Facebook Twitter

16 სექტემბერი, 2025 წელი

საქმე №ა-194-შ-9-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „გ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.ს–ო“

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის №65/2024 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განჩინებით შპს „გ–ის“ შუამდგომლობა შპს „გ.ს–ოს“ მიმართ, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში.

2. შპს „გ–ის“ წარმომადგენელმა შპს „ბ.ვ.ქ–მა“, რომლის დირექტორია ვ.შ–ია, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომელსაც დაურთო ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი და მოითხოვა მისი დამტკიცება. ვ.შ–იასათვის შპს „გ–ის“ დირექტორის მიერ დავის მორიგებით დასრულების უფლებამოსილების მინიჭება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით, რომელიც ითვალისწინებს დათქმას, მორიგებასთან დაკავშირებით საზოგადოების დირექტორის დამატებითი თანხმობის არსებობის თაობაზე. შუამდგომლობას დაერთო შპს „გ–ის“ დირექტორ ბონდარ დმიტრო იგოროვიჩის თანხმობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ, მორიგების შესაბამისი პირობების მითითებით.

3. 2025 წლის 15 სექტემბერს შპს „გ–ის“ წარმომადგენელმა ვ.შ–იამ მიუთითა საბანკო რეკვიზიტებზე, სადაც მორიგებით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაირიცხოს - ბანკის დასახელება - OTP Bank, SWIFT კოდი - OTPVUAUK, ანგარიშის ნომერი - UA 30 300528 0000026030000......

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს, ხოლო მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო, უცხო ქვეყნის სასამართლოსა თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლების, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დაცვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

7. ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. სსსკ-ის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.).

8. ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები. სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

9. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რის შედეგადაც მათ წარმოადგინეს ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი. შპს „გ.ს–ოს“ მხრიდან აქტს ხელს აწერს საზოგადოების დირექტორი გოდერძი კვანტალიანი, ხოლო შპს „გ–ის“ სახელით - მისი წარმომადგენელი ვ.შ–ია, რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში არსებული მინდობილობითა და საზოგადოების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და საზოგადოების ბეჭედდასმული თანხმობით, წინამდებარე მორიგების პირობების მითითებით. გოდერძი კვანტალიანიმ და ვ.შ–იამ მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო საუბრისას მოისმინეს რა სასამართლოსათვის დასამტკიცებლად წარმოდგენილი მორიგების პირობები, დაადასტურეს, რომ ისინი სრულად შეესაბამებოდნენ მხარეთა ინტერესებს და გამოხატავდნენ მათ ნებას მოცემული დავის მიმართ.

10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.

11. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

12. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

13. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან მორიგების აქტი წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, შპს „გ–ს“ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ–ის“ შუამდგომლობა, მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, შპს „გ–სა“ (ს/კ ......) და შპს „გ.ს–ოს“ (ს/კ ....) შორის შემდეგი პირობებით:

1. შპს „გ.ს–ო“ იღებს ვალდებულებას, შპს „გ–ს“ 2025 წლის 18 ივლისის უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან (საქმე №65/2024) გამომდინარე, გადაუხადოს დაკისრებული დავალიანება 47 468,09 ევრო ოდენობით;

2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავალიანების გადახდა უნდა მოხდეს შემდეგი გრაფიკით: 20 000 ევრო - არაუგვიანეს 15.08.2025წ.; 27 468,09 - არაუგვიანეს 31.12.2026წ.

3. მხარეები თანხმდებიან, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოპასუხეს სანქციის სახით დაეკისრება ჯარიმა - 10 000 ევრო;

4. მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დავალიანება და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად;

5. გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო გადარიცხვის გზით, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: ბანკის დასახელება - OTP Bank, SWIFT კოდი - OTPVUAUK, ანგარიშის ნომერი - UA 30 300528 00000260300000..;

3. შეწყდეს საქმის წარმოება შპს „გ–ის“ შუამდგომლობის გამო უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის №65/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მხარეთა მორიგების გამო;

4. შპს „გ–ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შპს „ბ.ვ.ქ–ის“ მიერ 21/01/2025წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა