27 აგვისტო 2025 წელი საქმე №ას-557-2025 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ა–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, მესაკუთრედ ცნობა, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „ა–ის“ მიმართ გაუქვითავი ავანსის - 171 448.58 ლარის და პირგასამტეხლოს - 409 975.51 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს „ა–ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 171 448.58 (ას სამოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდარვა ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 31 892.65 (ოცდათერთმეტი ათას რვაას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა–მა“, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს „ა–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ა–მა“ წარმომადგენელმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2025 წლის 01 მაისს.
7. 2025 წლის 06 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მან იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმ მიზეზით, რომ კომპანიას შემოსავლები არ უფიქსირდებოდა და მხოლოდ ერთ უძრავ ქონებას ფლობდა, რომელიც დაყადაღებული იყო.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით შპს „ა–ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „ა–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2025 წლის 02 ივნისს.
9. 2025 წლის 09 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმ მიზეზით, რომ კომპანიის ქონებრივი მდგომარეობა არ იძლეოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას, მტკიცებულებად წარმოადგინა საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი და ცნობა შსს მომსახურების სააგენტოდან, საიდანაც ირკვევოდა, რომ კასატორს სახელზე რეგისტრირებული 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება დაყადაღებული იყო და მასზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „ა–ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ კასატორს ანგარიშები უფიქსირდებოდა სს „ს.ბ–ში“, სს ,,პ.ბ–ში" (დახურული), სს ,,თ.ბ–ში" და სს ,,ბ–ში". შპს „ა–ის“ მიერ წარმოდგენილი იყო მიმდინარე ანგარიშების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სს ,,თ.ბ–იდან'' და სს ,,ს.ბ–იდან", არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია სს ,,ბ–დან", აღნიშნული გარემოება მითითებული იქნა ასევე საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განჩინებაშიც, მაგრამ კასატორს კვლავ არ ჰქონდა წარმოდგენილი ინფორმაცია სს ,,ბ–დან". საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კასატორს 2022 წლის 11 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2022-2023 წლებში ჩარიცხული ჰქონდა 3 635 203.28 ლარი, რაც კასატორის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციებში არ იყო ასახული და მიუთითებდა, რომ სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის სახსრები არ გააჩნდა. შსს მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას საკუთრებაში ჰქონდა ექსკავატორ-დამტვირთველები და სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათზე რეგისტრირებული გასხვისების აკრძალვა, გირავნობა და ყადაღა ხელს არ უშლიდა კომპანიას ტექნიკის მუშაობით მიეღო შემოსავალი. შესაბამისად, კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ქონება დაყადაღებულია და გამოყენება შეუძლებელია, უსაფუძვლო იყო და შპს „ა–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2025 წლის 27 ივნისს.
11. 2025 წლის 03 ივლისს (ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილია 2025 წლის 02 ივლისს), საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც ითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელებას 14 დღით, თანხის მობილიზაციისათვის.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 ივლისის განჩინებით შპს „ა–ის“ შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძლების შესახებ დაკმაყოფილდა. კასატორს - შპს „ა–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელ - თ.ო–ძეს 2025 წლის 15 ივლისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა (მინდ. ტ.1; ს.ფ. 306-307); (იხ. ჩაბარების დასტური). ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 ივლისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და მიეცა 14-დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ თ.ო–ძეს 2025 წლის 15 ივლისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა (მინდ. ტ.1; ს.ფ. 306-307); (იხ. ჩაბარების დასტური).
17. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
19. საკასაციო პალატა ყურადღებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
20. ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
21. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის განჩინება სახელმწიფო ბაჟს შეეხებოდა, შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება კანონით დადგენილ შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2025 წლის 15 ივლისს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.
22. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2025 წლის 15 ივლისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 14 - დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 16 ივლისს და ამოიწურა 2025 წლის 29 ივლისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი