საქმე №ა-5136-გან-9-2025 16 სექტემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – თ.წ–ია
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით თ.წ–იასა და შპს „ა.ბ–ის“ საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საქმის საკასაციო წესით განხილვისას საკასაციო პალატას მიმართა ალექსანდრე თ–ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რაც ამავე სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ.წ–იას აეკრძალა ქალაქ თბილისში, ……… (ს/კ №…..) მდებარე უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციის მომენტიდან გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
3. თ.წ–იამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება, მისი, როგორც მესაკუთრის კონსტიტუციური უფლებების აღდგენა უძრავ ქონებაზე, ხოლო საკითხის განხილვამდე გასაჩივრებული განჩინების მოქმედების შეჩერება.
4. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სადავო უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გამოიყენა, რითაც წინასწარ განსაზღვრა დავის შემდგომი ბედი. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა ისეთ ქონებაზე, რომელზეც თ.წ–იას საკუთრება არ გააჩნდა. ამასთან, მხარეს არ შეატყობინეს სამომავლო ქონებაზე დადებული აკრძალვის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 199-ე მუხლი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ მხარეს რეალურად ქონებაზე საკუთრების უფლება გააჩნია. თ.წ–ას, როგორც მომავალი მესაკუთრის მიმართ აღნიშნული ნორმის მოქმედების გავრცელება კანონის მოთხოვნებს არღვევს და დისკრიმინაციულია. საკასაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 271-ე მუხლის მოთხოვნაც. სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. განმცხადებლის მიმართ დაირღვა ამავე კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენასთან დაკავშირებით.
5. საქართველოს კონსტიტუციით დაცულია საკუთრების უფლება და არავის არ უნდა შეეზღუდოს კანონიერი საფუძვლის გარეშე, თუმცა აღნიშნული განხორციელდა განმცხადებლის მიმართ. საკასაციო სასამართლომ სრულიად საწინააღმდეგოდ გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი გავა ამხანაგობიდან და დაიბრუნებს საკუთრების უფლებას სადავო ქონებაზე, მოწინააღმდეგე მხარე ამ ქონებაზე ყადაღის დადებისა და აუქციონზე გატანის მუქარით კვლავ განაგრძნობს თ.წ–ას უფლებების შელახვას.
6. წარმოდგენილ განცხადებას დაერთო 2025 წლის 26 ივლისს სანოტარო წესით დადებული საქორწინო ხელშეკრულება მეუღლეთა შორის ქონებრივი უფლებების განაწილების შესახებ.
7. თ.წ–იას განცხადებასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ალექსანდრე თ–ძისა და შპს „ა.ბ–ის“ წარმომადგენელმა, რომელიც განმცხადებლის მოთხოვნას არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაწყებულია შესაბამისი წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის პრეტენზია შეეხება საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო სამართალწარმოების პროცესში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას.
10. არსებულ ეტაპზე საქმეზე სასარჩელო წარმოება დასრულებულია და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე შესულია კანონიერ ძალაში.
11. წინამდებარე განცხადების საპასუხოდ მოწინააღმდეგე მხარის პოზიციასთან ერთად წარმოდგენილია სააღსრულებო წარმოების დაწყების დამადასტურებელი მასალები, კერძოდ, მოვალე თ.წ–იას მიმართ 2025 წლის 17 ივლისის №A25179332-005/002 და 2025 წლის 13 აგვისტოს №A25203893-005/002 წინადადებები მოცემულ საქმეზე (პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის №2/34705-16) გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ა. თ–ძისა და შპს „ა.ბ–ის“ სასარგებლოდ დაკისრებულ თანხასთან დაკავშირებით.
12. დასახელებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თ.წ–ია რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, რის შედეგადაც შეეზღუდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის (გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის) უფლება. მოვალეს განემარტა, რომ მის მიმართ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - რომელთა შედეგად ყადაღდება მოვალის საბანკო ანგარიშები და მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება.
13. ზემოაღნიშნულიდანგამომდინარე, დასრულებული სამართალწარმოების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო პროცესის ნაწილია აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონებაზე კანონით გათვალისწინებული, ზემოხსენებული შეზღუდვის დაწესება.
14. ასეთ პირობებში კი, განმცხადებლის მოთხოვნა საკასაციო პალატის მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას გამოყენებული სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ საფუძველსა და სამართლებრივ აქტუალობას მოკლებულია.
15. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულებულა, შესაბამისად, გამოყენებული შეზღუდვის მიზანი - უზრუნველყოს აღსრულების ხელშეწყობა, მიღწეული არ არის. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა თუ მოქმედების შეჩერების იურიდიული წინაპირობა არ დამდგარა.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი შეზღუდვის ფარგლებში მოვალეს/განმცხადებელს მაინც აქვს შესაძლებლობა, სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს სამომავლო ქონება (იქნება ეს უძრავი ქონების გასხვისება თუ უფლებრივად დატვირთვა), რისი დოკუმენტალურად განხორციელებაც დასაშვებია მრავალმხრივი გარიგების დადების გზით, რომლითაც ერთდროულად და მყისიერად მოვალის სახელზე გაფორმდება უძრავი ნივთი, იგი დაიტვირთება უფლებრივად ან გასხვისდება და მიღებული თანხით დაიფარება კრედიტორებისადმი სადავო დავალიანება. აღნიშნულის ნათელი მაგალითია იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გასხვისებისას შემძენის მიერ გადახდილი თანხით იპოთეკარის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადებაში მითითებული პრეტენზიები საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას კანონდარღვევათა არსებობის შესახებ განსახილველი განცხადების მოთხოვნათა შეფასების ეტაპზე მსჯელობის საგანი ვერ გახდება, რადგან, როგორც მხარეთათვის ცნობილია, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებები საბოლოოა და, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის გარდა (რაზეც მხარეს არ მიუთითებია), არ გასაჩივრდება. საკასაციო სასამართლოს დასაბუთებული მსჯელობა კი მოცემულია უშუალოდ ზემოაღნიშნული განჩინებების კვლევით ნაწილებში.
18. საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივი თვალისაზრისით, მოკლებულია განცხადებაზე დართული საქორწინო კონტრაქტის, როგორც მტკიცებულების შეფასების შესაძლებლობასაც, ვინაიდან, როგორც უკვე განიმარტა, წინამდებარე საქმეზე წარმოება დასრულებულია, ხოლო ასეც რომ არ იყოს, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
19. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება განმცხადებლის არგუმენტს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის შესახებ იმ საფუძვლით, რომ შეზღუდვა გავრცელდა განმცხადებლის სამომავლო ქონებაზე ისე, რომ არ ყოფილა წარდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით სასამართლომ წინასწარ გამოავლინა საკუთარი პოზიცია საკასაციო საჩივრის ბედთან დაკავშირებით.
20. უპირველესად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოყენებულ იქნა არა სარჩელის, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება (სსსკ-ის 271-ე მუხლი). აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო პალატის მიერაც.
21. მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას, აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება და აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე, თუმცა ამა თუ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს და მხარეთა მიერ საქმის განხილვის შედეგის წინასწარ გაცხადებად არ უნდა იქნეს გაგებული.
22. რაც შეეხება უძრავ ქონებაზე შეზღუდვის გავრცელებისას საჯარო რეესტრის ამონაწერის წარდგენის საჭიროებას, აღნიშნულ მოთხოვნას ითვალისწინებს სსს-ის 191-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები (განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით). მითითებული ნორმის მიზანია, უძრავი ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უტყუარად დადგინდეს აღნიშნული ქონების მესაკუთრე, რათა შეზღუდვა სხვა პირის მიმართ არ განხორციელდეს.
23. მოცემულ შემთხვევაში სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას საჯარო რეესტრის ამონაწერის წარდგენის საჭიროება არ არსებობდა, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ სადავო უძრავი ნივთი იმთავითვე ეკუთვნოდა თ.წ–იას, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა დაბრუნებულიყო განმცხადებლის საკუთრებაში და მხოლოდ ამის შემდეგ მასზე გავრცელდება გამოყენებული შეზღუდვა. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალ.თ–ძის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებით გათვალისწინებული შეზღუდვა წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ადეკვატურია და მხარეთა ინტერესების დაცვის ბალანსს არ არღვევს.
24. სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების განხილვისას დაშვებულ საპროცესო დარღვევად ვერ შეფასდება განმცხადებლის მითითება, რომ მას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დროულად არ ეცნობა.
25. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონდმებლობა ადგენს სარჩელისა თუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო-სამართლებრივ პროცედურას, რომელიც გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება და ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, განცხადება განიხილოს მოწინააღმდეგე მხარისათვის შეუტყობინებლად. აღნიშნული განპირობებულია მოწინააღმდეგე მხარის მიმართ მოთხოვნილი შეზღუდვის დაწესების სპეციფიკით.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულება ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას სასამართლო ერთი დღის ვადაში და მოპასუხისთვის შეუტყობინებლად განიხილავს (სსსკ-ის 193-ე მუხლი) (საქმე №ას-1543-2023, 05.03.2024წ.).
27. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხეს სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დროულად არ ეცნობა.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.წ–იას განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.წ–იას განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა