საქმე№ას-225-2024
17 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შ.კ–ძე, გ.კ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
მ.გ–ძემ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - შ.კ–ძისა და გ.კ–ძის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, მ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოსარჩელე მ.გ–ძეს და მოპასუხე შ.კ–ძეს შორის 2022 წლის 7 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულება - ქ. ზესტაფონში, ..... მდებარე, ........ საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შ.კ–ძისა და გ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.გ–ძის სასარჩელო მოთხოვნა - მ.გ–ძესა და შ.კ–ძეს შორის 2022 წლის 07 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე - არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ.კ–ძეს აეკრძალა ქ. ზესტაფონში, ........ მდებარე, საიდენტიფიკაციო კოდის ......... მქონე უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელე - მ.გ–ძემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის განჩინებით მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შ.კ–ძისა და გ.კ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის №ას-225-2024 (კასატორი - მ.გ–ძე, მოწინააღმდეგე მხარეები - შ.კ–ძე, გ.კ–ძე) წარმოება გარდაცვლილი მ.გ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს შვიდი თვის ვადით;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ინფორმაცია გაიცა თუ არა სამკვიდრო მოწმობა მ.გ–ძის (პ/ნ .........) დანაშთ ქონებაზე და ვინ არის მემკვიდრე; მემკვიდრეობის გახსნის პირობებში კი სასამართლოსთვის წარმოედგინა სამკვიდრო მოწმობის ასლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2025 წლის 02 ივლისს მომართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ N16/9170 წერილით და აღნიშნა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის ჩანაწერი აწ. გარდაცვლილი მ.გ–ძის (პირადი N ......) სამკვიდრო ქონების შესახებ, სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობისა და/ან განხორციელების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.გ–ძის სარჩელი, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ პუნქტი ითვალისწინებს სასამართლოს მოვალეობას შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს; სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.
ზემოაღნიშნული ნორმის მიზანს მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვანი დაცვა წარმოადგენს, რათა მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი. (იხ. 14.06.2023წ. სუსგ საქმეზე Nას-916-2021).
სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის გარდაცვალებიდან - 2024 წლის 5 აგვისტოდან გასულია ერთ წელზე მეტი. შესაბამისად, სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა ამოიწურა 2025 წლის თებერვალში.
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2025 წლის 02 ივლისს N16/9170 პასუხიდან ირკვევა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის ჩანაწერი აწ. გარდაცვლილი მ.გ–ძის (პირადი N .......) სამკვიდრო ქონების შესახებ, სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობისა და/ან განხორციელების თაობაზე. ამასთან, სასამართლოსათვის უცნობია სავარაუდო უფლებამონაცვლის შესახებ და უფლებამონაცვლედ ჩაბმის მოთხოვნით საკასაციო პალატის წინაშე არავის უშუამდგომლია.
პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების გამოტანის დღიდან – 2024 წლის 24 სექტემბრიდან გასულია 12 თვე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის გარდაცვალების გამო შეჩერდა საქმის წარმოება მიმდინარე საქმეზე 7 თვის ვადით, ხოლო ამ ვადის განმავლობაში და მისი გასვლის შემდეგაც, მოსარჩელის უფლებამონაცვლეობის დადგენის მიზნით, ან შეჩერების ვადის გაგრძელების შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით საკასაციო პალატისთვის სავარაუდო უფლებამონაცვლეს არ მოუმართავს, ამავდროულად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2025 წლის 02 ივლისის N16/9170 წერილით დასტურდება, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის ჩანაწერი აწ. გარდაცვლილი მ.გ–ძის (პირადი N........) სამკვიდრო ქონების შესახებ, სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობისა და/ან განხორციელების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ პუნქტისა და 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტიდან გამომდინარე, მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო.
სსსკ-ის 374.3 მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.3 მუხლის შესაბამისად კი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მ.გ–ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი (2750 ლარი) უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს, თუმცა, ვინაიდან გადამხდელი არის თავად გარდაცვლილი მ.გ–ძე და მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველიც მ.გ–ძის უფლებამონაცვლის დაუდგენლობაა, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით; 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი