Facebook Twitter

საქმე №ას-949-2023 26 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „რ-კ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება, მომსახურების მიწოდების დავალდებულება შეთანხმებული ტარიფით, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბ.კ–ძემ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების, შეთანხმებული ტარიფით მომსახურების მიწოდების დავალდებულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ-კ–ს“ მიმართ.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ბ.კ–ძესა და შპს „რ-კ–ს“ შორის, 2018 წლის 19 სექტემბერს, გაფორმდა ოთხი უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ორი საცხოვრებელი ფართი და ორი ავტოფარეხი). მოსარჩელემ, ხელშეკრულებებით გაწერილი ვადის მიხედვით, სრულად გადაიხადა ოთხივე უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური. ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის თანახმად არ დასრულებულა.

2.2. მხარეები შეთანხმდნენ, უძრავი ქონების გადაცემის შემდგომ კომუნალური მომსახურების მიწოდების პირობებსა და მომსახურების საფასურზე, რაც შეადგენდა 720 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. მოპასუხემ ერთპიროვნულად, მომსახურების ფასი გაზარდა და განსაზღვრა წლიურად 996 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე.

2.3. გაზრდილი საფასურის გადახდაზე უარის შემდგომ, მოპასუხემ უარი განაცხადა მოსარჩელისათვის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საკუთრების უფლებით დარეგისტრირებაზე.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დათქმული ვადით დაასრულა მშენებლობაც და რემონტიც.

3.2. მოპასუხის მტკიცებით, მხარეები სერვისების მიწოდების წლიურ ღირებულებაზე არ შეთანხმებულან, ვინაიდან მომსახურების ხელშეკრულების დადების ვალდებულება უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ, სანამ მოსარჩელე არ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მანამდე ნასყიდობის საგანზე მყიდველის საკუთრების უფლება ვერ დარეგისტრირდებოდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, ბ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბ.კ–ძე ცნობილ იქნა დუშეთის რაიონში, სოფელ ........., „მ.ვ–ას“ მიმდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ, საკადასტრო კოდით: ........; .......; ......; ....... და საჯარო რეესტრში საკუთრებად აღირიცხა. შპს „რ-კ–ს“, ბ.კ–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2020 წლის 16 იანვრიდან 2020 წლის 3 სექტემბრამდე დღეში 9.8 აშშ დოლარი, სულ – 2234 აშშ დოლარი. შპს „რ-კ–ს“, ბ.კ–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის, ანაზღაურება. სარჩელი დარჩენილ ნაწილში (მომსახურების მიწოდების დავალდებულება შეთანხმებული ტარიფით, ზიანის ანაზღაურება) არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ბ.კ–ძემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, გაზიარებული ვერ იქნებოდა აპელანტის პრეტენზიები მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით (სადავო ნაწილში). მართალია, აპელანტი უთითებდა, რომ 2018 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულებების მე-2 მუხლით ნაკისრი ვალდებულება შპს „რ-კ–ს“ მხრიდან სრულად არ შესრულდა, კერძოდ, არ დასრულდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და შენობის ფასადი, ხოლო სადარბაზო არ იყო მოპირკეთებული კერამიკული ფილებით და შეღებილი, თუმცა აპელანტს არ წარუდგენია ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც ამ ნაწილში სააპელაციო პალატამ საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია.

5.3. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის შედავებაც პირგასამტეხლოს სახელმწიფო ორგანოს მიერ შენობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარებამდე (დასრულებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენამდე) დაკისრების შესახებ. ამ მიმართებით, პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ამ სახით დაკისრებაზე არ არსებობდა მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება. პალატის აზრით, მხარეთა შეთანხმებას წარმოადგენდა უძრავი ქონების ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული სახით აშენება, რითაც ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლებოდა და წარმოშობდა მესაკუთრის ვალდებულებას, მიეღო ნასყიდობის საგანი და მასზე საკუთრების უფლება. აღნიშნულის შესაბამისად, პალატამ უარყო ის მოსაზრება, რომ მშენებლობის დასრულება უკავშირდებოდა შენობის საექსპლუატაციოდ გამზადებას. ამასთან, ვინაიდან მშენებლობა დასრულდა და შენობა საექსპლუატაციოდ ვარგისი გახდა, ხოლო შპს „რ-კ–მ“ მოსარჩელეს ფართი, ნაცვლად 2019 წლის 31 დეკემბრისა, 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა, პალატის განსჯით, სასამართლოს მიერ სწორად იქნა განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობას გამორიცხავდა.

5.4. სააპელაციო პალატამ სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის ის მითითებაც, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ცენტრალიზებული მომსახურებისათვის 720 აშშ დოლარზე წლიურად, რაც მოპასუხემ მოულოდნელად გაზარდა 996 აშშ დოლარამდე. პალატამ დასძინა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ელექტრონული და სატელეფონო მიმოწერა, მხარეთა შორის ტარიფზე შეუთანხმებლობაზე მიუთითებდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებიც არ შეიცავდა მითითებას მომსახურების ტარიფის ოდენობაზე, რაც აპელანტის მოთხოვნას უსაფუძვლოს ხდიდა.

5.5. ზემოაღნიშნულის გარდა, სააპელაციო პალატამ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასამართლო ხარჯების გადანაწილების მართლზომიერებაზეც და აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგნის ფასი შეადგენდა 317 191.95 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა 67 085 ლარის ნაწილში, რაც ნიშნავდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 79%-ით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ჯამურად შეადგენდა - 2370 ლარს. ვინაიდან სასამართლომ მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად მხოლოდ 600 ლარი დააკისრა, გასაჩივრებული განჩინებით, შპს „რ-კ–ს“, ბ.კ–ძის სასარგებლოდ, დამატებით დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 1770 ლარის ანაზღაურება.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „რ-კ–მ,“ რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ - მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1770 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და, ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღება.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი აცხადებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მას არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით დამატებით - 1170 ლარის გადახდის ვალდებულება.

6.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ სასამართლო ხარჯების გამოთვლის წესს და აცხადებს, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება შეთანხმდა ეროვნული ვალუტით (დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით), რის გამოც სარჩელის ფასი ეროვნული ვალუტით უნდა გამოთვლილიყო. მისივე განმარტებით, დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ცვალებადია, შესაბამისად, სასამართლოს მიერ 3.2 ნიშნულის საორიენტაციოდ აღება არასწორია.

6.3. კასატორი დასძენს, რომ სარჩელის თანახმად, უძრავი ქონების ჯამური ღირებულება შეადგენს 275'271,95 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო (სარჩელში მითითებული კურსის 3.2. შესაბამისად) – 7148,8 ლარს. სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა 282'420,75 ლარის (275271,95+7148,8) ნაწილში, მაშინ, როდესაც სარჩელის ფასი შეადგენდა 337'293,71 ლარს (275271,95+41920+20101,76). ამ გამოთვლების შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად მოაწესრიგა სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, შპს „რ-კ–ს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში დადგენილად ცნობილ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.

11. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ სასამართლო ხარჯების განაწილების მართლზომიერება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების წესს და პირველი ნაწილის ძალით ადგენს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კანონის მითითებული დანაწესი მიზნად ისახავს ყოველი მხარისათვის სასამართლო ხარჯების ობიექტური ოდენობით გადახდევინებას.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხარჯების, კერძოდ კი, სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების კანონიერების შესამოწმებლად, უპირველესად, მნიშვნელოვანია დავის არსებით გარემოებებზე ყურადღების გამახვილება. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდებოდა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას, შეთანხმებული ტარიფით მომსახურების მიწოდების დავალდებულებასა და ზიანის ანაზღაურებას, ხოლო სარჩელის ფასი განისაზღვრა 317'191,95 ლარით (ტომი I, ს.ფ. 1-21). ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, დავის საგანს განსაზღვრავს თავად მოსარჩელე და სარჩელის ფასსაც ის უთითებს, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება, თითქოს სარჩელის ფასი, 317'191,95 ლარის ნაცვლად, შეადგენდა 337'293,71 ლარს.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, ბ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბ.კ–ძე ცნობილ იქნა დუშეთის რაიონი, სოფელ ........., „მ.ვ–ას“ მიმდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ, საკადასტრო კოდით: .....; ......; .......; ....... და საჯარო რეესტრში უძრავი ქონება საკუთრებად აღრიცხა. შპს „რ-კ–ს“, ბ.კ–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2020 წლის 16 იანვრიდან 2020 წლის 3 სექტემბრამდე დღეში 9.8 აშშ დოლარი, სულ – 2234 აშშ დოლარი. შპს „რ-კ–ს“, ბ.კ–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის, ანაზღაურება. სარჩელი დარჩენილ ნაწილში (მომსახურების მიწოდების დავალდებულება შეთანხმებული ტარიფით, ზიანის ანაზღაურება) არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 270-289). უდავოა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა 79%-ით, შესაბამისად, სრულიად გასაზიარებელია სააპელაციო პალატის ის დასკვნაც, რომ მოპასუხეს ჯამურად უნდა დაჰკისრებოდა სახელმწიფო ბაჟი – 2370 ლარი (3000*79/100=2370). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით მხოლოდ 600 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, მართებულია გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა, მოპასუხეს ბ.კ–ძის სასარგებლოდ დამატებით, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, უნდა დაჰკისრებოდა 1770 ლარი.

14. საკასაციო პალატა დასძენს, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გამოითვლება სარჩელის ფასის შესაბამისად, სარჩელის ფასი კი მოსარჩელემ მიუთითა ეროვნული ვალუტით. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გაცვლითი კურსის 3.2 ნიშნულის საორიენტაციოდ აღება სარჩელის ფასის დაანგარიშებისას არასწორია, რადგან გაცვლითი კურსი მუდმივად ცვალებადია. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ოდენობა და მისი არასწორად განსაზღვრა, დავის განხილვის არცერთ ეტაპზე მოპასუხის მხრიდან სადავო არ გამხდარა, რის გამოც მხარე საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოკლებულია შესაძლებლობას, მიუთითოს ახალ გარემოებებზე. ასე, რომ არც იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსების სტატისტიკის შესაბამისად, სარჩელის აღძვრის დროს, 2021 წლის 22 ნოემბერს, აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 3.1120 (https://nbg.gov.ge/monetary-policy/currency), რაც ცხადყოფს, რომ სარჩელის ფასის შესაბამისად სასამართლო ხარჯები განაწილდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით.

15. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

16. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „რ-კ–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „რ-კ–ს“ (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს დ.ა–ძის მიერ 11.08.2023წ. №18167566748 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300.00 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი