15 ნოემბერი 2023 წელი
საქმე №ას-1046-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფი შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
მოწინააღმდეგე მხარე _ ი.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი.მ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმართ, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2022 წლის 14 იანვრის №11 ბრძანების ბათილად ცნობის, პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან ორი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით კომპენსაციის - 10560 ლარის გადახდის დაკისრების, 2022 წლის 15 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 440 ლარის ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე დასაქმებულის გათავისუფლებისათვის ერთი თვის შრომითი ანაზღაურების 440 ლარის გადახდის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნებით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე 1986 წლიდან დასაქმებული იყო ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფში (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში) სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების გიდი-პედაგოგის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 440 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე. მოსარჩელეს უწყვეტი 36 წლიანი შრომითი ურთიერთობა აკავშირებს მოპასუხესთან, რის გამოც მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.
2.2. 2022 წლის იანვრის თვეში მოსარჩელემ ფოსტის მეშვეობით მიიღო ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის ბრძანება №11, რომლითაც შეიტყო დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ. დამსაქმებელმა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ასევე, გათავისუფლების შესახებ ბრძანების დასაბუთებაში მითითებულია, რომ 2019 წლის შემდეგ ხელოვნების მუზეუმში დახურულია ექსპოზიციები და მუზეუმი დაკეტილია დამთვალიერებლებისათვის, შემცირდა სამუშაო ძალის საჭიროება და გიდი-პედაგოგის თანამდებობა 13-დან შემცირდა 3-მდე და, ამასთან, კომისიის მიერ მოსარჩელე ი.მ–ძე შეფასდა უარყოფითად.
2.3. მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა არამართლზომიერად შეუწყვიტა შრომითი ურთიერთობა. ამასთან, მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა 2022 წლის 15 იანვრიდან, რის გამოც მას უნდა ჩარიცხვოდა კომპენსაცია ერთი თვის ხელფასის ოდენობით, თუმცა ბრძანება გამოცემულია 2022 წლის 14 იანვარს და მოსარჩელეს ბრძანება ჩაბარდა კიდევ უფრო გვიან, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დამსაქმებლმა სამსახურიდან გათავისუფლება დასაქმებულს შეატყობინა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რადგანაც არ არის დაცული დასაქმებულის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების შეტყობინების არც 30 დღიანი და არც 3 დღიანი ვადა.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია. მოპასუხე მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის საჭიროება გამოიწვია კანონში ცვლილებების შეტანამ, რასაც ბუნებრივად მოჰყვა ორგანიზაციული ცვლილებები. აღნიშნულმა ცვლილებებმა გავლენა მოახდინა მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სტრუქტურაზე და, შესაბამისად, დადგა სამუშაო ძალის ოპტიმიზაციისა და ახლებურად განაწილების საჭიროება. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე, დირექტორატმა დაამტკიცა ახალი საშტატო განრიგი, რომლითაც მუზეუმთა ჯგუფის 175 საშტატო ერთეული შემცირდა 146-მდე. შემცირდა თანამდებობების დასახელებები, რამაც უფრო მოქნილი გახადა მუზეუმთა ჯგუფის შიდა სტრუქტურა. გაუქმდა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობა და სამუზეუმო ფონდებში არსებული 9 საფეხუროვანი თანამდებობრივი სისტემის ნაცვლად დამტკიცდა მოქნილი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული 4 საფეხუროვანი პოზიციები. მუზეუმის ფუნქციური განახლებისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა შიდა სტრუქტურის გამარტივება/განახლება, რადგან ორგანიზაციის ფონდებში მანამდე არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა მართვის ეფექტიანობას, არ იყო მკაცრად განსაზღვრული შიდა სუბორდინაცია, კერძოდ, იყო ფუნქციების დუბლირების შემთხვევები, ზოგიერთი მენეჯერული პოზიცია არსებობდა შესაბამისი დაქვემდებარებული თანამშრომლების/პოზიციის გარეშე. აღნიშნული სისტემის მოქნილობისა და გამართულობისთვის მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ფონდების გაერთიანება, 4 საფეხუროვანი პოზიციების შემოღება, სამუშაო აღწერილობების თავიდან ჩამოყალიბება, რამაც, თავის მხრივ, ნათელი გახადა, რომ ორგანიზაციაში არსებობდა არაფუნქციური შტატები და აუცილებელი იყო მათი შემცირება. მოსარჩელის შტატი იყო სრულად არაფუნქციური, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს წარმოდგენილი სარჩელით, რომ იგი 2019 წლიდან არ ცხადდებოდა სამსახურში და არ ახორციელებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამასთან, ხელოვნების მუზეუმში დაიხურა არაერთი ექსპოზიცია. აღნიშნულმა გარემოებებმა თავისთავად გამოიწვია, მათ შორის, სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების გიდი-პედაგოგის თანამდებობის შტატების შემცირება 13-დან შემცირდა 3-მდე.
3.2. რეორგანიზაციის ჩატარების მიზნით, მუზეუმთა ჯგუფის 2021 წლის 20 დეკემბრის №389 ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც შერჩევას დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან მათი კომპეტენციისა და უნარების განსაზღვრის მიზნით უნდა ჩაეტარებინა გასაუბრება. შეფასება უნდა მოხდარიყო 5 ქულიანი სისტემით. 2021 წლის 27 დეკემბერს სხვა დასაქმებულებთან ერთად განხორციელდა მოსარჩელის შეფასება, რომლის პროცესშიც გამოიკვეთა, რომ მოსარჩელის უნარები იყო არადამაკმაყოფილებელი მის მიერ დაკავებული პოზიციისთვის, რამაც განაპირობა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
4.1. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის (შ.ა–ის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის) 2022 წლის 14 იანვრის №11 ბრძანება მოსარჩელე ი.მ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
4.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 2000 ლარის ოდენობით;
4.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 15 თებერვლიდან ყოველთვიურად, 440 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე), გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4.4. დანარჩენ ნაწილში ი.მ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოსარჩელე ი.მ–ძე 1986 წლიდან დასაქმებული იყო ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფში (შ.ა–ის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში) სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების გიდი-პედაგოგის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 440 ლარს. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.
7.2. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის №05/01 ბრძანებით მუზეუმებში განხორციელდა ახალი ორგანიზაციული მოწყობა, რამაც განაპირობა საკადრო ცვლილებები და ახალი საშტატო განრიგის ჩამოყალიბება.
7.3. 2021 წლის 06 დეკემბერს მოპასუხემ გამოსცა №369 ბრძანება ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის შ.ა–ის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, დ.შ–ძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ. აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, შეიქმნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის ორგანიზაციულ ცვლილებებზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფი.
7.4. მოპასუხემ მოსარჩელე ი.მ–ძე წერილობით გააფრთხილა 08.12.2021 წლიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ა“ პუნქტის და 48-ე მუხლის შესაბამისად ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა შტატით დასაქმებული პირის გათავისუფლება/გადაადგილება.
7.5. მოპასუხის 2021 წლის 20 დეკემბრის №389 ბრძანებით ორგანიზაციული ცვლილებების პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენასა და შერჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიქმნა კომისია.
7.6. თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილი კომისიის 2021 წლის 20 დეკემბრის ოქმი №1-ის თანახმად, კომისიამ დაადგინა, რომ გასაუბრებები დაწყებულიყო 2021 წლის 23 დეკემბერს და დასრულებულიყო არაუგვიანეს 2021 წლის 30 დეკემბრისა. კანდიდატის შეფასება უნდა განხორციელებულიყო ხუთქულიანი სისტემით, ხოლო კანდიდატის შეფასებისათვის აუცილებელ პირობად დადგინდა გასაუბრებაზე გამოცხადება.
7.7. 2021 წლის 27 დეკემბერს სხვა დასაქმებულებთან ერთად კომისიამ შეაფასა ი.მ–ძეც. გასაუბრების ოქმის შინაარსის თანახმად, შეფასების პროცესში კომისიამ იხელმძღვანელა და გაითვალისწინა კანდიდატის კომპეტენცია, სამუშაო გამოცდილება, სამომავლო სამუშაო გეგმები. ყურადღება გამახვილდა კანდიდატის ისეთ პიროვნულ თვისებებზე, როგორიცაა პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, დროის მართვის უნარები. გასაუბრების შედეგად, კომისიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ი.მ–ძე შეფასდა უარყოფითად. კერძოდ, შეფასებაში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს აქვს არადამაკმაყოფილებელი გადმოცემის უნარი, გასაუბრებაზე ვერ წარმოაჩინა თავისი საქმიანობა, არ გააჩნია საქმიანობისთვის საჭირო უნარები და 5 ქულიან სისტემაში საბოლოო საშუალო ქულად დაუდგინდა 2.23 ქულა.
7.8. მოპასუხის 2022 წლის 14 იანვრის №11 ბრძანებით ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების გიდი-პედაგოგი მოსარჩელე ი.მ–ძე საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის 15 იანვრიდან. ბრძანების შესაბამისად, საფინანსო სამსახურს დაევალა უზრუნველეყო მოსარჩელისათვის კომპენსაციის გაცემა თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ოდენობით. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მოსარჩელისათვის მისი კვალიფიკაციის შესაბამისი სხვა რომელიმე პოზიცია მოპასუხეს არ შეუთავაზებია.
7.9. რეორგანიზაციამდე მოპასუხე დაწესებულებაში მოსარჩელის მიერ დაკავებული გიდი-პედაგოგის თანამდებობა განსაზღვრული იყო 13 საშტატო ერთეულით, რომელიც ახალი საშტატო განრიგით შემცირდა 3 საშტატო ერთეულამდე. სამივე საშტატო ერთეულიდან ვაკანტური არცერთი არ არის. პირვანდელი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა მოსარჩელეს არ მიუთითებია.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი შეფასება:
8.1. პალატის შეფასებით, წინამდებარე დავაში შესაფასებელ საკითხებს წარმოადგენდა მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება, სახელდობრ, რეორგანიზაციის (შტატების შემცირების) მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობებიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას.
8.2. პალატამ განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მართებულობის დასასაბუთებლად მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროება, რომელმაც აუცილებელი გახადა სამუშაო ძალის შემცირება და მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, განხილვის და შეფასების საგანს წარმოადგენდა ის, ორგანიზაციულ ცვლილებებს აუცილებლად მოჰყვებოდა თუ არა მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის შემცირება და დამსაქმებელმა შესთავაზა თუ არა მოსარჩელეს რეორგანიზაციის დროს დასაქმებულის კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით არსებული ყველა ვაკანსია, რათა თავიდან აეცილებინა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
8.3. პალატამ მიუთითა, რომ ორგანიზაციული ცვლილებები მოპასუხე დაწესებულებაში გამოიწვია ჯერ სამინისტროს გაყოფამ ორ სამინისტროდ, ხოლო შემდეგ მუზეუმების გაერთიანებამ. აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდა შტატების შემცირება, კერძოდ, საშტატო განრიგით მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა განსაზღვრული იყო 13 შტატით, რომელიც რეორგანიზაციის შედეგად ფორმირებული ახალი საშტატო განრიგით შემცირდა 3 საშტატო ერთეულამდე. პალატამ შენიშნა, რომ მუზეუმთა ჯგუფში განხორციელებულ რეორგანიზაციას სახელფასო ფონდის შემცირება არ მოჰყოლია, ვინაიდან დარჩენილ პოზიციებზე მოხდა არსებული სახელფასო ფონდის გადანაწილება და შრომის ანაზღაურების ზრდა.
8.4. პალატის განსჯით, რეორგანიზაცია, რამდენადაც მის ჩატარებაზე მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, მიიჩნეოდა მართლზომიერად და საჭიროებისამებრ ჩატარებულად, თუმცა კანონიერი რეორგანიზაცია ყოველთვის არ წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ლეგიტიმურ საფუძველს. რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ განმაპირობებელ კანონისმიერ საფუძვლად შტატების შემცირება შეიძლება იქნეს მიჩნეული. გარდა შტატების შემცირებისა, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად შეიძლება დასახელდეს ფუნქციების მატება და შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრების უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია.
8.5. მოსარჩელე წლების განმავლობაში დასაქმებული იყო მოპასუხესთან, შრომითი ურთიერთობის მიმდინარეობისას მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიება არ გამოყენებულა. უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა გასაუბრებაზე მისი უარყოფითი შეფასების შედეგად, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის ჩატარების დროს არ არსებობდა წინასწარ დადგენილი კონკრეტული, ნათელი, სამართლიანი და მკაფიო პროცედურები და კრიტერიუმები იმ პირებთან მიმართებით, ვისაც შეეხებოდა რეორგანიზაცია მათი გადარჩევის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხემ წინასწარ იცოდა, რომ გიდი-პედაგოგის პოზიციაზე 13 თანამშრომლიდან უნდა შეერჩია 3 თანამშრომელი, ხოლო 10 თანამშრომელთან უნდა შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, მას წინასწარ უნდა განესაზღვრა ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, 3 თანამშრომელს რა კრიტერიუმებით შეაფასებდა, ხოლო 10 გასათავისუფლებელ თანამშრომელს რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოარჩევდა დატოვებული 3 მუშაკისაგან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომლის მიერაც წინასწარ განისაზღვრა შეფასების კრიტერიუმები, თუმცა თითოეული კრიტერიუმისათვის კანდიდატი ცალ- ცალკე ქულებით არ შეუფასებია. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა შეფასების კრიტერიუმებად დასახელებული კომპეტენცია, სამუშაო გამოცდილება, სამომავლო სამუშაო გეგმები, პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, დროის მართვის უნარები პალატამ მიიჩნია ბუნდოვან კრიტერიუმებად, რომლებიც იძლევა მათი ფართო და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც ვერ აღწევს დამსაქმებლის მიერ დაწესებული ნორმის განჭვრეტადობის სავალდებულო ხარისხს.
8.6. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია წერილობითი მტკიცებულება, ერთგვაროვანი შეკითხვები დაუსვა თუ არა კონკურსში მონაწილე თანამშრომელს, ასევე, მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით რომელი დასაქმებული რამდენი ქულით შეფასდა, ცალ-ცალკე კრიტერიუმებით და ჯამურად, ასევე რამ განაპირობა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარდაუვალობა. გარდა ამისა, არასარწმუნოდ ჩაითვალა კომისიის მიერ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული შეფასება მასზედ, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა დაკავებული თანამდებობისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ვინაიდან მოსარჩელე წლების განმავლობაში მუშაობდა მუზეუმში ისე, რომ არასდროს მის მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა.
8.7. პალატამ შენიშნა, რომ მოპასუხე ისე დაეყრდნო კომისიის დაუსაბუთებელ შეფასებას, რომ მოსარჩელისთვის ალტერნატიული თანამდებობა არ შეუთავაზებია, რაც მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების სუბიექტურობის ინდიკატორად იქნა მიჩნეული.
8.8. დასკვნის სახით, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებული რეორგანიზაციის საჭიროება არსებობდა, თუმცა მოპასუხის მიერ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა რეორგანიზაციის საფუძვლით იყო დაუსაბუთებელი და არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
10.1. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ რეორგანიზაციის ჩატარების დროს არ არსებობდა წინასწარ დადგენილი კონკრეტული, ნათელი, სამართლიანი და მკაფიო პროცედურები და კრიტერიუმები იმ პირებთან მიმართებით, ვისაც შეეხებოდა რეორგანიზაცია. მუზეუმთა ჯგუფის დირექტორის 2021 წლის 20 დეკემბრის №389 ბრძანებით ნათლად ჩამოთვლილია კომისიის მიერ დასაქმებულების შეფასების მიზნით გასათვალისწინებელი კრიტერიუმები: კომპეტენცია, სამუშაო გამოცდილება, სამომავლო გეგმები და სხვა ობიექტური გარემოებები; დასახელებული კრიტერიუმების გათვალისწინებით შემუშავდა შეფასების 5 ქულიანი სისტემა, განისაზღვრა გასაუბრების ჩატარების პერიოდი, რეორგანიზაციის შესაძლო შედეგებზე გაფრთხილდნენ მოქმედი თანამშრომლები. შესაბამისად, პროცედურა და კრიტერიუმები იყო ნათელი, განსაზღვრული და სამართლიანი და აკმაყოფილებდა კონკურსში მონაწილე პირების ობიექტური შეფასების სტანდარტებს.
10.2. სააპელაციო პალატამ კონკურსანტების შეფასების პროცესის ნაკლად მიიჩნია ის გარემოება, რომ კომისიის წევრებს კანდიდატები არ შეუფასებიათ თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით, არამედ საშუალო ქულით შეაფასეს თითოეული. საქმეში წარმოდგენილია საშუალო შეფასების ჯამური ცხრილი, საიდანაც ჩანს 27 დეკემბრის გასაუბრებაში მონაწილე თოთოეული პირის შეფასების ჯამური ქულა, მათ შორის, იდენტიფიცირებადია იმ სამი პირის ქულა, რომელიც გიდი-პედაგოგის პოზიციაზე ყველაზე მაღალი ქულით შეფასდნენ. წარმოდგენილი მასალებიდან ჩანს ისიც, რომ შერჩეულ პირებს აქვთ სხვადასხვა უცხო ენაზე ექსკურსიის ჩატარების შესაძლებლობა. ჯამური ქულის მითითება არ ნიშნავს იმას, რომ დადგენილი კრიტერიუმებიდან რომელიმე შეუფასებელი დარჩა.
10.3. სასამართლომ სადავო გადაწყვეტილების უკანონობის ინდიკატორად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება კონკურსში მონაწილე პირებისთვის ერთგვაროვანი შეკითხვების დასმის შესახებ, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ინდივიდუალური შეფასების ფორმა იძლევა საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გასაუბრებაზე მოწვეულ პირებს შეკითხვები დაესვათ მათი სამუშაო გამოცდილებისა და კომპეტენციის დადგენის მიზნით, რაც ამ შეკითხვების ერთგვაროვნებას ადასტურებს. ამასთან, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მას სხვა, იმავე პოზიციაზე მყოფ, პირებთან შედარებით განსხვავებული კითხვები დაევა.
10.4. საქმეში წარმოდგენილია საშტატო მონაცემები, საიდანაც ნათელია, რომ გიდი-პედაგოგის შესაბამისი ან მსგავსი პოზიცია მუზეუმში არ არის, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელისთვის სხვა პოზიციის დაკავების შეთავაზების აუცილებლობის შესახებ. შტატი კი, რომელზედაც მოსარჩელე რეორგანიზაციამდე საქმიანობდა, არაფუნქციური იყო, რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ 2019 წლიდან მოსარჩელე არ ცხადდებოდა სამსახურში და არ ახორციელებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამდენად, შტატის შენარჩუნების საჭიროება დამსაქმებელს არ გააჩნდა.
10.5. სასამართლოს მოსაზრება, რომ წლების განმავლობაში დისციპლინური სახდელის შეუფარდებლობის ფაქტი მეტყველებს მოსარჩელის პროფესიონალიზმზე, უსაფუძვლოა, რადგან სახდელის დაკისრება პროფესიული ნაკლის აღმოფხვრის საშუალებას არ წარმოადგენს. რეორგანიზაციის პროცესში პოზიციების შემცირების გამო კონკურსის მონაწილეთა შორის გაიზარდა კონკურენცია, რა დროსა სხვა სამმა კანდიდატმა მოსარჩელესთან შედარებით უფრო კარგი შეფასება მიიღო, შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის არარსებობაზე აპელირება პროფესიონალიზმის საზომად ვერ გამოდგება. კონკურსის მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ მოსარჩელეს არ აქვს მისი პოზიციისთვის აუცილებელი გადმოცემის უნარი. ერთგვაროვან კითხვებზე გაცემული პასუხებისა და პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების შესაბამისად, ი.მ–ძის კანდიდატურა შეფასდა უარყოფითად, რაც სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15.1. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ რეორგანიზაცია დასაქმებულთა სამსახურიდან განთავისუფლების თავისთავადი საფუძველი არ არის, არამედ, საჭიროა, ცვლილებები წარმოშობდეს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-224-224-2018. 18.05.2018წ.).
15.2. ამრიგად, როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (იხ. სუსგ. №ას-1334-2021, 02.03.2022წ.).
15.3. ამასთან, თითოეული საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც შრომითსამართლებრივი ნორმების უპირატესად დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით განმარტებას გულისხმობს (იხ. სუსგ. №ას-891-2015, 29.01.2016წ.).
15.4. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა რეორგანიზაციის საფუძვლით თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერება. პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს არა გამოცხადებული რეორგანიზაციის ჩატარების საფუძვლიანობა, არამედ მისი უარყოფითი შედეგების დაყვანის კანონიერება უშუალოდ მოსარჩელე დასაქმებულამდე. ამრიგად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფში (შ.ა–ის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის №05/01 ბრძანების ძალით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რამდენადაც არსებითად შეიცვალა მუზეუმთა ჯგუფის სტრუქტურა და მისი მოწყობის წესი, დღის წესრიგში ობიექტურად დააყენა რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობა.
15.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა 2021 წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა ახალი საშტატო განრიგი 2022 წლისათვის, რომლის ძალითაც, მუზეუმთა ჯგუფში არსებული საშტატო 175 თანამდებობა შემცირდა 146 ერთეულამდე (ტ.1, ს.ფ. 70; 83-84). ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის 2021 წლის 06 დეკემბრის №369 ბრძანებით მუზეუმთა ჯგუფში გამოცხადდა რეორგანიზაცია; თანამშრომლები (მათ შორის, მოსარჩელე ი.მ–ძე) გაფრთხილებულნი იქნენ რეორგანიზაციის გამო შტატების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება/გადაადგილების შესახებ, ხოლო მუზეუმთა ჯგუფში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასაქმებული თანამშრომლების კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორის 2021 წლის №389 ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც, თავის მხრივ, თანამშრომელთა შეფასების ინსტრუმენტად შეარჩია გასაუბრება, ხოლო შეფასების კრიტერიუმებად განსაზღვრა კანდიდატის კომპეტენცია, სამუშაო გამოცდილება, სამომავლო გეგმები და ობიექტური გარემოებების ფარგლებში კანდიდატთა პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, დროის მართვის უნარი და ა.შ. შეფასების მეთოდად შეირჩა 5 ქულიანი სისტემა, საიდანაც 1 ქულა ნიშნავდა მიუღებელს ან ზედმეტად კვალიფიციურს; 2 ქულა - საშუალოზე დაბალს; 3 ქულა - კომპეტენტურს; 4 ქულა - კარგს; 5 ქულა - ძალიან კარგს. შემფასებლებს მიეცათ შესაფასებლის ათწილადებში გამოსახული ქულებით შეფასების შესაძლებლობაც.
15.6. კომისიის 2021 წლის 27 დეკემბრის №4 ოქმის თანახმად, კომისია გაესაუბრა 37 დასაქმებულს; გასაუბრების მსვლელობისას, კომისიის წევრების მიერ, ზემოაღნიშნული პირებისთვის დაისვა ერთგვაროვანი კითხვები. მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე თოთოეული პირი. გასაუბრებაში მონაწილე პირთაგან დადებითად (3 ქულაზე მეტი) შეფასდა 29 დასაქმებული, ხოლო უარყოფითად - 8. უარყოფითად შეფასებულებს შორის არის მოსარჩელე ი.მ–ძეც, მუზეუმთა ჯგუფის სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების გიდი-პედაგოგი. სხდომის ოქმს დაერთვის კომისიის წევრების მიერ შედგენილი შეფასების ცხრილები, რომლითაც ი.მ–ძის შეფასება მერყეობს 2.0-დან 2.5 ქულამდე.
15.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულებთან ჩატარდა გასაუბრება და ამ გასაუბრების შედეგზე იყო დამოკიდებული შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება, დამსაქმებელს უნდა უზრუნველეყო გასაუბრების იმგვარი ოქმის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა შეამოწმა. განსახილველ შემთხვევაში კი, გასაუბრების ოქმი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. საკასაციო პალატა კრიტიკულად შეაფასებს 2021 წლის 27 დეკემბრით დათარიღებულ №4 ოქმს, რომლიდანაც არ ირკვევა, რა ტიპის შეკითხვები მიეცა მოსარჩელე ი.მ–ძეს, შეესაბამებოდა თუ არა შეკითხვების შინაარსი გასაუბრების მიზანს და ემსახურებოდა თუ არა მათზე პასუხების მიღება შეფასების კრიტერიუმებთან ურთიერთკავშირში დასაქმებულის კომპეტენციისა და უნარების წარმოჩენას, რა პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებზე მოსარჩელე დასაქმებულმა. ოქმში განხორციელებული მითითება, რომ დასმული შეკითხვები იყო ერთგვაროვანი, მხოლოდ დამსაქმებლის სუბიექტური აღქმაა და არა ობიექტური მოცემულობა, რადგან კითხვების ერთგვაროვნება და დასაქმებულის შეფასების კრიტერიუმებთან მათი შესაბამისობა სასამართლოს შეფასების საგანია, რაც არაინფორმატიული გასაუბრების ოქმის პირობებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
15.8. სასამართლო კრიტიკულად შეაფასებს დამსაქმებლის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილ შეფასების ცხრილებსაც, რომლებიც ასახავს არა კონკრეტული კრიტერიუმის ფარგლებში მოპოვებულ ქულებზე ინფორმაციას, არამედ მარტოოდენ კანდიდატის საბოლოო შეფასებას, რომელიც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ კომისიის მიერ შეფასების მიზნით წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმები კომისიის წევრებს ინდივიდუალიზებულად მხედველობაში არც მიუთიათ, არამედ შეფასება მოარგეს კანდიდატზე შექმნილ ზოგად წარმოდგენას; აღნიშნული ვარაუდი კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება კომისიის ზოგიერთი წევრის (მაგ: ა.თ–ია, ნ.ა–ლი) მიერ შედგენილი შეფასების ფურცლების ანალიზისას, რომლებსაც შესაფასებელი პირველი ოთხი კანდიდატი ისე ჰყავთ შეფასებული ი.მ–ძეზე გაცილებით მაღალი ქულით (3 და მეტი ქულა), რომ შეფასების განსაზღვრის მიზეზების გრაფა სრულად ცარიელია (იხ. ტ.1, ს.ფ. 89; 92). ი.მ–ძის შემთხვევაში კი, კომისიის ფაქტობრივად ყველა წევრი დაბალი შეფასების მიცემის ერთადერთ მიზეზად არადამაკმაყოფილებელ გადმოცემის უნარს ასახელებს, ეს მაშინ, როცა ვერბალური კომუნიკაციის უნარი შეფასების ერთადერთ კრიტერიუმს არ წარმოადგენდა, არამედ, კომისიას მხედველობაში უნდა მიეღო რიგი ფაქტორების ერთობლიობა - კომპეტენცია, სამუშაო გამოცდილება, სამომავლო გეგმები და ობიექტური გარემოებების ფარგლებში კანდიდატთა პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, დროის მართვის უნარი და ა.შ..
15.9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ ფაქტორების პოზიტიურად დამტკიცების ტვირთი, რომელთა არსებობასაც დაეყრდნო დამსაქმებელი კონკრეტული დასაქმებულის სამსახურიდან განსათავისუფლებლად, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ზოგადი და ბუნდოვანი გასაუბრების ოქმის პირობებში, დამსაქმებლის მხარეს შენარჩუნდა იმ გარემოებათა დამტკიცების ვალდებულება, რომ გასაუბრების პროცესში მოსარჩელემ, კონკურენტებთან შედარებით, საკუთარი კომპეტენცია ვერ წარმოაჩინა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორედ მტკიცების ტვირთის ფარგლებში მიუთითა დამსაქმებელს, რომ გასაუბრების უარყოფითი შედეგების დასადასტურებლად აუცილებელი იყო უფრო ნეიტრალური მტკიცებულება, ვიდრე წერილობით შედგენილი არაინფორმატიული და შეფასებითი ხასიათის გასაუბრების ოქმი, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც (იხ. სუსგ. №ას-1165-2022, 22.03.2023წ.)
15.10. საკასაციო პალატის განსჯით, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის ამსახველი მტკიცებულებები იმდენად ფორმალურია, რომ შეუძლებელია, ობიექტურ დამკვირვებელს დარჩეს შთაბეჭდილება მოქმედი თანამშრომლების გადარჩევის პროცესის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად, სამართლიანად წარმართვის შესახებ. აღნიშნულს კი სასამართლო მიჰყავს დასკვნამდე, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული ტვირთი - ვერ უზრუნველყო უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობას.
16. ამრიგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასკვნას მოპასუხე დაწესებულებიდან ი.მ–ძის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობაზე.
17.1. სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის შედეგებს არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.
17.2. მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის პირობებში, შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტიდან გამომდინარე, არსებობდა მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა და ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა (იხ. სუსგ. №ას-1161-2018, 15.10.2020წ.). ხსენებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების პირობებში, საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას - 2000 ლარს - სამართლიან ოდენობად მიიჩნევს, რადგან უზრუნველყოფს დასაქმებულის შელახული უფლებების გონივრულ კომპენსირებას, აქვს პრევენციული ხასიათი და, ამავდროულად, დაუსაბუთებლად არ ზღუდავს დამსაქმებლის უფლებებსაც. აქედან გამომდინარე, კომპენსაციის შემცირების საფუძველი არ არსებობს.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 628 ლარის 70%, რაც შეადგენს 439.6 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფი შ.ა–ის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფი შ.ა–ის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმს (ს/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 628 ლარის (საგადახდო დავალება № 07258, გადახდის თარიღი: 01.08.2023წ) 70% – 439 ლარი და 60 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი