Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1114-1076(კ-08) 27 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა მ. ხ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.08წ. განჩინებით მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.08.07წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ. საკასაციო საჩივარს თანდართული არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო საჩივარში კასატორმა მიუთითა, რომ “საქართველოს მოქალაქის რეპრესირებულად აღიარების შესახებ” კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ათავისუფლებს ამ კანონის შესრულებისას წარმოშობილ სასამართლო დავებს.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.10.08წ. განჩინებით მ. ხ-ას დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის, 300 ლარის გადახდის ქვითრის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნუმუშის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის იმდენი ასლის წარმოდგენა, რამდენი მხარეცაა საქმეში. აღნიშნული განჩინებით კასატორს განემარტა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის 7.3 მუხლის თანახმად, განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან. განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება. საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის განჩინებასთან ერთად კასატორს გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული საკასაციო საჩივრის ფორმა.

27.10.08წ. მ. ხ-ამ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და ინგლისურიდან ტექსტის თარგმნის მოპასუხისათვის დავალდებულების ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა.

17.11.08წ. მ. ხ-ამ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ “საქართველოს მოქალაქის რეპრესირებულად აღიარების შესახებ” კანონის მე-12 მუხლის “ვ” ქვეპუნქტით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. მ. ხ-ამ წარმოადგინა ასევე საკასაციო საჩივრის 2 ასლი, რომელიც შედგენილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნუმუშში მითითებული საკასაციო საჩივრის სტრუქტურის იდენტური თანამიმდევრობით, თუმცა საკასაციო საჩივარი არ არის შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონი კასატორის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია მხოლოდ განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე. განსახილველი დავის საგანს შეადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ქმედების დავალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.