საქმე №ას-409-2025 24 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.ე–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ე–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 დეკემბრის განჩინებით ზ.ე–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა როგორც მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.11.2023წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზ.ე–სა (პ/ნ:........) და ზ.ე–ს (პ/ნ:.......) შორის 25.08.2016წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონების (ს/კ:.......) ½ ნაწილი საჯარო რეესტრში მოსარჩელე ზ.ე–ის (პ/ნ:......) სახელზე აღირიცხა, ასევე, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 16.10.2023წ. საოქმო განჩინება.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3. 07.09.2020წ. ქ.მცხეთაში, ......... მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში - სადავო სახლი) თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელე ზ.ე–ის და ვ.ე–ის სახელზე;
4. მოსარჩელე და მოპასუხე მამა-შვილი არიან. ორივე მათგანი სადავო სახლში ცხოვრობს;
5. მოსარჩელე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ყრუ-მუნჯი) პირია;
6. 04.08.2014წ. მოსარჩელე მამამ მოპასუხე შვილის სახელზე მინდობილობა გასცა, რომლის საფუძველზე შვილს მიანიჭა უფლებები განეხორციელებინა სადავო უძრავი ქონების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით საჭირო პროცედურები, ვინაიდან თავად შშმ პირია. მათ შორის, უფლება მიანიჭა „დარეგისტრირების შემდეგ გადაიფორმოს პირადად საკუთარ თავზე ჩუქებით“. თუმცა, ამავე მინდობილობის მიხედვით, მოპასუხე შვილს შეეძლო შეესრულებინა ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნებოდა ქონების მოსარჩელე მამის სახელზე დარეგისტრირებასთან, უძრავი ქონების განკარგვის გარეშე. მინდობილობა კი ძალაში იყო ამ დავალების შესრულებამდე. სანოტარო აქტს ხელს აწერს მოსარჩელე და თარჯიმანი ვ.ე–ი;
7. 2016წ. აგვისტოში მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხე შვილს მიჰყიდა ერთადერთი საცხოვრებელი;
8. მოსარჩელის განმარტებით, მან სადავო დოკუმენტის შინაარსი ვერ გაიგო, რადგან მას თან არ ახლდა თარჯიმანი, რომელიც მას უთარგმნიდა ჟესტების ენაზე. როდესაც საჯარო რეესტრის წარმომადგენელი კითხვებს სვამდა, მას არ ესმოდა მისი და მოპასუხე უთარგმნიდა ჟესტების ენით; მოპასუხემ მას განუმარტა, რომ ეს იყო უბრალო ფორმალობა, რომელიც საჭირო იყო საცხოვრებელი სახლის მის სახელზე რეგისტრაციისთვის. მოსარჩელეს ნასყიდობის თანხა არ გადასცემია. სახლის ნასყიდობის გაფორმების შემდეგ, მოსარჩელემ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა ცხოვრება სახლში, სადაც დღემდე ცხოვრობს;
9. 2019წ. აგვისტოში მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე შვილი საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ერთად ცხოვრობდნენ ჰყიდდა (განცხადება რეგისტრირებულია 18.08.2019წ. ყიდვა-გაყიდვის საიტზე სს.გე ID2796...);
10. მოსარჩელემ აღნიშნულის შესახებ მიმართა ყრუ-მუნჯთა საზოგადოებას დახმარებისათვის, რა დროსაც, მისთვის ცნობილი გახდა, რომ სადავო ქონება 21.09.2016წ.-დან მოპასუხე შვილის საკუთრებად იყო რეგისტრირებული;
11. მოწმე მ.ე–მა განმარტა შემდეგი: მოსარჩელის დაა. ძმას სმენის პრობლემა პატარაობისას ფილტვების ანთებით დაეწყო. მართალია იგი დადიოდა სკოლაში, მაგრამ არ დაუმთავრებია სწავლა. მოგვიანებით, ფეხსაცმლის შეკეთება შეისწავლა. საცხოვრებელი სახლის ნახევარი ზ–ს გაკეთებულია, თავისი ფინანსებით. თავად არ შეეძლო ფიზიკურად მუშაობა, მაგრამ დედ-მამა და და ეხმარებოდნენ. ძმას პირველი ცოლისგან შეეძინა შვილი - მოპასუხე, რომელსაც ძირითადად მამის ოჯახი პატრონობდა. მოგვიანებით, ზაზა ცოლს დაშორდა, მას ძალიან უნდოდა შვილთან ურთიერთობა, მაგრამ ცოლის მხარე უშლიდა. როცა ბავშვი 9 წლის იყო, მოითხოვა მამასთან წასვლა. ამის შემდეგ ბავშვი პერიოდულად რამდენიმე კვირით რჩებოდა მამის სახლში. სკოლაშიც მცხეთაში დადიოდა. 25 წლის შემდეგ ზ–მ მოიყვანა მეორე ცოლი, რაც ოჯახისთვის სასიხარულო ამბავი იყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ პატრონი ეყოლებოდა ოჯახს, თუმცა ცოლის მოყვანის შემდეგ დაიწყო მისი დევნა სახლიდან - მოპასუხემ დაიწყო საბუთების ძებნა და გადაწყვიტა სახლის გადაფორმება, შემდეგ იპოვა გარკვეული საბუთები და ძალით წაიყვანა მამა ნოტარიუსთან. იმ პერიოდში, როდესაც თვითონ მუშაობდა და ზ. სახლში იყო, ამით სარგებლობდა მოპასუხე და საბუთზე ხელს აწერინებდა მამას. მისი ძმა საბუთებზე ბრმად აწერდა ხელს, შვილის მითითება საკმარისი იყო მისთვის. ის ფაქტი, რომ სახლი მასზე აღარ იყო გაფორმებული ერთ-ერთი ჩხუბის დროს გაიგო. იმ პერიოდში, ზ. ე.წ. „პადვალში“ ცხოვრობდა, სადაც არის ნესტი, ობი და საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობები. მისივე განმარტებით, შვილი მამის დახმარებით იღებდა ბანკებიდან სესხს, ვითომ ბინის გასაკეთებლად, რის შედეგადაც ზ–ს დაუგროვდა ბანკის ვალები; მართალია, ზ. სარგებლობს ფეისბუქით, თუმცა მისი პაროლი თვითონაც იცის, ძირითადად ზ. ვერ იგებს რას წერენ და ამის გამო იგი „სქრინავს“ ხოლმე მესიჯებს და წერს თავის დას, რომელიც შემდეგ აგებინებს მას ტექსტის შინაარსს, პოლიციის მონაწერიც კი მას წააკითხა; მოწმის განმარტებით, ძმის ყველაზე კარგად მას ესმის, რადგან ბავშობიდან ერთად მოდიან და ყველაზე კარგად ის ახერხებს ზ–თან კომუნიკაციას. დაახლოებით, 2016 წელს ბანკიდან მოსული შეტყობინებაც მან წაუკითხა და მაშინ გაარკვია, რომ მოპასუხეს აქვს აღებული ზ–ს მეშვეობით სხვადასხვა ბანკიდან სესხები,. სესხს აფორმებდა მამის სახელზე, თუმცა თანხას თვითონ იღებდა. მისმა ძმამ არც იცოდა, რისთვის მიჰყავდა ხოლმე შვილს, მხოლოდ ხელს აწერდა გარკვეულ საბუთებს, რაც შეეხება ლიბერთი ბანკის სესხს, შვილმა იგი სპეციალურად წაიყვანა თბილისში, რადგან მცხეთის ლიბერთი ბანკი მეტად სესხს მასზე აღარ გასცემდა. შემდეგ საქართველოს ბანკშიც წაიყვანა, სადაც უნდოდა 20 000 ლარის სესხად გამოტან, თუმცა იმის გამო, რომ ზ. უმუშევარი იყო, მხოლოდ 1500 ლარი დაუმტკიცეს. 1500 ლარიდან 100 ლარი ერგო ზ–ს. ვ.ე–მა არ იცის ჟესტების ენა, იგი მხოლოდ მინიშნებებით აგებინებს ზ–ს თავის საუბარს. ზ–მ იცის წერა, თუმცა არა შინაარსიანი, მას შეუძლია თავისი სახელის და გვარის წერა, მაგრამ არ შეუძლია ტექსტიდან შინაარსის გამოტანა. ზ–ს ფეისბუქზე ფიქსირდება საჯარო პოსტები და კომენტარები, თუმცა დიდი ნაწილი დის დაწერილია;
12. მოწმე მ.კ–მა განმარტა შემდეგი: თარჯიმანია ყრუ-მუნჯთა კავშირიდან. ამ სფეროში დაახლოებით 7 წელია დასაქმებულია. იცნობს მოსარჩელე ზ.ე–ს, რადგან ეს თემი პატარაა და ძირითადად როცა დახმარება სჭირდებათ, მაშინ მიდიან ორგანიზაციაში. მოსარჩელეს, პირველად შეხვდა 2019 წელს. შვილმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, საჩივარი იყო შესული ოჯახური კონფლიქტის გამო და სჭირდებოდათ თარჯიმანი. შემაკავებელი ორდერის თანახმად 30 დღე მოსარჩელე არ უნდა ყოფილიყო სახლში ან თუ შვილს პრობლემა არ ექნებოდა, სახლში დარჩებოდა იმ პირობით, რომ ერთმანეთს არ დაელაპარაკებოდნენ, რაზეც მოსარჩელე გაბრაზდა - ,,ჩემი სახლიდან რატო უნდა წავიდეო“, სწორედ მაშინ შეიტყო პოლიციის თანამშრომლისგან, რომ სახლი მის საკუთრებაში არ იყო, რამდენიმე დღის შემდეგ მოსარჩელემ დახმარებისთვის მიმართა ყრუ-მუნჯთა კავშირს და ითხოვა ხელშეკრულების განმარტება, რაზეც მიიღო დახმარება; მოსარჩელე ზ.ე–ს მხოლოდ ჟესტების ენაზე შეეძლო გაეგო საუბარი ან მხოლოდ ისეთი ელემენტარული სიტყვები, როგორიცაა „წამო“, „ვჭამოთ“, ისიც ბაგეების კითხვით. ამ თემის წარმომადგენლები მესენჯერში არ წერენ ერთმანეთს, ისინი აგზავნიან ვიდეოებს, საიდანაც ჩანს ჟესტების ენა, რადგან დაწერილიც კი შეიძლება მთლიანად ვერ გაიგონ ყრუ-მუნჯებმა. მოსარჩელეს შეუძლია ასოების წაკითხვა, თუმცა შინაარსს ვერ გამოიტანს ტექსტიდან და სჭირდება სპეციალისტის დახმარება. ზ.ე–ს შეუძლია თავისი სახელის და გვარის დაწერა, თუმცა არა დიდი ტექსტების, მათი დაწერა მხოლოდ დაქტილით სპეციალისტის კარნახით შეუძლია;
13. მოწმე ვ. ე–მა პროცესზე დაკითხვისას განმარტა შემდეგი: მოსარჩელე ზ.ე–ი მისი ნათესავია, დაბადებიდან იცნობს მას, სახლი აქვთ თანასაკუთრებაში. ზ–ს წერა-კითხვა შეუძლია, თუმცა, რამდენად შეუძლია შინაარსის გაგება მისთვის უცნობია. დაახლოებით რვა წლის წინ მოსარჩელესთან საუბარი ჰქონდა, საიდანაც შეიტყო, რომ ზ–ს სურდა სახლი გადაეფორმებინა თავის შვილზე და როგორც მისთვის ცნობილია, მართლაც გადააფორმეს. მას შეეძლო ზ–თან საუბარი, თუმცა, დარწმუნებული არ იყო, რომ სრულყოფილად აგებინებდა მას ყველაფერს, რადგან ის არ იყო სპეციალური ცოდნის მქონე პირი. ზ–მ სთხოვა განემარტა მინდობილობა, რომელიც იყო ბინის დამტკიცებასთან დაკავშირებით, რადგან მას სურდა ბინის დამტკიცება საკუთარ შვილზე, ნოტარიუსთან ყოფნისას მან განუმარტა მინდობილობის შინაარსი, რაზეც მოსარჩელემ განაცხადა, რომ მისთვის ყველაფერი გასაგები იყო. ვიდრე ზ. საბუთებს მოაწერდა ხელს, ის მინდობილობის შინაარსს აგებინებდა პირის მოძრაობით და არა ჟესტიკულაციის ენით, რადგან მან ეს ენა არ იცის, შესაბამისად, ყველაფერს ვერ გააგებინებდა. ისინი ნოტარიუსთან იყვნენ მოსარჩელის ინიციატივით. საბუთების გამზადების შემდეგ ზ–მ წაიკითხა ტექსტი და თქვა, რომ გაიგო, ნოტარიუსთან მათ თან ახლდათ შვილი - ზ.ე–ი და მეზობელი. მამა-შვილი რაღაც დონეზე აგებინებენ ერთმანეთს თავიანთ სურვილებს, თვითონ არ ეხმარება არცერთს კომუნიკაციაში. ზ. დადიოდა სპეციალურ სკოლაში, შეუძლია თუ არა მას კარნახით წერა, ზუსტად არ იცის. მოწმემ აღნიშნა, რომ არ იცის მამა-შვილს შორის გაფორმებული იყო თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე, მისთვის უცნობია უმცროსი ზ. სახლს თუ ჰყიდდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი არ აქვს.
14. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია მოწმეთა ჩვენებზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მართალია, მოსარჩელეს შეუძლია თავისი სახელისა და ცალკეული სიტყვების დაწერა და ამოკითხვა, თუმცა სრული ტექსტის შინაარსის სრულყოფილად გაგება, სპეციალური ცოდნის მქონე პირის დახმარების გარეშე, არ შეუძლია. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებაში მითითებული თანხა არ მიუღია; სადავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც აგრძელებს სახლში ცხოვრებას; მოსარჩელემ 2019წ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლისგან შეიტყო, რომ სახლი მის საკუთრებაში აღარ იყო.
15. სააპელაციო პალატამ საჯარო რეესტრის ინსტრუქციის 23-ე მუხლზე მიუთითა, რომელიც ყრუ-მუნჯი პირის მიერ გარიგების ხელმოწერის წესს არეგულირებს. ნორმის თანახმად, თუ გარიგების მონაწილე მუნჯი, ყრუ ან ყრუ-მუნჯია, გარიგების მხარემ უნდა ისარგებლოს შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით გარიგების შინაარსის გაგების თვალსაზრისით, რაც უნდა აღინიშნოს გარიგებაში და სპეციალისტმა თავისი ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ გარიგების შინაარსი პირს განემარტა და მის ნებას შეესაბამება.
16. სადავო შემთხვევაში დასტურდებოდა, რომ სადავო გარიგების დადების დროს საჯარო რეესტრში მხარეებს არ ახლდათ თარჯიმანი, რომელიც მოსარჩელეს მისთვის გასაგები ჟესტიკულაციის ენით უთარგმნიდა გარიგების შინაარსს. არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ წაიკითხა ხელშეკრულების ტექსტი და დაეთანხმა მას.
17. მოწმე ვ.ე–მა უარყო ჟესტების ენის ცოდნის ფაქტი და განმარტა, რომ ზუსტად აგებინებდა თუ არა საუბრისა და გარიგების შინაარსს მოსარჩელე ზ.ე–ს მისთვის უცნობია, რადგან მას სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, ნოტარიუსთან განაცხადა, რომ იცის ყრუ-მუნჯის ენა და იძლევა ამ პირის ნების სრული და სწორი განმარტების გარანტიას.
18. სადავო ნასყიდობის გარიგებაში ჩანაწერი, რომ ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე დადეს მხარეებმა ხელშეკრულება, იმ პირობებში, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს თან არ ახლდა სპეციალური ცოდნის მქონე თარჯიმანი, რომელიც მას უთარგმნიდა მისთვის გასაგები ფორმით გარიგების შინაარსს, სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია საკმარის არგუმენტად სადავო გარიგების ნამდვილობისთვის. ამასთან, იმ პირობებშიც კი, როცა გარიგების მხარე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ-მუნჯია, მან უნდა წაიკითხოს გარიგება და ხელმოწერით დაადასტუროს, რომ გაიგო შეთანხმების პირობები და ადასტურებს ხელმოწერით, ასეთ სავალდებულო რეკვიზიტს კი, სადავო გარიგება არ შეიცავს; შესრულებულია მხოლოდ ხელმოწერები, რასაც სადავოდ არც მოსარჩელე ხდის, თუმცა ის გარემოება, რომ მისი ნამდვილი ნების შესაბამისად მოხდა საჯარო რეესტრში ხელშეკრულების გაფორმება, დაუსაბუთებელია.
19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 81-82-ე და 54-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეში სადავო გარიგების ხელმოწერისა და საჯარო რეესტრში მისი დამოწმებისას დარღვეულია გარიგების შედგენის კანონით დადგენილი წესები, კერძოდ, გარიგების დადებას არ ესწრებოდა სპეციალისტი/თარჯიმანი, ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მხრიდან გამოვლენილი ნება ნამდვილია, რაც ამ გარიგების ბათილად მიჩნევის საფუძველია.
20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ. კასატორი უარყოფს სადავო გარიგების მოტყუებით დადების ფაქტს (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).
21. კასატორი ასევე ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას იმ ნაწილში, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინება (მტკიცებულების დართვაზე უარის თქმის შესახებ) უცვლელად დარჩა.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
24. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. საკასაციო პალატის შეფასების საგანს უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის გარიგების ბათილად ცნობის კანონიერება წარმოადგენს.
27. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ხსენებული საპროცესო პრინციპი სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ქვაკუთხედია და თითოეული საპროცესო ნორმა მასთან მჭიდრო კავშირში განიმარტება. საქმის განხილვისას, როგორც წესი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს - იურიდიულ ფაქტებს მიუთითებენ მხარეები, ხოლო, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბირტი, ვალდებულია წარმართოს შეჯიბრებითობა. ხსენებული პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.
28. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთ კერძო გამოვლინებას წარმოადგენს სარჩელისა და შესაგებლის ფორმალური საფუძვლიანობის შემოწმება. აღნიშნული ე.წ საქმის წერილობით მომზადების სტადიადაც მოიხსენიება. ამ დროს მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა მიერ სსსკ-ის 178-ე და 201-ე მუხლების დაცვას, კერძოდ, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს კონკრეტული ფაქტები (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო მოპასუხე ვალდებულია, შესაგებელში მიუთითოს საკუთარი პოზიცია სარჩელში გადმოცემულ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით (სსსკ-ის 201.4 მუხლი). სარჩელში გადმოცემული ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს რა სურს მოსარჩელეს და განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად, მოწმდება სარჩელში გადმოცემულია თუ არა დამფუძნებელი ნორმის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა. სარჩელის ფორმალური გამართულობის შემოწმების შემდგომაა ღირებული შესაგებლის არსებითობის შეფასება და იმის მიხედვით, თუ რომელი ფაქტების მიმართ აქვს მოპასუხეს წარდგენილი არსებითი ხასიათის შედავება, ერთმანეთისაგან გაიმიჯნება სადავო და უდავო ფაქტები და განისაზღვრება მტკიცების საგანი, ხოლო იმის მიხედვით, თუ რომელი ფაქტი შედის მასში, მატერიალური და საპროცესო წესების გათვალისწინებით, ნაწილდება სადავო ფაქტებთან მიმართებაში მტკიცების ტვირთი (იხ., სუსგ №ას-1065-2023, 22 მარტი, 2024წ.).
29. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგების ბათილად ცნობა მოსარჩელემ იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ იგი ყრუ-მუნჯი შშმ პირია, რომელმაც სადავო გარიგების შინაარსი ვერ გაიგო, რადგან არ ახლდა თარჯიმანი, რომელიც მას უთარგმნიდა მისთვის გასაგებ ენაზე. როდესაც საჯარო რეესტრის წარმომადგენელი კითხვებს სვამდა, მოსარჩელეს არ ესმოდა მისი. მოპასუხემ მას განუმარტა, რომ ეს იყო უბრალო ფორმალობა, რომელიც საჭირო იყო საცხოვრებელი სახლის მის სახელზე რეგისტრაციისთვის. მოსარჩელემ დახმარების მიზნით მიმართა ყრუ-მუნჯთა საზოგადოებას, რა დროსაც, მისთვის ცნობილი გახდა, რომ სადავო ქონება 21.09.2016წ.-დან მოპასუხის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.
30. სადავო საკითხის სწორად შესაფასებლად საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებზე, კერძოდ, მოსარჩელე და მოპასუხე მამა-შვილი არიან. ორივე მათგანი სადავო სახლში ცხოვრობს. მოსარჩელე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ყრუ-მუნჯი) პირია. 2016წ. მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის გარიგება, რომლის მიხედვით მოსარჩელემ, შვილს - მოპასუხეს ერთადერთი საცხოვრებელი სახლი მიჰყიდა. მოსარჩელეს შეუძლია თავისი სახელისა და ცალკეული სიტყვების დაწერა და ამოკითხვა, თუმცა ტექსტის სრული შინაარსის სრულყოფილად გაგება სპეციალური ცოდნის მქონე პირის დახმარების გარეშე, არ შეუძლია. სადავო გარიგების დადების დროს საჯარო რეესტრში მოსარჩელეს არ ახლდა თარჯიმანი, რომელიც მისთვის გასაგები ჟესტიკულაციის ენით უთარგმნიდა გარიგების შინაარსს.
31. ზემოთმოყვანილი ფაქტობრივი მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ საქმეზე გამოკვეთილია სადავო გარიგების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, რაც აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის წარმატების მაუწყებელია.
32. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინების (მტკიცებულების მიღებაზე უარის თქმის შესახებ) უცვლელად დატოვების კანონშეუსაბამობა ვერ დაასაბუთა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ.29) მოცემულ ნაწილშიც გასაზიარებელია.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, კასატორმა კი ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
35. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.ე–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ზ.ე–ს (პ.ნ:......) დაუბრუნდეს მ.მ–ძის მიერ 04.04.2025წ. №26671550483 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის 70% – 350 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე