Facebook Twitter

საქმე№ას-1083-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.თ–ი (მოსარჩელე, თ.მ–ას უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ვ.ც–ა, გ.ც–ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განჩინება;

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამიდღემშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით თ.მ–ას სასარჩელო მოთხოვა მოპასუხეების გ.ც–ას და ვ.ც–ას მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინებით თ.მ–ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ.თ–ი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით თ.მ–ას უფლებამონაცვლის, რ.თ–ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.

5. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ.თ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით დაუსაბუთებლად დარჩა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს წინასწარ აცნობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ქვეყნის დატოვების შესახებ, რაც სასამართლოს საპატიოდ უნდა მიეჩნია და გადაედო საქმის განხილვა გონივრული ვადით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განჩინებით გაუქმდა იმავე სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის განჩინება, რომლითაც მოპასუხეებს აეკრძალათ მათ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; დასახელებული განჩინების მოტივად მითითებულია შემდეგი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. შესაბამისად, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების საჭიროება აღარ არსებობდა.

9. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე, მეორე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, მოითხოვა განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არამართლზომიერადაა გაუქმებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელი.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო სააპელაციო საჩივრის განხილვის დღე. ასევე უდავო იყო, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო წარმომადგენელს ორი დღით უწევდა თურქეთში გამგზავრება, რაც სააპელაციო სასამართლოსთვის საკმარისი საფუძველი უნდა ყოფილიყო საქმის განხილვის გონივრული ვადით გადადებისთვის.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა იმავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

17. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტის გამოუცხადებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი შემდეგი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტი და ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე არ უნდა ითხოვდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნულ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალურ წინაპირობას.

18. ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების დადგენის შემდეგ უნდა შემოწმდეს - ხომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.

19. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).

20. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სხდომის განხილვის თარიღი მხარისთვის და მისი წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო (ტ.1,ს.ფ. 205). ასევე უდავოა, რომ 2025 წლის 8 მაისს მხარის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს (ტ.1,ს.ფ. 206), თურქეთში მკურნალობის მიზნით გამგზავრების გამო, მოითხოვა სხდომის სხვა დროისთვის დანიშვნა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არც განცხადების წარდგენისა და არც კერძო საჩივრის წარმოდგენის დროს, მხარეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამკურნალოდ ქვეყნის დატოვებას და სხდომაზე გამოუცხადებლობის ობიექტურ შეუძლებლობას სასამართლოსთვის არ წარუდგენია. კერძო საჩივარზე დართული ცნობა და ყოველგვარი რეკვიზიტების, თარიღისა და სათანადო დამოწმების გარეშე შედგენილი დოკუმენტი წოლითი რეჟიმის მითითების შესახებ ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

21. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, აპელანტის გამოუცხადებლობისას მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

22. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების გათვალისწინებით საპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის პასუხად განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

23. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

24. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტი), კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ მითითება, რომ წარმომადგენელი სამკურნალოდ თურქეთში მიემგზავრებოდა, არასაკმარისი და არარელევანტური მტკიცებულებაა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის.

25. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი კი დაუსაბუთებელია და არ არსებობის მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

26. საკასაციო სასამართლო მხარის მიერ, სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განჩინებაზე წარმოდგენილ მეორე კერძო საჩივარზეც გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მაისის განჩინებაზე წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც, მხარის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კანონიერ ძალაშია. ამდენად, მოცემულ საქმეზე იმ მხარის სასარგებლოდ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობას აზრი ეკარგება, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.თ–ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე