საქმე№ას-1029-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორები – თ. კ–ია, თ. კ–ია, ა. კ–ია, ლ. კ–ია, თ. გ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ.ჩ–იამ (შემდეგში: მოსარჩელე), მოითხოვა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისში, ........, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 200.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 (გაშენების ფართი 100 კვ.მ.) (საკადასტრო კოდი N........) მოპასუხეების: თ.ი კ–იას, თ. კ–იას, ა. კ–იას, ლ. კ–იასა და თ. გ–ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
1.2. სარჩელის საფუძვლად მითითებულია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, .......... N31ა-ში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 200.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 (გაშენების ფართი 100 კვ.მ.) N2 (საკადასტრო კოდი N.......). მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოსარჩელის კუთვნილ ქონებას და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებენ მას.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ქონებას მართლზომიერად, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდნენ. აღნიშნული ურთიერთობა კი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ჩ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ....... №31ა-ში.
4. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი
4.1. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხეები აღნიშნულ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ.
5.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება.
5.4. უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ......... N31ა-ში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 200.00 კვ.მ., შენობანაგებობის ჩამონათვალი: N1 (გაშენების ფართი 100 კვ.მ.) (საკადასტრო კოდი N.........), საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე. (ტ.1, ს.ფ. 16-17).
5.5. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება არის მოპასუხეების მფლობელობაში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ.
5.6. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტა, რომ აპელანტს სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში აპელანტების მიერ მხარეთა შორის ქირავნობის უვადო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით დადგენილი წერილობითი ფორმის დაუცველობაზე მითითებით, სადავო უძრავი ნივთის მოპასუხეთა მფლობელობის მართლზომიერების არგუმენტს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია მხარეებს შორის 2016 წლის ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია განსაზღვრული ვადით. დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურულია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება გარემოება მოპასუხეთა გამოსახლების მიზნით სადავო მისამართზე საპატრულო პოლიციის გამოძახების, აგრეთვე, მოსარჩელის მხრიდან სადავო მისამართზე კომუნალური მომსახურების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ქირავნობის ხელშეკრულების ვადა გასულია და მესაკუთრე უარყოფს ურთიერთობის გაგრძელების ფაქტს, მოპასუხემ (ყოფილმა დამქირავებელმა) სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს სამართალურთიერთობის არსებობის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის.
5.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა უვადო ქირავნობის ურთიერთობის არსებობის თაობაზე პრეტენზია, რაც მოპასუხეთა (აპელანტი მხარე) მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელობის მართლზომიერ საფუძველს შექმნიდა, შესაბამისად, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების მართლზომიერად ფლობის თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული.
6. მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლით.
6.2. მოპასუხეთა განმარტებით, მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება არსებობდა, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგაც აღნიშნული სამართალურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა. არსებული ქირავნობის ურთიერთობა კი კანონის მოთხოვნათა დაუცველად შეწყვიტა მოსარჩელემ.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე(იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი):
12.1. უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ........ N31ა-ში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 200.00 კვ.მ., შენობანაგებობის ჩამონათვალი: N1 (გაშენების ფართი 100 კვ.მ.) (საკადასტრო კოდი N........), საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე. (ტ.1, ს.ფ. 16-17).
12.2. დასახელებულ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები.
13. საკასაციო სასამართლო, საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეები მოსარჩელის საკუთრების უფლებას ქონებაზე სადავოდ არ ხდიან, არამედ, მიუთითებენ, რომ აღნიშნულ ქონებას მართლზომიერი საფუძვლით, კერძოდ ქირავნობის, განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ფლობენ, რაც გამორიცხავს მესაკუთრის უფლების ვინდიკაციური წესით განხორციელებას.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 168-ე ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, 170-ე მუხლის პირველ ნაწილსა მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისულად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას და 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
16. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ №ას-914-2019, 25.07.2019წ.; №ას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
17. წინამდებარე შემთხვევაში კასატორებს, მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორების უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას. სადავო ქონებასთან მიმართებით კასატორებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლებოდნენ.
18. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს მხარეთა შორის, განუსაზღვრელი ვადით არსებული ქირავნობის ხელშეკრულების შესახებ, ამასთან მიუთითებს, რომ განუსაზღვრელი ვადით ქირავნობის ხელშეკრულებისას, მესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება და მოითხოვოს ქონების დაბრუნება (იხ. სსკ-ის 559-ე, 561-ე მუხლები).
19. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, 2016 წელს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება განსაზღვრული ვადითაა დადებული, რომელსაც ამოწურული აქვს მოქმედების ვადა. საპირისპიროდ, მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხეთა გამოსახლების მიზნით სადავო მისამართზე გამოიძახა საპატრულო პოლიცია. აგრეთვე, მიუთითა, რომ კომუნალური მომსახურების შეწყვეტა მოითხოვა.
20. ამდენად, უდავოა რომ კასატორებმა მტკიცების ტვირთი ვერ დაძლიეს იმგვარი მტკიცებულებების წარდგენით რაც სადავო უძრავ ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა. შესაბამისად, კასატორებმა, ვერ წარმოადგინეს იმგვარი დასაბუთება და მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე კასატორების სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა გახდებოდა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საკასაციო განაცხადი დაუშვებელი.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. კ–იას, თ. კ–იას, ა. კ–იას, ლ. კ–იასა და თ. გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. თ. კ–იას (........), თ. კ–იას (........), ა. კ–იას (.........), ლ. კ–იასა (.........) და თ. გ–ს (.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №28809085143, გადახდის თარიღი 14.08.2025) 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე