საქმე №ას-1285-2023 6 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ს.ე–მა“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ბ.ს–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება (სარჩელით), ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.ს.ე–მამ“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს.ბ.ს–ის“ წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით - 5 474,77 ლარის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2017 წლის 9 ნოემბერს, სს „ს.ს.ე–მას“ და შპს „ს.ბ.ს–ს“ შორის გაფორმდა #60-7-117-2487 შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დანართი #1-ით გათვალისწინებული შემდეგი საქონლის მიწოდება: 1) კვების მოდული S42024-L5349- A1, მწარმოებელი კომპანია: C., რაოდენობა - 1; 2) კვების მოდული TNX:A4B0000008807, მწარმოებელი: C., რაოდენობა - 5; 3) კვების მოდული TNX:A4B0000008808, მწარმოებელი: C., რაოდენობა - 6; 4) გაგრილების მოდული TNX:A4B0000008852, მწარმოებელი: C., რაოდენობა - 4; 5) გაგრილების მოდული TNX:A4B0000008846, მწარმოებელი C., რაოდენობა - 2. ხელშეკრულების დანართი #2 განსაზღვრავს შესაძენი საქონლის ტექნიკურ პარამეტრებს. გარდა ამისა, დანართი 2-ის თანახმად, მოსაწოდებელი საქონელი უნდა ყოფილიყო ქარხნული, ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი.
2.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 მარტით, თუმცა მოპასუხის თხოვნით, გაგრძელდა ჯერ 2018 წლის 31 მაისამდე, ხოლო შემდეგ - 2018 წლის 30 ივნისამდე.
2.3. ხელშეკრულებით ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 33 180,42 ლარით. შპს „ს.ბ.ს–მა“ მოსარჩელეს საქონელი მიაწოდა 2018 წლის 19 თებერვალს. სს „ს.ს.ე–მამ“ უარი განაცხადა მიწოდებული საქონლის მიღებაზე, ვინაიდან საქონელი იყო ნაკლიანი და არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, კერძოდ: 1) #1 დანართის პირველი და მე-5 პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის მწარმოებლად ყუთებსა და მოწყობილობაზე, ნაცვლად C.-სა, მითითებული იყო NOKIA SIEMENS NETWORK’S; 2) დანართ 1-სა და დანართ 2-ში მითითებული კოდები განსხვავდებოდა მოწოდებულ ნივთებზე მითითებული კოდებისგან; 3) მოწოდებული ნივთები იყო გახსნილი, ექსპლუატაციაში მყოფი.
2.4. მოპასუხეს ნაკლიანი შესრულების გამო დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 5 474,77 ლარის გადახდის ვალდებულება.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს მიეწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შესაბამისი საქონელი, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
4. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
4.1. შპს „ს.ბ.ს–მა“ შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს „ს.ს.ე–მას“ მიმართ და მოითხოვა მოსარჩელე სს „ს.ს.ე–მისთვის“ მოპასუხის სასარგებლოდ ნასყიდობის საფასურის, 33 180,42 ლარის, გადახდისა და, მოპასუხის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით - 5 474,77 ლარის გადახდის დაკისრება.
4.2. შპს „ს.ბ.ს–ის“ მტკიცებით, მან ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, თუმცა მოპასუხემ უსაფუძვლოდ განაცხადა უარი შესრულების მიღებაზე.
5. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე):
5.1. სს „ს.ს.ე–მამ“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიმწოდებელს მისთვის არ მიუწოდებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შესაბამისი საქონელი.
5.2. მოპასუხის მტკიცებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იგი არ იყო ვალდებული, მიეღო ნივთობრივად ნაკლის მქონე ნივთები, რის გამოც მისთვის ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნები უსაფუძვლოა.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს „ს.ს.ე–მისა“ და შპს „ს.ბ.ს–ის“ სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
6.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სს „ს.ს.ე–მამ“ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7.2. სააპელაციო პალატამ, სახელშეკრულებო დათქმათა ჭრილში, შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ აპელანტმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა ხელშეკრულების დანართებში მითითებული კოდების მნიშვნელობა და ვერ დაამტკიცა თითოეული მათგანის უნიკალურობა, შესაბამისად, პალატის განსჯით, საქმის მასალებით ვერ დასტურდებოდა, რომ მოდული, რომელსაც რეალურად 1-ელ დანართში მითითებულისგან განსხვავებული კოდი ჰქონდა მინიჭებული, იმავე ტექნიკური მახასიათებლების მქონე არ იყო.
7.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ მიწოდებულ საქონელზე სხვადასხვა მწარმოებლის სახელწოდებების მითითება ნივთობრივი ნაკლის არსებობას ნიშნავდა. ამ გარემოებასთან მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ 2021 წლის 13 ოქტომბერს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სს „ს.ს.ე–მას“ წარმომადგენელი დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ Nokia Siemens Network’s-ის წარმოება გაგრძელდა C.-ის სახელით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დანართ 1-ელის პირველი და მეხუთე პოზიციით გათვალისწინებულ საქონელზე, C.-ის ნაცვლად, მწარმოებლად Nokia Siemens Network’s-ის მითითება არ ადასტურებდა წუნდებული პროდუქტის მიწოდების ფაქტს.
7.4. სააპელაციო პალატამ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მასზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 დანართში მითითებული პირობების დარღვევით, მას მოპასუხისგან უკვე გამოყენებული პროდუქცია მიეწოდა.
7.5. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრულ პარამეტრებს, რის გამოც არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივსამართებრივი საფუძვლები.
7.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.ს.ე–მამ“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი შედეგი გამოიწვია.
8.2. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმადაც მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართებით გათვალისწინებულ ტექნიკურ პარამეტრებს. კასატორის მტკიცებით, მიწოდებული საქონელი იყო ნაკლიანი, ვინაიდან დანართში მითითებული მწარმოებელი კომპანია არ ემთხვეოდა მიწოდებულ საქონელზე მითითებულ მწარმოებელს, მიწოდებული საქონლის კოდები განსხვავდებოდა ხელშეკრულებაში მითითებული კოდებისაგან და საქონელი არ იყო ქარხნულად შეფუთული, როგორადაც საექსპლუატაციოდ მომზადებული ნივთებია. გარდა ამისა, შესრულდა ხელშეკრულების ვადის დარღვევით - 2018 წლის 19 თებერვალს.
8.3. კასატორი აცხადებს, რომ მიწოდებული საქონლის ნაკლოვანებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართებში მითითებულია კონკრეტული საქონლის მონაცემები (მახასიათებლები), რომელიც უნდა ჰქონოდა მიწოდებულ საქონელს, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებულ საქონელზე საერთოდ არანაირი ტექნიკური მახასიათებელი არ არის მითითებული, აგრეთვე, კასატორის მტკიცებით, მიწოდებული საქონლის გადამოწმება იმ მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, რაც მათზე იყო მითითებული, შეუძლებელი აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაში მითითებული კოდებით საქონლის გადამოწმება იყო შესაძლებელი. აღნიშნულის მსგავსად, კასატორი ამტკიცებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტების კონსტანტაციის მასალების საფუძველზე სასამართლოებმა არასწორად განმარტეს, რომ ხელშეკრულების დანართში მითითებული და მიწოდებული საქონელი იყო იგივე, რადგან მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პოზიციებით გათვალისწინებული კვების მოდულების კოდები არ იყო თანხვდენილი. ამასთან, სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს თითქოს მიწოდებული ნივთებზე დამატებითი კოდი „1“ იყო C.-ის ბრენდის აღნიშვნა, რადგან კასატორმა იმავე მახასიათებლის ნივთები შეიძინა სხვა კომპანიისგან, რომელსაც ზუსტად იგივე კოდი ჰქონდა, როგორც ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული. კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა მითითებულ კოდებში ციფრი 0-ების რაოდენობასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.
8.4. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიუთითეს, რომ ტვირთი გამოიგზავნა C.-ის მიერ, რადგან 2018 წლის 30 იანვრის შეტყობინებაში ტვირთის გაგზავნის შესახებ ნახსენები არ არის. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმის სამართლებრივ შეფასებას და აცხადებს, რომ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით არ შეიძლებოდა იმგვარი დასკვნა, თითქოს მიწოდებული ნივთები იყო C.-ის მიერ წარმოებული, რადგან ოქმზე დართული ფოტომასალა ბუნდოვანია, მხოლოდ ექვს ყუთზეა მითითებული ბრენდის სახელწოდება, ხოლო თავად ყუთებში მოთავსებულ ნივთებზე ეს სახელწოდება დატანებული არ არის, რაც, კასატორის აზრით, ადასტურებს, რომ მიწოდებული ნივთები C.-ის არ არის.
8.5. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ მტკიცების ტვირთის არასწორი გადანაწილების საფუძველზე განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ხელშეკრულებაში მითითებული კოდების მოდულებთან მიმართების უნიკალურობა, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებში არსად იყო მითითებული ხელშეკრულებით შეთანხმებული კოდები, ამ შემთხვევაში სწორედ მოპასუხე უნდა ყოფილიყო ვალდებული, დაესაბუთებინა მიწოდებული საქონლისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული ნივთების იდენტურობა.
8.6. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დანართი N1-ის 1-ელ და მე-5 პოზიციებზე მითითებული საქონელი გამოშვებულია C.-ის მიერ, მიუხედავად იმისა, მწარმოებლად მითითებულია Nokia Siemens Networks-ი. ამასთან, მართალია, აპელანტის წარმომადგენელი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ Nokia Siemens Networks-ის წარმოება გაგრძელდა C.-ის სახელით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანია მზად იყო, მიეღო ამ ბრენდის სახელით დამზადებული საქონელი, მით უფრო მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაში მითითებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე საქონელი კასატორმა შეიძინა და მიიღო შპს „ი–გან“, ეს ფაქტი კი, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა შეფასების მიღმა დატოვეს.
8.7. კასატორი არ იზიარებს მიწოდებული საქონლის ექსპლუატაციაში არყოფნის შესახებ დასკვნას და აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდებსა და ალბათობებზე, რის გამოც მასზე სამართლებრივი დასკვნის დაფუძნება, არასწორია.
8.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, სს „ს.ს.ე–მის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 2017 წლის 9 ნოემბერს, სს „ს.ს.ე–მასა“ და შპს „ს.ბ.ს–ს“ შორის გაფორმდა #60-7-117-2487 შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დანართი N1-ით გათვალისწინებული შემდეგი საქონლის მიწოდება: 1) კვების მოდული S42024-L5349-A1, მწარმოებელი კომპანია: C., რაოდენობა - 1; 2) კვების მოდული TNX:A4B0000008807, მწარმოებელი: C., რაოდენობა - 5; 3) კვების მოდული TNX:A4B0000008808, მწარმოებელი: C., რაოდენობა - 6; 4) გაგრილების მოდული TNX:A4B0000008852, მწარმოებელი: C., რაოდენობა - 4; 5) გაგრილების მოდული TNX:A4B0000008846, მწარმოებელი C., რაოდენობა - 2. ხელშეკრულებას ახლავს დანართი N2, რომელიც განსაზღვრავს შესაძენი საქონლის ტექნიკურ პარამეტრებს. ხელშეკრულების დანართი N2-ის თანახმად, მისაწოდებელი საქონელი უნდა ყოფილიყო ქარხნული, ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი.
- მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 33 180,42 ლარით. ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველს მყიდველისთვის საქონელი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 მარტით. 2018 წლის 30 მარტის შეთანხმებით, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 31 მაისამდე, ხოლო 2018 წლის 31 მაისის შეთანხმებით - 2018 წლის 30 ივნისამდე;
- შპს „ს.ბ.ს–მა“ სს „ს.ს.ე–მას“ საქონელი მიაწოდა 2018 წლის 19 თებერვალს;
- მიწოდებული საქონელი სრულად აკმაყოფილებდა დანართი N2-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ პარამეტრებს;
- ყუთები და პოლიეთილენის ცელოფანი, რაშიც იდო მიწოდებული საქონელი, იყო გახსნილი;
- ხელშეკრულების დანართი N1-სა და დანართი N2-ში მითითებული კოდები არ ემთხვეოდა მიწოდებულ საქონელზე მითითებულ კოდებს;
- ხელშეკრულების დანართი N1-ის პირველ და მეხუთე პოზიციაზე მითითებულ კვების მოდულსა და გაგრილების მოდულზე, ნაცვლად C.-ისა, მითითებულია Nokia Siemens Network’s;
- 2018 წლის 28 თებერვლის #1148/07 წერილით, სს „ს.ს.ე–მამ“ შპს „ს.ბ.ს–ს“ აცნობა, რომ 2018 წლის 19 თებერვალს მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და შესაძლო მოკლე ვადაში, ხელშეკრულების შესაბამისი საქონლის მიწოდება მოსთხოვა. 2018 წლის 12 ივნისის წერილით, შპს „ს.ბ.ს–მა“ მოსარჩელეს აცნობა, რომ 2018 წლის 5 მარტის და 17 მაისის წერილებით მას მიეწოდა საქონლის ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და შემძენის მიერ საქონლის მიღება მოითხოვა. 2018 წლის 27 ივნისის წერილით სს „ს.ს.ე–მამ“ გამყიდველს აცნობა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა საქონლის ხელშეკრულებასთან შესაბამისობას. 2018 წლის 3 ივლისის წერილით, სს „ს.ს.ე–მამ“ შპს „ს.ბ.ს–ს“ აცნობა, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2018 წლის 30 ივნისს, შესაბამისად, შეთანხმებული პირობების შესაბამისი საქონლის მიუწოდებლობის გამო, გამყიდველს ერიცხებოდა პირგასამტეხლო 5 474,77 ლარი, რომელიც მას უნდა გადაეხადა წერილის ჩაბარებიდან 8 სამუშაო დღის ვადაში;
- სს „ს.ს.ე–მამ“ გაგრილებისა და კვების მოდულები, ასევე, მართვის მოდული, 2018 წლის 29 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა კომპანია შპს „ი–გან“;
14. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხედ დასახელებული კომპანიის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადგენა, ხოლო ამ გარემოების გადაწყვეტის შემდეგ, იმის შეფასება, სწორად ეთქვა თუ არა უარი მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
15. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), ამავე მუხლის მე-2 ნაწილი (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 487-ე მუხლი (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი), 488-ე მუხლი (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე) და ამავე კოდექსის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).
16. საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. არსებობს ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულებაც. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
17. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა და ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. შესაბამისად, მისი მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ, ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი საკანონმდებლო დანაწესების შეუსაბამო არ უნდა იყოს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობით. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
19. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ, ხაზგასასმელია, რომ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93). მოსარჩელისათვის სასურველი შედეგი, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურსამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებს მხარეთა მოთხოვნებსა და შესაგებელს, მხარეთა მოვალეობაა.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი) აღნიშნავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებები მიიღება და გროვდება განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა.
21. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „ს.ბ.ს–მა“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში - 2018 წლის 19 თებერვალს (მხარეთა შორის დადებული ბოლო 2018 წლის 31 მაისის შეთანხმებით, ხელშეკრულების შესრულების ვადა გაგრძელდა - 2018 წლის 30 ივნისამდე) და არა ვადის დარღვევით, როგორც ამას კასატორი უთითებს, უზრუნველყო სს „ს.ს.ე–მისთვის“ ნასყიდობის საგნის გადაცემა. მყიდველმა მიწოდებული ნასყიდობის საგანი იმ მიზეზით არ ჩაიბარა, რომ მიწოდებული შესყიდვის ობიექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა, კერძოდ, მხარემ მიუთითა, რომ მიწოდებული საქონელი იყო ნაკლიანი, ვინაიდან დანართში მითითებული მწარმოებელი კომპანია არ ემთხვეოდა მიწოდებულ საქონელზე მითითებულ მწარმოებელს, მიწოდებული საქონლის კოდები განსხვავდებოდა ხელშეკრულებაში მითითებული კოდებისაგან და საქონელი არ იყო ქარხნულად შეფუთული, როგორც საექსპლუატაციოდ მოუმზადებელი ნივთების შემთხვევაშია.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპასუხო შესრულებისგან მხარეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ის დაამტკიცებს, რომ მან ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვავებული, ან რაოდენობის ნივთი. ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ, ფასის შემცირების, წუნდებული ნივთის ახლით შეცვლის ან ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მეორეულ სახელშეკრულებო მოთხოვნებს წარმოუშობს, თუმცა მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოვალის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის დადასტურება, როგორც ეს სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად განსაზღვრა (იხ. სუსგ Nას-883-2021, 9.12.2021.წ) .
23. საკასაციო პალატა იზიარებს მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის უნაკლო ნივთების გადაცემის შესახებ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ სამართლებრივ დასკვნას. აღნიშნული დასკვნა ემყარება საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას, სახელდობრ: ხელშეკრულების დანართ N1-ის (ტომი 1, ს.ფ. 22) თანახმად მყიდველს უნდა გადასცემოდა: 1) კვების მოდული კოდით S42024-L5349-A1; 2) კვების მოდული კოდით TNX:A4B0000008807; 3) კვების მოდული კოდით TNX:A4B0000008808; 4) გაგრილების მოდული კოდით TNX:A4B0000008852; 5) გაგრილების მოდული კოდით TNX:A4B0000008846. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის მასალებით დასტურდება, რომ სს „ს.ს.ე–მას“ გადაეცა ხელშეკრულების დანართი N1-ში მითითებული პირველი პოზიციით გათვალისწინებული კვების მოდული, რომელზეც ნაცვლად კოდისა „S42024-L5349-A1“, მითითებულია S42024-L5349- A1-11 (ტომი 1, ს.ფ. 62, სურათი#13). ამდენად, სხვაობას წარმოადგენს მხოლოდ კოდის ბოლოს დამატებული ციფრები - „11“. სხვაობაა დანარჩენ პოზიციებზე მითითებული ნივთების კოდებსა და წარმოდგენილი საქონლის კოდებს შორისაც. კერძოდ, მე-2 პოზიციით გათვალისწინებული კვების მოდულის კოდად, ნაცვლად „TNX:A4B0000008807-სა“, მითითებულია TNX:A4B00008807-1, მე-3 პოზიციით გათვალისწინებული კვების მოდულის შემთხვევაში, ნაცვლად „TNX:A4B0000008808-სა“, მითითებულია TNX:A4B00008808-1. მე-4 პოზიციით გათვალისწინებული გაგრილების მოდულის კოდის „TNX:A4B0000008852-ის“ ნაცვლად, მითითებულია TNX:A4B00008852-1, ხოლო მე-5 პოზიციით გათვალისწინებული გაგრილების მოდულის კოდად, ნაცვლად „TNX:A4B0000008846-სა“, მითითებულია TNX:A4B00008846-1.
24. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შპს „ს.ბ.ს–ის“ მიერ წარმოდგენილია მას და კომპანია C.-ის ოფიციალურ დისტრიბუტორ - K. B. G-ს, შორის არსებული მიმოწერა, რომლის თანახმად, არტიკულის ნომრის დამატება -1, არის C.-ის შიდა ნომერი. ის გამოიყენება მაშინ, როცა ერთი ნივთი შედგება რამდენიმე არტიკულის ნომრისგან, კერძოდ, TNX:A4B0008808-1 ნიშნავს, რომ A4B0008808 შედგება ერთი ნივთისგან (ტომი 1, ს.ფ. 241). რაც შეეხება კოდებს შორის რიცხვი 0-ის რაოდენობის სხვაობას, შპს „ს.ბ.ს–ის“ მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 30 იანვრის შეტყობინება ტვირთის გაგზავნის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქონელთან ერთად გამოგზავნილია კომპანია C.-ის მიერ და აღწერს გამოგზავნილი პროდუქციის მახასიათებლებს (ტომი 1, ს.ფ. 118-122). საქმის განხილვისას, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გამოირკვა, რომ დოკუმენტის თარგმანში დაშვებულია ტექნიკური უსწორობა, კერძოდ, განსხვავებით ქართული თარგმანისგან, ინგლისურენოვან დოკუმენტში მითითებულია, რომ გამოგზავნილია მასალა, ნომრით TNX:A4B0000008808, რომელიც შედგება TNX:A4B00008808-1 კოდის მქონე ელექტრო მოდულისგან HIT 7025, რიგითი ნომრით NZ180300257, NZ180300261, NZ180300262, NZ180400303, NZ180400304, NZ180400308. ამავე დოკუმენტის მე-2 პოზიციაზე მითითებულია, რომ გამოგზავნილია მასალა ნომრით TNX:A4B0000008807, რომელიც შედგება TNX:A4B00008807-1 კოდის მქონე რიგითი ნომრებისგან: NZ180200126, NZ180200261, NZ180200267, NZ180200272, NZ180200283. მესამე პოზიციაზე მითითებულია, რომ გამოგზავნილია მასალა ნომრით TNX:A4B0000008852, რომელიც შედგება TNX:A4B00008852-1 კოდის მქონე შემდეგი ნომრის ნივთებისგან: NZ180400291, NZ180400292, NZ180400293, NZ180400294. ბოლო, მეოთხე პოზიციის თანახმად, გამოგზავნილია TNX:A4B0000008846 კოდის მქონე საქონელი, რომელიც შედგება TNX:A4B00008846-1 ნომრის მქონე გაგრილების მოდულებისგან, რიგითი ნომრებით: NZ180400289, NZ180400290. ფაქტების კონსტატაციის მასალებით დასტურდება, რომ გამოგზავნილ მოდულებზე სწორედ ზემოთ მითითებული ნომრებია გამოსახული. გამოკვლეული დოკუმენტი ცხადყოფს, რომ 1-ელ დანართში მითითებული კოდები თითოეული ნივთისთვის არ არის უნიკალური ნომერი და ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად, იდენტური ნიშნების მქონე ნივთს, შესაძლოა, მინიჭებული ჰქონდეს რამდენიმე ციფრით განსხვავებული კოდი. მაგალითისთვის „-1“-ის დამატებით მწარმოებელი უთითებს, რომ ყუთში განთავსებულია ერთი ცალი, იმავე კოდის საგანი. ამასთან, 2018 წლის 30 იანვრის ტვირთის გაგზავნის შესახებ შეტყობინებაში (ტომი 1, ს.ფ. 118-122) მითითებულია სწორედ დანართი 1-ით განსაზღვრული კოდი, მაგალითად, TNX:A4B0000008808 და დამატებით განმარტებულია, რომ ამ კოდის მქონე საგანი შედგება TNX:A4B00008808-1 კოდის ექვსი ყუთისგან, რომელთაგან თითოეულის ნომერია: NZ180300257, NZ180300261, NZ180300262, NZ180400303, NZ180400304, NZ180400308. ხოლო „-1“ ნიშნით განმარტებულია, რომ თითოეულ ყუთში განთავსებულია ერთი ცალი ნივთი.
26. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, როდესაც მყიდველმა განკუთვნადი და რელევანტური მტკიცებულებათა წარდგენის გზით, ვერ დაადასტურა ხელშეკრულების დანართებში მითითებული კოდების მნიშვნელობა/უნიკალურობა საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებით (კერძოდ, ვერ განმარტა, ხელშეკრულებაში მითითებულ კოდს რა უნიკალური მნიშვნელობა ჰქონდა მისაწოდებელ პროდუქტთან მიმართებით და რატომ არ შეიძლება განსხვავებული კოდით მიწოდებული პროდუქტი ყოფილიყო ტექნიკური თვალსაზრისით იდენტური), ასევე, ვერ გააქარწყლა ის ფაქტი, რომ კოდებს შორის სხვაობა ერთ შემთხვევაში ასახავდა ყუთში საქონლის რაოდენობას, მეორე შემთხვევაში კი, გამოწვეული იყო დოკუმენტაციის თარგმნისას დაშვებული შეცდომით, გასაზიარებელია მიწოდებული საქონლის ნივთობრივი ნაკლის არარსებობის შესახებ სააპელაციო პალატის დასკვნა. პალატა დასძენს, რომ წინამდებარე განჩინების 24-ე პუნქტში ასახული მტკიცების ტვირთის სათანადო დაძლევად, ვერ განიხილება მიმწოდებლის მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის შესახებ საკასაციო საჩივარში ასახული ვრცელი მსჯელობა, რადგან ნივთის ნაკლის დადასტურება არა მიმწოდებლის არამედ შემსყიდველის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რაც ვერ დაიძლევა მხოლოდ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების კრიტიკითა და ზეპირი ახსნა-განმარტებების მიცემით.
27. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს საკასაციო საჩივრის პათოსს მასზე, რომ ხელშეკრულების მე-5 პოზიციით გათვალისწინებული მოდულები წარმოებული უნდა ყოფილიყო C.-ის მიერ, თუმცა მიწოდებულ საქონელზე მწარმოებლად მითითებული იყო Nokia Siemens Networks-ი, რაც მიწოდებული საქონლის ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდებოდა. ამ მტკიცების საპირისპიროდ, საქმის მასალებში, წარმოდგენილია კომპანია C.-ის ოფიციალური დისტრიბუტორი - K.B. G.-ის, 2017 წლის 10 აპრილის წერილის, საიდანაც ირკვევა, რომ K.B. G. არის C.-ის ოფიციალური დისტრიბუტორი, რომელმაც კომპანია C.-თან ურთიერთობა დაიწყო ამ უკანასკნელის მიერ Nokia Siemens Network’s ოპტიკური საქმიანობის გამოსყიდვის შემდეგ. აღნიშნული წერილითა და მოპასუხის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ C.-მა შეიძინა Nokia Siemens Network’s-ის საწარმო, ამასთან, Nokia Siemens Network’s-ის სახელით წარმოებული საქონლის ამოწურვამდე ყიდდა, თუმცა არ განსხვავდებოდა შემდგომში C.-ის საქონლისგან. პალატის განსჯით, ამ გარემოების გასაბათილებლად არ გამოდგება მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება, რომლითაც ცდილობს, დაადასტუროს, რომ მოხმობილი წერილი არ არის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცემული, რადგან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ დაძლევა მხოლოდ იდენტური სამართლებრივი ძალის, განკუთვნადი და შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის გზითაა შესაძლებელი. მოხმობილ დასკვნას ვერც კასატორის ის მითითება ვერ აქარწყლებს, რომ მისი წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 13 ოქტომბერს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოთქმული თანხმობა, რომ Nokia Siemens Network’s-ის წარმოება გაგრძელდა C.-ის სახელით, არ ადასტურებდა შემსყიდველის მზაობას - მიეღო ამ კომპანიის წარმოების საქონელი. შესაბამისად, პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის იმ დასკვნას, რომ ხელშეკრულების N1 დანართის პირველი და მეხუთე პოზიციით გათვალისწინებულ საქონელზე მარტოოდენ, C.-ის ნაცვლად, მწარმოებლად Nokia Siemens Network’s-ის მითითება არ ადასტურებს მიწოდებული საქონლის ნივთობრივ ნაკლს, როგორც ეს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის დეფინიციითაა განმტკიცებული.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გარემოება შემსყიდველისთვის ახალი საქონლის (ექსპლუატაციაში არყოფნა) მიწოდების თაობაზე გამომდინარებს საქმის მასალებიდან, რის გამოც ამ ნაწილშიც სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია. პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 სექტემბერს, გაცემულ #5006079618 დასკვნას, საიდანაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი მოდულები (დაფები) არ იყო არც ერთხელ საექსპლუატაციოდ მზად. ექსპერტიზაზე წარდგენილი დაფები (პლატები) დათვალიერდა მიკროსკოპით, როდესაც მათზე მტვრის რაიმე ნაწილაკი არ აღმოჩნდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 74-86). სხვა მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, კასატორი ცდილობს, მოხმობილი წერილობითი მტკიცებულება მხოლოდ გაურკვეველი და ჰიპოთეტური ახსნა-განმარტებებით გააბათილოს, ეს კი მაშინ, როდესაც მას ეკისრებოდა არა შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლების, არამედ ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ ამ მიმართებითაც საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა შეჯამების სახით აღნიშნავს, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, საფუძველს მოკლებულია, როგორც ეს სრულიად მართებულად გადაწყვიტა სააპელაციო პალატამ.
30. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
სს „ს.ს.ე–მის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; სს „ს.ს.ე–მას“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 06.09.2023წ. №1693896649 საგადასახადო დავალებით გადახდილი და ლ.ქ–ძის (პ/ნ ......) მიერ 13.10.2023წ. №8114 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, ჯამში 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი