საქმე №ას-1214-2023 26 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ტ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შპს ,,ჯ.ტ–ის“ მიმართ და პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდ. შემსყიდველი) და შპს "ჯ.ტ–ს" (შემდ. მიმწოდებელი) შორის 2020 წლის 13 ნოემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N653, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა თავდაპირველად 2021 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, ხოლო შემდგომ 16.02.2021 წლის N653/1 შეთანხმების ოქმის საფუძველზე გაგრძელდა და დადგინდა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით, ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერსონალური კომპიუტერების (შემდგ. "საქონელი") შესყიდვა, ზემოხსენებული ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 53688.82 ლარით.
2.2. 2020 წლის 13 ნოემბრის N653 ხელშეკრულების 16.8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 10%, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%. ხელშეკრულების თანახმად, საქონელი უნდა მიწოდებულიყო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ე.ი 2020 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა მიმწოდებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა საქონლის მიუწოდებლობით, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვის დეპარტამენტის მიერ 23.04.2021 წლის 653-1 პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აქტით შპს "ჯ.ტ–ის" დაეკისრა პირგასამტეხლო თანხის, 10 737.76 ლარის, გადახდა. როგორც აღინიშნა, შპს "ჯ.ტ–ის" მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის დაეკისრა პირგასამტეხლოს - 10737.76 ლარის გადახდა, თუმცა, მიუხედავად გაფრთხილებისა, აღნიშნული თანხა მოპასუხის მიერ ამ დრომდე არ ანაზღაურებულა.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ კომპანიამ არაერთი მტკიცებულება წარუდგინა შემსყიდველს, რითაც ადასტურებდა ფორსმაჟორულ ვითარებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, შემსყიდველმა არ გაითვალისწინა და დღეს უკანონოდ ითხოვს მხარის მიერ პირგასამტეხლოს გადახდას. მოპასუხე ადასტურებს საქონლის მიუწოდებლობის ფაქტს და აცხადებს, რომ ამის მნიშვნელოვანი მიზეზია ფორსმაჟორული ვითარება, რის გამოც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შესრულდა. ქარხანა, რომლიდანაც უნდა შესყიდულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, პანდემიის გამო დროებით დაიკეტა და, ვინაიდან სხვა მოდიფიკაციის საქონლის მიწოდება სატენდერო ურთიერთობის ფარგლებში ვერ ხერხდებოდა, მოსარჩელემ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი შპს ,,ჯ.ტ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 5368.8 ლარის გადახდა დაეკისრა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას, არ გამოიკვლია გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დასდებოდა მის შემცირებას. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირა, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 420-ე მუხლის მიზანს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
9.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.
10.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შპს "ჯ.ტ–ის" შორის 2020 წლის 13 ნოემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N653, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა თავდაპირველად 2021 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, ხოლო შემდგომ 16.02.2021 წლის N653/1 შეთანხმების ოქმის საფუძველზე გაგრძელდა და განისაზღვრა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით, აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებით - გათვალისწინებული პერსონალური კომპიუტერების შესყიდვა. ზემოხსენებული ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 53 688.82 ლარით.
10.2. 13.11.2020 წლის N653 ხელშეკრულების 16.8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 10%, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%.
10.3. ხელშეკრულების თანახმად, საქონელი უნდა მიწოდებულიყო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ე.ი 2020 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა მიმწოდებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა საქონლის მიუწოდებლობით, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვის დეპარტამენტის მიერ 23.04.2021 წლის 653-1 პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აქტით შპს "ჯ.ტ–ის" დაეკისრა პირგასამტეხლო - 10 737.76 ლარის გადახდა.
10.4. შპს "ჯ.ტ–ის" მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის დაეკისრა პირგასამტეხლოს - 10 737.76 ლარის გადახდა, თუმცა, მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ ამ დრომდე არ ანაზღაურებულა.
11. მოსარჩელის (შემსყიდველის) მოთხოვნაა, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხისათვის (მიმწოდებლისათვის) პირგასამტეხლოს დაკისრება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477.1 მუხლის პირველი ნაწილი (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
12. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულია ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. კერძოდ, მყიდველს პროდუქცია მიაწოდა ვადის დარღვევით. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა (მოპასუხეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია). სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
13. დაუსაბუთებელია, კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს არაგონივრულად შემცირების თაობაზეც. პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.
14. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (შდრ. ას-144-140-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება). ,,მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ. Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.).
15. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონის (სსკ-ის 420-ე მუხლის) სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ.
16. პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ: მიუხედავად იმისა, კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და, კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).
17. მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის ინსტანციის სასამართლოებმა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო (10 737.76 ლარი) შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად შეაფასა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება და მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება, არაგონივრულია, დარღვევის სიმძიმისა და კრედიტორის მოლოდინთან ვალდებულების ჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე. ამავდროულად, გონივრულია პირგასამტეხლოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობა (5368.8 ლარი), რადგან ხელშეკრულების საერთო ღირებულების (53688.82 ლარი) ოდენობასთანაც შესაბამისია. ამიტომ პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო მართლზომიერად შეამცირა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე თანხვედრაშია როგორც სსკ-ის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე, დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასა და შესყიდვების სააგენტოს მეთოდურ რეკომენდაციებთან.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი