ბს-1115-1066(კ-07) 15 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,.....”
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ბათუმის მერია
მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ა/რ შს სამმართველო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2005 წლის 18 ივლისს შპს “....." სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების _ ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოსა და აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა /იხ.ს.ფ. 3/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელემ 2003 წლის მაისს-დეკემბრის პერიოდში აჭარის ა/რ შს სამმართველოს 18000 ლიტრი ბენზინი მიჰყიდა 20480 ლარად, მინდობილობებისა და მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა.
სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:
მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხისათვის 20480 ლარის გადახდის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ქ. ბათუმის მერია /იხ.ს.ფ. 64/.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა არ ცნო შპს “....” სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 82/.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა 12723 ლარის გადახდა შპს “...." სასარგებლოდ, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
2003 წლის 1 აპრილს ქ. ბათუმის მერიამ მიიღო ¹62 განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის შს სამმართველოს თხოვნა და ქალაქში მართლწესრიგის სისტემატური ოპერატიული ღონისძიებების გასატარებლად, საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების მიზნით, შპს “....” დირექციას ეთხოვა ყოველთვიურად 2000 ლიტრი საწვავის გამოყოფა. ქ. ბათუმის მერიას უნდა აენაზღაურებინა გაწეული დანახარჯი ბუღალტერიის მეშვეობით წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. ამასთან, საფინანსო განყოფილებას დაევალა აღნიშნული თანხის 2003 წლის ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინება.
სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი და განმარტა, რომ ქ. ბათუმის მერიამ სადავო თანხის ნაწილი გადაიხადა. ამასთან საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიას უნდა დაკისრებოდა საწვავის ღირებულებიდან დარჩენილი გადაუხდელი თანხის _ 12 723 ლარის გადახდა /იხ.ს.ფ. 85-87/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა 12723 ლარის გადახდა, შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ამასთან გადაწყვეტილება გამოტანილია სსსკ-ის 393.2 და 394-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით /იხ.ს.ფ. 89/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. 141-145/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 187-194/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “....” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2003 წლის 1 აპრილს ქ. ბათუმის მერიის ¹62 განკარგულებით, დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის შს სამმართველოს თხოვნა და ქალაქში მართლწესრიგის სისტემატური ოპერატიული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო მატერიალური-ტექნიკური ბაზის განმტკიცების მიზნით, შპს “....” დირექციას ეთხოვა ყოველთვიურად 2000 ლიტრი საწვავის გამოყოფა.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 477.1. მუხლი და განმარტა, რომ გამყიდველის მოვალეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქონების გადაცემით, ქონების გადაცემასთან კანონმდებელი სავალდებულო პირობად მიიჩნევს მყიდველისათვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებული, ყველა საჭირო დოკუმენტების წარდგენას. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული პირობა ასევე შეთანხმებული იყო მხარეთა შორის, კერძოდ, ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 1 აპრილის ¹62 განკარგულება ანაზღაურების სავადებულო პირობად ითვალისწინებს გაყიდულ საქონელზე ანგარიშ-ფაქტურის წარდგენას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 27-28, ტ. II/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “....,” რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 52-53/.
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მიღებულია საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე არ უარყოფდა საწვავის მიღების ფატს, შესაბამისად მხარეთა მიერ ქ. ბათუმის მერიის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. ამდენად, ქ. ბათუმის მერია ვალდებულია, მიუხედავად ანგარიშ-ფაქტურების წარუდგენლობისა აანაზღაუროს სადავო თანხა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სახეზეა მესამე პირის სასარგებლოდ დადებული გარიგება, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საწვავი მიწოდებულია, მაგრამ თანხა არ არის გადახდილი, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 361-ე მუხლების საფუძველზე სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” პუნქტის საფუძველზე შპს “....” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.
მოწინააღმდეგე მხარეებს შპს “...” საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მოსაზრებები და შეპასუხება არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “....” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “...” მიერ სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, არ შეაფასა საქმეში არსებული მთელი რიგი მტკიცებულებები, კერძოდ, ტვირთის მიწოდების ცნობები /ს.ფ. 38-45/, მოწმეთა ჩვენებები, მინდობილობები /ს.ფ. 27-37/, რომლითაც დასტურდება, აჭარის ა/რ შს სამინისტროს ბათუმის მთავარი სამმართველოს მიერ შპს “....” საწვავის მიღების ფაქტი. აღნიშნულ გარემოებას არც მოპასუხე მხარე უარყოფს, თუმცა სასამართლოს დასკვნით, საწვავის ღირებულება მხოლოდ საქონლის ანგარიშ-ფაქტურების წარდგენისას ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 350.1 “ა” მუხლის თანახმად, სახეზეა მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება, კერძოდ, ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 1 აპრილს ¹62 განკარგულებით, დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის შს სამმართველოს თხოვნა და ქალაქში მართლწესრიგის სისტემატური ოპერატიული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო მატერიალური-ტექნიკური ბაზის განმტკიცების მიზნით, შპს “....” დირექციას ეთხოვა ყოველთვიურად 2000 ლიტრი საწვავის გამოყოფა. ამასთან, ქ. ბათუმის მერიამ იკისრა ვალდებულება ბათუმის შს სამმართველოსათვის მიწოდებული საწვავის თანხის გადახდის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ შეასრულა ზემდგომი სასამართლოს მითითება ფაქტობრივი გარემოებების მოპოვებისა და გამოკვლევის თაობაზე, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს კონკრეტული მითითებებით /იხ.ს.ფ. 187-194/. სააპელაციო სასამართლოს დაევალა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე მტკიცებულებათა მოპოვება და გამოკვლევა, რაც სრულიად იგნორირებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეფასების საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ.
ამასთან, ერთის მხრივ სააპელაციო სასამართლომ მიწოდებული საწვავის ღირებულების ანაზღაურება დაუკავშირა ანგარიშ-ფაქტურების წარდგენას, თუმცა ამასთანავე შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ სფ. 124-136-ზე ანგარიშ-ფაქტურებს. აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმში მითითებულია, რომ საქმეს დაერთო შპს “...” მიერ მტკიცებულებების სახით წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. შესაბამისად გაურკვეველია, თუ რომელი მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე იქნა მიღებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 2 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციიდან გამოითხოვა შპს “...” მიერ 2003 წლის აპრილიდან 2003 წლის დეკემბრის ჩათვლით შედგენილი და საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები /იხ.ს.ფ. 18, ტ. I/, რომელზეც ბათუმის საგადასახადო ინსპექციიდან მიიღო პასუხი, /ს.ფ. 22/, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ქ. ბათუმის შს სამმართველო არ უარყოფს საწვავის მიღების ფაქტს, რაც დასტურდება საქმეში არსებული მინდობილობებითა და მოწმეთა ჩვენებებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის საფუძველზე სარწმუნოდ უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოება დადგენილ იქნა არასრულყოფილად, შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მითითებული ნორმით დადგენილი პირობების დარღვეულად მიჩნევის პროცესუალური საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას საქმის გარემოებათა ობიექტური გამოიკვლევის, შედეგად ასევე უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 361.1. მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შპს “...” მიერ საწვავის მიწოდების ფაქტი სადავო არ არის, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს თუ არა საფუძველს, რომ მესამე პირს წარმოეშვა ხელშეკრულების კონტრაჰენტისგან _ ქ ბათუმის მერიისაგან მიწოდებული საწვავის ღირებულის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო მისი არაჯეროვანი შესრულება იწვევს სამოქალქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
სამოქალაქო კოდექსის 477.1. მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, თუ რამდენად წარმოდგენს სადავო სამართალურთიერთობაში ანგარიშ-ფაქტურების წარუდგენლობა მიწოდებული საწვავის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, კერძოდ, ანგარიშ-ფაქტურებს გააჩნია თუ არა სსსკ-ის 102.3. მუხლის თანახმად, განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების ძალა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.4 მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “....” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.