Facebook Twitter

№ას-766-2025 24 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

კასატორი – ე.მ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.დ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება

მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღდგენა/ფულადი ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველი სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ე.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „მ.დ–ის“ საკუთრებაში არსებული 7391.00 კვ.მ. არარასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ.......) გამოიყო და მოსარჩელის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა 4170.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ყოფილი ს.კ. .........), გაერთიანებამდე (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, N882021492395-07) არსებული ნივთობრივი (ადგილმდებარეობა, ფართობი, კონფიგურაცია) და უფლებრივი მდგომარეობით. შპს „მ.დ–ს“ ე.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით. სხვა ნაწილში ე.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს „მ.დ–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ე.მ–ს შპს „მ.დ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 263 500 აშშ დოლარის გადახდა. საბოლოოდ, ურთიერთგადასახდელი თანხები გაიქვითა და ე.მ–ს შპს „მ.დ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 163 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით.

დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა, და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით ე.მ–ს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 6 000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. ამავე პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით ე.მ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინებით კასატორის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ე.მ–ს გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით და დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით გადახდისუუნარობის თაობაზე მტკიცებულებები ან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის ქვითრის დედანი.

საპროცესო ვადის გაგრძლების თაობაზე განჩინება კასატორის წარმომადგენელო ტ.ჩ–ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2025 წლის 12 სექტემბერს ჩაბარდა დედას, მ.ა–ძეს (პირადი #..........).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზი შეუვსებლობის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით ე.მ–ს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 6 000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. ამავე პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით ე.მ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინებით კასატორის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ე.მ–ს გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით და დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით გადახდისუუნარობის თაობაზე მტკიცებულებები ან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის ქვითრის დედანი.

საპროცესო ვადის გაგრძლების თაობაზე განჩინება კასატორის წარმომადგენელო ტ.ჩ–ს (იხ.მინდობილობა ტ.1, ს.ფ.136-138) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2025 წლის 12 სექტემბერს ჩაბარდა დედას, მ.ა–ძეს (პირადი #.........).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 13 სექტემბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2025 წლის 19 სექტემბერს - პარასკევს. ამ ვადის განმავლობაში, მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი