Facebook Twitter

ბს-1111-1063(კ-07) 9 ივლისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. მ-ი

თანამოპასუხე _ სოციალური სუბსიდიების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.07წ. განჩინება

დავის საგანი _ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება, სასამართლო გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

24.11.04წ. გ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს საჩხერის გამგეობის წინააღმდეგ და შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის ვნების მიყენების საფუძვლით მოითხოვა ერთდროულად 9 056 ლარის, ხოლო 2004 წლიდან ყოველთვიურად 48 ლარის და მომვლელის შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, 1975 წლიდან მუშაობდა ონის რაიონის ჩოდრის ბარიტის მაღაროთა სამმართველოში მიწისქვეშა სამუშაოებზე. 1978 წ. მიიღო საწარმოო ტრავმა და განესაზღვრა მე-3 ხარისხის ინვალიდობა. 18.05.91წ. ჩატარებული საექიმო-საექსპერტო კომისიის მიერ დაუდგინდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობა და განესაზღვრა შრომისუნარიანობის დაკარგვა 80%-ით უვადოდ. 1993 წლიდან აღარ მიუღია ზიანის ანაზღაურების მიზნით დანიშნული ყოველთვიური სარჩო. სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 09.92.99წ. ¹48 ბრძანებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი”.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 30.12.04წ. განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილებით გ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 3668 ლარის გადახდა, ხოლო 2004 წლის 1 დეკემბრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე, ყოველთვიურად 42 ლარის გადახდა. სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ხელფასის ცვლილებების შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო მისი გადაანგარიშება. სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

10.04.07წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და საჩხერის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც სამინისტროს ევალებოდა მოსარჩელისათვის 2007 წლის 1 მარტიდან სარჩოს გადახდა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საჩხერის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ. ¹48 ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც გაუქმებულ იქნა 06.02.07წ. ¹93 ბრძანებულებით, რაც, განმცხადებლის მოსაზრებით, სსკ-ის 423-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 15.05.07წ. განჩინებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. ¹3/3 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ევალებოდა გ. მ-ის ყოველთვიური სარჩოს გადახდა 2007 წლის 1 მარტიდან.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 21.05.07წ. განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 04.06.07წ. გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ვადის 2007 წლის 1 მარტის შემდეგ გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს 2007 წლის 1 მარტამდე აუნაზღაურდა დარჩენილი მისაღები სარჩო, ხოლო 2007 წლის 1 მარტის შემდეგ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან განესაზღვრა ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა დანიშნული ზიანის ანაზღაურების სარჩოს ექვსი თვის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 04.06.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.07წ. განჩინებით სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 04.06.07წ. გადაწყვეტილება, საჩხერის რაიონული სასამართლოს 15.05.07წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ითხოვდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც სამინისტროს ევალებოდა გადაეხადა მოსარჩელისათვის სარჩო 2007 წლის 1 მარტიდან, რასაც მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა. საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სწორედ ამგვარი სახით წარდგენილი განცხადება სცნო დასაშვებად, რაც, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. სააპელაციო პალატის აზრით, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარემოებას. “სხვა ორგანოს დადგენილება” არ გულისხმობდა ნორმატიულ აქტებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 15.05.07წ. განჩინება საქმის წარმოების განახლების შესახებ სსკ-ის 377.3 მუხლის საფუძველზე, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინება, შესაძლებელი იყო გაუქმებულიყო სააპელაციო სასამართლოს მიერ, მიუხედავად იმისა, რომ მხარეების მიერ აღნიშნული განჩინება გასაჩივრებული არ ყოფილა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 15.05.07წ. განჩინებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ევალებოდა გ. მ-ის გადაეხადა ყოველთვიური სარჩო 2007 წლის 1 მარტიდან. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ სასამართლოს უნდა განეხილა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია. პირველი ინსტანციის სასამართლომ ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა განსაზღვრა 26.01.05წ. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნული სარჩოს ოდენობით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა მსჯელობას ყოველთვიური სარჩოს ოდენობაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ საკომპენსაციო თანხის ოდენობა განსაზღვრა იმ გადაწყვეტილებით გაანგარიშებული ყოველთვიური სარჩოს ოდენობაზე დაყრდნობით, რომელიც მის მიერვე გაუქმებულ იქნა 15.05.07წ. განჩინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, გ. მ-ს უნდა მიეღო სარჩო 2004 წლის 1 დეკემბრიდან მდგომარეობის შეცვლამდე, რაც გულისხმობდა სარჩოს მიღებას ასევე 2007 წლის 1 მარტის შემდეგაც. კასატორის აზრით, 26.01.05წ. გადაწყვეტილება 2007 წლის 1 მარტიდან სარჩოს ანაზღაურების დათქმას შეიცავდა. სამინისტროს განცხადება შეესაბამებოდა სსკ-ის 427-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას. კასატორის აზრით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მისი განცხადება აკმაყოფილებდა სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნას. მითითებულ ნორმაში, კასატორის აზრით, იგულისხმება საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს ერთპიროვნულად არ უნდა განეხილა მოცემული საქმე. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სოციალური დაცვის საკითხს და წარმოადგენს სკ-ის გათვალისწინებულ დელიქტურ ვალდებულებას. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გააუქმა საჩხერის რაიონული სასამართლოს 15.05.07წ. განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.12.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული და მხარეებს უფლება მიეცათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოედგინათ საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.06.08წ. განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერენა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და საჩხერის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც სამინისტროს ევალებოდა მოსარჩელისათვის 2007 წლის 1 მარტიდან სარჩოს გადახდა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საჩხერის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ. ¹48 ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც გაუქმებულ იქნა 06.02.07წ. ¹93 ბრძანებულებით, რაც, განმცხადებლის მოსაზრებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 423-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების სსკ-ის 423-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული საპროცესო ნორმა “სხვა ორგანოს დადგენილებებში” არ გულისხმობს ნორმატიულ აქტს, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, შეეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და ადგენს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ისევე როგორც კანონი არ შეიძლება იქცეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განახლების საფუძვლად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნება და ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება შესაძლოა იქცეს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად.

ამასთანავე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი სოციალური სუბსიდიების სააგენტო სადავოდ არ ხდიდა საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩხერის რაიონული სასამართლოს 15.05.07წ. განჩინებას და სააპელაციო განაცხადი საქმის წარმოებასთან დაკავშირებით სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუსაჩივრებია საჩხერის რაიონული სასამართლოს 04.06.07წ. გადაწყვეტილება (უფრო მეტიც, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. მ-მა მხარი დაუჭირა განმცხადებლის მოთხოვნას (იხ.ტ.1, გვ.57,58)). სსკ-ის 248-ე, 377-ე მუხლების თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ ქმნიდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 15.05.07წ. განჩინების გაუქმების საფუძველს, ხსეენბული ნორმა ითვალისწინებს იმ განჩინების გაუქმების შესაძლებლობას, რომელიც ცალკე, გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად, კერძო საჩივრის შეტანის მეშვეობით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამასთანავე, ცხადია, რომ სსკ-ის 377.3 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინების გაუქმება დასაშვებია შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში მოსაზრებათა ჩამოყალიბებით და გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად წინმსწრები განჩინების გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს სადავოდ არ გაუხდია საჩხერის რაიონული სასამართლოს 15.05.07წ. განჩინება, აპელანტი სადაოდ ხდიდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, აპელანტს არ უთხოვია საქმის წარმოების განახლების განჩინების გაუქმება. მითითებული განჩინების გაუქმებით მოხდა სააპელაციო საჩივრის მხარისათვის საუარესოდ შებრუნება, რითაც სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის არასწორ განმარტებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.07წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა გადაეცეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.07წ. განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.