Facebook Twitter

საქმე №ას-1117-2025 8 სექტემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

საჩივრის ავტორი – სს „თ.ლ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ა+“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინებით, შპს „ა“-ის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო სს „თ.ლ–ის“ საკუთრებაში არსებულ აქტივს - სითხის ჩამომსხმელი/შემვსები 2 საწარმოო ხაზი, მწარმოებელი ქვეყანა: RUSSIAN FEDERATION machine 0,5 L 1500 bph DCGF 18/18/6 for glass bottles, იდენტიფიკატორი: 654..; ამავე განჩინებით, განმცხადებელს განემარტა, რომ სარჩელი შეტანილი უნდა ყოფილიყო მხარეთა მიერ შეთანხმებულ არბიტრაჟში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავდა სარჩელს და სააპელაციო სასამართლოში არ წარადგენდა სარჩელის აღძვრის დამადასტურებელ მტკიცებულებას, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანდა განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

ზემოაღნიშნული განჩინება სს „თ.ლ–მა“ საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით, სს „თ.ლ–ის“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

2025 წლის 15 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „თ.ლ–ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც მიუთითა, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული არბიტრაჟი არ ფუნქციონირებს, წარმოდგენილი არ არის საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ შპს „ა“-ს არ წარმოუდგენია საარბირტაჟო სარჩელის აღძვრის დამადასტურებელი მტკიცებულება. ასევე, განმცხადებელი და სავარაუდო მოპასუხე წარდგენილ განცხადებებში მიუთითებდნენ, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული არბიტრაჟი (შპს „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ლ. პ.ჯ–ია“) არ ფუნქციონირებს, რის გამოც მოცემულ საქმეზე არ არსებობს საარბიტრაჟო სარჩელი და დავა აღარ წარმოადგენს არბიტრაჟის განსახილველ დავას, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისს გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს მოცემულ საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმისწარმოება შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო სს „თ.ლ–ის“ საკუთრებაში არსებულ აქტივს (სითხის ჩამომსხმელი/შემვსები 2 საწარმოო ხაზი, მწარმოებელი ქვეყანა: RUSSIAN FEDERATION machine 0,5 L 1500 bph DCGF 18/18/6 for glass bottles, იდენტიფიკატორი: 654..) და რომელიც სს „თ.ლ–მა“ საჩივრით გაასაჩივრა გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თ.ლ–ის“ საჩივრთან დაკავშირებით დავის საგანი აღარ არსებობს. საჩივრის ინტერესის არარსებობაზე მიუთითა სს „თ.ლ–ის“ წარმომადგენელმაც (იხ. სატელეფონო აქტი).

ამდენად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინება, რომლითაც შპს „ა“-ის განცხადება დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 ივლისის განჩინებით გაუქმებულია, არსებობს სს „თ.ლ–ის“ საჩივარზე საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 372-ე და 399-ე მუხლების თანახმად (საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს; საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით), უნდა შეწყდეს მოცემულ საჩივარზე საქმისწარმოება (იხ. სუსგ №ას-721-2023, 3 ივლისი, 2023 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ.ლ–ის“ საჩივარზე შეწყდეს საქმისწარმოება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა