Facebook Twitter

საქმე №ას-10-2023 26 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.წ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.წ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.წ–ი და ნ.წ–ი 1976 წლის 11 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან.

2. მხარეებს თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ სამი შვილი, სამივე გარდაეცვალათ. მოპასუხე 15 წელზე მეტია იმყოფება იტალიაში;

3. მოსარჩელეს არ სურს ოჯახის შენარჩუნება და ოჯახის აღდგენას შეუძლებლად მიიჩნევს. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

4. მოსარჩელემ, 2022 წლის 28 იანვარს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა მოითხოვა. მოსარჩელე ამ განჩინების 1-3 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, მაგრამ სამივე გარდაეცვალათ. ნ.წ–ი 15 წელზე მეტია იმყოფება იტალიაში და საერთოდ არ აქცევს ყურადღებას მეუღლეს. მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ყურადღების მიმქცევი არავინ ჰყავს. მხარეებს შორის დიდი ხანია ფაქტობრივად შეწყვეტილია ქორწინება. რადგან მოსარჩელე იტალიაშია, ვერ ხერხდება სამოქალაქო რეესტრში ერთობლივი განცხადებით მიმართვა ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით.

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ განქორწინების შესახებ სარჩელის შეტანამდე მოპასუხე ფინანსურად უზრუნველყოფდა მოსარჩელეს. მოსარჩელე სარგებლობდა მოპასუხის სოციალური პენსიითაც. მეუღლეთა შორის უთანხმოება გამოიწვია იმან, რომ ფარულად დააპირა ქ.თელავი, ....... (შემდეგში სადავო უძრავი ნივთი) მდებარე უძრავი ნივთის გაყიდვა. შეგებებული სარჩელი აქვს აღძრული მოსარჩელეს, რითაც ითხოვს ქ.თბილისი, .........., მეორე სადარბაზო, მეხუთე სართული, ბინა N28 ს/კ .......-ში მდებარე უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობას. აღნიშნული საქმე, ამავე სასამართლოს სხვა მოსამართლის წარმოებაშია. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის, როგორც ქონებრივი, ისე ქორწინების შეწყვეტის შესახებ დავა ერთობლივად უნდა გადაწყდეს. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის უთანხმოება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მოსარჩელემ ფარულად დააპირა მის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის გასხვისება, რის შემდეგაც შეუწყვიტა ფინანსური დახმარება.

6. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა 1976 წლის 11 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, სსკ-ის 1106-ე, 1122-ე, და 1127-ე მუხლები გამოიყენა.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. მისი განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მოსარჩელეზე არ ზრუნავდა, რეალურად კი იმ პერიოდამდე, სანამ მოსარჩელე სარჩელს შეიტანდა სასამართლოში. მოსარჩელე სარგებლობდა მისი სოციალური დახმარებით. სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება, რომ მხარეებს შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე 2022 წლის ივლისის თვეში აპირებდა ჩამოსვლას საქართველოში და დარჩენას, ამდენად, შესაძლებელი იყო მათი შერიგებაც.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი ვერ აქარწყლებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ცალ-ცალკე ცხოვრობენ (15 წელზე მეტია მოპასუხე იტალიაში ცხოვრობს), ასევე, მოსარჩელეს არ სურს მოპასუხესთან შერიგება. აპელანტი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ეტაპზე უთითებდა, რომ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და მასთან შერიგებას, თუმცა უდავოა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანის მომენტშიც კი მხარეთა შერიგება არ განხორციელებულა. მხარეებს შორის კომუნიკაციის და მათი პოზიციების დაახლოების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეს აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია.

8.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან, მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელი იყო, სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 1123-ე და 1127-ე მუხლის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნა რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ, მართებულად დაკმაყოფილდა.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის უთანხმოება გამოიწვია თ.წ–ის მიერ უნებართვოდ უძრავი ნივთის გასხვისების გადაწყვეტილებამ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე მხარის ქონებრივი ინტერესი თანაბრად დაზიანდა. კასატორი მიუთითებს, სსკ-ს 1130-ე მუხლზე და არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას საქმეების გაერთიანებაზე უარის თქმის თაობაზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნა სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან (ქორწინება წყდება განქორწინებით) და 1123-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში) გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა.

14. მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საქმე №ას-1753-2018 განჩინება).

15. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ს 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, ინდივიდუალური დავის ხასიათიდან გამომდინარე, მისცეს მხარეებს ვადა შესარიგებლად, მაგრამ არაა ვალდებული ეს გააკეთოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2003 წლის 09 ოქტომბრის საქმე №ას-225-921-2003 გადაწყვეტილება).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ აქარწყლებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ასევე, მოსარჩელეს არ სურს მოპასუხესთან შერიგება. სამოქალაქო კანონმდებლობა ოჯახს განიხილავს, როგორც ნებაყოფლობით კავშირს და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ერთ-ერთი მეუღლის განცხადება, რომ მას მეორე მეუღლესთან თანაცხოვრება არ სურს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის საქმე №ას-1831-2018 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის საქმე №ას-1238-2019 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის საქმე №ას-813-2019 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის საქმე №ას-777-2020 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის საქმე №ას-472-2021 განჩინება).

17. 2022 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინების თაობაზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა საქმეთა გაერთიანების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების კანონიერების შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მეოთხე ნაწილი უშვებს სასამართლოს წარმოებაში არსებულ რამდენიმე ერთგვაროვან და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანებას იმ დათქმით, რომ ამგვარ გაერთიანებას შედეგად უნდა მოჰყვეს ამავე საქმეთა სწრაფად და სწორად განხილვა. ორი ან მეტი საქმის ერთ წარმოებად გაერთიანების კუმულატიურ წინაპირობებს წარმოადგენს: 1) საქმეთა ერთგვაროვნება და ურთიერთკავშირი; 2) გაერთიანების შედეგად დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვის უზრუნველყოფა (იხ. სუსგ. №ას-633-2021 09.11.2021წ).

18. მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე საქმის დავის საგანს წარმოადგენს ქორწინების შეწყვეტა, ხოლო №2/304-19 საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ქონების გაყოფა. მოცემული სამოქალაქო საქმეები, რამდენადაც ისინი ეხება ერთსა და იმავე მხარეებს შორის დავას, ურთიერთდაკავშირებულნი არიან, თუმცა ვერ აკმაყოფილებენ ერთგვაროვნების მიმართ წაყენებულ მოთხოვნას, რამეთუ ეფუძნებიან სხვადასხვა ფაქტებს და განსხვავებულია დავის საგანიც (სასარჩელო მოთხოვნა). საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანებით, ეჭვქვეშ დგება წინამდებარე დავის სწრაფად განხილვა-დასრულების შესაძლებლობაც. ამრიგად, დავათა გაერთიანებით მიღწეული ვერ იქნებოდა სწრაფი მართლმსაჯულების მიზანიც. რაც შეეხება კასატორის მითითებას სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლზე (მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას), საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც განქორწინების საქმეზე, ასევე იხილება მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის საკითხიც და ეს გაყოფა არ ეხება მესამე პირებს. ამასთან, მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს განქორწინების საქმესთან თანასაკუთრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის უპირობო გაერთიანებას.

19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.წ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.წ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თ.მ–ის მიერ 11/02/2023წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150.00 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი