Facebook Twitter

საქმე №ას-766-2025 16 სექტემბერი, 2025 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

კასატორი – შპს „მ.დ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღდგენა/ფულადი ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველი სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ე.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „მ.დ–ის“ საკუთრებაში არსებული 7391.00 კვ.მ. არარასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ.........) გამოიყო და მოსარჩელის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა 4170.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ყოფილი ს.კ. ........), გაერთიანებამდე (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, N882021492395-07) არსებული ნივთობრივი (ადგილმდებარეობა, ფართობი, კონფიგურაცია) და უფლებრივი მდგომარეობით. შპს „მ.დ–ს“ ე.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით. სხვა ნაწილში ე.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს „მ.დ–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ე.მ–ს შპს „მ.დ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 263 500 აშშ დოლარის გადახდა. საბოლოოდ, ურთიერთგადასახდელი თანხები გაიქვითა და ე.მ–ს შპს „მ.დ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 163 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით.

დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „მ.დ–ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 8 000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს „მ.დ–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია; ბ) 8 000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 202 წლის 25 ივლისის განჩინებით კასატორს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის აღმოფხვრის ვადა მისი მოთხოვნის საფუძველზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ბაჟის ქვითრის დედნის წარმოდგენა სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით შპს „მ.დ–ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 (შვიდი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 2400 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, რისი გადახდის შემთხვევაშიც გადაუვადდებოდა დარჩენილი თანხის - 5600 ლარის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირებამდე.

დადგენილ ვადაში, სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „მ.დ–ის“ წარმომადგენელმა, ნ.ი–ძემ და კვლავ იშუამდგომლა სახელწმიფო ბაჟის - 2400 ლარის გადახდის გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კვლავ რთულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზი შეუვსებლობის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „მ.დ–ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 8 000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს „მ.დ–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. ხოლო, ამავე პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით კასატორს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის აღმოფხვრის ვადა მისი მოთხოვნის საფუძველზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ბაჟის ქვითრის დედნის წარმოდგენა სასამართლოში.

ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით შპს „მ.დ–ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 (შვიდი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 2400 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, რისი გადახდის შემთხვევაშიც გადაუვადდებოდა დარჩენილი თანხის - 5600 ლარის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირებამდე.

დადგენილ ვადაში, სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „მ.დ–ის“ წარმომადგენელმა, ნ.ი–ძემ და კვლავ იშუამდგომლა სახელწმიფო ბაჟის - 2400 ლარის გადახდის გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა რთულია.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებს გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ იმ შუამდგომლობის ავტორს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ მათ საკმარისად არ მიიჩნევს, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენაც მოითხოვოს.

გამომდინარე იქიდან, რომ არ არის წარმოდგენილი მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტები სასამართლოს უკვე შეფასებული აქვს, შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

გარდა ხსენებულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-5 მუხლებით განმტკიცებულ სასამართლო ხელმისაწვდომობისა და პირთა თანასწორობის პრინციპებზე და განმარტავს, რომ როგორც მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით, ისე _ ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვა მართალია, არ წარმოადგენს ილუზორულ უფლებას, თუმცა, ეს უფლება არ არის აბსოლუტური, რადგანაც იგი შეიძლება ემყარებოდეს შეზღუდვას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნეს დაუსრულებლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად არ გამოუსწორებია ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი