საქმე №ას-1233-2024
08 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჟ.ხ–ი (მოპასუხე)
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ.ბ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ჟ.ხ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან გამსესხებელი) წინააღმდეგ და მოითხოვა: შევიდეს ცვლილება 2022 წლის 19 მარტს ნოტარიუს ე.შ–ის მიერ გაცემულ N220290978 სააღსრულებო ფურცელში და შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა 6 717 აშშ დოლარით განისაზღვროს.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან მიღებული აქვს 5 671 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხა უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ გადასახდელ 9 000 აშშ დოლარში. მოპასუხემ, ასევე, აღიარა 2 000 აშშ დოლარისა და 1 500 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, მაგრამ აღნიშნული თანხები არ უნდა ჩაითვალოს ძირითად თანხაში, ვინაიდან 2018 წლიდან 2019 წლამდე მოსარჩელე არ იხდიდა თანხებს.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით მსესხებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა 2022 წლის 19 მარტს ნოტარიუს ე.შ–ის მიერ გაცემულ №220290978 სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, სააღსრულებო ფურცელში მითითებული სესხის ძირითადი თანხის დავალიანება 30 000 აშშ დოლარის და 9000 ლარის ნაწილში შემცირდა და გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 15 500 აშშ დოლარით, ასევე შემცირდა საპროცენტო დავალიანება 18 000 აშშ დოლარის და 2 700 ლარის ნაწილში და საბოლოოდ საპროცენტო დავალიანება განისაზღვრა 4 254 აშშ დოლარითა და 2 700 ლარით; პირგასამტეხლოს ნაწილში ვალდებულება განისაზღვრა ფიქსირებულად მთელს ვადაგადაცილებულ პერიოდზე 1 500 აშშ დოლარით (დარჩენილ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებელი თანხების ოდენობა უცვლელად დარჩა); გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.05.2022 წ. განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს N171450707 და 2022 წლის 19 მარტს გაცემული №220290978 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და აღსრულება გაგრძელდა სასამართლოს მიერ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად; სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (№161447675) თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხისგან სესხის სახით მიიღო 30 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე სარგებელი 3%-ის დარიცხვით, სესხი გაიცა ექვსი თვის ვადით - 2017 წლის 21 ივნისამდე. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს ძირითადი თანხის - 0.12 %-ს, ყოველდღიურად სააღსრულებო საქმის დაწყებამდე.
4.3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ........., (ს/კ .......).
4.4. ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში, 2018 წლის 31 იანვარს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, იპოთეკარი (გამსესხებელი) მესაკუთრეს (მსესხებელს) უმატებს 9 000 ლარს, რის შედეგადაც მოსარჩელის მიერ ნასესხები თანხა შეადგენს 30 000 აშშ დოლარსა და 9 000 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 21 იანვრამდე. სესხის სარგებელი განისაზღვრა თვეში 2.5%-ით. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი.
4.5. 2017 წლის 14 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი 2016 წლის 21 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების აღსრულების მიზნით, ხოლო 2022 წლის 19 მარტს ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 30 000 აშშ დოლარი, 9 000 ლარი, ყოველთვიურად 3 %, რომელიც 31.01.2018წ-დან შემცირდა 2.54%-მდე. გადაუხდელი თანხა (სარგებელი) – 18 000 აშშ დოლარი და 2 700 ლარი, 2019 წლის 22 იანვრიდან პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.12 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
4.6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2022 წლის 1 აპრილს მოსარჩელეს (მსესხებელს) მიმართა წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ ჯამში შეადგენს 23 998.32 ლარსა და 88 572 აშშ დოლარს.
4.7. მსესხებელმა სარჩელით სადავოდ გახადა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა და მიუთითა, რომ მის მიერ ძირითადი თანხიდან 30 000 აშშ დოლარიდან გადახდილია - 26 283 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი გადახდილია სრულად. შესაბამისად, დარჩენილი აქვს გადასახდელი ძირითადი თანხა - 6 717 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია ხელწერილები თანხის გადახდის შესახებ (იხ. სარჩელი ტ.1, ს.ფ. 2-20, ხელწერილები ტ.1, ს.ფ. 42-55). მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელისაგან სესხის დასაფარად მიღებული აქვს 5 671 აშშ დოლარი, რაც უნდა ჩაითვალოს გადასახდელ 9 000 აშშ დოლარში (ერთი წლის გადასახდელი პროცენტი). მოპასუხემ ასევე დაადასტურა 2 000 აშშ დოლარისა და 1 500 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, რაც მისი განმარტებით ვერ ჩაითვლება სესხის ძირითად თანხაში გადახდილად. ამასთან, მოპასუხემ განმარტა, რომ ს–ძისათვის და ჩ–თვის გადაცემული თანხა არ უნდა ჩაითვალოს მოპასუხისათვის გადახდილად, ვინაიდან თანხა მას არ მიუღია (იხ. შესაგებელი ტ.1, ს.ფ. 77-85).
4.8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ხელწერილები, რომლითაც დადასტურებულია მოპასუხის მიერ სესხის თანხის მიღება. მითითებული თანხები კი სწორად გამოაკლდა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას. რაც შეეხება, სააპელაციო საჩივრის არგუმენტებს, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება. კერძოდ, აპელანტი მიუთითებს, რომ ვინაიდან, 2018 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება მოქმედებდა 2019 წლის 21 იანვრამდე, შესაბამისად ამ პერიოდის შემდეგ გადახდილი პროცენტი უნდა ჩათვლილიყო ძირითად თანხაში და შესაბამისი პროპორციით შემცირებულიყო სესხის თანხა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააღსრულებო ფურცელში 2022 წლის 19 მარტს განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 30 000 აშშ დოლარი, 9 000 ლარი, გადაუხდელი თანხა (სარგებელი) – 18 000 აშშ დოლარი და 2 700 ლარი. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საპროცენტო დავალიანება მოპასუხის წინაშე, ნოტარიუსის მიერ 2022 წლის 19 მარტს სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის შეადგენდა არა სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხას - 18 000 აშშ დოლარსა და 2 700 ლარს, არამედ 9 000 აშშ დოლარს გამოკლებული მოსარჩელის მიერ გადახდილი 4 746 აშშ დოლარი, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებით, შესაბამისად, დავალიანების ოდენობა სწორად განისაზღვრა - 4 254 აშშ დოლარითა და 2 700 ლარით. რაც შეეხება, ძირითად თანხას, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თანხის გადახდის შესახებ ხელწერილებით (2021 წლის 3 ივლისი, 2021 წლის 17 სექტემბერი, 2021 წლის 8 და 11 დეკემბერი) დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის წინაშე შეადგენდა - 15 500 დოლარს. აპელანტმა ასევე, ვერ დაადასტურა 26 283 აშშ დოლარის ოდენობით თანხის მოპასუხისათვის გადახდის შესახებ ფაქტობრივი გარემოება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამ ფაქტის დასადასტურებლად ვერ გამოდგება თ. ს–ძისა და დ. ჩ–ის სახელით შედგენილი ხელწერილები, ვინაიდან, აღნიშნული ხელწერილების საფუძველზე თანხის მიღების ფაქტი უარყო მოპასუხემ. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც ზემოაღნიშნული ხელწერილების საფუძველზე თანხის მიღების შესახებ გარემოებას არ ადასტურებს თავად კრედიტორი, მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ ე.წ. შუამავალი პირები ნდობით აღჭურვილ პირებს (ოჯახის წევრებს) უხდიდნენ თანხებს, არ არის საკმარისი ამ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 429-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ამდენად, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. აღნიშნული ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს. რაც შეეხება წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარში დაყენებულ პრეტენზიას სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა მოსარჩელეს სარჩელში არ დაუყენებია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე ვალდებულების ოდენობისა და ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით, სწორად შეამცირა პირგასამტეხლო 1 500 აშშ დოლარამდე და არ არსებობს მისი დამატებით შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4.9. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე მუხლები მოიხმო და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების საკითხზე შეადრ: სუსგ №ას-459-438-2015, 7.10.2015 წ.; №ას-38-38-2018, 08.06.2018 წ.; №ას-1747-2019).
4.10. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
4.11. სსკ-ის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
4.12. სსკ-ის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
4.13. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისათვის დასაბრუნებელი აქვს როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე სარგებელი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლომ საქმის შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სადავო სააღსრულებო ფურცლით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სწორად იქნა შემცირებული და სწორად განისაზღვრა მოვალის მიერ კრედიტორისათვის გადასახდელი თანხების მოცულობა (გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა 15 500 აშშ დოლარი; საპროცენტო დავალიანება - 4 254 აშშ დოლარი და 2700 ლარი; პირგასამტეხლო 1500 აშშ დოლარი), დამატებით შემცირების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა კი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
5. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2018 წლის 31 იანვარს და მისი მოქმედების ვადა გრძელდებოდა 2019 წლის 21 იანვრამდე, 2.5 პროცენტის გადახდით. მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამში 25 455 აშშ დოლარი გადაუხადა 2019 წლის იანვრის შემდეგ, როცა ხელშეკრულება აღარ ითვალისწინებდა პროცენტის გადახდას. სასამართლოს გადახდილი თანხა ძირითად დავალიანებაში უნდა ჩაეთვალა.
5.3. კასატორი მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 31 იანვრიდან 2019 წლის 21 იანვრამდე ხელშეკრულების პირობების თანახმად ჯამში გადახდილია პროცენტი 9 900 აშშ დოლარი. საპროცენტო განაკვეთი იმ დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი იყო წლიური 14.5 %, რაც თვეში 1.2 %-ია. მსესხებლის მიერ გადახდილია შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, რამაც იგი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო. 2019 წელს ასევე პროცენტის სახით 9 900 აშშ დოლარია გადახდილი, ამ პერიოდში ხელშეკრულება პროცენტის გადახდას არ ითვალისწინებდა. 2020 წელს ასევე გადახდილია 4 950 აშშ დოლარი და 5 370 აშშ დოლარი, 2021 წელს - 1 275 აშშ დოლარი.
5.4. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მსესხებელს მოპასუხისათვის ჯამში უნდა გადაეხადა პროცენტი 5 000 აშშ დოლარი, მსესხებელს კი გადახდილი აქვს ჯამში 25 455 აშშ დოლარი.
5.5. მსესხებელს იმაზე მეტი პროცენტი აქვს გადახდილი, ვიდრე უნდა გადაეხადა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება სრულიად უკანონო და უსამართლოა.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის (სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანით სესხის თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს შემცირება) დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო), 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)) და 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლები.
10. კასატორის პრეტენზია შეეხება იმას, რომ მის მიერ გადახდილი თანხა არასწორად იქნა ჩათვლილი სარგებლის სახით. გამსესხებელმა იმაზე მეტი პროცენტი მიიღო, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მოსარჩელემ (მსესხებელმა) ჯამში 25 455 აშშ დოლარი გადაუხადა მოპასუხეს (გამსესხებელს) 2019 წლის იანვრის შემდეგ, როცა ხელშეკრულება აღარ ითვალისწინებდა პროცენტის გადახდას. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მსესხებელს მოპასუხისათვის ჯამში უნდა გადაეხადა პროცენტი 5 000 აშშ დოლარი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მსესხებელს ჯამში გადახდილი აქვს 25 455 აშშ დოლარი.
11. მოცემული დავის საგანია სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში ცვლილების შეტანა, მოსარჩელე მხარე არის მოვალე, რომელსაც სურს, დაამტკიცოს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მოვალისათვის დაკისრების მოთხოვნის მომწესრიგებელი ნორმაა სსკ-ის 623-ე მუხლი, რომლის ფარგლებშიც მოვალეს წარმოეშობა ხელშეკრულების საგნის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, არის ფულადი თანხა. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, ასევე, სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ყოველთვის ეკისრება მოვალეს.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე. კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია, რაც საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხის კიდევ უფრო შემცირებაზე ემსჯელა.
13. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ.
14. მტკიცების საგანში შედის მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომელიც შეეხება მის მიერ გადახდილი თანხების არასწორად სარგებლის სახით, ჩათვლას და მიუთითებს, რომ საქმეზე დართულ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებებს წარმოადგენს 2021 წლის 3 ივლისის, 2021 წლის 17 სექტემბრის, 2021 წლის 8 და 11 დეკემბრის ხელწერილები (იხ. ტ. 1, ს/ფ 42-43, 55), 2021 წლის 3 ივლისის კრედიტორის მიერ შედგენილი ხელწერილის მიხედვით, 2021 წლის 3 ივლისის მდგომარეობით ძირითადი დავალიანება 17 500 აშშ დოლარია; (ხელწერილს ხელს აწერს მოვალე ლ. ბ–ც). ამის შემდგომ კრედიტორი ასევე ადასტურებს 1 500 აშშ დოლარის, 400 აშშ დოლარისა და 100 აშშ დოლარის ძირითადი თანხის ანგარიშში მიღებას, რაც უნდა გამოაკლდეს 17 500 აშშ დოლარს. შესაბამისად, სესხის გადაუხდელი ძირითადი თანხა 15 500 აშშ დოლარია. აღნიშნული თანხების კრედიტორის მიერ მიღების შემდგომ პერიოდზე დამატებითი წერილობითი, უშუალოდ კრედიტორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი სესხის თანხის მიღების თაობაზე წარმოდგენილი არ არის (სსკ-ის 429-ე მუხლი).
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის საპროცენტო დავალიანება მოპასუხის წინაშე, ნოტარიუსის მიერ 2022 წლის 19 მარტს სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის შეადგენდა არა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ თანხას 18 000 აშშ დოლარსა და 2700 ლარს, არამედ 9 000 აშშ დოლარს - 4 746 აშშ დოლარი, რაც უდრის 4 254 აშშ დოლარს და 2 700 ლარს. გამსესხებელს პირადი ხელმოწერით მიღებული აქვს 2021 წლის 3 ივლისს - 450 აშშ დოლარი, 2020 წლის 1 მაისს - 537 აშშ დოლარი, 2020 წლის 23 ივნისს - 537 აშშ დოლარი, უცნობი თარიღის ხელმოწერით - 537 აშშ დოლარი, 2020 წლის 10 სექტემბერს - 537 აშშ დოლარი, 2020 წლის 8 ოქტომბერს - 537 აშშ დოლარი, 2020 წლის 16 ნოემბერს- 537 აშშ დოლარი, 2020 წლის 23 დეკემბერს- 537 აშშ დოლარი, 2021 წლის 10 თებერვალს- 537 აშშ დოლარი, ანუ საერთო ჯამში 4 746 აშშ დოლარი (იხ. ტ. 1, ს/ფ 42-55). აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს 2018 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების ცვლილებით განსაზღვრულ ჯამურ პროცენტს 9 000 აშშ დოლარს და 2 700 ლარს და დარჩება 4 254 აშშ დოლარი და 2 700 ლარი, რაც სწორად იქნა განსაზღვრული ქვემდგომი სასამართლოების მიერ.
17. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის 29 დეკემბერს, სსკ-ის 625-ე მუხლში შევიდა ცვლილება და აღნიშნულ მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100% დაწესდა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წლის 21 ივლისს, აღნიშნული მუხლი კვლავ შეიცვალა და საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად 50% განისაზღვრა, რაც კონკრეტულ მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას ისახავდა. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის, სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით, კანონმდებელმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად ჯერ 100%, ხოლო მოგვიანებით 50% განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია (იხ. სუსგ №ას-4-2023, 30.03.2023 წ.; ას-1151-2022, 09.06.2023 წ.; #ას-658-2024, 22.07.2024 წ.; #ას-895-2024, 15.11.2024 წ.).
18. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შედავება, მტკიცების ტვირთს მოსარჩელეზე აბრუნებს, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდნენ გამსესხებლის მხრიდან მსესხებელზე გაცემულ სესხზე არასწორ, კანონშეუსაბამო საპროცენტო განაკვეთის დაწესების გარემოებას, რაც მოვალემ ვერ დაძლია.
19. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს.
20. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად (იხ. სუსგ №ას-905-2021, 12.01.2022 წ.).
21. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს. მხარეს, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ითხოვს, ევალება მისი შეუსაბამობის დადასტურებაც.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსესხებლის სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში დაკმაყოფილდა და მისი ოდენობა გონივრულად - 1 500 აშშ დოლარით განისაზღვრა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი პირგასამტეხლო მართებულად შემცირდა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან ურთიერთმიმართების გათვალისწინებით, ხოლო, პირგასამტეხლოს უფრო მეტად შემცირების წინაპირობები არ იკვეთება.
23. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), თბილისი, 2017, მუხლი 8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-549-521-2015, 18.11.2015წ; N ას-608-2019, 19.03.2021წ; N ას-925-2022, 30.09.2022წ.; N ას-453-2022, 27.12.2022წ.; N ას-627-2023, 20.07.2023წ.; N ას- 372-2023, 6.10.2023წ.; N ას- 999-2024, 29.11.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.2024.).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, ვერ უზრუნველყო მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, შესაბამისად, კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიმოიხილა კასატორის მხოლოდ ძირითადი არგუმენტებო (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. პროცესის ხარჯები
23.1. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ბ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2024 წლის 24 ოქტომბერს, საგადახდო დავალებით N24305540979 გადახდილი 913,10 ლარის 70 % - 639,17 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი