საქმე №ას-1106-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – შპს „მ.ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა შპს „მ.ს–ის“ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს/კ: N..... გამოთხოვა და მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1.განსახილველი სარჩელი მოპასუხე მხარეს 2023 წლის 20 ივნისს ჩაბარდა (ს.ფ. 44). მოპასუხემ აბსტრაქტული შესაგებელი წარმოადგინა, რომელშიც მითითებულია, რომ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს (ს.ფ. 60-67).
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე აღნიშნულ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.
5.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება.
5.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით უძრავი ქონება, მდებარე: 1537მ2 დაზუსტებული მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით N1, N2, N3 და N4, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდი N........., რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. (იხ. ს.ფ. 17);
5.5. მოსარჩელე მოპასუხის მფლობელობიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N....... საკადასტრო კოდით (წინა ნომერი .............. და .........) სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილის - 250.05 მ2 ფართის გამოთხოვას ითხოვს, რომელიც 25-ე საქმის ფურცელზე წარმოდგენილ ორთოფოტოზეა ასახული. (იხ. ს.ფ. 25);
5.6. მოპასუხე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო ქონებას (ტ.1,ს.ფ. 89-97).
5.7. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე, საჯარო რეესტრის მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები;
5.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე, შესაბამისად ვინდიკაციური სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
6.1.სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2.კასატორის განმარტებით, დავის პერიოდში სადავო მიწის ნაკვეთს არ ფლობს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე(იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი):
12.1. უძრავი ქონება, მდებარე: 1537მ2 დაზუსტებული მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით N1, N2, N3 და N4, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდი N........., რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. (იხ. ს.ფ. 17);
12.2. მოსარჩელე მოპასუხის მფლობელობიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N........ საკადასტრო კოდით (წინა ნომერი ......... და ........) სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილის - 250.05 მ2 ფართის გამოთხოვას ითხოვს, რომელიც წარმოდგენილ ორთოფოტოზეა ასახული. (იხ. ს.ფ. 25);
12.3. მოპასუხე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო ქონებას (ტ.1,ს.ფ. 89-97).
13. საკასაციო სასამართლო, საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 168-ე ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, 170-ე მუხლის პირველ ნაწილსა მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისულად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას და 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
15. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ №ას-914-2019, 25.07.2019წ.; №ას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა, კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის გარეშე, ხოლო, მოპასუხე მართლზომიერი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს.
17. კასატორს მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორის უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას. სადავო ქონებასთან მიმართებით კასატორმა ვერ მიუთითა ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლებოდნენ.
18. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დავის განმავლობაში, არც შესაგებელში, არც სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარში, მხარეს რაიმე მტკიცებულება და არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი არ წამოუდგენია.
19. ამდენად, უდავოა, რომ კასატორმა მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია იმგვარი მტკიცებულებების წარდგენით რაც სადავო უძრავ ქონებაზე მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა. შესაბამისად, კასატორმა, ვერ წარმოადგინა იმგვარი დასაბუთება და მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე კასატორის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა გახდებოდა, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საკასაციო განაცხადი დაუშვებელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „მ.ს–ს“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №375, გადახდის თარიღი 12.08.2025) 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე