Facebook Twitter

საქმე №ას-1590-2023 21 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბ.კ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.უ–ის“ მიმართ სადაზღვევო თანხის ანაზღაურების დაკისრებისა და წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2021 წლის 19 აგვისტოს, სს „ს.კ.უ–სა“ და მოსარჩელე ბ.კ–ძეს შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცა დაზღვევის პოლისი. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა - MERCEDES-BENZ C300.

2.2. 2021 წლის 21 იანვარს, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელის კუთვნილი დაზღვეული ავტომობილი დაზიანდა. მოსარჩელემ იმავე დღეს, გონივრული ვადის ფარგლებით, გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ავტომანქანა დაზიანებული იყო მარცხენა უკანა მხარის რამდენიმე ადგილას, რომელიც მოპასუხის წარმომადგენელმა აღწერა და შეაფასა.

2.3. ავტომობილის გადაადგილება, დაზიანების გამო იყო შეუძლებელი, რის გამოც გადაიყვანეს სს „ს.კ.უ–ის“ ავტოგასამართ ცენტრში. ავტოსატრანსპორტო შემთხვევიდან 4 დღის შემდეგ, მოპასუხემ დაადგინა დაზიანების ხარისხი. მოსარჩელეს აცნობეს, რომ ავტომანქანის განთავსების ადგილზე იყო ცოცხალი რიგი, რის გამოც 1 თვემდე ვერ შეკეთდებოდა და მოსარჩელეს მოუწევდა დალოდება. მოსარჩელეს რაკი ესაჭიროებოდა ავტომანქანა, თავად შეაკეთა.

2.4. საბოლოოდ, მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიისგან მიიღო წერილი, რომლითაც აცნობეს, რომ უარს აცხადებდნენ მოსარჩელისთვის ზარალის ანაზღაურებაზე.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. მოპასუხის აზრით, დამზღვევმა დაარღვია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რის გამოც სადაზღვევო კომპანიას არ წარმოეშობოდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, ბ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სს „ს.კ.უ–ს“ მოსარჩელის, ბ.კ–ძის, სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო ანაზღაურება – 7000 ლარი. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სს „ს.კ.უ–მა“ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევა არ წარმოადგენდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის, რის გამოც სადაზღვევო კომპანიას მისი ანაზღაურების ვალდებულება მართებულად დაეკისრა.

5.3. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხე სადავოდ ხდიდა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევას ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, კერძოდ, მისი აზრით, მოსარჩელემ არასწორად შეატყობინა მზღვეველს დაზღვევის ობიექტის დაზიანების შემთხვევის დროის, ადგილისა და ვითარების თაობაზე. ეს აპელირება სააპელაციო პალატამ მოპასუხის მიერ სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობის მოტივით არ გაიზიარა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის გაყალბებული ინფორმაციის მიწოდების ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.

5.4. მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ მიუთითეს ექსპერტმაც და მოწვეულმა სპეციალისტმაც, კერძოდ, მათ ტექნიკურად დასაშვებად მიიჩნიეს დასკვნაში აღწერილის საწინააღმდეგოდ მოვლენების განვითარება. შესაბამისად, პალატამ უფრო მაღალი ალბათობით დასაშვებად მიიჩნია ის ვერსია, რაც მოსარჩელემ წარმოადგინა, ვიდრე მოპასუხის მითითება, რომ მოსარჩელემ დაზიანებული ავტომანქანა კონკრეტულ ადგილზე გადააადგილა, მაშინ, როდესაც სადაზღვევო კომპანიას დასჭირდა ევაკუატორით ტრანსპორტირება.

5.5. საქმის მასალების ერთობლივი შეფასებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ავტომანქანის აღმოჩენის შემდეგ სადაზღვევო კომპანიისათვის მიმართვა და საპატრულო პოლიციის ინფორმირება არ ტოვებდა გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ მან დაზიანებული ავტომანქანით მოახერხა გადაადგილება კონკრეტულ ადგილამდე, მით უფრო მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი, რომ დამზღვევის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იყო წინასწარ შეცნობით არაზუსტი ან ყალბი, სადაზღვევო კომპანიას ეკისრებოდა, წარმატებით ვერ განახორციელა.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.კ.უ–მა,“ რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის დარღვევით. მხარე უთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება მოიცავს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დათქმებს, რომლის წარმოშობაც განაპირობებს მზღვეველის ვალდებულებას, აანაზღაუროს ზიანი. ამავე ხელშეკრულების 2.13 მუხლის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევა არის - წინამდებარე პირობებით/პოლისით გათვალისწინებული სადაზვევო რისკების გარეგანი ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, რომელიც წარმოშობს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას და რომელიც უნდა დადასტურდეს მზღვეველის მიერ შედგენილი და მხარეთა მიერ ხელმოწერილი აქტით, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის ფაქტი უნდა დგინდებოდეს უტყუარად. სადაზღვევო ურთიერთობისთვის დამახასიათებელია მხარეთა არათანაბარი ინფორმირებულობა ერთი და იმავე საკითხის შესახებ. შესაბამისად, ხელშეკრულება დაზღვეულს ავალდებულებს სადაზღვევო კომპანიას მიაწოდოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია. დაუშვებელია, ზიანის ანაზღაურებას საფუძვლად დაედოს არასწორი ინფორმაცია, რადგან ხელშეკრულებისა და კანონის საწინააღმდეგოდ ზარალის ანაზღაურება გამოიწვევს დამზღვევის უსაფუძვლო გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება თავად დაზღვევის მნიშვნელობას.

6.2. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად დაუკავშირა თანხის ანაზღაურების ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგენის ფაქტს, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის პატაკი, სადაც დაფიქსირებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მასზე, რომ დაზღვეულ პირს ავტომანქანა დაზიანებული დახვდა. პატაკით არ დგინდება სადაზღვევო შემთხვევა. რაც შეეხება თავად რისკს - ავტოსაგზაო შემთხვევას, კასატორის მტკიცებით, ამის შესახებ დაზღვეულ პირსაც არ მიუთითებია, რისკად დასახელდა დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.

6.3. კასატორი აცხადებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1.18, 4.4.8. და 4.4.9 პუნქტების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულება არ არსებობს თუ მიწოდებული არ არის სწორი და სრული ინფორმაცია, ასევე, თუ კომპეტენტური ორგანოების მიერ შეუძლებელია შემთხვევის გამომწვევი ვითარების დადგენა. კასატორს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დამზღვევმა დაარღვია სადაზღვევო კომპანიისთვის სწორი და სრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რადგან მოპასუხე მხარის ინიციატივით დანიშნული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნიდან არ დგინდება სადავო დაზიანების მიყენების შესაძლებლობა ავტომანქანის სტატიკურად ყოფნისას, აღმოჩენის ადგილზე.

6.4. კასატორის მითითებითვე, სააპელაციო პალატამ არასწორად მიანიჭა უპირატესობა მისივე ინიციატივით მოწვეული ექსპერტის მიერ მიცემულ ჩვენებას, რადგან ეს მტკიცებულებაც ხასიათდებოდა ისეთივე ალბათობის შემცველი ტერმინოლოგიით („ალბათ“, „სავარაუდოდ“, „არ იყო აუცილებელი“, „ფოტოსურათით დადგენა შეუძლებელია“, „სავარაუდოდ“, „არ იყო აუცილებელი“, „ჯერ სავარაუდოდ მოედო ბამპერი“, „ფოტოსურათზე აღნიშნული დაზიანება შეიძლება მომხდარიყო იმ ადგილას“ და ა.შ), როგორც მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ამიტომ კასატორისთვის გაუგებარია, სასამართლომ გამოკითხული ექსპერტის მოსაზრებას რატომ მიანიჭა უპირატესი მნიშვნელობა.

6.5. კასატორი უთითებს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის შესახებ (2ბ-6304-22), რომლის თანახმად, საპატრულო პოლიციის ცნობაში ან პატაკში მხოლოდ მხარის მიერ გაცხადებული ინფორმაცია არ არის რელევანტური მტკიცებულება, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ამ პრაქტიკას.

6.6. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებითაც და განმარტავს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება დამადასტურებელი იმისა, ავტომობილის დაზიანებები ნამდვილად აღდგენილია და კონკრეტულად რა ფასად, ამიტომ უსამართლოა სასამართლოს მიერ მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებებზე დაფუძნებული დასკვნა, რომლის თანახმადაც დაზიანებული ავტომობილის აღდგენისთვის გადახდილია 7000 ლარი. მეტიც, კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელის მითითების თანახმად, მას არ შეუნახავს ქვითრები, რაც მიანიშნებს, რომ ასეთი ხარჯი საერთოდ არ გაწეულა. სასამართლოს მხრიდან იმ ფაქტის გაზიარება, რომ მხარემ, მიუხედავად შესაძლო სასამართლო დავის რეალური მოლოდინისა, გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით არ შეინახა აღნიშნული დოკუმენტაცია ან შემდგომში არ შეეცადა მის განმეორებით მოპოვებას, არ გამომდინარეობს საკანონმდებლო მოთხოვნებიდან. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს შეეძლო, გაექარწყლებინა მოპასუხის სერვისცენტრის მიერ შედგენილ ინვოისში მითითებული ფასები და სხვა ალტერნატიული სერვისცენტრის ინვოისი წარმოედგინა, თუმცა მხოლოდ ის მითითება, რომ ბაზრობაზე არ გაიცემა ქვითრები ან ასეთი ქვითრები მხარეს არ შეუნახავს, არ შეიძლებოდა გათვალისწინებულიყო ზიანის საბაზრო ღირებულების გამოთვლის დროს.

6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2021 წლის 19 აგვისტოს, სს „ს.კ.უ–ს“ და მოსარჩელე ბ.კ–ძეს შორის, გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცა დაზღვევის N116312 პოლისი. მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებით, დამზღვევ პირად განისაზღვრა მოსარჩელე, ბ.კ–ძე, ხოლო დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა - MERCEDES-BENZ C300, სახელმწიფო ნომრით ......., საიდენტიფიკაციო კოდით - ........;

- სადაზღვევო პოლისის თანახმად, დაზღვეული ავტოტრანსპორტის სადაზღვევო ღირებულებად განისაზღვრა 8000 აშშ დოლარი. სადაზღვევო რისკებს წარმოადგენდა სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტოკასკო), მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა და მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა. სადაზღვევო თანხად, სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევისთვის განსაზღვრული იყო 8000 აშშ დოლარი, ხოლო სადაზღვევო პრემიად – 336.10 აშშ დოლარი, რომელიც დამზღვევმა სრულად გადაიხადა 2021 წლის 19 აგვისტოს, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების დღეს (იხ. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისი N116312, ს.ფ.25-26; 2021 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულება, ს.ფ. 122-142, 2021 წლის 19 აგვისტოს ინვოისი, ს.ფ. 27-28);

-2022 წლის 21 იანვარს დამზღვევმა სატელეფონო შეტყობინებით და განცხადებით მიმართა მზღვეველს (მოპასუხეს) და განაცხადა, რომ ქ.თბილისში, ......ქუჩაზე, კუთვნილი დაზღვეული ავტომანქანა MERCEDES BENZ C300, სახელმწიფო ნომრით: ........., დახვდა დაზიანებული, კერძოდ, ავტომანქანას დაზიანებული აქვს უკანა მხარე;

- საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის 2022 წლის 21 იანვრის პატაკის თანახმად, ამავე დღეს, დაახლოებით 22:50 საათზე, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ.თბილისში, ........, სადაც დახვდათ მოქალაქე ბ.კ–ძე, რომლის გამოკითხვითაც დადგინდა, რომ მან აღნიშნულ მისამართზე, დაახლოებით 20:00 საათზე, გააჩერა ავტომანქანა, რომელიც 22:40 საათზე დახვდა დაზიანებული შეჯახების შედეგად. ავტომანქანას დაზიანებული აქვს უკანა მარცხენა მხარე, ფრთა, ბამპერი, ფარი, სავალი ნაწილი. ავტომანქანა არის დაზღვეული (იხ. 2022 წლის 21 იანვრის პატაკი, ს.ფ. 30);

- განთავსების ადგილიდან სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ევაკუატორით ტრანსპორტირდა დაზიანებული ავტომანქანა ზარალის შეფასების მიზნით (დამატებით, იხ. ბ.კ–ძის 2022 წლის 5 თებერვლის წერილი, ს.ფ. 33-35, მოწმე ლ.ი–ძის ჩვენება);

- 2022 წლის 31 იანვარს სადაზღვევო კომპანიამ, ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მიმართა ექსპერტს - გ.ბ–ძეს. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვა: ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევა არის თუ არა მომხდარი თანდართულ დოკუმენტებში და ფოტოებზე მოცემულ ადგილას?“ ექსპერტის დასკვნაში მითითებულია, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი და დოკუმენტებში აღწერილი დაზიანება, დიდი ალბათობით, ფოტოებზე ნაჩვენებ და დოკუმენტებში აღწერილ ავტომანქანის დგომის ადგილას არ წარმოშობილა. ექსპერტიზის დასკვნა ემყარება კვლევას, რომელიც გაიმართა ფოტომასალის, პატრულ-ინსპექტორის პატაკისა და შპს „პ.მ.ჯ–იის“ ინვოისის საფუძველზე. დასკვნაზე თანდართული ფოტოსურათები გადაღებულია ღამით, ქუჩის ლამპიონების განათების პირობებში (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 187- 206);

- მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება. მოპასუხემ კი, 2022 წლის 4 თებერვლისა და 8 თებერვლის წერილებით უარი უთხრა მოსარჩელეს ზარალის ანაზღაურებაზე შემდეგი მოტივით: მზღვეველის მიერ გამართული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სადაზღვევო კომპანიამ დადგენილად მიიჩნია, რომ დამზღვევის მიერ გაცხადებულ დროსა და ადგილზე არ ვლინდებოდა დაზიანება. შესაბამისად, დამზღვევმა დაარღვია დაზღვევის ხელშეკრულების 4.1.18, 4.4.8 და 4.4.9 პუნქტები, რომელთა თანახმადაც, დამზღვევი ვალდებულია, მზღვეველს წარუდგინოს სწორი, ნამდვილი საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაადასტუროს მის მიერ გადმოცემული, განმარტებული თუ განაცხადში მითითებული ფაქტები (იხ. სს „ს.კ.უ–ის“ 2022 წლის 4 თებერვლისა და 2022 წლის 8 თებერვლის წერილები, ს.ფ. 31-32 და 36; სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა განმარტებები);

- მოსარჩელემ საკუთარი ხარჯით უზრუნველყო კუთვნილი დაზიანებული ავტომობილის შეკეთება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა განმარტებები);

- შპს „ა–ს“ მიერ 2022 წლის 18 თებერვალს შედგენილ ინვოისში მითითებულია, რომ მოსარჩელის კუთვნილი, დაზიანებული ავტომობილის MERCEDES BENZ C300, სახელმწიფო ნომრით: ........, აღდგენისათვის აუცილებელი ნაწილებისა და შესასრულებელი სამუშაოების ფასი შეადგენს 13 991 ლარს, რომელიც მოიცავს როგორც ავტომანქანის სათადარიგო ნაწილების, ასევე – შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებას (იხ. 2022 წლის 18 თებერვლის შპს „ა–ს“ ინვოისი, ს.ფ. 37-38);

- 2022 წლის 25 იანვარს შპს „პ.მ.ჯ–იის“ მიერ მზღვეველის დაკვეთით შედგენილია ინვოისი, რომლის მიხედვით ავტომანქანის აღდგენის ღირებულება დათვლილია მეორეული ავტონაწილების ფასებით. ინვოისში ავტონაწილებისა და შესასრულებელი სამუშაოების საერთო ღირებულება განსაზღვრულია 2220 ლარით;

- სადავო შემთხვევამდე, 2021 წლის 2 ნოემბერს დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, ამავე სადაზღვევო პოლისის საფუძველზე, მზღვეველმა მოსარჩელეს აუნაზღაურა 455 ლარის ზარალი;

12. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სამოქალაქო კოდექსის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).

14. მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

15. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს. სადაზღვევო ინტერესის ცნება განიხილება ეკონომიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით. ეკონომიკური არსი განპირობებულია ქონების ღირებულებითი ეკვივალენტურობით. რაც შეეხება სადაზღვევო ინტერესის სამართლებრივ შინაარსს, მას დაცვითი ფუნქცია აქვს და გულისხმობს პირის იურიდიულ კავშირს სადაზღვევო ობიექტის მიმართ. ამ კუთხით, სადაზღვევო ინტერესი განისაზღვრება, როგორც დამზღვევის გონივრული ზრუნვა და სურვილი, დაიცვას საკუთარი სიკეთე სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენისაგან.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია, კერძოდ:

17. სარჩელი დაკმაყოფილებადი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი, ანუ მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი წარმოშობის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) პირს ზიანი ადგება.

18. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ Nას-1181-2020, 28 იანვარი, 2021 წელი).

19. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ არ იკვეთებოდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, ამასთან, სადაზღვევო რისკის არსებობის შემთხვევაშიც, დაზღვეულმა პირმა კომპანიას მიაწოდა ყალბი ინფორმაცია, რაც სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას გამორიცხავდა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის პათოსს და განმარტავს, რომ ამ შედავებას მხარე ამყარებს მის მიერ წარმოდგენილ 2022 წლის 31 იანვრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, ფოტოებზე აღბეჭდილი და დოკუმენტებში აღწერილი დაზიანება, დიდი ალბათობით, არ წარმოშობილა ფოტოებზე ნაჩვენებ და დოკუმენტებში აღწერილ ავტომანქანის დგომის ადგილას. ექსპერტიზის დასკვნა ემყარება კვლევას, რომელიც გაიმართა მოპასუხის მიერ წარდგენილი ფოტომასალის, პატრულ-ინსპექტორის პატაკისა და შპს „პ.მ.ჯ–იის“ ინვოისის საფუძველზე.

20. 2023 წლის 3 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტიზის დასკვნის შემსრულებელი ექსპერტი - გ.ბ–ძე, რომელმაც მიუთითა, რომ არის პროფესიით ავტო ინჟინერი და შეკვეთის შემთხვევაში მართავს ავტოტექნიკურ ექსპერტიზას, ხოლო მოპასუხე არის მისი ერთ-ერთი დამკვეთი. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მან უშუალოდ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, თუმცა, მოგვიანებით, ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო დღეს არ დაუთვალიერებია. დამატებით კი მიუთითა, მართალია, ყველა შემთხვევაში არ შეიძლება ავტოტექნიკური ექსპერტიზა ფოტოსურათებით, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ჩამონაყრის კვალის არარსებობის დადგენა. მისი თქმით, ფოტოებზე ჩანს, რომ ასფალტი მშრალია. ამინდი შეამოწმა კონკრეტულ დღეს და არ იყო ქარი. ტალახის ჩამონაყარი მაინც უნდა ყოფილიყო ადგილზე, თუნდაც ახალი გარეცხილი მანქანიდან - საბურავიდან, ფრთის შიდა ნაწილებიდან და ა.შ. ნამტვრევები ამ ავტომანქანიდან არ იქნებოდა ჩამოყრილი, მაგრამ შემჯახებლიდან რაიმე სახის ნამტვრევი მაინც უნდა ჩამოვარდნილიყო. ექსპერტმა დაკითხვისას დაუშვა ის შემთხვევაც, რომ შესაძლოა, არ გაცურებულიყო საბურავი და შემობრუნებულიყო. რაც შეეხება მსგავსი შეჯახებისთვის საჭირო სიჩქარეს - 15 კმ/სთ-ით მაინც უნდა ემოძრავა მანქანას, თუმცა, ზუსტად თქმა შეუძლებელია. წარმოდგენილ ფოტოსურათებში არ ჩანდა შეჯახების შედეგად ჩამონაყარი, თეორიულად შესაძლო იყო ქარსაც გაეფანტა. საბოლოოდ, მისი განმარტებით, ტექნიკურად შესაძლებელია ყველა გარემოების საწინააღმდეგოს დაშვებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენიმე გარემოება დაემთხვა ერთმანეთს, არ იყო ჩამონაყარი, არ იყო გაცურების კვალი, არ იყო საკმარისი მანძილი დიდი სიჩქარის განვითარებისა და ძლიერი შეჯახებისთვის, შეჯახების ხმას არავინ გამოხმაურებია. ამან განაპირობა საბოლოო დასკვნა, რომ დიდი ალბათობით, შეჯახება კონკრეტულ ადგილას არ ყოფილა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ დაზიანებული ავტომობილი ორ მანქანას შორის დგას, დასკვნისთვის გადამწყვეტი არ არის და, უბრალოდ, აღწერისთვის არის მითითებული დასკვნაში. ამასთან, ექსპერტმა განმარტა, რომ ტექნიკურად შესაძლებელი იყო, რაღაც მანძილი გაევლო ავტომანქანას მსგავსი დაზიანებით, შემობრუნებული საბურავით, დაახლოებით, ნახევარ კილომეტრამდე. უფრო მეტ მანძილზე გავლისას ბევრი რამ დაუზიანდებოდა ავტომანქანას (იხ. 2023 წლის 3 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:34:27-13:02:35).

21. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება არ იყო იმპერატიული და ექსპერტმა გარკვეულწილად განსხვავებულად შეაფასა დასკვნაში მითითებულ გარემოებები, სასამართლოს ინიციატივით მოწვეულ იქნა სპეციალისტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის მთავარი ექსპერტი - გ.თ–ძე. სპეციალისტმა 2023 წლის 3 თებერვლის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის მთავარი ექსპერტი 6-წლიანი გამოცდილებით. სასამართლო სხდომაზე, სპეციალისტს წარედგინა საქმეში მტკიცებულების სახით არსებული, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის ფოტოსურათები, დაესვა ექსპერტიზის დასკვნაში ასახული არგუმენტების შესახებ ზარალი, მათი შესწავლისა და შეფასების მიზნით.

22. სპეციალისტმა ფოტოსურათების გაცნობის შემდეგ განმარტა, რომ ფოტოებზე არსებული დაზიანებები მიუთითებს გასმით შეჯახებაზე, რომელსაც ჩამონაყარი არ ექნებოდა. მართალია, უკანა მარჯვენა საბურავი დეფორმირებულია, თუმცა არ არის აუცილებელი, ყოფილიყო ჩამონაყარი, ვინაიდან შეჯახების შემდგომ რაიმე დიდი კვალის დატოვება, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, არ იყო აუცილებელი. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული დაზიანებით ავტომანქანის გადაადგილება თუნდაც 7 კილომეტრის მანძილზე, თეორიულად შესაძლებელია, თუმცა აუცილებლად დატოვებდა კვლებს საბურავის ღერძზე, რაც იქნებოდა თვალსაჩინო. სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ არ იყო აუცილებელი, ასფალტის ზედაპირზე ყოფილიყო გაცურების კვალი. საბურავის შემობრუნებას, სავარაუდოდ, გამოიწვევდა, საბურავის საბურავზე ზეწოლა, რაც მოცურებასა და გადაადგილებას არ გამოიწვევდა. გაცურებისა და გადაადგილების შემთხვევაში საბურავი აღარ შემობრუნდებოდა. დიდი სიჩქარით შეჯახება არ იქნებოდა აუცილებელი ამგვარი დაზიანებისთვის. შესაძლოა, 10 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის საბურავი მიაწვა იმ კუთხით საბურავს, რომელი კუთხით დატვირთვაზეც არ არის გათვლილი ავტომანქანის უკანა საბურავი და სწორედ ეს გამოიწვევდა შემობრუნებას. უკნიდან წინ მიმართულმა ძალამ საბურავი ამგვარად მოაბრუნა ღერძის მიმართ. ამასთან, მიუთითა, რომ სატრანსპორტო ტრასოლოგია ფოტოსურათებით დაუშვებელია. ფოტოებში ჩანს, რომ საბურავი გადაადგილებულია და შიგნით რაღაც დაზიანება არის, თუმცა კონკრეტულად რა, ამის ფოტოსურათით დადგენა შეუძლებელია. სპეციალისტმა ასევე განმარტა, რომ შესაძლებელია, ერთი შეჯახების შედეგად ერთდროულად დაზიანდეს ბამპერიც, მაშუქიც („სტოპიც“) და საბურავიც. სავარაუდოდ, ჯერ მოედო ბამპერი უკანა ბამპერს, დეფორმირდა, შემდეგ შემჯახებელი ავტომანქანის წინა საბურავი მიაწვა დაზიანებული ავტომანქანის უკანა საბურავს და ამან გამოიწვია მისი შემობრუნება ღერძის მიმართ. გადაადგილების, გაცურების კვალი როცა არსებობს, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ შეჯახება იმ ადგილას იყო, მაგრამ როცა ასეთი კვალიც კი არ ჩანს, ფოტოსურათებზე ასახული დაზიანება შეიძლებოდა იმ ადგილას, სადაც ავტომანქანა დგას ისე, რომ გადაადგილების კვალი არ დარჩენილიყო (იხ. 2023 წლის 3 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:17:45-12:31:17).

23. მართალია, ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის გაურკვეველია, სააპელაციო პალატამ რატომ მიანიჭა უპირატესობა სპეციალისტის ჩვენებას ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით, რადგან ორივე მათგანი სავარაუდო ფაქტებს ასახავდა, თუმცა ეს პრეტენზია რამდენიმე საფუძვლითაა დაუსაბუთებელი. უპირველესად, ხაზგასასმელია, რომ, როგორც ექსპერტს, ასევე სპეციალისტს ობიექტურად არ შეეძლოთ იმპერატიული დასკვნის გაცემა, რადგან არცერთ მათგანს არ შეუმოწმებია ავტომობილის შემთხვევის ადგილზე, სადაზღვევო შემთხვევის გაცხადების დროს ამგვარი მტკიცებულების დანაკლისი კი მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის მტკიცების ტვირთის ნაკლია, რადგან სწორედ მას შეეძლო და ვალდებულიც იყო, საეჭვოობის შემთხვევაში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა გაემართა. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არაიმპერატიული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი შეცილებულია თავად ამ დასკვნის შემდგენი ექსპერტისა და სპეციალისტის მიერ, რომელიც თუნდაც არაიმპერატიულად, მაგრამ განსხვავებული გარემოებების მამტკიცებლად განმარტავს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დისპოზიციის ფარგლებში, ვინაიდან აშკარაა თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ხოლო ერთ-ერთი მათგანი (სპეციალისტის ჩვენება) მეტად სარწმუნოა, რადგან მეტად დამაჯერებლად აღწერს მოვლენათა განვითარების შესაძლო ჯაჭვს, მტკიცებითი უპირატესობა სწორედ მას უნდა მიენიჭოს.

24. უადგილოა კასატორის ის შედავებაც, რომ საქმის მასალებით უდავოდ დგინდება ავარია სადავო ადგილზე. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის ისეთი ყალბი ინფორმაციის მიწოდება, როგორზეც მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს, არა მხოლოდ სამოქალაქო დავის მოსარჩელის საწინააღმდეგოდ გადასაწყვეტად, არამედ სისხლისსამართლის ნორმებით დასჯადი ქმედების შემადგენლობას ქმნის, რის გამოც ხელშეკრულების ძლიერ მხარეს - სადაზღვევო კომპანიას, ასეთი ბრალდების განსაკუთრებით მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აქვს. როგორც ეს სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად განმარტა, ასეთი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, მეტიც ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც კასატორი თავის არგუმენტებს აყრდნობს, არაიმპერატიულია და თავად ექსპერტმა, გამოკითხვის დროს დაუშვა, რომ მოვლენათა აღწერა, რომელსაც ემყარება მისი დასკვნა, შესაძლოა, საპირისპიროდაც განვითარებულიყო. მისივე განმარტებით, დასკვნაში მითითებული დასკვნების საწინააღმდეგო მოვლენათა განვითარებაც დასაშვები იყო, მხოლოდ რამდენიმე ფაქტორის თანხვდენამ განაპირობა, აღწერილ ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევის არარსებობა ევარაუდათ. საკასაციო პალატის აზრით, ასეთი სათუო, საორჭოფო და არამყარი მოსაზრებები არ შეიძლება მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმას დაედოს საფუძვლად.

25. საკასაციო საჩივრის მეორე ძირითადი არგუმენტი ემყარება იმ გარემოებას, რომ სადავო გარემოებაში არ იკვეთებოდა სადაზღვევო შემთხვევა. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად დაუკავშირა თანხის ანაზღაურების ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგენის ფაქტს, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის პატაკი, სადაც დაფიქსირებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მასზე, რომ დაზღვეულ პირს ავტომანქანა დახვდა დაზიანებული. პოლიციის პატაკით არ დგინდება სადაზღვევო შემთხვევა. რაც შეეხება თავად რისკს - ავტოსაგზაო შემთხვევას, კასატორის მტკიცებით, მის შესახებ დაზღვეულ პირსაც არ მიუთითებია, არამედ რისკად მიუთითა - დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ ავტოდაზღვევის ხელშეკრულების მიზნობრივი განმარტებიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო შემთხვევას წარმოადგენს დაზღვეული მანქანის მონაწილეობით ან მისი მოძრაობის დროს, ამავე მანქანაზე, ქონებაზე ან მესამე პირის მიმართ წარმოშობილი ზიანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა, ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი, საქმე №ას-653-2019 14 ივლისი, 2021 წელი). შესაბამისად, საქართველოში დადგენილი მართლწესრიგის შესაბამისად, სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (იხ. სუსგ-ები: Nას-147-1067-2017 , 29.12.2017წ: N ას-462-2022, 24.06.2022წ). შეჯამების სახით პალატა მხარეს განუმარტავს, რომ, ვინაიდან გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების საგამონაკლისო შემთხვევებით ერთმნიშვნელოვნად გამორიცხული არ არის, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას, ასეთი შემთხვევა შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს სადაზღვევო შემთხვევად. მხოლოდ ის გარემოება, რომ დამზღვევმა პოლიციას არ განუცხადა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ, ვერ გახდება ამგვარი ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. გარდა ამისა, არარელევანტურია კასატორის ის არგუმენტიც, რომ საპატრულო პოლიციას შემთხვევა არ დაუკვალიფიცირებია ავტოსაგზაო შემთხვევად, რაც სადაზღვევო შემთხვევის არსებობას გამორიცხავდა. ნიშანდობლივია, აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად სამართალდამრღვევად არ მიჩნეულა და საპატრულო პოლიციის მიერ არ გამოწერილა ჯარიმა, რაც ნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მომწესრიგებელი ნორმები ვერც იქნებოდა გამოყენებული. შესაბამისად, ამ საქმეზე, პატაკში მხოლოდ ფაქტების კონსტანტაციაა მოცემული, საპატრულო პოლიცია კი, სწორედ სადაზღვევო კომპანიის მითითებით გამოიძახეს, რის გამოც დავის არსთან შეუსაბამოა კასატორის მიერ მოხმობილი სასამართლო პრაქტიკაც.

26. რაც შეეხება კასატორის შედავებას მისთვის დაკისრებულ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ იმ მსჯელობას, რომ ავტომანქანის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მისი აღდგენის ღირებულება, როგორც სათადარიგო (მეორეული, დანიშნულებისამებრ ვარგისი) ნაწილების, ასევე, სამუშაოების გათვალისწინებით, არ შეიძლება ჩაითვალოს არაგონივრულად, რადგან იგი ავტორიზებულ ცენტრში ავტომანქანის შეკეთებისათვის აუცილებელ ხარჯებზე ორჯერ ნაკლებია. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ ვალდებული არამარტო მოსარჩელეა, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეც – უტყუარად დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში ასახული გარემოებები. პალატა მიიჩნევს, რომ დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო, საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად თავადაც წარმოედგინა არსებითი მტკიცებულება, რომელიც ავტომანქანის დაზიანებებთან გონივრული და შესაბამისი იქნებოდა.

27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: საქმე №ას-1129-2023, 26 დეკემბერი, 2023 წელი).

28. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას. კასატორის პრეტენზიების პასუხად კი განმარტავს, რომ საქმეზე მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი გარემოებებით დადასტურებულია ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი და არ იკვეთება მძღოლის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის/მოპასუხისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელი გარემოებანი. აქედან გამომდინარე, ვლინდება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.კ.უ–ს“ (ს/კ: ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 18.12.2023წ. №5811948 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 350 ლარის, 70% - 245 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი