Facebook Twitter

საქმე №ას-1022-2025

22 სექტემბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ნ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.კ.ა–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“,„კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ნ–იას (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ, და მოითხოვა - 8603,57 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ,,ს.კ.ა–ის“ სარჩელი ა.ნ–იას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე; მოპასუხეს მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა 6462,35 ლარი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სს ,,ს.კ.ა–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა.ნ–იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ს.კ.ა–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა.ნ–იას სს ,,ს.კ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1660 ლარის გადახდა;

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით სს „ს.კ.ა–ს“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის 347,17 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

8. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 1 აგვისტოს.

9. 2025 წლის 11 აგვისტოს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი 07.08.2025) კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით და სახელმწიფო ბაჟის – 347,17 გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინებით სს „ს.კ.ა–ი“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად;

11. 2025 წლის 12 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სს „ს.კ.ა–ის“ წარმომადგენელმა და განაცხადა, რომ შეწყვიტა სასამართლო დავა ა.ნ–იას მიმართ და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

15. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

16. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

17. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1573-2018, 26 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1104-2019, 5 მარტი, 2020 წელი, №ას-1793-2019, 12 მარტი, 2020 წელი).

18. კასატორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკასაციო საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპეალაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ა–ის“ წარმომადგენლის ბ.ჭ–ას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება სს „ს.კ.ა–ი“ საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. სს „ს.კ.ა–ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 23 ივნისს №850 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 347,18 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე