საქმე №ას-1039-2025 10 სექტემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.ნ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.შ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
- შეწყდა ნ.შ–ას (დაბადების თარიღი: 18 ივნისი 1969 წელი, მოქალაქეობა - ბელარუსი) და ვ.ნ–ძეს (დაბადების თარიღი: 21 თებერვალი 1984 წელი, პირადი №.......) შორის ქორწინება, ქორწინების რეგისტრაციის თარიღი - 2019 წლის 10 მაისი, სააქტო ჩანაწერი - № 01193003136.
- ნ.შ–ა (დაბადების თარიღი: 18 ივნისი 1969 წელი) ცნობილ იქნა ვ.ნ–ძის (პ/ნ: .........) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ......., ს/კ:№....... ½ ნაწილიდან 1/2 წილის მესაკუთრედ.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 06 მარტის განჩინება (საქმე №8834742-24 ვ.ნ–ძისათვის (პ/ნ: ........) უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თბილისი, ........, ს/კ:№....... მისი კუთვნილის წილის გასხვისების (გაყიდვა, გაჩუქება) და იპოთეკით ან სხვა რაიმე ვალდებულებით დატვირთვის აკრძალვის შესახებ, გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარჩა ძალაში.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ნ–ძემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განჩინებით ვ.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი. ამავე განჩინებით, კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით ვ.ნ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) საკასაციო საჩივარი, რომელშიც დაზუსტებული იქნება კასატორის გვარი (საქმეში წარმოდგენილი გვარის შეცვლის მოწმობის შესაბამისად); ბ) სადავო უძრავი ნივთის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი განახლებული მდგომარეობით და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის (არანაკლებ საპროცესო კოდექსით დადგენილი მინიმალური ოდენობის – 300 ლარის) სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
9. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა 2025 წლის 30 ივლისს და ჩაჰბარდა ამ უკანასკნელის მეუღლეს 2025 წლის 04 აგვისტოს.
10. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 31 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 14 აგვისტოს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2025 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე