საქმე №ას-1088-2025 3 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ.ლ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა.ხ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „თ.ლ–ი“ (შემდგომ - მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებას, რომლითაც სს „ა.ხ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი, ნაწილობრივ გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 131 150 ლარის ანაზღაურება.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ბ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი. მხარეს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება წარმოებაში და განუხილველად დარჩება.
4. აღნიშნული განჩინება კასატორს კანონით დადგენილი წესით 2025 წლის 18 აგვისტოს ჩაბარდა, თუმცა მას ხარვეზი არ გამოუსწორებია.
5. 2025 წლის 20 აგვისტოს კასატორის წარმომადგენელმა თ.კ–მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა. განცხადებას დაერთო მოპასუხე საზოგადოების სახელზე გაცემული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და საზოგადოების დირექტორ გ.გ–ას მიერ თ.კ–ის სახელზე გაცემული მინდობილობა შესაბამისი უფლებამოსილებით (მთლიანად უარი თქვას სარჩელზე), რომელიც ძალაშია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
6. სასამართლო მოხელესთან საუბრისას კასატორის წარმომადგენელმა დაადასტურა მხარის ნება მოპასუხის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თანმდევი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგი საფუძვლებით:
8. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
10. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
11. ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე. დისპოზიციურობის აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც და მხარეს შეუძლია, დაეთანხმოს მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.
12. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ არ შეავსო საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და წერილობითი ფორმით წარმოდგენილი განცხადებით მის მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა.
13. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა – მხარის უარი თავის საკასაციო საჩივარზე, რაც აკმაყოფილების ზემოაღნიშნულ ნორმატიულ დანაწესს. შესაბამისად, წინამდებარე კასატორის შუამდგომლობა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს. მითითებული გულისხმობს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება დარჩება უცვლელად.
15. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ.ლ–ის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება სს „თ.ლ–ის“ საკასაციო საჩივრის გამო, სს „ა.ხ–ის“ მიმართ.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა