26 დეკემბერი, 2023 წელი
№ას-107-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „ე.მ.“
მოწინააღმდეგე მხარეები _ შ.პ.ს. „ს.კ.უ–ფა“
ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. „ე.მ.“-მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „I აპელანტი“, „კასატორი“, „მიმწოდებელი“, „გამყიდველი“, „პრინციპალი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „I მოპასუხე“, „II აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე" „შემსყიდველი“, „მყიდველი“, „ბენეფიციარი“) და ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „II მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე" „გარანტი“, „სადაზღვევო კომპანია“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. შ.პ.ს. ,,ს.კ.უ"-ს დაეკისროს შ.პ.ს. „ე.მ."-ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 203 620.57 ლარის ოდენობით;
1.2. შ.პ.ს. ,,ს.კ.უ"-ს დაეკისროს შ.პ.ს. „ე.მ."-ის სასარგებლოდ 68 495 ლარის გადახდა;
1.3. შ.პ.ს. ,,ს.კ.უ"-ს დაეკისროს შ.პ.ს. „ე.მ."-ის სასარგებლოდ 68495 ლარის 0.1%-ის გადახდა 2018 წლის 9 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.4. გაუქმდეს ნოტარიუს ი.შ–ძის მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №181202027.
სასარჩელო მოთხოვნა მოცემული ფორმულირებით ჩამოყალიბდა 29.07.2019 წლის დაზუსტებული სარჩელით (ტ.2, ს.ფ. 2-24).
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2018 წლის 13 ივლისს ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შ.პ.ს. ,,ე.მ."-ს და შ.პ.ს. „ს.კ.უ"-ს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1307/03, რომლითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით შ.პ.ს. „ს.კ.უ“-სთვის მიეწოდებინა საქონლის ხორცის კონსერვი და გაყინული ღორის ხორცი. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 369 880 ლარს.
2.2. 2018 წლის 13 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე შ.პ.ს. „ე.მ"-მა, 2018 წლის 19 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზები მოამარაგა საქონლის ხორცის კონსერვით, რომლის საერთო წონამ შეადგინა 1275.300 კგ, ხოლო ღირებულებამ - 13405.93 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული მიწოდების ფარგლებში მიმწოდებელი მოქმედებდა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. 2018 წლის 30 ივლისს შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს წარმომადგენელსა და შ.პ.ს. „ე.მ.“-ის დირექტორს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი №1307/03-1, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 13 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს 2018 წლის 13 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით მიეწოდა 10700.14 ლარის ღირებულების საქონელი.
2.3. შ.პ.ს. „ს.კ.უ"-მ 2018 წლის 19 ივლისს შ.პ.ს. „ე.მ."-ს მისცა ახალი შეკვეთა, რაც მოიცავდა 7764 კგ. გაყინული ღორის ხორცის მიწოდებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზებზე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის 24 ივლისს.
2.4. 2018 წლის 13 ივლისს, შ.პ.ს. „ე.მ“-მა ღორის ხორცი შეისყიდა ჰოლანდიური კომპანიისაგან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შემოტანილიყო 2018 წლის 23 ივლისამდე, ხოლო მოპასუხისათვის მიწოდება უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2018 წლის 24 ივლისისა.
2.5. 2018 წლის 24 ივლისს შ.პ.ს. „ე.მ“-ის დირექტორმა შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს წარუდგინა განცხადება რომელშიც აღწერა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ფორსმაჟორული მდგომარეობა კერძოდ: საქართველოსათვის განკუთვნილი ტვირთები გამკაცრებულად კონტროლდებოდა, ფერხდებოდა ტვირთის დროული გადმოზიდვა, ამასთან, საბაჟო საზღვარზე შეიქმნა გრძელი რიგი, რის გამოც ტვირთი ყოვნდებოდა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო კი, ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულება იყო შეუძლებელი. წერილით შ.პ.ს. „ე.მ“-ი ითხოვდა დამატებით ვადას ვალდებულების შესასრულებლად არაუადრეს 2018 წლის 27 ივლისისა და არაუგვიანეს 30 ივლისისა.
2.6. 2018 წლის 24 ივლისს შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს წერილით შ.პ.ს. „ე.მ.“-ს ეცნობა, რომ 2018 წლის 23 ივლისის წერილით მას უკვე განსაზღვრული ჰქონდა დამატებითი ვადა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად - 5 სამუშაო დღე და ეს იყო 2018 წლის 26 ივლისი, თუმცა აღნიშნული წერილი შ.პ.ს. „ე.მ“-ს იმავე დღეს არ მიუღია და 24 ივლისს მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო რაიმე დამატებითი ვადის დაწესების შესახებ.
2.7. შ.პ.ს. „ე.მ"-მა 2018 წლის 27 ივლისს, სამუშაო საათებში, რამდენიმე სამხედრო ბაზაზე, (კაპანდიბი, სენაკი) მიიტანა პროდუქცია შეკვეთის შესაბამისად, ხოლო ადგილზე მყოფმა შ.პ.ს. „ს.კ.უ"-ს წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს პროდუქციის მიღებაზე, რადგან შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს სურდა შ.პ.ს. „ე.მ."-თან ხელშეკრულების შეწყვეტა. 2018 წლის 27 ივლისის 17:30 საათამდე შ.პ.ს. „ე.მ"-ს არ გააჩნდა ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და აღნიშნულს მოსარჩელე ვერც ივარაუდებდა, ვინაიდან, შემსყიდველმა მას განუსაზღვრა კონკრეტული ბაზები, სადაც 2018 წლის 27 ივლისს პროდუქცია უნდა მიეწოდებინა, რასაც კომპანია ასრულებდა, თუმცა შემსყიდველმა პროდუქციის მიღებაზე მაინც უარი განაცხადა.
2.8. მოგვიანებით, 2018 წლის 27 ივლისის 19:41 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელ. სისტემაში შემსყიდველმა განათავსა ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
2.9. მოპასუხის არამართლზომიერი ქცევის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი. ხელშეკრულება უსაფუძვლოდ რომ არ შეწყვეტილიყო, მიმწოდებელი ამ გარიგებიდან მიიღებდა 1 356 474.05 ლარს შემოსავალს, საიდანაც მოგება იქნებოდა 203 620.57 ლარი.
2.10. 2018 წლის 11 ივლისს ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ"-მ გასცა საბანკო გარანტია №FG/18 016964, რომლითაც აიღო პასუხისმგებლობა, შ.პ.ს. „ს.კ.უ"-სთვის აენაზღაურებინა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხა 68 495 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში თუ შ.პ.ს. „ე.მ“-ი ვერ უზრუნველყოფდა 2018 წლის 13 ივლისს გაფორმებული N1307/03 ხელშეკრულების შესრულებას.
2.11. 2018 წლის 11 ივლისს ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ“-ს მიერ შ.პ.ს. „ე.მ“-ის მიმართ გაცემული საბანკო გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ლ.ლ–ას უძრავი ქონება, (მდებარე ქ. ვანი, ......), შესაბამისად, ნოტარიუს ი.შ–ძესთან 2018 წლის 11 ივლისს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება №180823333.
2.12. 2018 წლის 03 აგვისტოს შ.პ.ს. „ე.მ“-ს ჩაბარდა წერილი, რომლითაც გარანტი პრინციპალს ატყობინებდა, რომ 2018 წლის 30 ივლისს ბენეფიციარმა მიმართა წერილობითი ფორმით და მოითხოვა №FG/18 016964 გარანტიით განსაზღვრული თანხის - 68 495 ლარის გადახდა. გარანტმა ბენეფიციარს გადაურიცხა მოთხოვნილი თანხა.
2.13. 2018 წლის 28 სექტემბერს სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით ნოტარიუს ი.შ–ძის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, აღსასრულებელ ვალდებულებას შეადგენს: ძირითადი თანხა - 68 495 ლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს დარიცხული პირგასამტეხლო 3150.54 ლარი და შემდგომ დასარიცხი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1 პროცენტი. ამავე სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, დადგენილია ლ.ლ–ას კუთვნილი უძრავი ნივთის საჯარო აუქციონზე რეალიზაცია. სადაზღვევო კომპანიამ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარადგინა სააღსრულებო ბიუროში და დავალიანების დაფარვის მიზნით მოითხოვა ლ.ლ–ას კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია.
მოპასუხეების პოზიცია:
3. მოპასუხე შ.პ.ს. „ს.კ.უ“-მ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე:
3.1. საქმეში დაცული სასაქონლო ზედნადებებიდან დგინდება, რომ მოსარჩელე მოპასუხეს ამარაგებდა მხოლოდ საქონლის ხორცის კონსერვით და ხელშეკრულების არსებობის განმავლობაში მისთვის არც ერთხელ არ მიუწოდებია გაყინული ღორის ხორცი.
3.2. შემსყიდველის მიერ განხორციელებული შეკვეთის თანახმად, მოსარჩელეს 2018 წლის 19 ივლისიდან უნდა დაეწყო მოპასუხისთვის გაყინული ღორის ხორცის მიწოდება, კერძოდ: 2018 წლის 19 ივლისს უნდა მიეწოდებინა 1045 კგ. გაყინული ღორის ხორცი, ხოლო არაუგვიანეს 2018 წლის 24 ივლისისა უნდა მიეწოდებინა 6719 კგ გაყინული ღორის ხორცი, რაც მიმწოდებლის მიერ არ შესრულებულა. ამასთან, შემსყიდველმა მიმწოდებელს განუსაზღვრა დამატებით ვადა მას შემდეგ, რაც დათქმულ ვადაში, 2018 წლის 19 ივლისს, მოსარჩელემ ვერ შეძლო შეკვეთის მიწოდება. შემსყიდველს განესაზღვრა დამატებითი ვადა 5 სამუშაო დღე 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით, ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 20 ივლისიდან, შემსყიდველმა მიმწოდებელი გააფრთხილა დამატებით ვადაში შეკვეთის შეუსრულებლობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
3.3. შემსყიდველის 23.07.2018 წლის წერილის მიღების შემდეგ, 2018 წლის 24 ივლისს მიმწოდებელმა კვლავ დამატებითი ვადის დაწესება მოითხოვა არაუადრეს 2018 წლის 27 ივლისისა და არაუგვიანეს 30 ივლისისა.
3.4. ჯარისკაცების კვების რაციონი საქართველოს თავდაცვის მინისტრის №629 ბრძანებით წინასწარ არის განსაზღვრული, რომლის შეცვლაც შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს არ შეეძლო, შესაბამისად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული 2018 წლის 13 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეკვეთის შეთანხმებულ დროს (2018 წლის 19 ივლისს) მიწოდება წარმოადგენდა ხელშეკრულების არსებით პირობას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მოპასუხისთვის, რაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო.
3.5. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 27 ივლისს, ისე, რომ ამ დროის განმავლობაში მოსარჩელეს არც ერთხელ არ მიუწოდებია მოპასუხისათვის გაყინული ღორის ხორცი. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ თუნდაც 27 ივლისს 18:00 საათამდე განახორციელა შეკვეთის მიწოდება. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-14 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლოა შეწყდეს ნებისმიერი მხარის ინიციატივით ცალმხრივად, თუ მეორე მხარე არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. ამასთან დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ აშკარაა რომ მას არ ექნება შედეგი ან ხელშეკრულების მხარე ინტერესს დაკარგავს შესრულებისადმი. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად შეკვეთის დროული მიწოდების კრიტიკული მნიშვნელობისა, მოპასუხემ მოსარჩელეს მაინც დაუწესა დამატებითი ვადა, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელმა კვლავ არ შეასრულა ვალდებულება. ვადაგადაცილების პირობებში მოპასუხე იძულებული იყო, სხვა კომპანიისგან უფრო ძვირად შეეძინა პროდუქტი, შესაბამისად მან დაკარგა ინტერესი შეკვეთის შესრულების მიმართ და მართლზომიერად შეწყვიტა ხელშეკრულება 2018 წლის 27 ივლისს, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნას საფუძველი არ გააჩნია.
3.6. მხარეთა შორის არსებული 2018 წლის 13 ივლისის ხელშეკრულების 6.4 პუნქტის საფუძველზე შემსყიდველს უფლება ჰქონდა, აეთვისებინა პროდუქტის მხოლოდ ის რაოდენობა, რასაც თავად მიიჩნევდა საჭიროდ, ანუ იგი არ იყო ვალდებული სრულად შეესყიდა 1 369 880 ლარის ღირებულების პროდუქტი. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ დათვალა მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავალი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხემ არამართლზომიერად შეწყვიტა ხელშეკრულება.
4. მოპასუხე ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი:
4.1. 2018 წლის 11 ივლისს სადაზღვევო კომპანიასა და მოსარჩელეს შორის დადებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 2.5. მუხლის მიხედვით, შ.პ.ს. „ე.მ.“-ი კისრულობდა ვალდებულებას შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს წინაშე ღორის ხორცისა და საქონლის კონსერვის მიწოდებაზე, რისთვისაც სადაზღვევო კომპანიამ გასცა უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 68 495 ლარზე, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2019 წლის 18 მარტის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 2.6. მუხლის თანახმად, „გარანტი“ კისრულობდა ვალდებულებას, ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე გადაეხადა გარანტიის თანხა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საგარანტიო წერილის პირობების შესაბამისად.
4.2. 2018 წლის 30 ივლისს სადაზღვევო კომპანიაში შევიდა ბენეფიციარის 2018 წლის 27 ივლისის წერილი, რომლითაც ირკვეოდა, რომ პრინციპალი ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც ითხოვდა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდას. წერილის მიღების შემდეგ მოსარჩელეს ეცნობა ბენეფიციარის მიერ გარანტისთვის წერილობით წაყენებული მოთხოვნის შინაარსი, თუმცა პრინციპალს დადგენილ ვადებში არ განუხორციელებია რაიმე სახის რეაგირება სადაზღვევო კომპანიის წერილზე, რაც გახდა თანხის გადახდის საფუძველი. ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–მა” ბენეფიციარს თანხა აუნაზღაურა უპირობო და გამოუთხოვადი საგარანტიო ვალდებულების შესაბამისად, რის გამოც სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
4.3. ამასთან, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნები შპს „ს.კ.უ“-სთვის უსაფუძვლოდ გამოთხოვნილი საბანკო გარანტიის თანხის - 68 495 ლარისა და ყოველდღიურად ამ თანხის 0.1%-ის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შ.პ.ს. „ს.კ.უ"-ს შ.პ.ს. „ე.მ.“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 203 620.57 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც შ.პ.ს. „ს.კ.უ"-მ, ისე შ.პ.ს. „ე.მ“-მა. შემსყიდველი სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას, ხოლო მიმწოდებლის სააპელაციო მოთხოვნას სარჩელის სრულად დაკმაყოფილება წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
7.1. შ.პ.ს. „ე.მ“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
7.2. შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
7.3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ.პ.ს. „ე.მ“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1. ელექტრონული ტენდერის SPA 180005521 საფუძველზე, 2018 წლის 13 ივლისს შ.პ.ს. „ე.მ“-სა და შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1307/03 ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ე.მ.“-მა იკისრა ვალდებულება, 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მოემარაგებინა საქართველოს თავდაცვის სამხედრო ბაზები საკვები პროდუქტებით - საქონლის ხორცის კონსერვი და გაყინული ღორის ხორცი. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 1 369 880 ლარით.
ხელშეკრულების 6.1 პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებული იყო ყოველი შეკვეთა შეესრულებინა შეკვეთის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
ხელშეკრულების 6.5 პუნქტით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო დღის განმავლობაში არაუგვიანეს 18:00 საათისა, ხოლო 18:00 საათის შემდეგ შემსყიდველი უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა საქონლის მიღებაზე და დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის გამო.
ხელშეკრულების 10.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის დარღვევა, ხელშეკრულების დანართი №1-ის საქონლის ტექნიკურ სპეციფიკასთან შეუსაბამო საქონლის მიწოდება, ასევე საქონლის ტრანსპორტირების პირობების დარღვევა, საქონლის ეტიკეტირების წესების დარღვევა, განსხვავებული ბრენდების ტარების გამოყენება, ხელშეკრულების 11.4.1. მუხლის დარღვევა და მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სხვაგვარად დარღვევა) შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს (გარანტს) და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1307/03 ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა. კერძოდ ხელშეკრულების 11.1. პუნქტით დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრება შემსყიდველისათვის შემდეგი ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა: საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე, ხელშეკრულების დანართი №1-ით გათვალიწინებული საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციის დარღვევისათვის) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმ შემთხვევაში თუ აღიშნული პირგასამტეხლოს ოდენობა ნაკლებია 200 ლარზე, შემსყიდველი დააკისრებს მომწოდებელს 200 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1307/03 ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების 14.1. პუნქტით ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს: ა) ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით ნებისმიერ დროს; ბ) ნებისმიერი მხარის ინიციატივით, ცალმხრივად, თუ მეორე მხარე არ/ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რის თაობაზეც ამ მეორე მხარეს წერილობით მიეცა გაფრთხილება და ამ დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა დამატებითი ვადა. ამასთან, დამატებით ვადა შეიძლება არ მიეცეს, თუ აშკარაა, რომ მას შედეგი არ ექნება, ან ვალდებულების არ/ან არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყვეტის ინიციატორ მხარეს ხელშეკრულების საგნიდან ინტერესი ეკარგება, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) შემსყიდველმა შეწყვიტა ან შეაჩერა თავისი საქმიანობა; დ) მიმდინარეობს შემსყიდველის ან მიმწოდებლის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; ე) შემსყიდველმა ანგარიშსწორების განხორციელების ვადას გადააცილა 30 სამუშაო დღეზე მეტი ვადით; ვ) მიმწოდებელმა არაერთგზის (2 ჯერ ან მეტჯერ) დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულება ვადამდე შეწყვეტილად ითვლება მეორე მხარისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი მოთხოვნის გადაცემიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
8.2. 2018 წლის 03 ივლისს ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ“-სა და შ.პ.ს. „ე.მ“-ს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება №GA187/17, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელის სასარგებლოდ გაიცა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება №FG/18 016964, რომლის 2.5. მუხლით შ.პ.ს. „ე.მ“-ი კისრულობდა ვალდებულებას შ.პ.ს. „ს.კ.უ“-სთვის ღორის ხორცისა და საქონლის ხორცის კონსერვის მიწოდებაზე, რისთვისაც ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–ი“-მ გასცა საბანკო გარანტია 68 495 ლარზე. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 18 სექტემბრის ჩათლით. გარანტიის წლიური სარგებლის ოდენობა შეადგენდა 6.1%-ს (მინიმუმ 105 ლარს).
შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს დირექტორის 2018 წლის 27 ივლისის №450/07-2018 წერილით ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ ეცნობა, რომ 2018 წლის 27 ივლისის მდგომარეობით წყვეტდა სახელშეკრულებო ურთიერთობას შ.პ.ს. „ე.მ.“-თან და მოითხოვა 2018 წლის 11 ივლისს გაცემული ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფით (საბანკო გარანტია) №FG/18 016964 გათვალისწინებული 68 495 ლარის ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე 5 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული წერილის შესახებ 2018 წლის 01 აგვისტოს ეცნობა შ.პ.ს. „ე.მ.“-ს.
2018 წლის 08 აგვისტოს №735496380 საგადახდო დავალებით ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–მა“ შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს აუნაზღაურა საგარანტიო თანხა 68 495 ლარის ოდენობით.
8.3. ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ“-სა და ლ.ლ–ას შორის 2017 წლის 03 ივლისს დადებული №GA187/17 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 11 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ლ.ლ–ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს.კ. ....... მისამართი: ქ. ვანი, ......., არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 600 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ......., შენობა ნაგებობის ჩამონათვალი №1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართით 948.60 კვ.მ.).
2018 წლის 28 სექტემბერს, ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–ი“-ს მოთხოვნის შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაიცა №181202027 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელ ძირ თანხას წარმოადგენდა - 68 495 ლარი, პირგასამტეხლო - 3 150.54 ლარი, ხოლო შემდგომი პირგასამტეხლო ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა ლ.ლ–ას კუთვნილი უძრავი ნივთის საჯარო აუქციონზე რეალიზაცია.
8.4. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე, 2018 წლის 19 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზებს ამარაგებდა საქონლის ხორცის კონსერვით, რომლის საერთო წონა შეადგენდა 1275.300 კგ, ხოლო საერთო ღირებულება 13 405.93 ლარს.
2018 წლის 30 ივლისს მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი №1307/03-1, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 13 ივლისის №1307/03 ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს 2018 წლის 13 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით მიეწოდა 10700.14 ლარის ღირებულების საქონელი.
8.5. 2018 წლის 23 ივლისს შემსყიდველმა №437/07-2018 წერილით მიმართა მიმწოდებელს და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემული პერიოდისათვის ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიერ არ იყო შესრულებული და ფერხდებოდა სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფა, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება. მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქციები, რომელიც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით.
ამავე წერილში მოსარჩელეს განემარტა, რომ თუ პროდუქციის მიწოდებისთვის დამატებითი ვადა გადააჭარბებდა 5 (ხუთი) სამუშაო დღეს (2018 წლის 26 ივლისი), კომპანია განიხილავდა 13 ივლისს გაფორმებული №1307/03 ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს.
8.6. 2018 წლის 24 ივლისის წერილით შ.პ.ს. „ე.მ“-მა შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს აცნობა, რომ თურქეთში შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, ფერხდებოდა ტვირთის დროული გადმოზიდვა. გარდა გამკაცრებული კონტროლისა, ტვირთების შეყოვნება ხდებოდა საბაჟოსთან წარმოქმნილი გრძელი რიგის გამოც. მითითებული წერილით შ.პ.ს. „ე.მ.“-მა ვალდებულების შესასრულებლად კიდევ ერთხელ ითხოვა დამატებითი ვადა არაუადრეს 2018 წლის 27 ივლისისა და არაუგვიანეს 30 ივლისისა.
8.7. 2018 წლის 24 ივლისის წერილის პასუხად შ.პ.ს. „ე.მ.“-ს შ.პ.ს. „ს.კ.უ“-სგან 24 ივლისსვე ეცნობა, რომ დარღვევის აღმოსაფხვრელად დამატებითი ვადა - 5 სამუშაო (2018 წლის 26 ივლისი) უკვე განსაზღვრული ჰქონდა 2018 წლის 23 ივლისის წერილით, რომლითაც მიმწოდებელი გაფრთხილებულ იქნა, რომ თუ ამ ვადაში არ მოხდებოდა პროდუქტის მიწოდება, კომპანია 2018 წლის 27 ივლისიდან განიხილავდა მხარეთა შორის 2018 წლის 13 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს.
8.8. შ.პ.ს. „ს.კ.უ“-მ 2018 წლის 16 ივლისს შ.პ.ს. „ე.მ.“-ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისცა ახალი შეკვეთა, რაც მოიცავდა 1045 კგ. გაყინული ღორის ხორცის მიწოდებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზებზე, საქართველოს მასშტაბით 15 ობიექტზე (10 ობიექტი აღმოსავლეთ საქართველოში და 5 ობიექტი დასავლეთ საქართველოში).
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულება მოსარჩელის მიერ უნდა შესრულებულიყო მოთხოვნის მიღებიდან - 17 ივლისიდან 24 საათის განმავლობაში, ანუ 2018 წლის 19 ივლისამდე. აღნიშნულზე მიუთითებს 2018 წლის 23 ივლისის წერილიც, რომლითაც შ.პ.ს. „ე.მ.“-ის დირექტორს ეცნობა, რომ 16 ივლისის შეკვეთა უნდა მიწოდებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის 19 ივლისისა.
მოსარჩელის მიერ აღნიშნულ ვადაში ვერ მოხდა მოთხოვნილი საქონლის მიწოდება.
8.9. გარდა 2018 წლის 16 ივლისის შეკვეთისა, მოსარჩელეს ასევე დამატებით უნდა მიეწოდებინა 6719 კგ. გაყინული ღორის ხორცი, რომლის მიწოდების ვადა იყო 2018 წლის 24 ივლისი.
მოსარჩელეს შემსყიდველისათვის არც აღნიშნული შეკვეთა მიუწოდებია დათქმულ ვადაში.
8.10. შ.პ.ს. „ე.მ.“-მა 2018 წლის 27 ივლისს კაპანდიბის და სენაკის სამხედრო ბაზებზე შეკვეთა მიიტანა, თუმცა შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს მის მიღებაზე.
8.11. შ.პ.ს. „ს.კ.უ“-ს დირექტორის №06/2707-18 ბრძანებით 2018 წლის 27 ივლისს შეწყდა ღორის ხორცისა და საქონლის ხორცის კონსერვის შესყიდვების მიზნით ჩატარებული SPA180005521 ელექტრონული ტენდერის შედეგად 2018 წლის 13 ივლისს დადებული №1307/03 ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდა 27.07.2018 წელს, 19:41 საათზე.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
9.1. პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული შეფასება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის განსაზღვრული 5 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 25 ივლისიდან. შესაბამისად, არ გაიზიარა დასკვნა, რომ შ.პ.ს. „ე.მ.“-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია სამხედრო ბაზებზე 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა. პალატამ ყურადღება გაამახვილა 2018 წლის 23 ივლისის (437/07- 2018) წერილზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ ამ პერიოდისათვის შესრულებული არ იყო მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, სახელდობრ: 1) 2018 წლის 16 ივლისს განხორციელებული 1045 კვ. ღორის ხორცის შეკვეთა, რომელიც შესრულებული უნდა ყოფილიყო 2018 წლის 19 ივლისამდე და 2) 6719 კგ. გაყინული ღორის ხორცის შეკვეთა, რომლის მიწოდების ვადა იყო 2018 წლის 24 ივლისი.
9.2. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება, რომ 2018 წლის 24 ივლისამდე მისთვის ცნობილი არ იყო დამატებითი ვადის დაწესების შესახებ. აღნიშნულ დასკვნამდე სააპელაციო მივიდა ერთი მხრივ, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ 23 ივლისის მდგომარეობით მოსარჩელის მიერ არ იყო შესრულებული 19 ივლისამდე შესასრულებელი მიწოდების ვალდებულება და მეორე მხრივ, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის 2018 წლის 24 ივლისს გაგზავნილი წერილის შინაარსით, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელი კიდევ ერთხელ მიმართავდა თხოვნით მოპასუხე შემსყიდველს, გამოეჩინა კეთილი ნება მიწოდების ვადის გაგრძელების თაობაზე.
9.3. პალატამ შენიშნა, რომ როგორც 2018 წლის 23 ივლისის წერილი, ასევე 2018 წლის 24 ივლისის წერილი, შეიცავდა მითითებას, რომ თუ პროდუქციის მიწოდებისათვის დამატებითი ვადა გადააჭარბებდა 5 სამუშაო დღეს, ანუ 2018 წლის 26 ივლისს, კომპანია განიხილავდა ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს 27 ივლისიდან. დამატებითი ვადის მიცემასთან დაკავშირებული მითითება პალატამ განმარტა იმგვარად, რომ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის დამატებითი ვადის დაწესებისას მოხდა კონკრეტული მაქსიმალური თარიღის განსაზღვრა, რა პერიოდშიც უნდა შესრულებულიყო მიწოდების ვალდებულება - 2018 წლის 26 ივლისი, თუმცა 2018 წლის 26 ივლისის მდგომარეობით მოსარჩელეს მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიწოდებული არ ჰქონია.
9.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები.
9.5. პალატამ შენიშნა, რომ შ.პ.ს. „ე.მ“-მა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც, შემსყიდველმა - შ.პ.ს. „ს.კ.უ“-მ 2018 წლის 27 ივლისის დირექტორის ბრძანებით ცალმხრივად შეწყვიტა 2018 წლის 13 ივლისის №1307/03 ხელშეკრულება.
9.6. პალატის განსჯით, მოსარჩელემ მოპასუხეს (შემსყიდველი) 2018 წლის 13 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკვები პროდუქტები დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც ვერ მიაწოდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხე შ.პ.ს. „ს.კ.უ–ფა“-ს მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის არამართლზომიერად მიჩნევისა და შ.პ.ს. „ე.მ“-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
9.7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობაა მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ძირითადი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა მართლზომიერად, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალზე მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ.
9.8. ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტს, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საგარანტიო თანხის მოპასუხისთვის დაკისრებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მისი საკასაციო მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:
11.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი, რომ მოსარჩელისთვის ხელშეკრულების შესრულების დამატებითი ვადის დაწესება მოხდა 2018 წლის 23 მაისის წერილით; საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 23 ივლისის წერილის არსებობა კასატორისთვის ცნობილი იყო იქამდე, სანამ შემსყიდველისაგან მიიღებდა 2018 წლის 24 ივლისის წერილს. კასატორის მიერ გაგზავნილ წერილში ნახსენები სიტყვები „კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ მიწოდების ვადა“ ნიშნავს იმას, რომ კომპანიის სიტყვიერი მოთხოვნა ვადის გაგრძელების შესახებ უპასუხოდ იყო დატოვებული.
11.2. დადგენილადაც რომ იქნეს მიჩნეული, რომ დამატებითი ვადა დაწესდა 2018 წლის 23 ივლისის წერილით, მასში მითითებულია, რომ დამატებით ვადად განსაზღვრულია 5 სამუშაო დღე, თუმცა იქვე ფრჩხილში მითითებულია 26 ივლისი. თუ ჩაითვლება, რომ დამატებითი ვადის დაწესებისას 5 სამუშაო დღის მითითება წარმოადგენდა შეცდომას, გამოდის, რომ დამატებითი ვადა შეადგენდა სულ 2 დღეს, რაც არაგონივრულად მცირე დროა და ფორმალურ ხასიათს ატარებს, ხოლო თუ ჩაითვლება, რომ დამატებით ვადად ნამდვილად 5 სამუშაო დღე განისაზღვრა, მისი ათვლა უნდა დაწყებულიყო 2018 წლის 24 ივლისიდან, რა შემთხვევაშიც მეხუთე სამუშაო დღე იქნებოდა 2018 წლის 30 ივლისი, ესე იგი, სწორედ ის ვადა, რომლის მიცემასაც კასატორი ითხოვდა 24.07.2018 წლის წერილში. დამატებითი ვადის ბუნდოვანება უნდა განმარტებულიყო ნების ადრესატის თვალსაწიერიდან, რა შემთხვევაშიც, სასამართლო დაასკვნიდა, რომ შემსყიდველმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა სწორედ დამატებითი ვადის მიმდინარეობისას, მის ამოწურვამდე.
11.3. დამატებითი ვადის ამოწურვის ბოლო ვადად მიჩნეულიც რომ იქნეს 26 ივლისი, დაუსაბუთებელია, რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ერთ დღეს, რის გამოც შეუძლებელი იყო დამატებითი ვადის დასასრულის გადაწევა 27 ივლისამდე. თუკი მოპასუხისთვის ვადების მნიშვნელობა განპირობებული იყო ჯარისკაცებისთვის სათანადო საკვების მიწოდების ინტერესით, 27 ივლისს ბაზების კართან მიტანილი პროდუქციის მიღებაზე იგი უარს არ იტყოდა. აღნიშნულის გამო, კასატორი მიიჩნევს, რომ შემსყიდველს ამოძრავებდა დაინტერესება მოსარჩელესთან ხელშეკრულების შესაწყვეტად.
11.4. სასამართლოს სწორად რომ გადაეწყვიტა დამატებითი ვადის განსაზღვრის საკითხი. მის მიერვე დადგენილი გარემოება, რომ წლის 2018 წლის 27 ივლისს მიმწოდებელმა კაპანდიბისა და სენაკის სამხედრო ბაზებზე მიიტანა შეკვეთა, თუმცა შემსყიდველის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს მის მიღებაზე, სასამართლოს მიიყვანდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ დამატებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულება შეასრულა, აღნიშნული კი განაპირობებდა საქმეზე რადიკალურად განსხვავებული შედეგის დადგომას, კერძოდ, ხელშეკრულების შეწყვეტა ჩაითვლებოდა არამართლზომიერ ნების გამოვლენად.
11.5. რომც ჩაითვალოს, რომ საქონლის მიწოდების ბოლო ვადა 26 ივლისს იწურებოდა, გაფრთხილების წერილი შეიცავდა იმგვარ მითითებას, რომ 27 ივლისიდან ხელშეკრულება ავტომატურად კი არ შეწყდებოდა, არამედ შემსყიდველი იმსჯელებდა მისი შეწყვეტის საკითხზე 27 ივლისიდან. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელმა შეიტყო მესიჯით, იმ დროს, როცა საქონელი ბაზებზე მიტანილი იყო და შემსყიდველი საქონლის მიღებაზე უსაფუძვლო უარს აცხადებდა. ხელშეკრულების შეწყვეტაზე ბრძანება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსდა 27.07.2018 წელს 19:41 საათზე, მას შემდეგ, რაც შეკვეთილი პროდუქცია ობიექტებზე მიტანილი ჰქონდა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება შემსყიდველს აღარ გააჩნდა. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარეს შეეძლო, გამოეყენებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები ხელშეკრულების შეწყვეტის ნაცვლად.
11.6. სასამართლოს სწორად რომ განესაზღვრა დამატებითი ვადის საკითხი, დაადგენდა, რომ საბანკო გარანტიის გამოთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლით მოხდა არამართლზომიერად. ამასთან, გარანტმა ისე აუნაზღაურა ბენეფიციარს მოთხოვნილი თანხა, რომ არ გამოიჩინა გულისხმიერება და არ დაადგინა, შეესაბამებოდა თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს, კერძოდ, არ გამოიკვლია, არსებობდა თუ არა უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რის გამოც გადახდილი საგარანტიო თანხის პრინციპალისგან უკუმოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაცემული სააღსრულებო ფურცელი უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. უწინარესად, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის არსებული დავა ძირითადად გამომდინარეობს სახელშეკრულებო საფუძვლიდან, სახელდობრ, ნასყიდობის სამართალურთიერთობიდან (სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), რომელიც დაფუძნდა 2018 წლის 13 ივლისის ხელშეკრულების ძალით. ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ, როგორც გამყიდველმა, იკისრა შ.პ.ს. „ს.კ.უ“-სთვის გაყინული ღორის ხორცისა და კონსერვირებული საქონლის ხორცის მიწოდების ვალდებულება შემსყიდველის შეკვეთის შესაბამისად (ხელშეკრულების 1.1.-1.2 პუნქტები). ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 1 369 880 ლარი; ხელშეკრულებით დადგინდა, რომ შეკვეთა უნდა შესრულებულიყო შეკვეთის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში (6.1. პუნქტი); საქონელი უდა მიწოდებულიყო დღის განმავლობაში არაუგვიანეს 18:00 საათისა, ხოლო 18:00 სთ-ის შემდეგ შემსყიდველს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა საქონლის მიღებაზე და დაეკისრებინა პირგასამტეხლო მიმწოდებლისათვის მიწოდების ვადის დარღვევის გამო (6.5 პუნქტი). საქონლის მიწოდების ადგილად განისაზღვრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შემსყიდველის 50 საწყობი, კონკრეტული შეკვეთის მიწოდების ადგილი დაზუსტდებოდა შემსყიდველის მიერ (ხელშეკრულების დანართი №1).
18.1. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
18.2. სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
18.3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების დროულად შესრულება სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს ფასეულობას წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს.
18.4. სამოქალაქო სამართალში ვალდებულების შესრულების ვადები მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ასეთ ვადებს ერთმანეთისაგან განასხვავებენ არა მარტო ხანგრძლივობისა და განსაზღვრულობის ხარისხის მიხედვით, არამედ მათი წარმომშობი წყაროს სამართლებრივი ბუნების მიხედვითაც. შეიძლება განვასხვავოთ ვალდებულების შესრულების ა) სახელშეკრულებო; ბ) კანონისმიერი; გ) სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ განსაზღვრული; დ) ცალმხრივი ნებით დადგენილი; და ე) გარემოებებიდან გამომდინარე ვადები.
18.5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანამედროვე სახელშეკრულებო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შესრულების აუცილებლობის შესახებ დებულებები განმტკიცებულია როგორც საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების პრინციპებში (მე-6.1.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), აგრეთვე ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების მე-7:102-ე მუხლის პირველ ქვეპუნქტში და გაეროს „საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ ვენის კონვენციის 33-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტში.
19.1. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2018 წლის 19 ივლისის ჩათვლით მოსარჩელეს ეკისრებოდა 1045 კილოგრამი გაყინული ღორის ხორცის, ხოლო 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით - 6719 კილოგრამი გაყინული ღორის ხორცის მიწოდების ვალდებულება. უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ არცერთი დასახელებული ვალდებულება მიმწოდებელს დათქმულ ვადებში არ შეუსრულებია.
19.2. ამრიგად, პირველადი ვალდებულება, რაც საქონლის მიწოდების მოვალეობაში გამოიხატებოდა, დაარღვია სწორედ გამყიდველმა, რამაც მყიდველს უფლება მისცა, აემოქმედებინა კანონითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლების დაცვის მექანიზმები.
19.3. დადგენილია, რომ მიმწოდებელს 2018 წლის 13 ივლისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მიუხედავად ორჯერ განხორციელებული შეკვეთისა, გაყინული ღორის ხორცის შემსყიდველისათვის მიწოდების ვალდებულება არცერთხელ არ შეუსრულებია. შეკვეთილი პროდუქტი წარმოადგენდა ჯარის საკვებად საჭირო ინგრედიენტს, შესაბამისად, მისი დროული მიწოდების მიმართ მყიდველს გააჩნდა მაღალი ინტერესი.
19.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივლისამდე მისაწოდებელი პროდუქტის ამავე ვადაში მიუწოდებლობის გამო მყიდველმა გამყიდველს დაუთქვა შესრულების დამატებითი ვადა.
20.1. მხარეთა შორის დავას იწვევს ის გარემოება, თუ რა ხანგრძლივობის იყო ხსენებული დამატებითი ვადა. საქმის მასალებში დაცულია 23.07.2018 წლითა და 24.07.2018 წლით დათარიღებული შემსყიდველის ორი გაფრთხილების წერილი, რომელთაგან 24.07.2018 წლის წერილის მიღების ფაქტს მოსარჩელე არ უარყოფს. 23.07.2018 წლის წერილში დამატებითი ვადის საკითხი სიტყვა-სიტყვით ფორმულირებულია შემდეგნაირად: „...თუ პროდუქციის მოწოდებისთვის დამატებითი ვადა გადააჭარბებს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს (2018 წლის 26 ივლისი), კომპანია განიხილავს 13 ივლისს გაფორმებული 1307/03 ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს“. 24.07.2018 წლის შემსყიდველის წერილში კი მითითებულია: „პრობლემის აღმოსაფხვრელად განგესაზღვრათ დამატებითი ვადა, 5 (ხუთი) სამუშაო დღე (2018 წლის 26 ივლისი)“.
20.2. დამატებითი ვადის დაწესება, სამართლებრივი ბუნებით, ცალმხრივ მიღებასავალდებულო ნების გამოვლენას წარმოადგენს, შესაბამისად, იგი ექვემდებარება განმარტებას ამავე კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან).
20.3. კანონმდებლის მიერ დათქმული ეს „გონივრული განსჯა“ კი „უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს“ (იხ. სუსგ. №ას-836-2019წ, 14.06.2019წ.). „ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება გაუგებარი არ იყოს“ (იხ. სუსგ. №ას-224-2019, 24.09.2019წ.).
20.4. ნების გამოვლენის განმარტებისას იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა თანხმდება მასზედ, რომ ნება უნდა განიმარტოს ნების მიმღების და არ მისი გამომვლენის თვალსაწიერიდან (იხ. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251-256; სუსგ. №ას-1190-2021, 22.02.2022წ; №ას-950-2022, 30.09.2022წ). ნების გამოვლენის განმარტებისას ფრაზისა თუ ქმედების შინაარსის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო ბრუნვის ჰიპოთეტური, გონიერი მონაწილის სტანდარტით, ჩაყენებულით ნების მიმღების მდგომარეობაში.
20.5. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოპასუხე შემსყიდველის მიერ წარმოდგენილ მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსზე, რომლის ავთენტურობა და ამ კომუნიკაციაში მოსარჩელის დირექტორის მონაწილეობა კასატორს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ არ უქცევია (ტ.1, ს.ფ. 102-105). ხსენებული შეტყობინებები შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელთან გაგზავნილია 2018 წლის 27 ივლისს, 20:17 საათზე და მასში მიმწოდებლის დირექტორი მრავალგზის ადასტურებს, რომ გრაფიკის ვადას არაერთხელ გადააჭარბა და ერთხელაც ითხოვს შემსყიდველისგან დახმარების გაწევას, რის საპასუხოდაც შემსყიდველი მხარის წარმომადგენლისაგან იღებს შეტყობინებას, რომ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტაზე მიღებულია, რადგან ვერც ძირითად და ვერც დამატებით დროში მიმწოდებელმა პროდუქტის მიწოდება ვერ უზრუნველყო, ხოლო 27 ივლისი დამატებით ვადაში აღარ ეთვლებოდა, ამასთან, ბაზებზე პასუხისმგებელი პირები სამუშაო საათების შემდეგ აღარ იყვნენ.
20.6. ხსენებული კომუნიკაციის პირობებში საკასაციო სასამართლო დამაჯერებლობას მოკლებულად აღიქვამს კასატორის მტკიცებას 5 სამუშაო დღეზე მითითების იმგვარად აღქმის შესახებ, რომ ამ ვადის დინება დაიწყებოდა 2018 წლის 25 ივლისიდან და გაგრძელდებოდა 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით, რადგან ერთი მხრივ, თავად კასატორი მხარე ამ კომუნიკაციაში ადასტურებს ვადების არაერთხელ დარღვევის ფაქტს, მეორე მხრივ კი უაპელაციოდ იღებს შემსყიდველი მხარის განმარტებას, რომ ვალდებულების შესრულების როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ვადა ამოწურულია, ხოლო ამ ვადას არ ეთვლებოდა 27 ივლისი. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დამატებითი ვადის სასრულს წარმოადგენდა 2018 წლის 26 ივლისი და აღნიშნული ცნობილი იყო მიმწოდებლისთვის.
21.1. რაც შეეხება დამატებითი ვადის არაგონივრულობაზე მითითებას, საკასაციო პალატას საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილშიც დაუსაბუთებლად მიაჩნია, რამეთუ 2018 წლის 19 ივლისის ჩათვლით შესასრულებელი ვალდებულება, სსკ მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დარღვეულად მიიჩნეოდა რა 2018 წლის 20 ივლისიდან, შესაბამისად, კასატორს ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, პრაქტიკულად, დამატებითი 7 კალენდარული დღე (20-26 ივლისი) მიეცა, რაც, იმ მოცემულობაში, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 6.1. პუნქტი შეკვეთიდან მიწოდებამდე დროის შუალედად მარტოოდენ 24 საათს ითვალისწინებდა, არაგონივრულად მცირე დროდ ვერ მიიჩნევა. ვადის გონივრულობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესაგებელში მოხმობილი არგუმენტაცია, რომ გაყინული ღორის ხორცის მიუწოდებლობამ განაპირობა ამ პროდუქტის ჩანაცვლება უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტით, საქონლის ხორცით, და ამ სხვაობის, როგორც მზარდი ზარალის, საკუთარ თავზე აღება უწევდა შემსყიდველს, როგორც თავდაცვის სამინისტროს წინაშე ჯარისკაცების კვების საკითხზე პასუხისმგებელ სუბიექტს.
21.2. საკასაციო პალატის განსჯით, სსკ 317-ე მუხლით განმტკიცებული ხელშემკვრელი მხარისადმი გულისხმიერების მოვალეობა არ შეიძლება აღქმული იქნეს კონტრაჰენტისგან მიყენებული ზიანის თქმენის ვალდებულებად, დარღვეული ვალდებულების კრედიტორს გულისხმიერების მოვალეობა მოვალისთვის ვალდებულების შესრულებაში ხელშეწყობას აკისრებს მაშინ, თუკი ვადაგადაცილებით კრედიტორი ზიანს არ განიცდის ან ზიანის მცირე მნიშვნელობას გადასწონის მოვალის ინტერესი ხელშეკრულების შენარჩუნებაზე.
21.3. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების გავლის შედეგად შერჩეული კონტრაჰენტის მიმართ არსებობს მოჭარბებული მოლოდინი იმისა, რომ მხარეს გაცნობიერებული აქვს ხელშეკრულების შეუსრულებლობის თანმდევი რისკები და გონივრულობის ფარგლებში, დაზღვეული აქვს მათი რეალიზება. განსახილველ შემთხვევაში, როგორც 24.07.2018 წლით დათარიღებული მიმწოდებლის წერილით დასტურდება, მან ჰოლანდიური კომპანიისგან გაყინული ღორის ხორცი შეუკვეთა 2018 წლის 13 ივლისს, რომლის საქართველოში ჩამოტანის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 23 ივლისი, ესე იგი, კასატორისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ 2018 წლის 16 ივლისს 1045 კგ გაყინული ღორის ხორცის მიწოდებაზე შემსყიდველისგან მიღებულ შეკვეთას 2018 წლის 19 ივლისის ჩათვლით დროის პერიოდში ვერ შეასრულებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც შევიდა სახელშეკრულებო ბოჭვაში, რომლის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების მოლოდინი თავადაც არ ჰქონია, შესაბამისად, კასატორის მითითება, რომ გარემოებები, რამაც განაპირობა ხელშეკრულებით დათქმული მიწოდების ვადების გადაცილება, გამოვლინდა საქონლის ტრანსპორტირების პროცესში წინასწარ განუჭვრეტელი, ფორსმაჟორული გარემოებების მოქმედებით, გაზიარებას არ იმსახურებს.
21.4. საკასაციო პალატა იმასაც შენიშნავს, რომ 2018 წლის 27 ივლისის 20:17 საათის მდგომარეობითაც კი, მიმწოდებელს არ ჰქონდა მზაობა, სრულფასოვნად შეესრულებინა ვადაგადაცილებული პროდუქტის სრული მოცულობით მიწოდების ვალდებულება, კერძოდ, მოკლე ტექტური შეტყობინებით დასტურდება, რომ ამ დროისათვის საქონლის გადმოტვირთვის შესაძლებლობა არსებობდა 15 ბაზიდან მხოლოდ ორზე (სენაკი, კაპანდიბი), დანარჩენი ბაზებზე პროდუქტის დარიგება კი კვლავ მოითხოვდა დამატებით დროს („აღმოსავლეთის და თბილისის ტვირთებიც დატვირთულია და გზაშია“). ამრიგად, კასატორის პრეტენზია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ბედი მარტოოდენ ერთმა დღემ გადაწყვიტა, ეწინააღმდეგება საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებს.
22.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
22.2. სამოქალაქო კოდექსის 486-ე მუხლის თანახმად, გაყიდული საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას, თუ ერთი მხარის მიერ მიწოდების მხოლოდ ერთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეიქმნა რეალური საშიშროება იმისა, რომ მომავალი მიწოდების ვალდებულებებიც არ შესრულდება, მაშინ მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
22.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიმწოდებელმა ორჯერ მიღებული შეკვეთიდან ზედიზედ ორივეს შესრულების ვადა დაარღვია, ამასთან, პირველ შეკვეთასთან მიმართებით დადგენილი დამატებითი ვადა გავიდა უშედეგოდ; აღნიშნულმა კრედიტორს გაუჩინა დასაბუთებული მოლოდინი 6 თვიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მომავალი მიწოდების ვადებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის რეალური საშიშროების არსებობაზე, ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, შემსყიდველს გააჩნდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.
22.4. საკასაციო პალატის განსჯით, დაცულია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების პროცედურული მხარე - ვალდებულების შესასრულებლად მოვალეს მიეცა გონივრული ოდენობის დამატებითი ვადა, თუმცა ვალდებულება ჯეროვნად ვერც ამ ვადაში შესრულდა. საქმეში არ ვლინდება სსკ 405.3 მუხლით დადგენილი ხელშეკრულებაზე უარის გამომრიცხავი გარემოებანი - ვალდებულების დარღვევა მნიშვნელოვანია, ვადაგადაცილებაში კრედიტორს ბრალი არ მიუძღვის და მოვალეს არ გააჩნია დასაბუთებული შესაგებელი ხელშეკრულებაზე უარის წინააღმდეგ, არ იკვეთება გარემოება, რომელთა გამოც კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება. ამრიგად, პალატის განსჯით, ხელშეკრულებაზე უარის თქმა განხორციელებულია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 14.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერი გზითა და საფუძვლით.
22.5. სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
22.6. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება ხელშეკრულების არამართებული შეწყვეტისათვის, სამართლებრივი ბუნებით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაა, რომელსაც ციტირებული ნორმიდან გამომდინარე, წაეყენება ოთხი კუმულატიური პირობა: 1. მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2. ზიანი; 3. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს, როგორც დამდგარ შედეგს შორის; 4. მოვალის ბრალეულობა (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა). ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის არარსებობაც კი ზიანის ანაზღაურების სარჩელს საფუძველს აცლის.
22.7. როგორც უკვე აღინიშნა, შემსყიდველმა ხელშეკრულებაზე უარი თქვა კანონიერი გზითა და საშუალებით, შესაბამისად, არ არსებობს ზიანის განმაპირობებელი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის გამოც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამავე დასაბუთებით უსაფუძვლოა მოთოვნა შემსყიდველისთვის საგარანტიო თანხის 0.1%-ის ყოველდღიურად დაკისრებაზე, ვინაიდან ხსენებული მოთხოვნა გამომდინარეობს არა 13.07.2018 წლის ხელშეკრულებიდან, არამედ ზიანის ინსტიტუტიდან.
23.1. რაც შეეხება გარანტიის სახით გამოთხოვილი თანხის, როგორც უსაფუძვლოდ მიღებულის, ბენეფიციარისგან დაბრუნების მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით _ არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ. №ას-562-871-09, 20.10.2009წ,, რომელშიც განმარტებულია საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს). საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, ემსახურება საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდ ბრუნვას, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ. სუსგ. №ას-1038-999-2016, 01.02.2017წ.).
23.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885.1 მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.
23.3. განსახილველ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის წინაშე წარდგენილი იქნა უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (ტ.1, ს.ფ. 54) რომელიც ითვალისწინებდა ვალდებულების დარღვევაზე ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე 5 (ხუთი) სამუშაო დღეში საგარანტიო თანხის გადახდას. უპირობო გარანტიას არსებობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარს არ ეკისრება ვალდებულების შეუსრულებლობის დოკუმენტური მტკიცება, ხოლო გარანტს არ აქვს უფლება, ბენეფიციარს მოსთხოვოს რაიმე დამატებითი დოკუმენტი გარდა თავად წერილობითი მოთხოვნისა, რომელშიც აღიწერება, რაში გამოიხატა პრინციპალის მიერ ვალდებულების რღვევა.
23.4. საქმეში წარმოდგენილი წერილით, რომლითაც ბენეფიციარმა მოითხოვა საბანკო გარანტიის განაღდება (ტ.1, ს.ფ. 55-56), დეტალურად არის აღწერილი, რაში გამოიხატა მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა, შესაბამისად, გარანტმა მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა საგარანტიო თანხის გადახდის საფუძველი. ამასთან, საქმეში უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ გარანტმა ბენეფიციარისგან მოთხოვნის მიღებისთანავე წერილობითი კომუნიკაცია დაამყარა პრინციპალთან და სსკ 886.1 მუხლის შესაბამისად აცნობა მიღებული მოთხოვნის შინაარსი, თუმცა ამ მოთხოვნას პრინციპალი არ შეწინააღმდეგებია. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია გარანტის არაგულისხმიერებაზე.
23.5. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რამდენად არსებობდა საგარანტიო თანხის ბენეფიციარის მხრიდან გამოთხოვის საფუძველი, პალატა ყურადღებას მიაპყრობს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 10.3. პუნქტს, რომლის თანახმადაც, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის დარღვევა, ხელშეკრულების დანართი №1-ის საქონლის ტექნიკურ სპეციფიკასთან შეუსაბამო საქონლის მიწოდება, ასევე საქონლის ტრანსპორტირების პირობების დარღვევა, საქონლის ეტიკეტირების წესების დარღვევა, განსხვავებული ბრენდების ტარების გამოყენება, ხელშეკრულების 11.4.1. მუხლის დარღვევა და მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სხვაგვარად დარღვევა) შემსყიდველს წარმოუშობდა უფლებას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიემართა გარანტიის გამცემი ორგანოსათვის (გარანტისათვის) და მოეთხოვა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
23.6. საკასაციო პალატის კვლევის საგანია, თუ რა ვალდებულების შესრულებას მიემართებოდა მიღებული საბანკო გარანტია. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 11.7 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისთვის ან ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რისთვისაც შემსყიდველი უფლებამოსილია გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტია...
23.7. ამრიგად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისთვის ან ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის მხარეთა შორის არსებული წერილობითი ხელშეკრულება შეიცავდა პირგასამტეხლოზე შეთანხმებას სწორედ გაცემული საბანკო გარანტიის ოდენობით.
23.8. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
23.9. მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს მოსარჩელის მიერ გაყინული ღორის ხორცის ორივე პარტიის მიწოდების ვადების რღვევა, შესაბამისად, შემსყიდველს წარმოეშვა 11.7. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რომლის დასაკმაყოფილებაც კრედიტორს შეეძლო საბანკო გარანტიის ძალითაც.
23.10. ამრიგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საბანკო გარატიის არამართლზომიერად განაღდების არგუმენტს წინამდებარე საქმეში წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია.
24.1. საკასაციო პალატა იმასაც შენიშნავს, რომ თუნდაც დადგინდეს საგარანტიო თანხის სამართლებრივი საფუძვლის გამოთხოვის ფაქტი, პრინციპალს ბენეფიციარისგან მიღებული გარანტიის უსაფუძვლო გამდიდრების წესებით გამოთხოვის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, თუკი უტყუარად დადასტურდება, რომ სსკ 890.1 მუხლის შესაბამისად პრინციპალს გარანტის წინაშე რეგრესის წესით უკვე გადახდილი აქვს თანხა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, ესე იგი, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მოპასუხის ქონება გაიზარდა მოსარჩელის ქონების შემცირების ხარჯზე და ამგვარ გადანაცვლებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. ვიდრე რეგრესული მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, ბენეფიციარი არ ითვლება მოსარჩელის ქონების შემცირების ხარჯზე გამდიდრებულად, შესაბამისად, კონდიქციური მოთხოვნა უპერსპექტივოა და ამ მოცემულობაში მოსარჩელეს შეუძლია, რეგრესული მოთხოვნისგან თავი დაიცვას სსკ 890.2 მუხლით.
24.2. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ რეგრესული მოთხოვნა ნებაყოფილობით შესრულებული არ არის, სწორედ ამიტომ არის გაცემული გარანტის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცელი, რომლის გაუქმებასაც წინამდებარე სარჩელით ითხოვს კასატორი. ამრიგად, საგარანტიო თანხის მოსარჩელისთვის დაბრუნებაზე სასარჩელო მოთხოვნა საკასაციო პალატას ამ თავლსაზრისითაც უსაფუძვლოდ მიაჩია.
25.1. რაც შეეხება სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნას, პალატა ყურადღებას მიაპყრობს გარანტსა და პრინციპალს (კასატორს) შორის 2018 წლის 11 ივლისს დადებული საბანკო გარატიის №FG/18 016964 ხელშეკრულების 3.3.3. პუნქტს, რომლის თანახმადაც, პრინციპალი ვალდებულია, დააკმაყოფილოს გარანტის რეგრესული მოთხოვნა იმ თანხაზე, რომელიც გარანტის მიერ აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიის საფუძველზე, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგრესულ მოთხოვნას დაემატება 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.2, ს.ფ. 73-74). ამ ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ე.მ.“-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 11.07.2018 წელს დადებულია იპოთეკის ხელშეკრულება გარანტსა და მესამე პირს შორის, რომლის ძალითაც მესამე პირის ქონება დატვირთულია იპოთეკით (ტ.2, ს.ფ. 152-163); იპოთეკის ხელშეკრულების 8.2.1. პუნქტის თანახმად, მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესაძლებლობაზე.
25.2. დადგენილია, რომ პრინციპალს, საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ერთკვირიან ვადაში, ნებაყოფლობით არ შეუსრულებია გარანტის წინაშე ნაკისრი რეგრესული მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულება იმ თანხაზე, რომელიც გარანტის მიერ აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიის საფუძველზე, რამაც გარანტს უფლება მისცა, როგორც გარანტიის სახით ბენეფიციარისთვის გადახდილი 68495 ლარის, ისე მისი დაყოვნებისთვის ყოველდღიურად გადასახდელი 0.1%-ის მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
25.3. ამრიგად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნაც.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით, საიდანაც კასატორს, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, უნდა დაუბრუნდეს 70%, რაც შეადგენს 5600 ლარს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ე.მ.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „ე.მ.“-ს (ს/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის (საგადახდო დავალება №16290287630, გადახდის თარიღი: 06.03.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი