Facebook Twitter

საქმე №ას-613-2025

22 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „რ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ა.კ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ „კასატორი“) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „რ–ას“ მოსარჩელე შპს „ა.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა - 95 778,32 ლარის გადახდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცველად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით შპს „რ–ას“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის 4 788,916 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

9. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის დირექტორს ორჯერ გაეგზავნა, სსსკ-ის 70-ე-73-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ.თბილისი, .........., ასევე გაეგზავნა ალტერნატიულ მისამართზე ქ.თბილისი, ..........., თუმცა ადრესატისთვის გზავნილების ჩაბარება ვერცერთხელ ვერ მოხერხდა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში შპს „რ–ა“ ს/კ ........ (მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, ......... ან ქ.თბილისი, ...........) ჩაებარებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინება და მასვე დაევალა ეცნობებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.

11. 2025 წლის 30 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარმა სამმართველომ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით, სადაც აღნიშნა, რომ კასატორისთვის კორესპონდენციის გადაცემა ვერ მოახერხა, იმ მიზეზით, რომ ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-2 სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე, სადაც სახლი დახვდა დაკეტილი,რის შემდეგაც დაუკავშირდა შპს „რ–ის“ დირექტორს მობილურზე და მოახსენა სასამართლო გზავნილის შესახებ. ხოლო, დირექტორმა მოახსენა, რომ თავად გამოცხადდებოდა პოლიციაში და ჩაიბარებდა გზავნილს, თუმცა არ გამოცხადდა და არ ჩაუბარებია გზავნილი. ამის შემდეგ მართლწესრიგის ოფიცერმა განმეორებით სცადა დაკავშირება და ტელეფონზე არავინ უპასუხა, აგრეთვე მისამართზეც კვლავ არავინ დახვდა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს განჩინების საჯაროდ გამოქვეყნების გზით, შპს „რ–ა“ ეცნობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. შპს „რ–ას“ განემარტა, რომ მოცემული განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი განთავსდა საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე (www.ecd....ge).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით კასატორს მიეცა 7 დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.

17. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

18. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინება კასატორს ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების გზით 2025 წლის 18 აგვისტოს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინება კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად ჩაბარდა.

19. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი საპროცესო ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2025 წლის 19 აგვისტოს და ამოიწურა 2025 წლის 25 აგვისტოს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „რ–ას“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გიზო უბილავა