიდან. მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგი კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე და 999.1 მუხლებიდან გამომდინარეობდა.

5.3.3. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე მიუთითა დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელ წინაპირობებზე: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის და განმარტა, რომ მხოლოდ აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, დაეკისრებოდა პირს (ზიანის მიმყენებელს) დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება.

5.3.4. პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ავტომობილის აღდგენა, მისი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ იყო. ამასთან, მისი საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 50 000 ლარს, ხოლო დაზიანებულ მდგომარეობაში - 14 500 ლარს. აღნიშნული ფაქტი გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც იგი უცვლელად დატოვა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორის განმარტებით, დაზიანებული ავტომანქანა დაზღვეული იყო ს.ს. „პ.დ“-ში, თუმცა სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს ავტომანქანის აღდგენის ხარჯებს, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევის დროს მძღოლის მიერ ავტომანქანის მართვა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში არ ითვლება სადაზღვევო შემთხვევად.

6.2. ჯ.ი–მა ჩაიდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ბ“, „გ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა შემდეგში: სამსახურებრივი ავტომანქანის დაუდევარ მდგომარეობაში, რასაც შედეგად მისი დაზიანება მოჰყვა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა ქონებრივი ზიანი, სამსახურებრივი ავტომანქანის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამუშაო ადგილის მიტოვებასა და ალკოჰოლური სასმელის მიღებაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში, შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 04 სექტემბრის № 1/417 ბრძანების (აეკრძალოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდომარეობაში) მოთხოვნათა დარღვევაში. ჯ.ი–მა უხეშად დაარღვია „პოლიციის შესახებ“ კანონის პოლიციის ეთიკის კოდექსის, დისციპლინური წესდების მოთხოვნები. ხსენებული ნორმატიული აქტების თანახმად კი, პოლიციელის მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ, რამდენადაც იგი ასრულებს სამართალდამცავ ფუნქციას. ამ თვალსაზრისით, იგი უნდა განამტკიცებდეს და იცავდეს მართლწესრიგს, ხოლო ეს შეუძლებელია პოლიციელის მიერ მაღალი ზნეობრივი თვისებების გამოვლენისა და კეთილსინდისიერად ქცევის გარეშე.

6.3. კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, კასატორი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. გამომდინარე იქიდან, რომ დაზიანებული ავტომანქანა დეპარტამენტისთვის გამოუსადეგარია, მისი დადგენილი წესით ჩამოწერა მოითხოვს შემდგომში დამატებით ხარჯებს, პროცედურებს და გაჭიანურდება დროში, აღნიშნული გარემოებები ზიანს აყენებს დეპარტამენტის გამართულ ფუნქციონირებას და არსებობს ლეგიტიმური ინტერესი დროულად და სრულად მოხდეს დეპარტამენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ექსპერტიზით დადგენილი ზიანის ოდენობით - 50 000 ლარი, რათა საფრთხე არ შეექმნას დანაყოფის საპოლიციო ფუნქციების განხორციელებას. კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ ქვემდგომ ინსტანციებში საქმის განხილვისას სამინისტროს პოზიცია იყო, რომ მოპასუხეს გადასცემოდა დაზიანებული ავტომანქანა და მას სრულად აენაზღაურებინა სამინისტროსათვის მიყენებული ზიანი, თუმცა სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა აღნიშნული მოთხოვნა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) გამოუცხადებლობის საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის და სააპელაციო საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ განჩინების კანონიერება.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

12. ანალოგიური პრინციპით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება. 13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია, ხოლო, თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს (სუსგ. №ას-1337-2019, 02.03.2020წ.; სუსგ. №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.; სუსგ. Nას-81-2022, 31.05.2022წ.). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა"მერიდიანი," თბილისი 2015, გვ.637). ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით (სუსგ №ას-920-2019, 27.11.2019წ).

14. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო ინსტანციაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე მსჯელობისას ასევე უნდა შეფასდეს სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე) (სუსგ. Nას-81-2022, 31.05.2022 წ.).

15. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე). აპელანტმა (მოსარჩელე) მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საააპელაციო საჩივარში/ სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლოს გამო დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით სარჩელით მოთხოვნილი თანხის - 50000 ლარის სრულად დაკისრების თაობაზე.

16. დადგენილია, რომ 2022 წლის 14-15 სექტემბერს ჯ.ი–ი ასრულებდა სამსახურებრივი მოვალეობას მეწყვილესთან ერთად, მოგვიანებით მან ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე დატოვა სამოქმედო ტერიტორია და და სამსახურებრივი ავტომანქანით გაემართა მეგობრის საცხოვრებელი სახლისკენ. უკან დაბურნებისას მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადაბრუნდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტომობილი.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება. რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, აღნიშნული ნორმა შეიცავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა წარმოადგენდეს ამ ქმედების უშუალო შედეგს. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს („გენერალური დელიქტი“). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ Nას-1335-1373-2014, 24 ივნისი, 2015 წელი; Nას-718-683-2015, 09 სექტემბერი, 2015 წელი; Nას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა სადავო არ არის.

19. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობის განსაზღვრას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ავტომანქანის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. ამასთან, მისი საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 50000 ლარს, დაზიანებულ მდგომარეობაში ავტომობილის ღირებულება შეადგენს 14500 ლარს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მატერიალური ზიანის ოდენობა სწორად განისაზღვრა ავტომანქანის დაზიანებამდე მის საბაზრო ღირებულებასა და ნარჩენ ღირებულებას შორის სხვაობით - 35 500 ლარით.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე.

21. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი) კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი