Facebook Twitter

11 აპრილი 2025 წელი

№ას-1085-2024 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი _ ს.ს. "ს.კ.ა–ა"

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

II კასატორი _ ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. "ს.კ.ა–ა"

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „II აპელანტი“, „II კასატორი“, „დამზღვევი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ს.ს. "ს.კ.ა–ა"-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „I აპელანტი“, „I კასატორი“, „მზღვეველი“) მიმართ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად წარმოშობილი ზიანის - 201 359.95 ლარისა და 567 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ს.ს. „ს.კ.ა“-ს შორის 2017 წლის 25 დეკემბერს დაიდო №01/665/04 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, დაზღვევის საგანს წარმოადგენდა „დამზღვევის“ პროფესიული პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიშვა მის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.

2.2. ს.ს.ი.პ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ს.ს. „ს.რ“-ს შორის 2017 წლის 27 ივნისს დაიდო №შს17-175 (№2121) ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აიღო ვალდებულება, დაეცვა რკინიგზის ობიექტები. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ს.ს. „ს.რ“-ს ობიექტებზე მოხდა ქურდობის სამი ფაქტი, 2018 წლის 12 მარტს, ამავე წლის 24 აპრილს და 22 ივნისს. ს.ს. „ს.რ“-ს 2018 წლის 12 მარტს მომხდარი ფაქტით მიადგა ზიანი 1253.41 ლარის ოდენობით, 2018 წლის 24 აპრილს მომხდარი ფაქტით - 134 560.12 ლარის, ხოლო 2018 წლის 22 ივნისს მომხდარი ფაქტით - 220 169.71 ლარის ზიანი. სამივე შემთხვევის შესახებ ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ს.ს. „ს.რ“-ს მხრიდან წარდგენილი წერილობითი პრეტენზიები დეპარტამენტმა მიაწოდა ს.ს. „ს.კ.ა“-ს. 2018 წლის 12 მარტს მომხდარი შემთხვევით მიყენებული ზიანი - 1253.41 ლარი და 2018 წლის 24 აპრილს მომხდარი შემთხვევით მიყენებული ზიანი - 134 560.12 ლარი ს.ს. „ს.რ“-მ დაუკავა მათ შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული დაცვის მომსახურების საფასურიდან.

2.3. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა წარადგინა სარჩელი და მოითხოვა დაკავებული თანხის, როგორც დებიტორული დავალიანების, ს.ს. „ს.რ“-სთვის დაკისრება, ხოლო ს.ს. „ს.რ“-მ წარმოადგინა შეგებებული სარჩელი მესამე შემთხვევაზე მიყენებული ზიანის - 220 169.71 ლარის ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის დაკისრების მოთხოვნით. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა დეპარტამენტის სარჩელი და არ დააკმაყოფილა ს.ს. „ს.რ“-ს შეგებებული სარჩელი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა დეპარტამენტის სარჩელი და დააკმაყოფილა მოპასუხის შეგებებული სარჩელი. უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2.4. დეპარტამენტმა ს.ს. „ს.კ.ა“-ს 2021 წლის 22 აპრილს გაუგზავნა №1004838 წერილი და №01/665/04 ხელშეკრულების ფარგლებში მოითხოვა პირველი სადაზღვევო შემთხვევის სასამართლო ხარჯებთან ერთად 1359.95 ლარის, მეორე სადაზღვევო შემთხვევის (სადაზღვევო შემთხვევის ლიმიტიდან გამომდინარე) 100 000 ლარისა და მესამე სადაზღვევო შემთხვევის (სადაზღვევო შემთხვევის ლიმიტიდან გამომდინარე) 100 000 ლარის ანაზღაურება.

2.5. 2021 წლის 14 მაისის წერილით ს.ს. .„ს.კ.ა“-მ დეპარტამენტს მოსთხოვა დამატებითი მასალების წარდგენა, რომლებიც დეპარტამენტმა მზღვეველს წარუდგინა. აღნიშნულის მიუხედავად, მზღვეველმა 2021 წლის 08 ივლისის წერილით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საქმეებზე გამოძიების დასრულების დალოდების მოტივით, თავი აარიდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დეპარტამენტმა 2021 წლის 16 ივლისის წერილით დამატებითი ვადა მისცა მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადასახდელად, თუმცა მზღვეველმა კვლავ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურებაზე. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების 10.2. პუნქტის საფუძველზე, დამზღვევმა მზღვეველს დააკისრა პირგასამტეხლო თითოეულ შემთხვევაზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 18 900 ლარის 1%-ის ოდენობით, რაც თითოეულ შემთხვევაზე შეადგენს 189 ლარს, ხოლო ჯამში - 567 ლარს ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვის გადაწყვეტილება დამზღვევმა მზღვეველს წერილობით აცნობა 2021 წლის 08 სექტემბერს.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაზღვევო რისკებს წარმოადგენს ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ქონების გატაცება, დაღუპვა, დაზიანება, განადგურება, ხოლო სადაზღვევო პერიოდი მოიცავდა მხოლოდ 2018 წელს. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სამი ქურდობის შესახებ არ არსებობს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების გამოძიების შედეგები, რომელიც მომხდარს შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს. ამავდროულად, ვერ დგინდება რა პერიოდში მიადგა კონკრეტული დანაკარგი ს.ს. „ს.რ“-ს, იყო ეს სადაზღვევო, თუ მანამდე არსებული პერიოდი. მოსარჩელე მხარე დამდგარი დანაკარგების აღმოჩენის თარიღებს მოიხსენიებს, როგორც შემთხვევის თარიღებს, რაც უმართებულოა.

3.2. 2017 წლის 04 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაცვის ქვეშ გადაეცა 45 დოლურა. 2018 წლის აპრილში ჩატარებული გადამოწმების შედეგად დაფიქსირდა 7 ცალ დოლურაზე მაღალი ძაბვის სპილენძის მავთულის ნაწილობრივი და ერთიანი დოლურის დანაკლისი, რამაც განაპირობა მატერიალური ზარალი 134 560.12 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით). შესაბამისად თვალსაჩინოა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, თუ როდის მოხდა შემთხვევა, რომელმაც განაპირობა ზემოხსენებული ზარალის დადგომა. ის ფაქტი, რომ დანაკლისი 2018 წლის 22 აპრილს, ანუ სადაზღვევო პერიოდში იქნა აღმოჩენილი, არ წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს მზღვეველის ვალდებულების წარმოშობისთვის.

3.3. სარჩელში საუბარია დამატებით ორ შემთხვევაზე, რომელთა შედეგადაც დამდგარმა ზიანმა შეადგინა 1253.41 და 220 169.71 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამ შემთხვევაშიც, მოსარჩელე მხარე დანაკლისის აღმოჩენის თარიღების სადაზღვევო შემთხვევების თარიღებად მოხსენიებით ცდილობს ფაქტების დამახინჯებას და სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. ხსენებულის სანაცვლოდ, სადაზღვევო დოკუმენტაციით იკვეთება, რომ დადგენილი არ არის, რამდენად ჰქონდა ადგილი ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც, შესაძლოა, სადაზღვევო რისკებში მოექცეს. გასათვალისწინებელია საგამოძიებო პრაქტიკაც ქმედების გადაკვალიფიცირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამოძიების დასრულების გარეშე ვერ დადგინდება მზღვეველის პასუხისმგებლობა.

3.4. ვინაიდან მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება უსაფუძვლოა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ს.ს. „ს.კ.ა“-ს ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 101 359.95 ლარის ანაზღაურება, ასევე პირგასამტეხლოს სახით 378 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც ს.ს. „ს.კ.ა“-მ, ისე ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე მოითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2017 წლის 25 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ს.ს. „ს.კ.ა“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №01/665/04 CPV 66516500 - პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება (ელექტრონული ტენდერი SPA170014854). მოცემული ხელშეკრულების 15.2 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან - 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დროის შუალედი.

ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლიდან, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების პირველი მუხლიდან და დანართი 1-დან გამომდინარე, დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს „დამზღვევის“ ქონებრივი ინტერესი, დაკავშირებული პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში დამდგარ პასუხისმგებლობასთან. „მზღვეველი“ ვალდებულია, „დამზღვევის“ სასარგებლოდ აანაზღაუროს „დამკვეთისთვის“ („დამზღვევის“ კონტრაქტორი) მიყენებული ზიანი, გამოწვეული დამზღვევის უფლებამოსილი პირის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით, ან/და სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით.

2017 წლის 25 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 5.1 პუნქტიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევას პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას წარმოადგენს: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მესამე პირებისთვის/დამკვეთის მიმართ „დამზღვევის“ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობა, რაც დადასტურდება საგამოძიებო ორგანოების მიერ დადასტურებული ფაქტით ან/და კანონიერ ძალაში შესული საქართველოს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „დამზღვევის“ მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2017 წლის 25 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი 1-დან და სპეციფიკური პირობების 1.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დასაზღვევ რისკებს შეადგენს დასაცავ ობიექტზე მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შეღწევისას „დამკვეთის“ ქონების ხელყოფა, მათ შორის ქურდობა, ძარცვა, და სხვა. ამავე ხელშეკრულების 10.2. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის შეუსრულებლობის და/ან არაჯეროვნად შესრულებისთვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 1%-ს ოდენობით (არაუგვიანეს 14 საბანკო დღეში).

7.2. ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ს.ს. „ს.რ“-ს შორის 2017 წლის 27 ივნისს დაიდო №შს17-175 (N2121) ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა „რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული ობიექტების დაცვა.

7.3. ს.ს. „ს.რ“-ს ობიექტებზე მოხდა 3 ქურდობის ფაქტი, კერძოდ: 1. 2018 წლის 12 მარტს სადგურ ქსნის სავაგონო პარკში, 4 ვაგონიდან მოხსნილი აღმოჩნდა სათადარიგო ნაწილები, რამაც რკინიგზას მოუტანა მატერიალური ზარალი - 1253.41 ლარი (დღგ-ს ჩათვლით); 2. 2018 წლის 24 აპრილს, გადამოწმების შედეგად დაფიქსირდა 7 ცალ დოლურაზე მაღალი ძაბვის სპილენძის მავთულის ნაწილობრივ და ერთი მთლიანი დოლურის დანაკლისი, შესაბამისად მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 134560.12 ლარი (დღგ-ს ჩათვლით); 3. 2018 წლის 22 ივნისს თბილისში, ელექტროსამონტაჟო სამმართველოს კრანების საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ქონების აღწერისას, გამოვლინდა 8485 კგ. გვარლა სპილენძის მ-120 (ახალი) და 1346 კგ. საკონტაქტო გამტარის მფ 100 (ახალი) დანაკლისი.

7.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა და ს.ს. „ს.რ“-ს დაეკისრა 145 912.18 ლარისა და გაწეული ხარჯის - 4377.37 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ს.ს. „ს.რ“-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა 220169.71 ლარის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, დადგენილია, რომ პირველი და მე-3 ქურდობის ფაქტი მოსარჩელის მიერ დასაცავ ობიექტებზე მოხდა 2018 წლის 24 აპრილიდან - პირველი გადაწონიდან 2018 წლის 22 ივნისამდე - განმეორებით გადაწონვამდე (მაშასადამე, სადაზღვევო პერიოდში), რაც შეეხება მე-2 ქურდობის ფაქტს, ის მომხდარია 2017 წლის 04 ივლისიდან 2018 წლის 24 აპრილამდე პერიოდში.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა 2018 წლის 12 მარტისა და 2018 წლის 22 ივნისის სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურების ვალდებულება, ჯამში - 101 359.59 ლარის ოდენობით.

8.2. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით, 839-ე, 802-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, სადაზღვევო რისკის სახედ დადგინდა „დამზღვევის“ მიერ დასაცავ ობიექტზე მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შეღწევისას „დამკვეთის“ ქონების ხელყოფა, მათ შორის - ქურდობა, ძარცვა, და სხვა. ს.ს. „ს.რ“-ს ქონების ხელყოფა კი დადგენილია, ქონების დანაკლისის გამოვლენის შედეგად, სწორედ, იმ დროისთვის (2018 წლის 12 მარტისა და 2018 წლის 22 ივნისის შემთხვევები), რომელიც ექცევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. მაშასადამე, მოსარჩელემ დაადასტურა ორი სადაზღვევო შემთხვევის არსებობის ფაქტი (პირველი და მესამე ქურდობის ფაქტი). მოცემული გარემოების საწინააღმდეგოდ, მზღვეველი მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმის განხილვის ეტაპზე, ობიექტზე აღმოჩენილი დანაკლისის გამომწვევი მიზეზის შესახებ სახეზე არ არის შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების შედეგად დადგენილი და შესაბამისი სასამართლოს მხრიდან დადასტურებული მართლსაწინააღმდეგო ფაქტი (მაგ. ქურდობა), რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არსებული დანაკლისის (ზიანი) სადაზღვევო შემთხვევად შეფასებას. აღნიშნულთან მიმართებით, პალატამ განმარტა, რომ რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი შემაჯამებელი აქტის არარსებობა არ წარმოადგენს საერთო სასარჩელო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებას, თუკი მოსარჩელის (დაზარალებული) მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკმარისია სამოქალაქო დავის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

8.3. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ მზღვეველს არ წარმოუდგენია რელევანტური მტკიცებულებები, რაც 2018 წლის 12 მარტისა და 2018 წლის 22 ივნისის სადაზღვევო შემთხვევების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე მისი უარის საფუძვლიანობას დაადასტურებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიამ, სადაზღვევო შემთხვევის არსებობის პირობებში, ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის დაძლევა - მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების სათანადო წესით დადასტურება, რაც მართებულად გახდა სარჩელის მოცემულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

8.4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ქვეშ არსებული 45 დოლურა მისთვის გადაცემულია 2017 წლის 4 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო მოცემული დოლურების დანაკლისი დოკუმენტურად აღწერილ იქნა 2018 წლის 24 აპრილს, ამდენად, სადავო ზიანის წარმოშობის შესაძლო მომენტი შესაძლებელია, დამდგარიყო სადაზღვევო ხელშეკრულებით დადგენილი სადაზღვევო დროის მიღმა პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ 2018 წლის 24 აპრილს აღწერილი მატერიალური ზარალის წარმოშობის თარიღის განუსაზღვრელობა, შესაძლებელია, გახდეს დანაკარგის სადაზღვევო შემთხვევად შეფასების საფუძველი.

8.5. პალატამ დამატებით განმარტა, რომ სადაზღვევო ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პერიოდში წარმოშობილი სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი, ხოლო ასეთი შემთხვევის არსებობის, მათ შორის, ზიანის დადგომის დროის, დადასტურების მტკიცების ტვირთი დამზღვევს აწევს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დანაკარგი სწორედ სადაზღვევო პერიოდში წარმოიშვა. „მეორე“ ქურდობის შედეგად სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის დაუდასტურებლობა კი მოცემულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის საფუძველად იქნა მიჩნეული.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, ისე ს.ს. "ს.კ.ა"-მ. მოპასუხის მოთხოვნაა საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, ხოლო მოსარჩელე ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

10. კასატორ ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:

10.1. სააპელაციო სასამართლომ არ შეისწავლა საქმეში არსებული გარემოებები, საიდანაც ჩანს, რომ რკინიგზის ობიექტების სამმართველოს უფროსის 2018 წლის 20 აპრილის შეტყობინება იმით იყო გამოწვეული, რომ სწორედ 20 აპრილს შეამჩნია დაცვის პოლიციამ ერთი მთლიანი დოლურის ნაკლებობა საწყობში, რაზედაც მიმართა პოლიციას, ხოლო 24 აპრილს უკვე გადაწონვის შედეგად დადგინდა დანაკლისის ოდენობა. შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა, თანახმად მხარეთა შორის 25.12.2017 წელს დადებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტისა, წარმოიქმნა 2018 წლის 20 აპრილიდან, შესაბამისად, წარმოადგენს სადაზღვევო ვადაში (2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) დამდგარ შემთხვევას, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას.

10.2. წინამდებარე საქმეში სადავოდ ქცეულ 3 ქურდობის ინციდენტთან მიმართებით რკინიგზის წინაშე დაცვის პოლიციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება დადგენილია ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილებით; პროფესიული პასუხისმგებლობის ფარგლებში დამდგარი ზიანი კი დაცვის პოლიციას მოპასუხე სადაზღვევო ორგანიზაციაში ჰქონდა დაზღვეული, შესაბამისად, ქურდობის სამივე ეპიზოდი წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას, რომელის ანაზღაურებაც ეკისრება მზღვეველს.

11. კასატორ ს.ს. "ს.კ.ა"-ს საკასაციო საჩივარი მიუთითებს შემდეგ პრეტენზიებზე:

დაზღვეულ რისკებს წარმოადგენდა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ქონების გატაცება, დაღუპვა, დაზიანება, განადგურება, ესე იგი, არა ქონების ნებისმიერი ფორმით ხელყოფა, არამედ მესამე პირთა მიერ დასაცავ ობიექტზე შეღწევის შედეგად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. იმისთვის, რომ მოთხოვნა საფუძვლიანად ჩათვლილიყო, დამზღვევს უნდა დაედასტურებინა, რომ ადგილი ჰქონდა ქმედებას, რომელიც დაზღვეული რისკების ჩამონათვალშია და იგი მოხდა სადაზღვევო პერიოდში. ვინაიდან დადასტურებული არ არის სავარაუდო შემთხვევის ზუსტი თარიღები, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე, არ შეიძლება საორიენტაციო პერიოდები მიჩნეული იქნეს შემთხვევის ზუსტ თარიღად, ხოლო ქმედების კვალიფიკაცია, მარტოოდენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გამოძიება ქურდობის კვალიფიკაციით მიმდინარეობს, ჩაითვალოს დამტკიცებულად, ვინაიდან გამოძიების დასრულებამდე შესაძლოა ქმედება გადაკვალიფიცირდეს ან გამოძიება შეწყდეს. დამზღვევს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი აქტის არარსებობისას საკმარისი იქნებოდა სამოქალაქო დავის ფარგლებში ზიანის ანაზღაურებისთვის, მით უფრო, როდესაც რკინიგზასთან დავის ფარგლებში დაცვის პოლიცია თავად უარყოფდა დასაცავ ობიექტზე მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო შეღწევის ფაქტს და დანაკლისის მიზეზად ასახელებდა იმ გარემოებას, რომ რკინიგზის მიერ ხდებოდა სადენების მეტრობით ამოხვევა-გატანა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16.1. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 839-ე (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო) მუხლები.

16.2. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (იხ. ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85).

16.3. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ. №ას-663-624-2011, 17.02.2012წ.)

16.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ, №ას-92-88-2016, 11.03.2016.). მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30.10.2015წ.).

16.5. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავდროულად, მტკიცებითი სამართლის უზოგადესი წესის თანახმად, მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) - სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. უარყოფის მტკიცება არ შეიძლება დაეკისროს მხარეს, რომელიც ფაქტის ან მოვლენის არარსებობაზე აპელირებს, არამედ ამ ფაქტისა თუ მოვლენის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვის სასარგებლოდაც მეტყველებს შედავებული ფაქტობრივი გარემოება.

16.6. მტკიცების ტვირთი ზემოხსენებული წესით განაწილებისას, დამზღვევის მტკიცების საგანშია სადაზღვევო პერიოდში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის, ზიანისა და ზიანის განმაპირობებელი მიზეზების (causa proxima) დადასტურება (იხ. სუსგ. №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

17.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე, რომლის საქმიანობის სფეროც სხვისი ქონების დაცვაა, სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა ს.ს. „ს.რ“-სთან, რომელსაც უწევდა ქონების დაცვის მომსახურებას; ამ საქმიანობის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების სამოქალაქო პასუხისმგებლობა კი, დაზღვეული ჰქონდა მოპასუხე სადაზღვევო კომპანიაში. სადაზღვევო რისკად განსაზღვრული იყო დამზღვევის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში დასაცავად გადაცემულ ობიექტზე მესამე პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შეღწევისას „დამკვეთის“ ქონების ხელყოფა: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ქონების გატაცება, დაღუპვა, დაზიანება, განადგურება.

17.2. დადგენილია, ისიც, რომ მხარეები, დასახელებულ გარემოებათა სადაზღვევო შემთხვევებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის, შეთანხმდნენ გარკვეულ მტკიცებულებით სტანდარტზე, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებული იქნებოდა, დამზღვევის მიერ მითითებული, სადაზღვევო პერიოდში მომხდარი, ხდომილება მიეჩნია სადაზღვევო შემთხვევად და მიეღო ანაზღაურების გაცემის გადაწყვეტილება. აღნიშნული სტანდარტი კი, რეგლამენტირებულია დაზღვევის ხელშეკრულების 5.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმადაც, სადაზღვევო შემთხვევას, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, წარმოადგენს დამზღვევის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აანაზღაუროს მესამე პირებისთვის/დამკვეთისთვის მიყენებული ზიანი და დადასტურდება საგამოძიებო ორგანოების მიერ დადასტურებული ფაქტით ან/და კანონიერ ძალაში შესული საქართველოს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამზღვევის მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

17.3. ამრიგად, ის გარემოება, რომ დამდგარი ზიანი წარმოადგენდა სადაზღვევო რისკის რეალიზების უშუალო შედეგს, შეიძლებოდა, დადასტურებულიყო „საგამოძიებო ორგანოების მიერ დადასტურებული ფაქტით“. მოცემულ ნორმას მხარეები სხვადასხვა შინაარსით ინტერპრეტირებენ, სახელდობრ, დამზღვევი მიიჩნევს, რომ გამოძიების დაწყება დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტზე ხდომილების სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის თვითკმარი საფუძველია, ხოლო მზღვეველი ციტირებულ ნორმას განმარტავს იმგვარად, რომ აუცილებელია ბრალეული პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. ამრიგად, შესაფასებელია, რა იგულისმება სიტყვათა შეთანხმებაში „საგამოძიებო ორგანოების მიერ დადასტურებული ფაქტით“.

17.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

17.5. გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი დგება მაშინ, როდესაც მხარეები საკუთარ ან/და ერთმანეთის სიტყვებს ან/და ქმედებებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, შესაბამისად, მოვლენათა განვითარებას აღწერენ განსხვავებულად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ვალია, გამოარკვიოს, რეალურად რას გულისხმობდა მხარე სადავო სიტყვასა თუ ქცევაში. განმარტების მიზანი არ არის არსებული სამართალურთიერთობისათვის ახალი, მხარეთა მიერ მოუაზრებელი შინაარსის მინიჭება, არამედ განმარტებით მიღწეულ უნდა იქნეს სახელშეკრულებო დათქმების ერთიან ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა, რომლითაც რომელიმე სახელშეკრულებო პირობას ძალა კი არ დაეკარგება, არამედ იმოქმედებს სხვა პირობებთან კოორდინირებულად (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-425-425-2018, 18.02.2021წ.; №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ.).

17.6. ნების გამოვლენის განმარტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. (იხ. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251-256; სუსგ. №ას-1190-2021, 22.02.2022წ.; №ას-950-2022, 30.09.2022წ.). ნების გამოვლენის განმარტებისას ფრაზისა თუ ქმედების შინაარსის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო ბრუნვის ჰიპოთეტური, გონიერი მონაწილის სტანდარტით, ჩაყენებულით ნების მიმღების მდგომარეობაში, ამასთან სავალდებულოდ გასათვალისწინებელია ურთიერთობის მონაწილის საქმიანობის სფერო, გამოცდილება, სტატუსი და ა.შ..

17.7. პალატა მხედველობის მიღმა ვერ დატოვებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ ურთიერთობაში მზღვეველის სტატუსით მონაწილეობს გამოცდილი მეწარმე სუბიექტი, რომლის კომერციული საქმიანობის პროფილიც დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარების გზით მოგების მიღებაა. ურთიერთობის ერთ მხარეს გამოცდილი, სპეციალიზირებული სუბიექტის მონაწილეობა, მით უფრო, როცა კონტრაჰირება ჩვეული სამეწარმეო საქმიანობის საგანია, აფუძნებს ამავე მხარის ვალდებულებას, მისი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი დებულებები ჩამოაყალიბოს ცხადად და არაორაზროვნად. პირობების დეტალიზაცია ამცირებს დავის წარმოშობის შესაძლებლობას და მხარეებს გონივრულ მოლოდინს უჩენს იმის თაობაზე, თუ როდის წარმოიშვება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ან როდის არის აზრს მოკლებული მზღვეველისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა.

17.8. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დამადასტურებელ მტკიცებულებად „საგამოძიებო ორგანოს მიერ დადასტურებული ფაქტის“ დასახელებისას, მზღვეველისათვის, რომლის ჩვეული სამეწარმეო საქმიანობა სწორედ მესამე პირთაგან მომდინარე და დაზღვეული პირის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისკენ მიმართული ზიანის დაზღვევაა, ნათელი უნდა იყოს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტებით დადასტურებულ ფაქტებზე მითითება გულისხმობს გამოძიების, ესე იგი, დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსიტუტების მიერ გამოძიების პროცესში შედგენილი საპროცესო დოკუმენტების შინაარსის გათვალისწინების სავალდებულოობას და არა სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის აუცილებლობას, ვინაიდან სასამართლო საგამოძიებო ორგანოთა სისტემის ნაწილი არ არის.

17.9. პალატის განსჯით, სადაზღვევო რისკის რეალიზებისა და, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დამდგარად მიჩნევისათვის, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული (მოცემულ შემთხვევაში, ქურდობის) კვალიფიკაციით, მისი დროში მიმდინარეობა, მისი შეწყვეტის შესახებ საქმეში მტკიცებულების არარსებობა, უნდა განიმარტოს დამზღვევის და არა მზღვეველის სასარგებლოდ, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ხელეწიფებოდა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომა დაეკავშირებინა გამამტყუნებელი განაჩენის არსებობასთან, ამგვარი სახელშეკრულებო პირობა არ დაუთქვამს.

18.1. პალატა იმასაც შენიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების 5.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მტკიცებულებად არის განხილული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა, რომლითაც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად მიჩნეული იქნა დამზღვევი.

18.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მარტს, 2018 წლის 24 აპრილსა და 2018 წლის 22 ივნისს იდენტიფიცირებული დანაკლისების გამო ს.ს. „ს.რ“-ს წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; ამრიგად, დაზღვევის ხელშეკრულების 5.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხდომილების სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის საფუძველს მზღვეველს აღნიშნული გადაწყვეტილების არსებობაც აძლევდა.

19. ამდენად, პალატის განჯით, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტები ქურდობის კვალიფიკაციით გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, სადაზღვევო შემთხვევების დამდგარად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებებს წარმოადგენდა.

20.1. როგორც აღინიშნა, დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო პერიოდი მოიცავდა 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დროის პერიოდს. ამრიგად, მარტოოდენ იმ გარემოების დადგენა, რომ სადაზღვევო შემთხვევა დაზღვეული რისკის რეალიზების შედეგია, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად, არამედ, დამზღვევმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს, რომ დაზღვეული რისკი რეალიზდა სწორედ სადაზღვევო პერიოდში.

20.2. პალატა მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ პირველი (ე.ი. 2018 წლის 12 მარტს სადგურ ქსნის სავაგონო პარკში) ქურდობის ფაქტი მომხდარია სადაზღვევო პერიოდში, რაზედაც მეტყველებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, სახელდობრ, 2018 წლის 12 მარტით დათარიღებული შეტყობინება, რომელშიც რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს უფროსი აღწერს, რომ 2018 წლის 12 მარტს, 05:40 საათზე დაცვის თანამშრომელმა სავაგონო პარკის პატრულირების დროს შეამჩინია 3 უცხო მოქალაქე ფარნით ხელში. მან ხელის რადიოგადამცემით გამოიძახა დაცვის განწესის უმცროსი ინსპექტორი, რომელთან ერთადაც გაემართა უცხო მოქალაქეებისკენ, რომლებიც, დაცვის თანამშორმლების დანახვაზე, გაიქცნენ და მათი შეჩერება ვერ მოხერხდა. 10:00 საათზე სადგურ ქსნის ვაგონების გამსინჯველმა შეამოწმა პარკში მდგარი სარეზერვო ცისტერნები და აღმოჩნდა, რომ 4 ცისტერნაზე მოხსნილი იყო 3 ცალი მთვარისებრი ტიაგა, 2 ცალი სამუხრუჭე ცილინდრის ავტორეგულატორი, 2 ცალი სამუხრუჭე ცილინდრის საწევარი და ჰორიზონტალური ტიაგები, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა გამოიძახა მცხეთის შს სამმართველოს მუხრანის განყოფილების კრიმინალური პოლიცია (ს.ფ. 87). სწორედ აღნიშნული შეტყობინება დაედო საფუძვლად გამოძიების დაწყებას ქურდობის კვალიფიკაციით (ს.ფ. 88).

20.3. პალატა შენიშნავს, რომ 2018 წლის 24 აპრილსა და 2018 წლის 22 ივნისს აღმოჩენილი დანაკლისები იდენტიფიცირებულია ერთსა და იმავე ობიექტზე - თბილისის დამხარისხებელი სალოკომოტივო დეპოს ამწე კრანების საამქროში. აღნიშნული ობიექტი ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დასაცავად გადაეცა 2017 წლის 04 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით. საქმის მასალებით, სახელდობრ, 2018 წლის 24 აპრილით დათარიღებული ქმანით დგინდება, რომ ამწეკრანების საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ელექტროსამონტაჟო სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ქონებაზე, მათ შორის, გვარლა მზიდზე, საკონტაქტო სადენებსა და 45 დოლურაზე, სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე (2018 წლის 01 იანვრამდე), პრაქტიკულად, 5 თვის განმავლობაში, დაცვას მოსარჩელე ახორციელებდა, ხოლო სადაზღვევო პერიოდის დასაწყისში სასაქონლე მარაგების გადაწონვა არ მომხდარა; ამასთან, 2018 წლის 24 აპრილს იდენტიფიცირებულ დანაკლისს სავარაუდო ქურდობის შემსწრე არ ჰყავს, არამედ აღმოჩენილია გადმოწმების პროცესში. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აქარწყლებს გონივრულ ვარაუდს, რომ 2018 წლის 24 აპრილს აღმოჩენილი დანაკარგები, შესაძლოა, 2017 წლის 05 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დროის შუალედში, ესე იგი, სადაზღვევო პერიოდის დადგომამდე ჩადენილი შესაძლო ქურდობის შედეგს წარმოადგენდეს.

20.4. რაც შეეხება 2018 წლის 22 ივნისის იდენტიფიცირებულ დანაკლისს, როგორც უკვე აღინიშნა, ამ ობიექტზე 2018 წლის 24 აპრილს მომხდარი გადაწონვით და შედგენილი ქმანით (ს/ფ 99-101) აღწერილია მატერიალური ფასეულობა, რომელიც ამ მომენტისათვის განთავსებული იყო ელექტროსამონტაჟო სამმართველოში; ამავე ობიექტზე 2018 წლის 22 ივნისს ჩატარებული ხელახალი აღწერით კი, დადგინდა, რომ 2018 წლის 24 აპრილის ქმანთან შედარებით, გამოვლენილია 8485 კგ. მზიდი გვარლისა და 1346 კგ. საკონტაქტო გამტარის დანაკლისი (ს.ფ 93), რაზედაც დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით - ქურდობის კვალიფიკაციით. ამრიგად, პალატისთვის ლოგიკურია, რომ 2018 წელს ჩატარებულ პირველ და მეორე აღწერას შორის დანაკლისი წარმოადგენს სწორედ სადაზღვევო პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეულ ზიანს.

21.1. დასაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ზიანის ოდენობის დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელისა და შესაგებლის, აგრეთვე, მზღვეველის საკასაციო პრეტენზიის ფარგლების გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ ზიანის მოცულობას სადაზღვევო კომპანია სადავოდ არ ხდის, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული ზიანის ოდენობა - 12.03.2018 წელს მომხდარი ფაქტის გამო 1253.41 ლარის, ხოლო 2018 წლის 22 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 220 169.71 ლარის ოდენობით - დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს.

21.2. მხარეთა შორის არსებული დაზღვევის ხელშეკრულების 9.2. პუნქტის შესაბამისად, „ლიმიტი თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე არაუმეტეს 100 000 ლარია“; ამავე ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, „დაზღვევამ უნდა მოიცვას სასამართლო და არასასამართლო ხარჯებიც, რომლებიც „დამკვეთის“ მოთხოვნისგან დასაცავად იქნება გაწეული, თუ ასეთი ხარჯების გაწევა აუცილებელია საქმის გარემოებებიდან“.

21.3. დადგენილია, რომ პირველმა სადაზღვევო შემთხვევამ, სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილ სახელმწიფო ბაჟთან ერთად შეადგინა 1359.95 ლარი; მესამე სადაზღვევო შემთხვევა კი (220 169.71 ლარი), აჭარბებდა რა დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მაქსიმალურ ლიმიტს, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა 100 000 ლარით. ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება 101 359.95 ლარის ოდენობით საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია.

22.1. პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის სასამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

22.2. დაზღვევის ხელშეკრულების 10.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის შეუსურლებლობა და/ან არაჯეროვნად შესრულება დამრღვევ მხარეს წარმოუშობდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას მეორე მხარის მოთხოვნისთანავე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 1%-ის ოდენობით.

22.3. მიუხედავად სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულების წარმოშობისა, მზღვეველმა ხსენებული ვალდებულება ნებაყოფილობით არ შეასრულა; საქმის მასალებში არსებული წერილით დგინდება, რომ ვალდებულების ნებაყოფილობით შესასრულებლად მზღვეველს მიეცა გაფრთხილება, ამასთან განემარტა პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობაც; აღნიშნულის მიუხედავად, მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევებით გამოწვეული ზიანი არ აუნაზღაურებია. ამრიგად, პალატის განსჯით, პირველ და მესამე სადაზღვევო შემთხვევასთან მიმართებით, ცალ-ცალკე, წარმოიშვა სახელშეკრულებო თანხის 1%-ის ოდენობით (189 ლარი) პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველიც, რამაც, ჯამში, 378 ლარი შეადგინა.

23.1. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არცერთ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამართლებრივ შეფასებებთან მიმართებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები კი, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის არცერთ კრიტერიუმს.

23.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ს.ს. „ს.კ.ა“-ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5086.9 ლარის 70%, რაც შეადგენს 3560.83 ლარს, ხოლო ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს - გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5009.45 ლარის 70%, რაც 3506.62 ლარია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს. „ს.კ.ა–ა“-ს და ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ს.ს. „ს.კ.ა“-ს (ს/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5086.90 ლარის (გადახდის თარიღი: 26.07.2024, საგადასახადო დავალება: 1721986254, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 3560.83 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

3. ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (განმკარგავი საბიუჯეტო ორგანიზაციის ს/კ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5009.45 ლარის (გადახდის თარიღი: 29.07.2024, საგადახდო მოთხოვნა N 75338) 70% – 3506.62 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი