Facebook Twitter

საქმე №ას-648-2025 22 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი მ.მ–ისთვის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა 14-დღიანი საპროცესო ვადა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს უნდა წარედგინა 179,83 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აპელანტს კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება აპელანტს გაეგზავნა ფოსტით და ჩაბარდა პირადად 28.11.2024წ.-ს. თუმცა, სასამართლოს მიერ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა უშედეგოდ გავიდა - აპელანტმა არ შეავსო ის;

3.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 374-ე, 70.1, 73.1, 63-ე და 368.5 მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინების ასლი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მას შეეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსება, თუმცა, მას სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების თაობაზე არ მიუმართავს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4.1. ხარვეზის განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2024 წლის 28 ნოემბერს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჰქონდა ვირუსული ინფექცია და დაახლოებით 20 დღე იმყოფებოდა სახლის პირობებში, გადიოდა მკურნალობის კურსს, ჰქონდა მაღალი სიცხე, წოლითი რეჟიმი და ფაქტიურად ვერ ახერხებდა გარეთ გასვლას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ შეავსო ხარვეზი და ვერ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. მან ფიზიკურად ვერც აცნობა სააპელაციო სასამართლოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით;

4.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპატიო მიზეზის გამო სახეზე არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი].

8. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].

9. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანს სწორედ აღნიშნული განჩინების კანონიერება წარმოადგენს.

10. სსსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და ამავე კოდექსის 374.1 მუხლის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

11. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა 14-დღიანი საპროცესო ვადა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს უნდა წარედგინა 179,83 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა ფოსტით და ჩაბარდა პირადად 28.11.2024წ.-ს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2024 წლის 29 ნოემბრიდან [სსსკ-ის 60.2 მუხლი: წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი] და ამოიწურა 2024 წლის 12 დეკემბერს, თუმცა აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და ამასთან, საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების ან/და სხვა სახის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის ფაქტს.

13. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება ვერ შეძლო საპატიო მიზეზის გამო. კერძოდ, მისი განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჰქონდა ვირუსული ინფექცია და დაახლოებით 20 დღე იმყოფებოდა სახლის პირობებში, გადიოდა მკურნალობის კურსს, ჰქონდა მაღალი სიცხე, წოლითი რეჟიმი და ფაქტიურად ვერ ახერხებდა გარეთ გასვლას.

14. სსსკ-ის 215.3 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

15. სსსკ-ის 102.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რამდენადაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.

16. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი უთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის გამოც ვერ შეძლო ხარვეზის შევსება, თუმცა მას აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მითითება ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზზე ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად, არსებობდა სსსკ-ის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე