საქმე №ას-7-2023 26 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „დ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შპს ,,დ.ჯ–იას“ მიმართ და პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მხარეთა შორის 2021 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა №715 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება მიეწოდებინა მისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების მომსახურეებისთვის ყველა სეზონის მაღალყელიანი ფეხსაცმელები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს - 2022 წლის 13 იანვრისა;
2.2. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით;
2.3. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, ხელშეკრულების საგანი, ნაცვლად 2022 წლის 13 იანვრისა, მიწოდებულ იქნა 2022 წლის 10 თებერვალს - 28 კალენდარული დღის დაგვიანებით;
2.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადის დარღვევის გამო, მოპასუხეს ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად დაეკისრა პირგასამტეხლო 22 590.29 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა ვადაგადაცილებით, რაც თავის მხრივ, არ გულისხმობს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, ვინაიდან მის მიერ მოსარჩელისთვის მიწოდებული საქონელი სრულ შესაბამისობაშია სატენდერო პირობებთან და მოთხოვნილ ტექნიკურ მახასიათებლებთან;
3.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულება გამოიწვია პანდემიიდან გამომდინარე ნედლეულის მწარმოებელი კომპანიის მიერ პროდუქციის დროულად მიუწოდებლობამ;
3.3. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა გამოიწვევს მის პარალიზებას.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს ,,დ.ჯ–იას“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 7 530.00 ლარის გადახდა დაეკისრა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის გადაწყვეტილება და სარჩელზე უარის თქმის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩლის სასარგებლოდ 15 060.29 ლარის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, მიწოდებული საქონელი სრულ შესაბამისობაშია სატენდერო პირობებთან და მოთხოვნილ ტექნიკურ მახასიათებლებთან. კომპანია შპს ,,დ.ჯ–ია" დღეის მდგომარეობით იმყოფება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებით თეთრ სიაში. რაც იმას ნიშნავს რომ კომპანია სხვა პრეტენდენტებისგან განსხვავებით მეტად პრივილეგირებულია და აქვს რიგი უპირატესობები შემსყიდველ ორგანიზაციებთან მიმართებით. როდესაც კომპანია რეგისტრირდება სიაში - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ძირითადი მოთხოვნაა რომ წარმოადგინოს დოკუმენტაცია თუ რა სახის ტენდერებში მონაწილეობს და ასრულებს თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული გარემოება მიუთითებს იმას რომ თუკი კომპანიის ქმედება ჩაითვლებოდა არაჯეროვნად, მაშინ იგი არ იქნებოდა დღეის მდგომარეობით თეთრ სიაში, რადგან არ დააკმაყოფილებდა ამისათვის საჭირო ძირითად მოთხოვნილებებს. რაც შეეხება ვადაგადაცილებით საქონლის მიწოდებას აღნიშნულ ფაქტს კასატორი ადასტურებს და მიუთითებს, რომ ვადაგადაცილება ნამდვილად განხორციელდა მიმწოდებლის მიერ, თუმცა ეს მოხდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ მწარმოებელი კომპანიის მიერ საქონელი დროულად არ იქნა მოწოდებული არსებული პანდემიიდან გამომდინარე.
6.2. კასატორს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15% არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის რომლის გადახდაც იწვევს კომპანიის პარალიზებას. გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული ხელშეკრულების შესრულებით კომპანიამ ფაქტობრივად მოგება ვერ ნახა. ამიტომ მისთვის 0.15 %-ის გადახდა რთულად შესასრულებელია. საქმეში არ არის წარმოდგენილი ფაქტი იმისა, რომ საქონლის დაგვიანებით მიწოდების გამო შემსყიდველს რაიმე სახის ზიანი მიადგა, რადგან ეს საქონელი მას მარაგში ჰქონდა. ვინაიდან საქონლის მოწოდება ხდება ჩინეთიდან, არსებულმა პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა კომპანია, სამუშაოების დროულად შესრულებაში.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
9.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.
10.1. 2021 წლის 15 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №715 ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების მოსამსახურეებისათვის ყველა სეზონის მაღალყელიანი ფეხსაცმელების სახელმწიფო შესყიდვა. ინფორმაცია საქონლის დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, ზომების, რაოდენობის და ერთეულის ღირებულების შესახებ მოცემულია დანართ №1, დანართ №2, დანართ №3 და დანართ №4-ში, რომლებიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 537 864 ლარს. 2.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, მაგრამ არა უადრეს, მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე. ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეს.
10.2. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის: ა) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში.
10.3. მოსარჩელის 2022 წლის 17 თებერვლის მიმართვით მოპასუხეს ეცნობა, რომ მის მიერ დაირღვა ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, 2021 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაცვლად 2022 წლის 13 იანვრისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2022 წლის 10 თებერვალს - 28 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამავე მიმართვით მოპასუხეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის (28 დღე), მას ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო 22 590.29 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 0.15%).
10.4. შპს „დ.ჯ–ას“ ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის არ აუნაზღაურებია.
11. გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხისათვის (მიმწოდებლისათვის) პირგასამტეხლოს დაკისრება. ამ მოთხოვნის საფუძველია სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
12. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხემ დაარღვია 2021 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების საგნის განსაზღვრულ ვადაში მიწოდების შესახებ. ხელშეკრულების საგნის მიწოდება მოსარჩელისთვის განხორციელდა 28 დღის დაგვიანებით, რაც მოპასუხის მიმართ ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულია ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოპასუხემ დაარღვია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. კერძოდ, შეთანხმებული სამუშაო შეასრულა ვადის დარღვევით. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა (იხ. პ.6; საკასაციო საჩივარი, ტომი II, ს.ფ. 48-59). სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
15. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირ. რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.).
16. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (შდრ: სუსგ, #ას-1485-2020, 04.03.2021).
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 537 864 ლარს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. მოპასუხემ მოსარჩელეს შესყიდვის ობიექტი მიაწოდა 28 კალენდარული დღის დაგვიანებით, რისთვისაც, ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 22 590.29 ლარი. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესი და მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანია. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, შპს „დ.ჯ–ას“ მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრულია, შესაბამისად, მისი ზემოხსენებული პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „დ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „დ.ჯ–იას“ (ს/კ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 16/11/2022წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 781.00 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 28.00 ლარი და დარჩენილი 753 ლარის 70% – 527.1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი