Facebook Twitter

საქმე №ას-765-2023 26 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა (პირველი სარჩელით მოსარჩელე, მეორე სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ქ.ქ–ი“ (პირველი სარჩელით მოპასუხე, მეორე სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ (შემდეგში „პირველი სარჩელით მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ნ.ქ.ქ–ის“ (შემდეგში „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით - 35 402,40 ლარის, ხოლო ზიანის სახით - 3 332,32 ლარის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. პირველი სარჩელის თანახმად, მხარეთა შორის, 2015 წლის 15 ივნისს დაიდო №1.1.9/30/101 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ამ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ მისამართებზე დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების წარმოების ვალდებულება.

2.2. 2015 წლის 24 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით სამუშაოების მიწოდების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 დეკემბერი. შემსრულებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილი, შეასრულა 18 დღიანი ვადაგადაცილებით, რის გამოც მოპასუხეს, №46/3277 წერილით, დაეკისრა პირგასამტეხლო - 35 402.40 ლარი. ვალდებულების მეორე ნაწილის შესრულება მოხდა არაჯეროვნად. არაჯეროვანი შესრულების აღმოფხვრა შემკვეთმა დაუკვეთა შპს „დ.გ–ს“, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 27 215.76 ლარი. ნაკლის აღმოსაფხვრელად გადახდილი თანხა 3 332.32 ლარით აღემატებოდა მენარდისთვის დაკავებულ საგარანტიო თანხას - 23 883.44 ლარს, რომლის ზიანის სახით დაკისრებას ითხოვდა მოსარჩელე.

2.3. მეორე სარჩელის თანახმად, 2015 წლის 15 ივნისს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტად განისაზღვრა ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოები. ობიექტის საბოლოო მიწოდების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 დეკემბერი. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ გაცემული დადებითი (შესრულებული სამუშაოების თაობაზე) საექსპერტო დასკვნის ან/და მათ მიერვე დამოწმებული ფორმა №2-ის წარმოდგენის შემდგომ. 2016 წლის 20 იანვარს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შესრულდა 967 345.53 ლარის ღირებულების სამუშაო. მოსარჩელეს (პირველი სარჩელით) აღნიშნული თანხიდან აუნაზღაურდა მხოლოდ 943 462.09 ლარი.

2.4. 2016 წლის 20 იანვრიდან (საბოლოო მიღება-ჩაბარების შედგენის თარიღიდან), ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, დაიწყო მოქმედება 2 წლიანმა საგარანტიო პერიოდმა, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 20 იანვარს. ამ დროის დადგომისთანავე, მოსარჩელე პირველი სარჩელით, ვალდებული იყო აენაზღაურებინა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე დაკავებული საგარანტიო თანხა - 23 883.44 ლარი, თუმცა საგარანტიო თანხის დაბრუნების მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად მას აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. პირველი სარჩელით მოპასუხემ (შპს „ნ.ქ.ქ–ი“ ) სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ №1.1.9/30/101 ხელშეკრულების შესრულების ვადა, 2015 წლის 24 დეკემბრის შეთანხმების აქტით, გახანგრძლივდა დამატებით 4 დღით - 2015 წლის 28 დეკემბრამდე.

3.2. მხარის მტკიცებით, შემსყიდველის მიერ შედგენილ აქტში პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად მითითებულია ქ.თბილისი, ...... ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მენარდის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას ადგილი არ ჰქონია, სამუშაოები დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2015 წლის 27 დეკემბერს, თუმცა ეს სამუშაოები ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის მიერ დამოწმდა 2016 წლის 15 იანვარს. სწორედ აღნიშნულის გამო გაფორმდა 2015 წლის 27 დეკემბერს მიწოდებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი 2016 წლის 15 იანვარს, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო.

3.3. მეორე სარჩელის მოპასუხემ (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა) წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2016 წლის 20 იანვარს, ამ დროიდან დაიწყო ვადის დენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა ორწლიანმა საგარანტიო ვადამ, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 20 იანვარს. საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ, შემკვეთს თანხის დაბრუნება ევალებოდა იმ შემთხვევაში თუ არ მოხდებოდა შესრულებულ სამუშაოზე ნაკლის (დეფექტის/ხარვეზის) გამოვლენა.

3.4. 2016 წლის 6 ივნისის წერილით შემსრულებელს ეცნობა, რომ ...... ქუჩაზე, ადგილზე დათვალიერებისას, დაფიქსირდა გარკვეული მონაკვეთის დაბზარვა, ასფალტის ჩავარდნა და ამოყრა. წერილით მენარდეს მოითხოვა ნაკლის აღმოფხვრა. ამასთანავე, შემსრულებელს არაერთგზის ეცნობა, რომ ნაკლის აღმოუფხვრელობის გამო, საგარანტიო ვადის დასრულების შემდეგ, არ დაუბრუნდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა და გამოვლენილი წუნის გამოსწორება დაევალებოდა სხვა კომპანიას, რის გამოც საგარანტიო თანხის უკან დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, პირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 8 850.60 ლარისა და ზიანის - 3 332.32 ლარის ანაზღაურება. მეორე სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (მხოლოდ შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გასაჩივრებულ ნაწილში – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ, დადგენილად მიიჩნია მენარდის მიერ ხელშეკრულების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი და განმარტა, რომ ხელშეკრულების ამგვარი დარღვევა სამართლებრივად პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას იძლეოდა.

5.3. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დაკისრებული პირგასამტეხლოს არამართებულ შემცირებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მართალია კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.

5.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ ვადაგადაცილება დაფიქსირდა შესასრულებელი სამუშაოების მხოლოდ ერთ მონაკვეთზე (...... ქუჩაზე). ამ ქუჩაზე ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 12 008.11 ლარი, შემსყიდველმა კი პირგასამტეხლო გამოიანგარიშა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 894 000 ლარიდან, მაშინ, როდესაც ვადაგადაცილებით შესრულდა მხოლოდ 12 008.11 ლარის სამუშაო. სასამართლომ დასძინა, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა სამჯერ აღემატებოდა ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, მაშინ როდესაც ვადაგადაცილების დრო მხოლოდ 18 დღეს შეადგენდა. აღნიშნული ქმედებები სააპელაციო პალატამ დააკვალიფიცირა, როგორც კონტრაჰენტის არაკეთილსინდისიერი ქმედება და დაკისრებული პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნებს.

5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც დამკვეთის მიერ მენარდისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 35402,40 ლარი კანონთან შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად იქნა მიჩნეული.

6.2. კასატორი აცხადებს, რომ მენარდემ 18 დღით დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა, რისთვისაც სრულიად კანონიერად დაერიცხა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ მენარდის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქმისადმი და სახელმწიფოს ინტერესისადმი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, რის გამოც მენარდის მიერ შემკვეთისთვის მიყენებული ზიანი შეიძლება აღემატებოდეს კიდეც გამგეობის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2015 წლის 15 ივნისს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1.1.9/30/101 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, შესყიდვის ობიექტად განისაზღვრა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, რაოდენობა და ფასები მოცემულია ხელშეკრულების დანართი №1-ში და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 2.1 პუნქტით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 894 000 ლარით, 3.1 პუნქტით კი, შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიწოდების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 30 ნოემბერი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების (მათ შორის 3.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების) დარღვევის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.

- 2015 წლის 24 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმების აქტი, რომლის შესაბამისადაც ცვლილება შევიდა მათ შორის 2015 წლის 15 ივნისს დადებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტში და შესყიდვების მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 დეკემბერი.

- 2015 წლის 15 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრულ შესასრულებელ სამუშაოთაგან ერთ-ერთ მონაკვეთზე, კერძოდ, ქ. თბილისი, ...... ჩიხში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის ჩაბარებაზე მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2015 წლის 17 ნოემბერს, ხოლო ქ.თბილისი, ....... ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2016 წლის 15 იანვარს.

- პირველი სარჩელით მოსარჩელის 2016 წლის 15 თებერვლის მიმართვით, მოპასუხეს 2015 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთაგან ერთ-ერთის, კერძოდ, ქ.თბილისში ...... ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების გამო, ამავე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო - 35 402.40 ლარი.

12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხედ დასახელებული კომპანიის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონშესაბამისობა. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას).

13. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. არსებობს ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულებაც. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

14. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა (შესრულების ვადა) დაარღვია და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია, ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. თუმცა, სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა, მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წელი).

16. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

18. სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (შდრ: სუსგ-ები: №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019წელი; №ას-535-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი). იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5).

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წელი.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021 წელი).

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვადაგადაცილებით შესრულდა მხოლოდ ერთი ქუჩის აღდგენითი სამუშაო, რომლის ღირებულებამ შეადგინა 12 008.11 ლარი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შემსყიდველმა პირგასამტეხლო გამოიანგარიშა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 894 000 ლარიდან, მაშინ, როდესაც ვადაგადაცილებით შესრულდა მხოლოდ 12 008.11 ლარის სამუშაო, აღნიშნული მიდგომა ცალსახად ეწინააღმდეგება მსგავს დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ: Nას-164-160-2016, 28.07.2016 წ., ას-971-2019, 28.10.2019 წ.).

21. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულება საკმაოდ სოლიდურია, კერძოდ, 2016 წლის 20 იანვრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით შესრულების ჯამურმა ღირებულებამ - 967 345.53 ლარი შეადგინა, ხოლო დარღვეული ვალდებულება მცირედია - 12 008,11 ლარი. ასევე, ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა მხოლოდ 18 დღე, რასაც არ გამოუწვევია რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეამცირეს პირგასამტეხლოს ოდენობა 8 850,60 ლარამდე და არ არსებობს მისი გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

22. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი