საქმე №ას-111-2023 6 დეკემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „მ.ქ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.ქ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „პ.ქ–მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სს „მ.ქ–ის“ (შემდეგში „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, 13 578.7 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2018 წლის 18 აპრილს, შპს „ა.ჯ–სა“ და სს „მ.ბ–ს“ შორის გაფორმდა სამშენებლო ტექნიკის ქირავნობისა და მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო სამშენებლო ტვირთამწე ლიფტის დროებით სარგებლობაში გადაცემა მოპასუხეზე, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
2.2. 2018 წლის 3 აპრილს, შპს „ა.ჯ–მ“ დააფუძნა შვილობილი კომპანია შპს „პ.ქ–ი“, რომლის აქტივებში გადავიდა ზემოაღნიშნული სამშენებლო სპეცტექნიკა.
2.3. 2018 წლის 1 მაისს, შპს „პ.ქ–სა“ და სს „მ.ბ–ს“ შორის გაფორმდა ანალოგიური ტექნიკის ქირავნობისა და მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ზემოაღნიშნული სამშენებლო ტვირთამწე ლიფტი. მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობათა შესაბამისად, განხორციელდა აღნიშნული სამშენებლო ტვირთამწის მონტაჟი 2018 წლის 2 მაისს, რაზეც გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტი, რის შემდგომაც მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა ყოველთვიური ქირა და მომსახურების ღირებულება, რომელიც არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ გადაუხდია.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელის ტექნიკა იყო უვარგისი, ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. მის შეკეთებაზე კი, მათი მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელე უარს აცხადებდა, რის გამოც თანხის დაკისრების მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით: შპს „პ.ქ–ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4.2. სს „მეტრო ქონსტრაქშენს“ შპს „პ.ქ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10 900 ლარის გადახდა.
4.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სს „მ.ქ–მა“ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
5.2. სააპელაციო პალატამ, მიუთითა სამოქალაქო პროცესში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, ასევე განმარტა მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის ფარგლებში ის გარემოება, რომ გამქირავებელმა არ შეასრულა ან/და ხარვეზიანად/ნაკლიანად შეასრულა ქირავნობის/ნარდობის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთი იყო, რაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.
5.3. სააპელაციო პალატის აზრით, მართალია, სს „მ.ბ–ი“ შპს „პ.ქ–ისათვის“ გაგზავნილ წერილებში პრეტენზიებს აფიქსირებდა ტექნიკის გაუმართაობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ისიც დგინდებოდა, რომ შპს „პ.ქ–ი“ ახორციელებდა სამშენებლო ლიფტის მონიტორინგსა და შეკეთებას. ხოლო ის გარემოება, რომ ტექნიკა შეკეთებას არ ექვემდებარებოდა ან/და შპს „პ.ქ–ის“ მიერ შეკეთების შემდგომ მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი იყო, რის გამოც შპს „მ.ქ–ი“ მოკლებული იყო მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
5.4. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოპასუხის მიერ ქირავნობის-ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა ან/და არაჯეროვნად შესრულდა, რის გამოც ტექნიკის დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი გახდა.
5.5. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2018 წლის პირველი მაისის ტექნიკის ქირავნობისა და მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებობდა მოპასუხეზე სადავო თანხის დაკისრებისა და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებს ქმნიდა.
5.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „მ.ქ–მა“.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების ფარგლებში არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს არაჯეროვნად არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, მხარე ამტკიცებს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმის მასალებში წარმოდგენილი ლიფტის მონტაჟისა და გამართულობის გამოცდის აქტი, ან ის გარემოება თუ რატომ ვერ უზრუნველყო მოსარჩელემ მისივე ინიციატივით გამოძახებული მოწმის გამოკითხვა.
6.2. კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სახელშეკრულებო დანაწესი, რომლის თანახმადაც, ტექნიკის მოპასუხის ბრალის გარეშე დაზიანებისას, მისი შეკეთება საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველეყო მესაკუთრეს, ამ პერიოდში უნდა შეჩერებულიყო ხელშეკრულების მოქმედება და კასატორ კომპანიას არ უნდა დაკისრებოდა ქირის გადახდის ვალდებულება. მიუხედავად ამ სახელშეკრულებო დანაწესისა, კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია თუ რა პერიოდის მანძილზე იყო ტექნიკა გაუმართავი.
6.3. კასატორის აზრით, ვინაიდან პირველმა ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა მოხელის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დააკმაყოფილა, რაც ნიშნავდა, რომ ტექნიკის დაზიანება არ იყო გამოწვეული კასატორის მიერ ექსპლუატაციის წესების დარღვევის შედეგად, ამიტომ ყველა ხარჯი უნდა გაეღო მესაკუთრეს. კასატორი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რაც მოწმობს ტექნიკის გაუმართაობას, მეტიც, მოსარჩელის მიერ ბრიგადის გაგზავნის შემდგომაც, ტექნიკის გამართული ფუნქციონირება ვერ ხდებოდა და რამდენიმე დღეში კვლავ ფუჭდებოდა. კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლის თანახმადაც ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით, მესაკუთრეს არანაკლებ თვეში ერთხელ, უნდა უზრუნველეყო ტექნიკის შემოწმება სპეციალური ჯგუფის მიერ და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ხარვეზების აღმოეფხვრა. მისივე მტკიცებით, საქმის მასალებში ტექნიკის შემოწმებისა და ხარვეზის გამოსწორების თაობაზე მტკიცებულებები არ არსებობს, რაც ადასტურებს რომ მოსარჩელემ დაარღვია მისი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
6.4. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით დაკისრებული თანხის ოდენობასაც და განმარტავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ორი თვის ანგარიშ-ფაქტურა მიუხედავად ამისა, მათ სამი თვის ქირის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ (2800*3). ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთებოდა ლიფტის მწყობრიდან გამოსვლა მოპასუხის ბრალით, მიუხედავად აღნიშნულისა კომპანიას უაპელაციოდ დაეკისრა მომსახურების თანხა 1500 ლარი და მონტაჟის თანხა 400 ლარი, რაც კასატორის აზრით, ეწინააღმდეგება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დათქმებს.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, სს „მ.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 2018 წლის 18 აპრილს შპს „ა.ჯ–სა“ (მესაკუთრე) და სს „მ.ბ–ს“ (დამქირავებელი) შორის, გაფორმდა ტექნიკის ქირავნობისა და მომსახურების ხელშეკრულება, სპეციალური ტვირთამწე ტექნიკის/სამშენებლო ლიფტის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე (იხ. ტომი 2, ს.ფ. 29-38);
- აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 20.04.2018წ. შპს „ა.ჯ–ს“ ანგარიშზე, მოპასუხემ გადარიცხა ლიფტის მონტაჟისა და სარგებლობის ყოველთვიური საფასურის ნახევარი - 900 ლარი. შედეგად, განხორციელდა ლიფტის გადაცემა და მოპასუხის ობიექტამდე ტრანსპორტირება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 39, 169);
- სს „მ.ბ–ს“ (ს/ნ .........) შეეცვალა სახელწოდება და ამჟამად არის სს „მ.ქ–ი“ (ს/ნ ......) (იხ. ტომი 2, ს.ფ. 95-97, 169, 225-231);
- შპს „ა.ჯ–მ“ 03.04.2018წ. დააფუძნა შვილობილი კომპანია შპს „პ.ქ–ი“, რომლის აქტივებშიც გადავიდა მოპასუხეზე გაქირავებული სამშენებლო ლიფტი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 40-47);
- 01.05.2018წ., შპს „პ.ქ–სა“ და სს „მ.ბ–ს“ შორის გაფორმდა, შპს „ა.ჯ–სა“ და სს „მ.ბ–ს“ შორის არსებული შეთანხმების ანალოგიური ხელშეკრულება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 48-57);
- შპს „პ.ქ–ის“ მიერ ლიფტის მონტაჟი და ტესტირება განხორციელდა 02.05.2018 წელს, რაზედაც მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 58).
- 04.06.2018 წელს, სს „მ.ბ–მა“ შპს „პ.ქ–ს“ გადაურიცხა თანხა - 500 ლარის ოდენობით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 59, 187);
- საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, საგადახდო დავალებებითა და 29.06.2018წ. წერილით, ირკვევა, რომ შპს „პ.ქ–ი“ ახორციელებდა სამშენებლო ლიფტის მონიტორინგსა და შეკეთებას (იხ. ტომი 2, ს.ფ. 60-71, 188-189);
- 29.06.2018წ., შპს „პ.ქ–მა“ სს „მ.ბ–ს“ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება, რომლითაც სთხოვდა მხარეთა შორის არსებული დავალიანების - 3900 ლარის დაუყოვნებლივ დაფარვას, საიდანაც 2800 ლარი იყო ივნისის თვის საიჯარო ქირა, 400 ლარი მონტაჟის ღირებულება და 700 ლარი მომსახურების ღირებულება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 71-72);
- 03.07.2018წ., შპს „პ.ქ–მა“ წერილობითი შეტყობინებით, ხელახლა მოსთხოვა სს „მ.ბ–ს“, მხარეთა შორის არსებული დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვა, ამჯერად 11488 ლარის ოდენობით, საიდანაც 5600 ლარი იყო ორი თვის საიჯარო ქირა, 400 ლარი - მონტაჟის ღირებულება, 1400 ლარი - ორი თვის მომსახურების ღირებულება, 4088 ლარი - თანამშრომლების სამივლინებო ხარჯები (იხ. ტომი 2, ს.ფ. 76-77, 190-191).
- სს „მ.ბ–ი“ შპს „პ.ქ–ისათვის“ გაგზავნილ წერილებში პრეტენზიებს აფიქსირებდა ტექნიკის გაუმართაობასთან დაკავშირებით. საბოლოოდ ამავე მიზეზით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესაბამისად, 02.08.2018წ. ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 72-94).
12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ტექნიკის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო თანხის მოპასუხისთვის დაკისრების მართლზომიერება. კერძოდ, კასატორი აცხადებს, რომ მოსარჩელემ დაარღვია მასზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ უზრუნველყოფდა დაქირავებული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას, რის გამოც გადაცემული ტექნიკა დასახული მიზნის მისაღწევად გამოუსადეგარი იყო და ქირის გადახდის საპასუხო ვალდებულებაც გამოირიცხებოდა. საკასაციო პალატის აზრით, ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლი (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა) .
13. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ N ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).
14. მხარეთა შორის სადავო საკითხების დადგენის მიზნით, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე, მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით დადგენილია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. ამ სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმის მიხედვით, მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.
15. სადავო შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა სამშენებლო ტვირთამწე ლიფტის მოპასუხის დროებით სარგებლობაში გადაცემის სანაცვლო ანაზღაურების გადახდას, შესაბამისად მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა ხსენებული ტექნიკის ხელშეკრულების შესაბამისად გადაცემისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფის დამადასტურებელი გარემოების დამტკიცება. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, სახელდობრ: შესაბამისი თვეების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები, გადახდის ქვითრები, ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელებული მიმოწერა და მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილი ორი გაფრთხილების წერილი, სადაც მითითებულია, რომ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიუხედავად მოპასუხე მხარე თავს არიდებს ნაკისრი ვალდებულების (ქირის გადახდა) შესრულებას. ამ მტკიცებულების გასაბათილებლად მოპასუხემ წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტაცია, თუმცა ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ბოლო კორესპონდენცია სადაც მხარე გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებს, ხოლო მენარდე კისრულობს ბრიგადის ბათუმში გაშვებას და მითითებული ნაკლის გამოსწორებას, 2018 წლის 15 მაისით თარიღდება. მართალია შესაგებელსა და საკასაციო საჩივარი მხარე მიუთითებს, რომ ამ თარიღის მერეც არ გამოსწორებულა ნაკლი და გადაცემული ტექნიკა გამოუსადეგარი იყო, თუმცა ამ მტკიცების ვალიდურობას საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოვლენათა ლოგიკური განვითარების ჯაჭვი არ იძლევა. სახელდობრ, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოდავე მხარეები ერთმანეთთან თითქმის ყოველდღიურ საქმიან ურთიერთობას ამყარებდნენ ელექტრონული მიმოწერის სახით, ამ პირობებში კითხვის ნიშანს აჩენს ის გარემოება, რომ თუ რატომ არ გააგრძელა მოპასუხემ ნაკლოვანებების წერილობით შეტყობინების პრაქტიკა, 2018 წლის 15 მაისის შემდგომ, რაც მოსარჩელის ბრიგადა ბათუმში მითითებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ჩავიდა. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე აწარმოებდა მშენებლობას, რომლისთვისაც გადაცემული ტექნიკის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესი იყო, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ამ ტექნიკის ინსტალაციისა და შემდგომ ხარვეზების გამოსწორების თაობაზე მტკიცებულებების წარდგენა უზრუნველყო, საპირისპირო გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადავიდა. კერძოდ, მას უნდა დაედასტურებინა თუ როგორ უზრუნველყო მან მშენებლობა კონკრეტული ტექნიკის გარეშე და მოსარჩელის არაჯეროვანი შესრულების გამო ხომ არ მოუწია ანალოგიური ტექნიკის დაქირავება სხვა მიმწოდებლისგან? იმ პირობებში როდესაც კასატორს, სადავო პერიოდში, არც სახელშეკრულებო საგნის დემონტაჟი მოუთხოვია და არც ალტერნატიული ტექნიკის დაქირავების შესახებ მტკიცებულება წარმოუდგენია, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხეს შემხვედრი ვალდებულების (თანხის გადახდა) შესრულების მოვალეობა მართებულად დაეკისრა.
16. ამ მტკიცებას ვერ გააქარწყლებს, საკასაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა იმაზე, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს და არ დაადგინეს ის კონკრეტული დრო, როცა ტექნიკა გაუმართაობის გამო არ მუშაობდა და შესაბამისად არც ქირის გადახდის ვალდებულება არ არსებობდა. საკასაციო პალატა მხარეს განმეორებით განუმარტავს, რომ 2018 წლის 15 მაისის შემდგომ, როდესაც ბათუმში მოსარჩელის მიერ გაგზავნილი ბრიგადა ჩავიდა მოპასუხის მიერ მითითებული ნაკლის გამოსასწორებლად (ტომი 2., ს.ფ. 150), მოპასუხეს აღარ განუხორციელებია რაიმე ხარვეზის შესახებ წერილობითი მითითება, ამიტომ პალატა ადგენს, რომ სწორედ მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა, არსებობის შემთხვევაში, ტექნიკის გაუმართაობის გამო გაცდენილი ზუსტი დღეების დაანგარიშება, რაც არ განხორციელებულა. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ პრეტენზიას, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ არ შეისწავლეს ლიფტის მონტაჟისა და მისი გამართულობის აქტი (ტომი 2., ს.ფ. 58), ვინაიდან ამგვარი აქტი საქმეშია, ხელმოწერილია და საქმის გადაწყვეტისთვის რაიმე მნიშვნელობის მქონე დანაწესებს არ შეიცავს.
17. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არც იმ შედავებას, რომლითაც მხარე სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინებით დაკისრებული თანხის ოდენობას და მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებლად დაეკისრათ სამი თვის ქირა, მონტაჟისა და მომსახურების თანხა. უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1 და 3.3. პუნქტების თანახმად, ყოველთვიური ქირის ღირებულება შეადგენდა 2800 ლარს, ხოლო ყოველთვიური ტექნიკური მომსახურების ღირებულება - 700 ლარს. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება საბოლოოდ ცალმხრივად შეწყვიტა 2018 წლის 2 აგვისტოს, თუმცა მას არ გადაუხდია სამი თვის ქირა და ყოველთვიური მომსახურების საფასური, რაც სამი თვის განმავლობაში შეადგენდა 10500 ლარს. ასევე უდავოდ დგინდება, რომ მოპასუხეს არც ტექნიკის მონტაჟის საფასურიდან დარჩენილი დავალიანება გადაუხდია (400 ლარი). შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მოპასუხემ მოსარჩელე კომპანიის მხრიდან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი ვერ დაადასტურა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაკისრებული თანხების ოდენობა სრულად შეესაბამება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.
18. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
სს „მ.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; სს „მ.ქ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ.ქ–ას მიერ 27.02.2023 წელს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 545 ლარის 70% – 381,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი