საქმე №ას-90-2024 24 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ნ.ლ–ი, ა.ლ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ლ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ლ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი აღძრა ნ.ლ–ისა და ა.ლ–ის (შემდეგში - მოპასუხეები ან კასატორები) მიმართ შემდეგი მოთხოვნით: აეკრძალოთ მოპასუხეებს მოსარჩელისათვის თანასაკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ........./......... ს/კ: ......... არსებული საერთო სარგებლობის ფართის მფლობელობა-სარგებლობაში ხელშეშლა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.12.2022წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2023წ. გადაწყვეტილებით გ.ლ–ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შედეგად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.12.2022წ. გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგნაირად: მოსარჩელეს ნება დაერთოს ისარგებლოს, ქ.თბილისში, ......./......... მდებარე უძრავ ქონებაზე ს.კოდით: ......., მოსარჩელისა და ნ.ლ–ის თანასაკუთრებაში არსებული 266 კვ.მ. მიწის ნაკვეთის განაშენიანებისაგან თავისუფალი ფართით.
4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 266 კვ.მ-ზე თავისუფალი მიწის ნაკვეთი არ არსებობს. თანასაკუთრებაში არსებული ქონება შესაბამისი წილობრივი მონაცემით შენობებით არის სრულად დაკავებული და მასში არ შედის თანაზიარ საკუთრებაში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი - 61.01 კვ.მ.
5. მოსარჩელე სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ შენობა-ნაგებობისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთი (ეზო) თანამესაკუთრეებს შორის არ არის გამიჯნული და წარმოადგენს საერთო საკუთრებას. მიუხედავად ამისა, მოპასუხეები უკანონოდ ზღუდავენ მოსარჩელის უფლებას ისარგებლოს თანასაკუთრებით, მოსარჩელეს ასევე შეზღუდული აქვს წვდომა კომუნალურ მრიცხველებთან.
6. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 25.05.2015წ. მოსარჩელეს, თ.უ–ძეს, ნ.ჭ–ას და ქ.ჭ–ას შორის უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ.თბილისი, ........../......... ქ.N80/34, 886კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები გაიმიჯნა. გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე ცალკ-ცალკე საკადასტრო კოდებად დარეგისტრირდა უძრავი ქონება.
7. ამასთან, გამიჯვნის ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად მოსარჩელეს და მოპასუხე ნ.ლ–ს შორის უძრავ ქონებაზე რამდენჯერმე დაიდო შეთანხმება: 11.02.2016წ. ურთიერთშეთანხმებით გადალაგდა ბინის ერთეულები; 22.05.2017წ. მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით მოთხოვნები დაზუსტდა, თუმცა იქვე მიეთითა, რომ 266კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ორივე მხარის თანასაკუთრება დარჩებოდა; 07.06.2017წ. შეთანხმებას რაც შეეხება, აღნიშნული გაფორმდა იმისთვის, რომ მოპასუხე ნ.ლ–ს გაეგრძელებინა მშენებლობა, რისთვისაც საჭირო იყო მშენებლობის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრა, ამიტომაც მოსარჩელესთან შეთანხმდა მათ საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ქონების ერთ საკადატრო კოდად გაერთიანება, თუმცა ამავე შეთანხმებით 266კვ.მ მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების უფლება დარჩა.
8. 19.06.2019წ. ამონაწერში საჯარო რეესტრიდან დასტურდება როგორც მხარეთა საკუთრების უფლება, ასევე მათ თანასაკუთრებაში არსებული 266კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ორივე მხარის საკუთრება. ხსენებულ შეთანხმებებთან ერთად, მხარეთა საკუთრების უფლებას ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 13.12.2021წ. ცნობის სახით გაცემული ინფორმაცია.
9. ზემომითითებულიდან გამომდინარე, უშუალოდ მხარეთა შეთანხმებითა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის თანახმად, ქ.თბილისში, ....../......... ქ.N80/34 არსებული უძრავი ქონებიდან 266კვ.მ-ზე ვრცელდება მოსარჩელის და მოპასუხე ნ.ლ–ის თანასაკუთრების უფლება, სადაც მათი წილები განსაზღვრულია შენობებში N1 და N2 მათი წილების პროპორციულად, თუმცა, აღნიშნული წილები გამიჯნული არ არის.
10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 266კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებობს განაშენიანებისაგან თავისუფალი ფართი (მათ შორის, მაგ: მოპასუხის საკუთრებაში არსებული შუშაბანდის ქვეშ არსებული ფართი; განაშენიანებისაგან თავისუფალი ფართია მაგ: მოპასუხის მიერ თავის ახსნა-განმარტებაში მითითებული ეზო, რომლის კარებსაც იგი კეტავს და ინდივიდუალურ საკუთრებად მიაჩნია), რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ტერიტორიას და შედის ზემოთ მითითებულ 266კვ.მ. თანასაკუთრებაში. აღნიშნული გარემოება საქმის ზეპირი განხილვისას დაადასტურა მოპასუხემ (06.07.2023წ. სხდომის ოქმი 14.41.08-14.42.20სთ,, ტ.2).
11. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის თანასაკუთრების უფლება ვრცელდება 266კვ.მ. უძრავ ქონებაზე, იგი ითხოვს განაშენიანებისაგან თავისუფალი ფართის ნაწილის - მოპასუხის საკუთრებაში არსებული შუშაბანდის ქვეშ არსებული ფართით სარგებლობას (მიუხედავად ფართის ოდენობისა, რადგან მოსარჩელეს რეალურად თანასაკუთრებაში აქვს 266 კვ.მ. ფართი). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, იმგვარად, რომ მოსარჩელეს ნება დაერთოს შეუზღუდავად ისარგებლოს თანასაკუთრებაში არსებული განაშენიანებისაგან თავისუფალი ფართით.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 170.1 და 172.2 მუხლებით და გაიზიარა მოსარჩელე აპელანტის დასაბუთება, რომ მას ხელი ეშლება და არ შეუძლია გადაადგილდეს და ისარგებლოს თანასაკუთრებაში არსებული ფართით (მისი ნაწილით), რასაც ადასტურებს მოპასუხეც, რადგან მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ფართი არის მისი საკუთრება და არა თანასაკუთრება, რის გამოც მოპასუხეს არ აძლევს საშუალებას, რომ შევიდეს მის საკუთრებაში არსებულ ეზოში.
13. ზემომითითებულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი და მოსარჩელეს ნება უნდა დაერთოს ისარგებლოს სადავო მისამართზე მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ........., მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში აღრიცხული 266კვ.მ. მიწის ნაკვეთის განაშენიანებისაგან თავისუფალი ფართით.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინეს მოპასუხეებმა.
15. საკასაციო პრეტენზიაში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია N.......საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ 266კვ.მ მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების არსებობა. კასატორთა მითითებით აღნიშნული მიწის ნაკევთი სრულიადაა დაკავებული შენობა-ნაგებობით და არასწორადაა დადგენილი, რომ აღნიშნული ფართობი განაშენიანებისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთს წარმოადგენს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ხელშეშლის აღკვეთას ითხოვდა, კერძოდ, განმარტავდა, რომ 266 კვ.მ შენობა-ნაგებობისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთი (ეზო) თანამესაკუთრეებს შორის არ არის გამიჯნული, წარმოადგენს საერთო საკუთრებას, ამის მიუხედავად, მოპასუხეები ერთპიროვნულად დაეუფლნენ ეზოს, რითაც უკანონოდ ზღუდავენ მოსარჩელის უფლებას ისარგებლოს თანასაკუთრებით, მათ შორის, მოსარჩელეს შეზღუდული აქვს წვდომა კომუნალურ მრიცხველებთან.
21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 170.1 და 172.2 მუხლებიდან გამომდინარეობს, რომლის წარმატება ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზეა დამოკიდებული.
22. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ხსენებული საპროცესო პრინციპი სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ქვაკუთხედია და თითოეული საპროცესო ნორმა მასთან მჭიდრო კავშირში განიმარტება. საქმის განხილვისას, როგორც წესი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს - იურიდიულ ფაქტებს მიუთითებენ მხარეები, ხოლო, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბირტი, ვალდებულია წარმართოს შეჯიბრებითობა. ხსენებული პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.
23. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთ კერძო გამოვლინებას წარმოადგენს სარჩელისა და შესაგებლის ფორმალური საფუძვლიანობის შემოწმება. აღნიშნული ე.წ საქმის წერილობით მომზადების სტადიადაც მოიხსენიება. ამ დროს მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა მიერ სსსკ-ის 178-ე და 201-ე მუხლების დაცვას, კერძოდ, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს კონკრეტული ფაქტები (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო მოპასუხე ვალდებულია, შესაგებელში მიუთითოს საკუთარი პოზიცია სარჩელში გადმოცემულ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით (სსსკ-ის 201.4 მუხლი). სარჩელში გადმოცემული ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს რა სურს მოსარჩელეს და განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად, მოწმდება სარჩელში გადმოცემულია თუ არა დამფუძნებელი ნორმის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა. სარჩელის ფორმალური გამართულობის შემოწმების შემდგომაა ღირებული შესაგებლის არსებითობის შეფასება და იმის მიხედვით, თუ რომელი ფაქტების მიმართ აქვს მოპასუხეს წარდგენილი არსებითი ხასიათის შედავება, ერთმანეთისაგან გაიმიჯნება სადავო და უდავო ფაქტები და განისაზღვრება მტკიცების საგანი, ხოლო იმის მიხედვით, თუ რომელი ფაქტი შედის მასში, მატერიალური და საპროცესო წესების გათვალისწინებით, ნაწილდება სადავო ფაქტებთან მიმართებაში მტკიცების ტვირთი (იხ., სუსგ №ას-1065-2023, 22 მარტი, 2024წ.).
24. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები სადავოდ ხდიან იმ გარემოებას, რომ N........ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ 266კვ.მ მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლება არსებობს, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 25.05.2015წ. მოსარჩელეს, თ.უ–ძეს, ნ.ჭ–ას და ქ.ჭ–ას შორის დაიდო უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულება, რომლითაც მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ.თბილისი, ........../...... ქ.N80/34, 886კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები გაიმიჯნა. გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე ცალკ-ცალკე საკადასტრო კოდებად დარეგისტრირდა უძრავი ქონება. გამიჯვნის ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად მოსარჩელეს და მოპასუხე ნ.ლ–ს შორის უძრავ ქონებაზე რამდენჯერმე დაიდო შეთანხმება: 11.02.2016წ. ურთიერთშეთანხმებით გადალაგდა ბინის ერთეულები; 22.05.2017წ. მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით მოთხოვნები დაზუსტდა, თუმცა იქვე მიეთითა, რომ 266კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ორივე მხარის თანასაკუთრება დარჩებოდა; 07.06.2017წ. შეთანხმებას რაც შეეხება, აღნიშნული გაფორმდა იმისთვის, რომ მოპასუხე ნ.ლ–ს გაეგრძელებინა მშენებლობა, რისთვისაც საჭირო იყო მშენებლობის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრა, ამიტომაც მოსარჩელესთან შეთანხმდა მათ საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ქონების ერთ საკადატრო კოდად გაერთიანება, თუმცა ამავე შეთანხმებით 266კვ.მ მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების უფლება დარჩა. 19.06.2019წ. ამონაწერში საჯარო რეესტრიდან დასტურდება როგორც მხარეთა საკუთრების უფლება, ასევე მათ თანასაკუთრებაში არსებული 266კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ორივე მხარის საკუთრება.
25. ამდენად, უშუალოდ მხარეთა შეთანხმებითა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის თანახმად, ქ.თბილისში, ........../........ ქ.N80/34 არსებული უძრავი ქონებიდან 266კვ.მ-ზე ვრცელდება მოსარჩელის და მოპასუხის თანასაკუთრების უფლება, სადაც მათი წილები განსაზღვრულია შენობებში N1 და N2 მათი წილების პროპორციულად, თუმცა, აღნიშნული წილები გამიჯნული არ არის.
26. რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას (იხ., საკასაციო საჩივარი - ტ.2. ს.ფ.165), რომ სადავო მიწის ნაკვეთი სრულიადაა დაკავებული შენობა-ნაგებობით და არასწორადაა დადგენილი, რომ აღნიშნული ფართობი განაშენიანებისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთს წარმოადგენს, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს წინამდებარე საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად 266კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებობს განაშენიანებისაგან თავისუფალი ფართი (მათ შორის, მაგ: მოპასუხის საკუთრებაში არსებული შუშაბანდის ქვეშ არსებული ფართი, ასევე განაშენიანებისაგან თავისუფალი ფართია მაგ: მოპასუხის მიერ თავის ახსნა-განმარტებაში მითითებული ეზო, რომლის კარებსაც იგი კეტავს და ინდივიდუალურ საკუთრებად მიაჩნია), რომელიც თავის მხრივ მოიცავს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ტერიტორიას და შედის ზემოთ მითითებულ 266 კვ.მ. თანასაკუთრებაში. აღნიშნული გარემოება საქმის ზეპირი განხილვისას დაადასტურა მოპასუხემ (06.07.2023წ. სხდომის ოქმი 14.41.08-14.42.20სთ., ტ.2).
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, კასატორებმა კი ვერ დაარწმუნეს საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ლ–ის და ა.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ლ–ს (პ.ნ:.......) და ა.ლ–ს (პ.ნ:......) დაუბრუნდეთ ა.ლ–ის მიერ 07.02.2024წ. №320 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე