საქმე №ას-712-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ს.დ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში - „სამინისტრო“, „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ნ.ს.დ–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 2934,84 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2021 წლის 17 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N60 ხელშეკრულება;
2.2. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ქალაქ ბათუმში, დასახლება .......... მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ........) განაშენიანების დეტალური გეგმისა და ამავე გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ კვარტალში სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება;
2.3. შესყიდვის საერთო ღირებულებად განისაზღვრა 991 200 ლარი;
2.4. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 25 მაისის ჩათვლით პერიოდი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან (17.09.2021 წლიდან) 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდი;
2.5. მხარეთა შორის 2022 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული №1 შეთანხმების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 23 დეკემბერი (ს.ფ. 26-32);
2.6. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №60 ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, განაშენიანების დეტალური გეგმა უნდა დამუშავებულიყო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილების „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მიხედვით. განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისას, კონტრაქტორს უნდა უზრუნველეყო საჭირო პროცედურების (საჭიროებიდან გამომდინარე სგშ-ს ან გზშ-ს დამუშავება, საჯარო განხილვები შესაბამის სტრუქტურებთან - ბ.ა–ის ფრენის უსაფრთხოების სამსახურთან, ბათუმის მერიასთან, კომუნალური ქსელების ოპერატორ კომპანიებთან და სხვა) განხორციელების ორგანიზება;
2.7. ხელშეკრულების 3.2. პუნქტით დადგინდა, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები და პირობები დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული ტექნიკურ დავალებაში, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადები და პირობები მოიცავდა სამ სტადიას, მათ შორის:
2.7.1. პირველი სტადია ითვალისწინებდა განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისათვის სავალდებულო ინიცირების კანონმდებლობით დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად შედგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენას ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2021 წლის 16 ნოემბრისა. პირველი სტადიით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხე მხარემ შეასრულა ჯეროვნად;
2.7.2. მეორე სტადია ითვალისწინებდა კანონმდებლობით დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად შედგენილი სრულყოფილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის წარდგენას, ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2022 წლის 16 მარტისა. აღნიშნული სტადიით გათვალისწინებული სამუშაოც შესრულებულია, თუმცა მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ვადაგადაცილებით, რის გამოც მას დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. მეორე სტადიით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 198 240 ლარს;
2.7.3. მესამე სტადია ითვალისწინებდა კანონმდებლობით დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად შედგენილი სრულყოფილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის წარდგენას ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2022 წლის 25 აპრილისა;
2.8. დამკვეთი ვალდებული იყო წარდგენილი დოკუმენტაცია განეხილა 15 კალენდარული დღის განმავლობაში. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საპროექტო გადაწყვეტა შემსრულებლის მიერ უნდა ჩასწორებულიყო შენიშვნების შესახებ წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა;
2.9. ხელშეკრულების 5.8 მუხლით დადგინდა, რომ განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ (პირველი სტადია) შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ანაზღაურდებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% (ავანსიდან გამოქვითვის გარეშე);
2.10. ხელშეკრულების 5.9. მუხლით დადგინდა, რომ სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული პროექტის პირველი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ანაზღაურდებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20% (ავანსიდან გამოქვითვის გარეშე);
2.11. ხელშეკრულების 5.10. მუხლით დადგინდა, რომ განაშენიანების დეტალური გეგმის (მეორე სტადია) კონცეფციის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ანაზღაურდებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20% (ავანსიდან გამოქვითვის გარეშე);
2.12. ხელშეკრულების 4.5. მუხლის თანახმად, შემსყიდველი კისრულობდა ვალდებულებას კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველეყო სახელმწიფო ორგანოებისათვის მიმწოდებლის შუამდგომლობების წარდგენა (ს.ფ. 26-38);
2.13. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №60 ხელშეკრულების 11.2 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ ვადებში წარდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩნდებოდა ნაკლი/ხარვეზი და მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფდა დაზუსტებული სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენას ნაკლის/ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრულ ვადაში, მიმწოდებელს ნაკლის ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ვად(ებ)ის გასვლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ. 26-32);
2.14. მოპასუხემ, ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ვადაში, 2022 წლის 16 მარტს, შემსყიდველს წარუდგინა მეორე სტადიით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. შემსყიდველმა 15 კალენდარული დღის განმავლობაში შეისწავლა რა წარდგენილი დოკუმენტაცია, 2022 წლის 30 მარტის წერილით, მოპასუხეს აცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი სამუშაოები არ იყო შესრულებული ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ: წარმოდგენილი ორთოფოტო გეგმა და ტოპოგრაფიული გეგმა არ იყო შესრულებული 1.4.1.4. სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად; შტამპში არ იყო ასახული შემსრულებლის ხელმოწერა; ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის პირობითი აღნიშვნების რეგლამენტი უმეტესწილად არ შეესაბამებოდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის არსს; ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია 2021 წლის 17 სექტემბრის №60 ხელშეკრულების შესაბამისად, უნდა შეთანხმებულიყო შესაბამის უწყებებთან, მაგ., რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მის დაქვემდებარებაში არსებულ შესაბამის სამსახურებთან; არ იყო გათვალისწინებული გეგმარებით ერთეულში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისა და დამატებით ავტოსადგომების მოწყობის შესაძლებლობა, არ იყო წარმოდგენილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაბამისი ჭრილები; გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკრინინგის ანგარიში არ ასახავდა გეგმარებით ერთეულში მოქცეულ ტერიტორიას და მასზე განთვსებულ საპროექტო შენობა-ნაგებობებს; სკრინინგის 2.3. პუნქტი და დენდროლოგის დასკვნა იყო ურთიერთსაწინააღმდეგო; 17.09.2021 წლის №60 ხელშეკრულების შესაბამისად, გეგმარებით ერთეულზე განსათავსებელი ყველა შენობა- ნაგებობის სიმაღლე და განთავსების გეგმა შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ბ.ა–ის ფრენის უსაფრთხოების სამსახურთან, რაც წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, გაურკვეველი რჩებოდა რა ნორმატივით განისაზღვრა ასაფრენ-დასაფრენი უსაფრთხოების ზონისათვის 56.00 მეტრის სიმაღლის დადგენა და სხვები;
2.15. 2022 წლის 30 მარტის წერილით, მოპასუხეს დაუდგინდა ჯამში 19 ხარვეზი, რომელიც მას უნდა აღმოეფხვრა წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა (ს.ფ. 56-62);
2.16. მოპასუხემ ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრულ ვადაში, 2022 წლის 14 აპრილს, შემსყიდველს წარუდგინა მეორე სტადიით გათვალისწინებული განაშენიანების დეტალური გეგმის კორექტირებული კონცეფცია. დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, შემსყიდველმა სამინისტრომ, 2022 წლის 21 აპრილის №01-01-10/1877 წერილით, მოპასუხეს აცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი სამუშაოები კვლავ არ იყო შესრულებული ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ: წარდგენილ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმაში ასახული არ იყო კონცეფციის საბოლოო ვარიანტი; გეგმის პირობითი აღნიშვნების რეგლამენტი უმეტესწილად არ შეესაბამებოდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის არსს; ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია 17.09.2021 წლის №60 ხელშეკრულების შესაბამისად, უნდა შეთანხებულიყო შესაბამის უწყებებთან (მაგ., რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და მის დაქვემდებარებაში არსებულ შესაბამის სამსახურებთან) და სხვები. სამინისტრომ მიმწოდებელს დაუდგინა ჯამში 8 ხარვეზი და მოსთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესრულება. ამავე წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ 2022 წლის 15 აპრილიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კომპანიას დაერიცხებოდა 991.20 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო, ვალდებულების სრულად შესრულებამდე (ს.ფ. 71;72-74;);
2.17. მოპასუხემ 2022 წლის 29 აპრილის №01-01-09/3880 წერილით, კვლავ წარადგინა მეორე სტადიით გათვალისწინებული განაშენიანების დეტალური გეგმის კორექტირებული კონცეფცია. დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, სამინისტრომ, 2022 წლის 10 მაისის წერილით, მოპასუხეს აცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი სამუშაოები ძირითადად აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ მისი საბოლოო სახით ჩამოყალიბებისათვის საჭირო იყო სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისაგან და საინჟინრო-კომუნალური ქსელების ოპერატორი კომპანიებისაგან საკითხის მიმართ გამოხატული მოსაზრებებისა და წინადადებების ასახვა, რომლის მიხედვით დასაგეგმარებელი ტერიტორიების განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი შესაძლებელი იყო დაქვემდებარებოდა კორექტირებას (ს.ფ. 75; 76-77; 78);
2.18. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მასალები უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2022 წლის 29 აპრილიდან 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, შემსყიდველის მიერ დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხემ სამინისტროში წარადგინა განაშენიანების დეტალური გეგმის არაერთი კორექტირებული კონცეფცია, რომლებშიც ცვლილებების შეტანა განპირობებული იყო სხვადასხვა სტრუქტურებიდან მიღებული მოსაზრებებისა და პოზიციების კონცეფციასთან შესაბამისობის მოყვანის აუცილებლობით. მაგალითად: მიმწოდებლის შუამდგომლობის საფუძველზე, შემსყიდველმა სამინისტრომ მოიპოვა და მოპასუხეს მიაწოდა შპს „ბ.ა–ის“ 2022 წლის 23 ივნისის №BUS. GM15689 წერილი, რომლითაც დადგინდა სახელშეკრულებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი ობიექტების მაქსიმალური სიმაღლის ნიშნული. ამავე კორესპონდენციით მოთხოვნილი იყო, რომ „მიმწოდებელს“, ხელშეკრულების შესაბამისად წარედგინა კორექტირებული დოკუმენტაცია სამინისტროში, კანონმდებლობით დადგენილი რეგლამენტისა და საპრეზენტაციო ფორმატში (ბეჭდური სახით, მყარყდიან ალბომად აკინძული 3 (სამი) ეგზემპლარად);
2.19. მოპასუხემ 2022 წლის 1 ივლისის №01-01-09/5830 წერილით წარადგინა მეორე სტადიით გათვალისწინებული განაშენიანების დეტალური გეგმის კორექტირებული კონცეფცია (ელექტრონული ვერსია), რომელშიც გათვალისწინებული იყო შპს „ბ.ა–ის“ მიერ დადგენილი განსათავსებელი ობიექტების მაქსიმალური სიმაღლის ნიშნული. კორექტირებული დოკუმენტაცია ჩანაცვლებული იყო ბმულზე და არ იყო წარდგენილი ბეჭდური სახით. იმავე წლის 15 ივლისის წერილით მოპასუხემ წარადგინა მეორე სტადიით გათვალისწინებული განაშენიანების დეტალური გეგმის კორექტირებული კონცეფცია, ელექტრონული ვერსიითა და ბეჭდური სახით 3 (სამი) ეგზემპლარად (ს.ფ. 83);
2.20. გარდა ამისა, შემსყიდველი სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მოპასუხემ, 2022 წლის 16 ივნისის №01-01-09/5230 კორესპონდენციით, წარადგინა კორექტირებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის ანგარიში, თანხმლებ დოკუმენტაციასთან ერთად. დოკუმენტაცია 2022 წლის 17 ივნისის №01-01-10/2654 წერილით გადაეგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა სკრინინგი თანხმლებ დოკუმენტაციასთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნათ სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის“. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ 2022 წლის 8 აგვისტოს წერილით შემსრულებელს მიეცა მთელი რიგი შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც მოპასუხემ, 2022 წლის 9 სექტემბერს, საბოლოოდ წარადგინა კორექტირებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის ანგარიში, თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად. 2022 წლის 7 ოქტომბერს სსიპ „გარემოს ეროვნულმა სააგენტომ“ გასცა №393/ს ბრძანება - ქ.ბათუმში, დასახლება .......... (........ ქ.188) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ .....) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით შემუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისადმი არდაქვემდებარების შესახებ“ (ს.ფ.82; 84; 86-90; 94-104);
2.21. ზემოაღნიშნულით კონცეფციამ მიიღო სრულყოფილი დოკუმენტის სახე, რაც განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და 2022 წლის 31 ოქტომბერს გამოსცა №გ15 15223043 განკარგულება, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“. აღიშნული განკარგულების მიღებით, დასრულდა ხელშეკრულების მეორე სტადია. შესაბამისად, მიმწოდებელს 2022 წლის 9 სექტემბრის კორესპოდენციით წარდგენილი კორექტირებული დოკუმენტაცია ჩაეთვალა შესრულებულად;
2.22. მოსარჩელემ მოპასუხეს №60 ხელშეკრულების დანართი ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მეორე სტადიის სამუშაოები ჩაუთვალა ვადაგადაცილებით შესრულებულად, რის გამოც მიმწოდებელს დაარიცხა ზემოხსენებული ხელშეკრულების 11.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით, 2022 წლის 15 აპრილიდან 2022 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (148 დღე), რამაც ჯამში შეადგინა 146 687.6 ლარი.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ არ ცნო რა სარჩელის მოთხოვნა, გამორიცხა თავისი ბრალეულობა სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებაში. მოპასუხის მტკიცებით, მისი ვალდებულება არ მოიცავდა მესამე პირებისაგან იმ ინფორმაციის მოპოვებას, რომლის დაგვიანებით მიწოდების გამოც, მოსარჩელე ითხოვდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხის პრეტენზიას და მიიჩნია, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება განპირობებული იყო სწორედ მიმწოდებელი კომპანიის ბრალეული ქმედებით, სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობით. ამ თვალსაზრისით პალატამ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე, რომელიც შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით ადგენდა შემსრულებლის ვალდებულებას, განაშენიანების დეტალური გეგმა დაემუშავებინა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილების „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის" მიხედვით; განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისას კი, უზრუნველეყო საჭირო პროცედურების (საჭიროებიდან გამომდინარე სგშ-ს ან გზშ-ს დამუშავება, საჯარო განხილვები შესაბამის სტრუქტურებთან - ბათუმის აეროპორტის ფრენის უსაფრთხოების სამსახურთან, ბათუმის მერიასთან, კომუნალური ქსელების ოპერატორ კომპანიებთან და სხვა) განხორციელების ორგანიზება. მითითებული სახელშეკრულებო პირობა, ბუნებრივია, ავალებდა შემსრულებელ კომპანიას შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ემოქმედა გულისხმიერი და გონივრული წინდახედულების ფარგლებში და სახელშეკრულებო ვადაში უზრუნველეყო საჭირო/აუცილებელი პროცედურების განხორციელება. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია მოამზადა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (2022 წლის 16 მარტს) შემსყიდველს წარუდგინა, შესაბამის სტრუქტურებთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, მათგან ნორმატიულ-პროფესიული შენიშვნების, რეკომენდაციებისა თუ თანხმობის მოპოვების გარეშე, რამაც მიმწოდებლის მიერ წარდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დახარვეზება გამოიწვია. დაკვეთილი სამუშაოს ხარისხიანად შესასრულებლად აუცილებელი კომპეტენტური პოზიციის/ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურებიდან მოპოვების მიზნით, მოპასუხემ 2022 წლის 30 მარტიდან სხვადასხვა დროს მართლაც მიმართა არაერთ უწყებასა და დაწესებულებას (მათ შორის, შპს „ბ.წ–ს“, სს „ე.პ-ჯორჯიას“, კომპანია „ს–ს“, შპს „მ–ს“, სს „ს.ჯ–ას“, ქალაქ ბათუმის მერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, აჭარის ა/რ რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შპს „ბ.ა–ს“ (ს.ფ. 45-54;69)), მაგრამ, აღნიშნული ქმედება მას არ განუხორციელებია მეორე სტადიის სამუშაოს შესრულებისათვის, ტექნიკური დავალებით დადგენილ ვადაში, რამაც საბოლოოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება გამოიწვია. მოპასუხე კომპანიამ მხოლოდ მას შემდეგ მიმართა სხვადასხვა უწყებას, რაც შემსყიდველმა - სამინისტრომ ხარვეზები დაადგინა მოპასუხის მიერ წარდგენილ განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით.
4. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 17.09.2021 წლის ხელშეკრულების 4.5. მუხლზე, რომლის მიხედვით, შემსყიდველი კისრულობდა ვალდებულებას კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველეყო სახელმწიფო ორგანოებისათვის მიმწოდებლის შუამდგომლობების წარდგენა. ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს რაიმე შუამდგომლობა სამინისტროს მიმართ არ აღუძრავს, განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებული სათანადო/საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის/რეკომენდაციისა თუ ინფორმირებული თანხმობის შესაბამისი კომპეტენტური სტრუქტურებიდან მოპოვების მიზნით.
5. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია რა სახელშეკრულებო პირობა, სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რაც მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას ქმნიდა.
6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამინისტრო ითხოვდა, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო, მოპასუხისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებას, ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 991 200 ლარის, 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2022 წლის 15 აპრილიდან 9 სექტემბრამდე, რაც ჯამში შეადგენს 146 687.6 ლარს.
7. ზემოაღნიშნული მოთხოვნის მართლზომიერების შეფასებისას, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შესასრულებელი სამუშაოები მოიცავდა სამ თანმიმდევრულ სტადიას, რომელთა ღირებულებაც განსაზღვრული იყო ცალ-ცალკე. პირველი სტადიის სამუშაოები მოპასუხე მხარემ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, მეორე სტადიის სამუშაოები კი, მართალია, შეასრულა ვადაგადაცილებით, მაგრამ ის შეასრულა მთლიანად და შესრულების ხარისხთან დაკავშირებით შემსყიდველს რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა. ასეთ ვითარებაში მეორე სტადიით გათვალისწინებული სამუშაოს ვადაგადაცილებით შესრულებისათვის პირგასამტეხლოს განსაზღვრა საერთო სახელშეკრულებო ღირებულებიდან, პალატის აზრით, არღვევდა კეთილსინდისიერების პრინციპს (სსკ-ის 115-ე მუხლი) და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად, შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს აკისრებდა ხელშეკრულების მხარეს.
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა არა საერთო სახელშეკრულებო ღირებულების, არამედ - კონკრეტული სტადიით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულების - 198 240.00 ლარის გათვალისწინებით, ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს პროცენტული მაჩვენებელი - 0,1%, შეამცირა 10-ჯერ და ის განსაზღვრა 0,01%-ით (ყოველდღიურად 19.83 ლარით).
9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ სასამართლო წესით დავის წარმოების პროცესში, სახელშეკრულებო ვალდებულება (მე-2 სტადიის სამუშაოები) შესრულებული იყო მთლიანად, ამასთან, ვადაგადაცილებაზე მოპასუხის ბრალეულობის მიუხედავად, მისი დროულად აღმოფხვრა დამოკიდებული აღარ იყო მხოლოდ მოპასუხის ნებაზე, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მეორე სტადიით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულების - 198 240 ლარის, 0.01 %-ის ფარგლებში (ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის), გონივრული იყო და სავსებით შეესატყვისებოდა როგორც კეთილსინდისიერების პრინციპს, ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხსა და იმ მოლოდინს, რაც შემსყიდველს გააჩნდა ხელშეკრულების ვადაში შესრულების მიმართ.
10. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელე მხარის პრეტენზია, რომ სამუშაოთა შესრულების 148 დღით ანუ თითქმის 5-თვიანი დაგვიანებით, სახელმწიფოს მიადგა ზიანი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხებოდა ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შესყიდვას, როგორიცაა სოციალური სახლების მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარეს, გარდა სიტყვიერი მითითებისა, ფაქტობრივი ზიანის ამსახველი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია; ასევე, არ მიუთითებია იმ მავნე შედეგების შესახებ, რაც ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობით.
11. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება, რომ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის პირობებში, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი კვალიფიციური შესაგებლით, სადავოდ გახადა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრული შესაბამისობა, რაც ქმნიდა მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებაზე სასამართლო კონტროლის წინაპირობას, სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესის ფარგლებში.
12. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისთვის სამინისტროს სასარგებლოდ, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ თანხაზე მეტი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
14. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
14.1. მოცემულ დავაში მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მოახდინოს ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასება, მოპასუხის ბრალის, ვალდებულების სიმძიმის ხარისხის, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის სწორი ანალიზი; ასევე, მოპასუხის, როგორც მეწარმე სუბიექტის, პასუხისმგებლობის ანალიზი, რადგან, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რაც ბუნებრივად მიიყვანდა სასამართლოებს იმ მსჯელობამდე, რომ სამინისტროს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო თანაზომიერია იმ ზიანისა, რაც განიცადა აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ პროექტის დაგვიანებით შესრულებით;
14.2. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი სასამართლოს მიერ არაპროპორციულად შემცირდა, სასამართლომ ისე დაიყვანა მინიმუმამდე დარიცხული პირგასამტეხლო, რომ საერთოდ დააკარგვინა ფუნქცია, არ გაითვალისწინა ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ;
14.3. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 420-ე მუხლი, რადგან ყოველგვარი მტკიცებულებებისა თუ მოპასუხის სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის გარეშე პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, ვინაიდან დავის საგანს არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს შემცირება, ხოლო შესაგებლით პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის შესახებ მსჯელობა ვერ იქცევა დავის საგნად. აღნიშნული ნორმა შესაძლებელია სასამართლომ გამოიყენოს იმ შემთხვევაში, როდესაც შეგებებული სარჩელით სადავო გახდება მხარეთა ის შეთანხმება, რომელიც დაკავშირებულია პირგასამტეხლოს ოდენობასთან, რა დროსაც, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ვალდებული იქნება დაამტკიცოს, რატომ უნდა შემცირდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო შემდგომ, ძირითად მოსარჩელეს, როგორც შეგებებული სარჩელით მოპასუხეს, სამოქალაქო საპროცესო ნორმათა დაცვის შესაბამისად, შესაძლებლობა ექნება საპირისპირო მტკიცებულებები წარადგინოს და დაასაბუთოს, რატომ არ არის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;
14.4. სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სსსკ-ის 248-ე მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მოპასუხე მხარემ მხოლოდ ზეპირი განმარტებით გამოთქვა მოსაზრება პირგასამტეხლოს არაგონივრულად გაანგარიშებისა და მისი ოდენობის შემცირების შესახებ, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკითხის სადავოობის საფუძვლად. მოპასუხეს უნდა მოეთხოვა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოში სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის შეტანის გზით;
14.5. სასამართლომ არა მხოლოდ მინიმუმამდე 0.01%-მდე შეამცირა პირგასამტეხლო, არამედ შეცვალა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს საერთო სახელშეკრულებო ღირებულებიდან დაანგარიშების წესი და განსაზღვრა, რომ პირგასამტეხლო თითოეული ვაგადაცილებული დღისთვის უნდა შეადგენდეს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.01%-ს (ნაცვლად 991 200 ლარის 0.1%-ისა, სასამართლომ მხარეს დაკისრა 198 240 ლარის 0.01%).
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მენარდისთვის (მოპასუხისთვის) დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
20. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].
21. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი ფორმით შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალით არ არის განპირობებული (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 92-93).
22. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. დადგენილია, რომ მოპასუხემ განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია მოამზადა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (2022 წლის 16 მარტს) შემსყიდველს წარუდგინა, შესაბამის სტრუქტურებთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, მათგან ნორმატიულ-პროფესიული შენიშვნების, რეკომენდაციებისა თუ თანხმობის მოპოვების გარეშე, რამაც მიმწოდებლის მიერ წარდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დახარვეზება გამოიწვია. დაკვეთილი სამუშაოს ხარისხიანად შესასრულებლად აუცილებელი კომპეტენტური პოზიციის/ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურებიდან მოპოვების მიზნით, მოპასუხემ 2022 წლის 30 მარტიდან სხვადასხვა დროს მართლაც მიმართა არაერთ უწყებასა და დაწესებულებას, მაგრამ, აღნიშნული ქმედება მას არ განუხორციელებია მეორე სტადიის სამუშაოს შესრულებისათვის, ტექნიკური დავალებით დადგენილ ვადაში, რამაც საბოლოოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება გამოიწვია. მოპასუხე კომპანიამ მხოლოდ მას შემდეგ მიმართა სხვადასხვა უწყებას, რაც შემსყიდველმა - სამინისტრომ ხარვეზები დაადგინა მოპასუხის მიერ წარდგენილ განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით.
23. კასატორი პრეტენზიას აცხადებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ როგორც პირგასამტეხლოს გამოანგარიშების მეთოდზე, ასევე - პირგასამტეხლოს არაპროპორციულად შემცირებაზე.
24. ზემოაღნიშნული პრეტენზიების განხილვამდე, საკასაციო პალატა იმსჯელებს კასატორის იმ შედავებაზე, რომ მოპასუხის სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის გარეშე პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია.
25. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე შედავება შესაგებლით ხორციელდება და არ არის სავალდებულო პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრას. ამგვარი საჭიროება არც კანონით და არც სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. მთავარია, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და არაგონივრულობა შესაგებლით იყოს შედავებული, რადგან სასამართლოს მხრიდან სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებას მოპასუხის პროცესუალური აქტიურობა - შესაგებლით შედავება სჭირდება და არა შეგებებული სარჩელის აღძვრა, როგორც ამას კასატორი უთითებს (იხ. სუსგ საქმე №ას-211-2024, 26 აპრილი, 2024 წელი). ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).
26. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი კვალიფიციური შესაგებლით, სადავოდ გახადა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრული შესაბამისობა, რაც ქმნიდა მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებაზე სასამართლო კონტროლის წინაპირობას, სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესის ფარგლებში (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი, აგრეთვე, შესაგებელი).
27. სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო, მოპასუხისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრება, ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 991 200 ლარის, 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2022 წლის 15 აპრილიდან 9 სექტემბრამდე, რაც ჯამში შეადგენს 146 687.6 ლარს.
28. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მეორე სტადიით გათვალისწინებული სამუშაოს ვადაგადაცილებით შესრულებისათვის (რომლის ღირებულება შეადგენდა 198 240 ლარს) პირგასამტეხლოს განსაზღვრა საერთო სახელშეკრულებო ღირებულებიდან არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).
30. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს არაპროპორციულად შემცირების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი ასევე უსაფუძვლოა.
31. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
32. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
33. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).
34. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).
35. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მეორე სტადიით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია მთლიანად, ამასთან, მართალია, აღნიშნულ სამუშაოთა შესრულება 148 დღით დაგვიანდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ვადაგადაცილებაზე მოპასუხის ბრალეულობის მიუხედავად, მისი დროულად აღმოფხვრა დამოკიდებული აღარ იყო მხოლოდ მოპასუხის ნებაზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრა მეორე სტადიით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულების - 198 240 ლარის 0.01 %-ის ფარგლებში (ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის) ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს, რომელიც არ იწვევს კრედიტორის გამდიდრებას და, ამავე დროს, უზრუნველყოფს ვალდებულების დარღვევის პირობებში პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურებას.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი