Facebook Twitter

საქმე №ას-828-2024 3 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,რ.ქ.მ–ი’’ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს მთავრობა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს ,,ე–იმ’’ (სამართალწარმოების პროცესში შეიცვალა სახელი და ეწოდა შპს ,,რ.ქ.მ–ი’’) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი აღძრა.

2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და არსებით გარემოებებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2721-ე მუხლის საფუძველზე, იშუამდგომლა საქმისწარმოების შეწყვეტაზე, რადგან მხარეთა შორის არსებობდა საარბიტრაჟო შეთანხმება (ტ. 2, ს.ფ. 74-152). მოპასუხე საქართველოს მთავრობას შესაგებელი არ წარუდგენია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით, შპს ,,ე–ის’’ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა, შპს ,,ე–ის’’ სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე განუხილველად დარჩა მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებით, მოპასუხე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საკითხის განხილვა ექვემდებარებოდა ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობას, განსაზღვრული ვადის დაცვით არ წარუდგენია არც შესაგებელი და არც განცხადება, რომელშიც განმარტებული იქნებოდა მათი პოზიცია, რომ წარმოდგენილი დავა განეკუთვნებოდა არბიტრაჟის კომპეტენციას. საოქმო განჩინების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შესაგებლის წარდგენით განახორციელა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოხატა პოზიცია სარჩელთან მიმართებით, თუმცა შესაგებლის წარდგენა არ გულისხმობდა, რომ მისი შინაარსი გავლენას ახდენდა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ გაიხმო სარჩელი, ამ დროს წარმოდგენილი შესაგებელი, სასამართლოს მოსაზრებით, კარგავდა ძალას, ვინაიდან ის გამოხატავდა კონკრეტულად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციას და არაფრით უკავშირდებოდა საქართველოს მთავრობას. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო არბიტრაჟის კომპეტენციაზე განცხადებად, რადგან მის მიმართ სარჩელის განუხილველად დატოვების შემდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილმა ყველა დოკუმენტმა დაკარგა იურიდიული ძალა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ, კომპეტენციის გამოკვეთის ჭრილით, არ/ვერ დაიცვა შუამდგომლობის წარდგენის პროცედურული ნაწილი (შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე სადავოდ არ გახადა სასამართლო კომპეტენცია).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს ,,რ.ქ.მ–ის“ სარჩელი საქართველოს მთავრობის მიმართ დაკმაყოფილდა, საქართველოს მთავრობას შპს ,,რ.ქ.მ–ის“ სასარგებლოდ 126 600 ლარისა და 117 099 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა დაეკისრა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე საქართველოს მთავრობამ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინება; შპს ,,რ.ქ.მ–ის’’ სარჩელზე საქართველოს მთავრობის მიმართ ზიანის - 126 600.00 ლარისა და 117 099.00 აშშ დოლარის - ანაზღაურების შესახებ შეწყდა საქმისწარმოება.

8. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ უხეშად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რომელიც წარმოადგენს სსკ-ით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ უხეშად დაირღვა მოსარჩელის კანონიერი უფლებები. მას პრაქტიკულად წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან, მოსარჩელემ სათანადოდ ვერ მოახდინა შედავება საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

8.1. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, უხეშად დაარღვია სხვა საპროცესო და მატერიალური ნორმები. კერძოდ, სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება დააყრდნო სუბიექტის განცხადებას, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე საქმეზე მხარეს, არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში და მის წინააღმდეგ არ არის მიღებული გადაწყვეტილება.

8.2. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არასწორად იქნა დასახელებული თანამოპასუხედ, მოსარჩელის მიერ სარჩელის შეტანის დროს, რაც გამოასწორა მოსარჩელემ და პირველ მოსამზადებელ სხდომაზე გაიხმო სარჩელი, როგორც არასათანადო მოპასუხის მიმართ წარდგენილი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:

10. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეწყვიტა წარმოება იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადასცემოდა.

11. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება, წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით, ხოლო, მე-6 ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმება მიიჩნევა წერილობითი ფორმით დადებულად იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.

12. კანონის დასახელებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ არბიტრაჟისათვის დავის განსახილველად გადაცემის შეთანხმება უნდა შეიცავდეს მხარეთა ნებას კონკრეტული სამოქალაქო დავის, არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო წესით განხილვის თაობაზე, როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ დავა განიხილოს არბიტრაჟმა და არა სასამართლომ. ამდენად, საარბიტრაჟო შეთანხმება, ესაა კერძო-სამართლებრივი შეთანხმება საპროცესო ურთიერთობების ფორმის არჩევის შესახებ. იგი შეიძლება, გაფორმდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე წარმოადგენდეს მხარეთა შორის დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ პირობას. ნებისმიერი შეთანხმება, რომლითაც მხარეებს სურთ მათ შორის არსებული დავა განხილულ იქნეს არბიტრაჟის მიერ, უნდა შეიცავდეს იმ მინიმუმს, რომელიც აუცილებელია საარბიტრაჟო შეთანხმებად მისი კვალიფიკაციისათვის.

13. მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 17 აპრილის ხელშეკრულებით, სადავო საკითხების გადაწყვეტის თაობაზე, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე, კერძოდ, 2018 წლის 17 აპრილს სსიპ ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“, როგორც დამკვეთს და შპს ,,ე–ის’’, როგორც შემსრულებელს შორის დაიდო ხელშეკრულება №PP09/GEP/CW/CB/23-54, 2016 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის შესახებ გამარჯვების, ტიბაანისა და ზემო ქედის #2 საჯარო სკოლებისათვის. კონტრაქტის ზოგადი პირობების 23.3. პუნქტის თანახმად, „ყველა დავა ან სარჩელი, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე კონტრაქტის საფუძველზე ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის დავები, რომლებიც შეეხება მის მოქმედებას, დარღვევას, შეწყვეტას ან ანულირებას, საბოლოოდ გადაწყდება ვენაში, ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესებით (ვენის წესები), ხსენებული წესების მიხედვით დანიშნული ერთი ან სამი არბიტრის მიერ“ (ტ. 1, ს.ფ. 85).

14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებულ მხარეთა შეთანხმებას, დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე, აქვს იურიდიული ძალა, რომელიც ავალდებულებს შეთანხმების მხარეებს, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია. დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განიხილოს სარჩელი იმ დავაზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ხოლო, თუ რომელიმე მხარე მაინც მიმართავს სასამართლოს სარჩელით, მაშინ სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს წარმოება. სასამართლოს ეს ვალდებულება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2721 მუხლიდან (თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს) ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლიდან (სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟოს შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია).

15. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას - სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება დააყრდნო სუბიექტის შესაგებელს, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე საქმეზე მხარეს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს შემდეგს: შეთანხმება, რომ დავის შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან, უპირველეს ყოვლისა, მაქსიმალურად შეეცადონ მოლაპარაკების (შეთანხმების) გზით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ 30 დღის განმავლობაში, ხოლო ამ მცდელობის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, ნებისმიერ მხარეს ენიჭება უფლება, დავა განსახილველად გადასცეს არბიტრაჟს, ნიშნავს, რომ ეს საარბიტრაჟო დათქმა წარმოშობს უფლებას, რომელიც ნებას აძლევს ნებისმიერ მხარეს, აღძრას საარბიტრაჟო წარმოება, მაგრამ, თუ რომელიმე მხარე გამოიყენებს ამ უფლებას, მაშინ ორივე მხარე ვალდებულია, მხარი დაუჭიროს დავის გადაცემას და დაემორჩილოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებას.

16. მოსარჩელე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2021 წლის 31 დეკემბერს აღძრული სარჩელით, 2018 წლის 17 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების სსიპ ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მხრიდან უკანონო შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას სოლიდარულად ითხოვდა თანამოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ. უდავოა, რომ ერთ-ერთმა თანამოპასუხემ კანონით განსაზღვრულ ვადაში (შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე - 12.02.2022) მოითხოვა შპს „ე–ის“ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა, რადგან მხარეთა შორის არსებობდა საარბიტრაჟო შეთანხმება. საკასაციო სასამართლო დავის არსისა და მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარდგენილი შესაგებლით მიუთითა არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემის შესახებ და ამდენად, სადავო გახადა განსახილველი დავის უწყებრივად სასამართლოსადმი ქვემდებარეობის საკითხი, სასამართლოს წარმოეშვა ვალდებულება შეეფასებინა და განეხილა მითითებული შუამდგომლობა და მხოლოდ ამის შემდგომ განეხილა მხარეთა მიერ წარდგენილი სხვა შუამდგომლობები. მოსარჩელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სარჩელის გამოხმობა, დავის არსისა და განსახილველი საკითხის შინაარსის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხის შეფასების გამორიცხვის საფუძველს. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს საქმის წარმოება იმ დავაზე შეტანილ სარჩელზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ დავაზე სწორად შეწყვიტა საქმისწარმოება.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან მხარეთა შორის არსებობს დავის არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტის თაობაზე შეთანხმება, სააპელაციო პალატის განჩინება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ კანონიერია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,რ.ქ.მ–ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი