Facebook Twitter

26 დეკემბერი 2023 წელი

№ას-720-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ს.პ.

მოწინააღმდეგე მხარე _ მ.წ–ძე

მოპასუხე _ მ.ი–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა, ღობის დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.წ–ძემ (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ს.პ–ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კასატორი“, „I მოპასუხე“) და მ.ი–ძის (შემდგომში მოხენიებული, როგორც „II მოპასუხე“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით: მოპასუხეებს აეკრძალოთ/აღეკვეთოთ მოსარჩელე მ.წ–ძისათვის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის (ს/კ .........) საჯარო გზასთან დამაკავშირებელი, მოსარჩელის მიწის ნაკვეთისა და ხაშური-ახალციხე-ვალის საერთაშორისო გზას შორის არსებული დაურეგისტრირებელი სივრცით/აუცილებელი გზით სარგებლობის ხელისშეშლა, რომლის სიგრძე არის 29.33 მეტრი სიგანე 3.75 მეტრი, ხოლო ფართობი 107 კვ.მ. სერთიფიცირებული უძრავი ქონების ამგეგმავის დ.გ–ძის 2021 წლის 29 ივნისის №დ/004 დასკვნის შესაბამისად და დაევალოთ ამ გზის დასაწყისში უკანონოდ აღმართული, სამხარაულის ექპერტიზის დასკვნის ფოტო ილუსტრაციაში (ფოტო №9; №10; №11 და №12) მითითებული ღობის დემონტაჟი სიგრძით 3.75 მეტრი.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. მ.წ–ძეს საკუთრებაში აქვს 552 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მდებარე ახალციხე, სოფ. ........ ს/კ .......... აღნიშნულ უძრავ ნივთამდე ცენტრალური ხაშური-ახალციხე-ვალეს საერთაშორისო მნიშვნელობის გზიდან მოდიოდა მისასვლელი გზა, რომელიც იყო სახელმწიფო საკუთრებაში. დღეის მდგომარეობითაც, ერთადერთი აუცილებელი გზა უძრავ ნივთამდე გადის ამ ტერიტორიაზე.

2.2. მ.წ–ძეს ს.პ–ისა და მ.ი–ძის მხრიდან უკანონოდ ეზღუდება გზით სარგებლობის უფლება, ვინაიდან გააკეთეს ღობე გასასვლელ გზაზე და აუკრძალეს გავლა. შემდეგ კი, გზის ნაწილი უკანონოდ დაირეგისტრირეს თავის საკუთრებაში, ხოლო ნაწილი შეიტანეს აღიარების კომისიაზე დასაკანონებლად.

2.3. მ.წ–ძის საჩივრის საფუძველზე პროკურატურამ გამოარკვია, რომ მისმა მეზობლებმა ყალბი დოკუმენტაციით შეუცვალეს კონფიგურაცია თავიანთ მიწის ნაკვეთს. პროკურატურის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრმა გააუქმა უკანონო რეგისტრაცია და გზა მათ საკუთრებაში მოქცეული აღარ არის.

2.4. სპეციალისტის დასკვნით დადგინდა ზუსტი ადგილმდებარეობა, ზომები და საზღვრები იმ ტერიტორიისა, რომელზეც მოპასუხეთა მხრიდან ხორციელდება ხელშეშლა, რაც გამოიხატება მ.წ–ძისთვის მათი მხრიდან გზის მოწყობის აკრძალვასა და უკანონო ღობის დემონტაჟზე უარის თქმაში.

2.5. აღნიშნული მისასვლელი გზის სრულფასოვნად გამოყენებისათვის მ.წ–ძეს ხელი ეშლება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული წყაროს ნაგებობით ან/და ასევე მერიის მიერ დაწყებული მშენებარე ნაგებობითაც. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ნაგებობების სხვა ადგილას გადატანა.

მოპასუხეების პოზიცია:

3.1. მოპასუხე მ.ი–ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მ.წ–ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არასოდეს არ ჰქონია მისი და ს.პ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გავლით გზა. სადავო ღობე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ განთავსდა და მას შემდეგ, შეუცვლელი კონფიგურაციით არსებობს, შესაბამისად, მოსარჩელე არასწორად აღნიშნავს, რომ მოპასუხეებმა გააკეთეს ღობე და უკრძალავენ გზაზე გასვლას. მოპასუხე მხარემ გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და მიმართა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია დამნაშავედ ცნობილი პირები, შესაბამისად, მოპასუხეებს აღიარების პროცესში კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ.

3.2. უძრავი ქონება წარმოადგენს მაია ივანიძისა და ს.პ–ის საკუთრებას, შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ხორციელდება მოპასუხეების მხრიდან ხელშეშლა, რადგან სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება წარმოადგენს მესაკუთრის უფლებას. სადავო უძრავი ქონება კი არ არის მ.წ–ძის საკუთრებას.

3.3. მოპასუხე ს.პ–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. ფაქტობრივ გარემოებებში მოსარჩელე საუბრობს აუცილებელ გზაზე, თუმცა ითხოვს ხელშეშლის აღკვეთას. თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხეს რაიმე უკანონოდ აქვს დარეგისტრირებული და ამით მისი უფლება ილახება, ეს სხვა წესით საჩივრდება. ამასთან, მოსარჩელეს სახლამდე მისასვლელი ჯეროვანი გზა აქვს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ახალციხის რაიონული 2021 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.წ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით:

6.1. მ.წ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

6.2. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

6.3. მ.წ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა;

6.4. მოპასუხეებს - მ.ი–ძეს და ს.პ–ს აეკრძალათ/აღეკვეთათ მოსარჩელე მ.წ–ძისათვის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის (ს/კ ........) საჯარო გზასთან დამაკავშირებელი, მოსარჩელის მიწის ნაკვეთისა და ხაშური-ახალციხე-ვალის საერთაშორისო გზას შორის არსებული დაურეგისტრირებელი სივრცით/აუცილებელი გზით სარგებლობის ხელისშეშლა (სიგრძე - 29.33 მეტრი, სიგანე - 3.75 მეტრი, ფართობი - 107კვ.მ) და დაევალათ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 07 ივნისის დასკვნაში დანართ №1-ზე მითითებული ღობის დემონტაჟი სიგრძით 3.75 მეტრი.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, ახალციხე, სოფელ ....... მდებარე უძრავი ქონების ს/კ ......... მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერაში მითითებულია მ.წ–ძე.

7.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 13 მაისის ამონაწერის თანახმად, ახალციხის რაიონ სოფელ ....... ქუჩა №2-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ ........... მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერაში მითითებულია მ.ი–ძე და ს.პ.

7.3. საჯარო გზასთან დამაკავშირებელ, მოსარჩელის მიწის ნაკვეთსა (ს/კ .........) და ხაშური-ახალციხე-ვალის საერთაშორისო გზას შორის არსებული სივრცე არის დაურეგისტრირებელი ფართობი.

7.4. საჯარო გზასთან დამაკავშირებელ, მოსარჩელის მიწის ნაკვეთსა (ს/კ ........) და ხაშური-ახალციხე-ვალის საერთაშორისო გზას შორის არსებულ დაურეგისტრირებელ უძრავ ქონებას აქვს ღობე.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. სააპელაციო პალატის განსჯით, ახალციხის რაიონის სოფელ .....ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ ...... მესაკუთრეს წარმოადგენს მ.წ–ძე, ხოლო ამავე სოფელში ......... არსებული უძრავი ქონების (ს/კ .........) მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერაში მითითებულნი არიან მ.ი–ძე და ს.პ–. ამასთან, დადგენილია, რომ მ.წ–ძის მიწის ნაკვეთის (ს/კ .........) საჯარო გზასთან დამაკავშირებელი და ხაშური-ახალციხე-ვალის საერთაშორისო გზას შორის არსებული სივრცე ამ ეტაპისთვის არის დაურეგისტრირებელი ფართობი, რომლის ნაწილსაც ფლობდნენ მოწინააღმდეგე მხარეები. დაურეგისტრირებელ ფართობს მ.წ–ძის მიწის ნაკვეთის მხარეს შემოვლებული აქვს ღობე, რის გამოც მოსარჩელე ვერ სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული ფართით.

8.2. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 07 ივნისის დასკვნაზე და შენიშნა, რომ ხსენებული გამოკვლევის თანახმად, მ.წ–ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე (ს/კ ........) მისასვლელი გზა მოიცავს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ (ს/კ .........) მიწის ნაკვეთსა და რეგისტრაციისგან თავისუფალ ფართს. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში კი განმარტებულია, რომ მ.წ–ძის მიწის ნაკვეთს სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდანაც აქვს მისასვლელი, თუმცა იმ მხრიდან გზაზე ჩამოედინება ღელე და მისასვლელი არ აკმაყოფილებს მისასვლელი გზის ტექნიკურ მოთხოვნებს.

8.3. ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მ.წ–ძეს შეზღუდული აქვს მის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა მოპასუხეთა მხრიდან სადავო ტერიტორიაზე შემოვლებული ღობის გამო, მიწის ნაკვეთთან მისასვლელი სხვა ალტერნატიული გზა კი არ გააჩნია, რაც უდავოდ მოწმობს ხელშეშლის ფაქტობრივი მოცემულობის არსებობას.

8.4. პალატის შეფასებით, მოპასუხეთა მხრიდან ვლინდება არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება აპელანტის მიმართ, ვინაიდან მათ მიერ დაურეგისტრირებელი ტერიტორიის ნაწილზე ღობის აღმართვის შედეგად მ.წ–ძეს შეზღუდული აქვს თავისი საკუთრებით სარგებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ტერიტორიაზე აღმართული ღობის არსებობის ნაწილში სახეზეა მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ აპელანტის საკუთრების გაუმართლებელი ხელყოფა, რის გამოც ღობის დემონტაჟის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ჩაითვალა საფუძვლიანად.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ს.პ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. მოპასუხეების მიერ განთავსებული ღობის დემონტაჟის დავალებით სააპელაციო სასამართლომ მ.წ–ძეს ნება დართო, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებულ მიწის ნაკვეთზე გზა მოაწყოს, თუმცა მერია წინამდებარე დავაში მხარედ არ ჩაურთავს.

9.2. ღობის დემონტაჟით მ.წ–ძე სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე გზის მოწყობის მიზანს ვერ მიაღწევს, ვინაიდან მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ მონაკვეთში მდებარეობს სოფლის მიერ გაკეთებული წყარო და მუნიციპალიტეტოის მიერ აგურით ნაშენი ავტობუსის გაჩერება.

9.3. სასამართლომ ჩათვალა, თითქოს მ.წ–ძე ვერ ახერხებდა საკუთარი უძრავი ქონებით სარგებლობას კუთვნილ ნაკვეთამდე მისასვლელი გზის არარსებობის გამო, რაც არასწორია. სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ მ.წ–ძე დანარჩენ მოსახლეებთან ერთად, ათწლეულებია, სარგებლობს გზით, რომელსაც აქვს ჯეროვანი გამოყენებისთვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, რომლით სარგებლობაც მოსარჩელისთვის არავის შეუზღუდია. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა იძლევა პასუხს იმაზე, შეიძლება თუ არა მოსარჩელის სასურველი მიმართულებით უკეთესი გზის მოწყობა, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია, რამდენად გამოიყენება დღემდე არსებული გზა დანიშნულებისამებრ. სასამართლომ აუცილებელ გზაზე იმსჯელა ისე, რომ წინამდებარე საქმეში სასარჩელო მოთხოვნას ხელშეშლის აღკვეთა (ღობის დემონტაჟი) წარმოადგენდა, ესე იგი, გასცდა დავის საგანს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არამედ, საკასაციო პრეტენზია მიემართება დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 7.1.-7.4. პუნქტებში, სრული მოცულობით სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვისაც.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სახელმწიფოს კუთვნილ არარეგისტრირებულ ფართობზე მოპასუხეების მიერ აგებული ღობის დემონტაჟის თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება.

14. მოპასუხეთა მიერ აგებული ღობის დემონტაჟის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ღობის არსებობის გამო ეზღუდება სახელმწიფოს კუთვნილი ფართის საკუთარ მიწის ნაკვეთამდე (ს/კ ........) მისასვლელ საავტომობილო გზად გამოყენების შესაძლებლობა, რაც ხელყოფს მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლებას.

15. კასატორთა ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სადავო ღობის დემონტაჟის მიუხედავად, მოსარჩელის მიერ წინამდებარე სარჩელით დასახული მიზანი აღუსრულებელი დარჩება, ვინაიდან გარდა სადავო ღობისა, სახელმწიფოს კუთვნილი ფართობის საავტომობილო გზად გამოყენების შესაძლებლობას აბრკოლებს ამავე ფართში გათავსებული სხვა ნაგებობებიც, სახელდობრ, სოფლის მიერ გაკეთებული წყარო და მუნიციპალიტეტის მიერ აგურით ნაშენი ავტობუსის გაჩერების ნაგებობა.

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2 მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლეს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანით.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას (იხ. სუსგ. №ას-25-2021, 27.04.2021წ.).

18. ნეგატორულ სარჩელის განხილვისას სასამართლო ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ: სუსგ. №ას-370-2023, 19.05.2023წ.; №ას-189-2023, 05.04.2023წ.; №ას-778-2019, 05.07.2019წ.; №ას-843-809-2016, 26.10.2016წ.; №ას-1041-998-2016, 12.02.2016 წ.).

19. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთებით, არ დაუშვას მესამე პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. მესაკუთრეს შეუძლია განახორციელოს პოზიტიური უფლებამოსილებანი, ან ნეგატიური - გამორიცხოს ნებისმიერი მესამე პირის მიერ ქონებით სარგებლობა.

20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ)მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-1250-2018, 21.12.2018წ.; №ას-826-2021, 17.11.2021წ.).

21. საკასაციო პალატის განსჯით, ნეგატორული სარჩელის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, მოსარჩელის მხრიდან ხელყოფად მიჩნეული ქმედების მოპასუხისათვის აღკვეთით რამდენად მიიღწევა საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის მიზანი, ვინაიდან ფუჭი, სამართლებრივი შედეგის მოტანის უნარს მოკლებული სამართალწარმოების თავიდან არიდება სასამართლოს ვალია. კონკრეტულ დავაზე მიღწეული სამართლებრივი შედეგი, მისი რეალურად აღსრულების გარეშე, ვერ ქმნის მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების საფუძველს, აღნიშნული კი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ზრუნვის საგანია და სამართლებრივი უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი, რათა თითოეულმა მხარემ მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელების შედეგი არა ფორმალურად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით, არამედ - მისი აღსრულების გზით (იხ. სუსგ №ას-964-899-2017, 23.02.2018წ.). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა, შესაბამისად, სასურველი გადაწყვეტილების მიღება, თუკი ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ უზრუნველყოფს იმ მიზნის დაკმაყოფილებას, რომლის გამოც მხარემ გამოიჩინა სასარჩელო წარმოების ინიციატივა, ვერ ჩაითვლება სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიანად სარგებლობით. ევროსასამართლოს განმარტებით, სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (CASE OF HORNSBY v. GREECE (Application no. 18357/91) 19.03.1997).

22. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთსა და საჯარო გზას შორის საავტომობილო კავშირის არარსებობის მიზეზები განმარტებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, სერტიფიცირებული უძრავი ქონების ამგეგმავის, ი/მ დ.გ–ძის დასკვნაში, რომლის თანახმადაც, მ.წ–ძის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ..........) საჯარო გზასთან დამაკავშირებელ აუცილებელ გზას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთის მხარეს მდებარე გზა, რომელიც ხაშური-ახალციხე-ვალის საბაჟო მიმართულებიდან ცენტრალური გზიდან მარცხნივ მომდინარეობს და მიემართება ........ კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე, რომლის სიგრძე არის 29.33 მეტრი ხოლო სიგანე 3.75 მეტრი. ამ გზის დასაწყისში თვითნებურად არის აღმართული ღობე, ხოლო მის წინ ფიქსირდება მშენებარე ობიექტი და უმოქმედო წყაროს ნაგებობა ... აუცილებელი გზის სრულფასოვნად გამოყენების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან უნდა მოხდეს ან მშენებარე ობიექტის გადატანა დასავლეთით ან არსებული წყაროს გადატანა აღმოსავლეთით, ვინაიდან მშენებარე ობიექტსა და წყაროს შორის დარჩენილია მხოლოდ 1.90 მეტრი, რაც არ აკმაყოფილებს აუცილებელი გზის მინიმალურ სტანდარტსაც კი, რაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაშიც არის მითითებული და ეს მინიმუმი არის 2.75 მეტრიდან 3.00 მეტრამდე.

23. წარმოდგენილი დასკვნით თვალსაჩინოა, რომ სადავო ღობის დემონტაჟის დავალდებულების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელეს კუთვნილ ნაკვეთთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე წვდომა ვერ მიეცემა, არამედ, საამისოდ აუცილებელია, მუნიციპალიტეტის კუთვნილ არარეგისტრირებულ ნაკვეთზე მდებარე ობიექტების განთავსების ადგილების შეცვლა, რამეთუ ცენტრალური გზიდან ნაკვეთის მიმართულებით მიმავალ გზაზე არსებით დაბრკოლებას ქმნის სწორედ სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) საკუთრებაში არსებულ ფართობზე განთავსებული ორი ნაგებობა - წყარო და მგზავრთა მოსაცდელი შენობა. ის გარემოება, რომ წინამდებარე სარჩელის წარდგენა საავტომობილო გზასთან კავშირის არარსებობის პრობლემას ვერ აღმოფხვრის, არამედ საჭირო იქნება მუნიციპალიტეტის კუთვნილი ნაგებობების გადატანის სამუშაოების წარმოება, დადასტურებულია სარჩელზე თანდართულ წერილშიც, რომლითაც მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერსა და მისი მოადგილეს.

24. ამრიგად, საკასაციო პალატა დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთით ჯეროვან სარგებლობას აბრკოლებს მარტოოდენ სადავო ღობე; დაბრკოლების არსებობის თანაბარმნიშვნელოვან (შესაძლოა, უპირატეს) მიზეზს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ ფართობზე მერიისვე კუთვნილი ნაგებობების - წყაროსა და მგზავრთა მოსაცდელი შენობის - არსებობა, რომელთა კონფიგურაციის შეუცვლელად, მარტოოდენ სადავო ღობის დემონტაჟით, მოსარჩელე ვერ მოიპოვებს კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და საჯარო გზას შორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას. ამრიგად, მიზანი, რომლის მიღწევაც დასახულია წარმოდგენილი ნეგატორული სარჩელით, მიღწევადი არ არის მოცემული სარჩელის მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის პირობებში.

25. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, არარელევანტურია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მიწის ნაკვეთთან მისასვლელი სხვა ალტერნატიული გზის არარსებობის შესახებ, ვინაიდან წინამდებარე სარჩელის დავის საგანს აუცილებელი გზის დადგენა არ წარმოადგენს. სააპელაციო პალატას მართებდა ეკვლია, მითითებული იყო თუ არა სარჩელში გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მარტოოდენ საკუთრების ჯეროვნად გამოყენების შეუძლებლობის ფაქტობრივ გარემოებაზე დაფუძნებით ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილება დაუშვებელია, თუკი მოსარჩელის მიერ ხელშეშლად მიჩნეული ქმედების მოპასუხისათვის აკრძალვით საკუთრებით თავისუფლად სარგებლობის მიზანი კვლავ განუხორციელებელი დარჩება და საამისოდ მოსარჩელეს სხვა სამართლებრივ საშუალებათა გამოყენება დასჭირდება.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.წ–ძის ნეგატორული სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საპროცესო ხარჯები:

28.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

28.2. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო სასამართლო იღებს ახალ გადაწყვეტილებას, უნდა შეიცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი.

28.3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე მ.წ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ვინაიდან საკასაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მ.წ–ძეს კასატორ ს.პ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სსსკ 53.1 მუხლის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს.პ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. მ.წ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. მ.წ–ძეს (პ/ნ ......) ს.პ–ის (პ/ნ ........) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი