საქმე №ას-1210-2025 26 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.ს. კ–ია“
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - შპს „გ–სა“ და შპს „გ.ს.კ–იის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „გ–სა“ და შპს „გ.ს.კ–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ ჯარიმის სახით სოლიდარულად დაეკისრათ 1354,99 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელ ა.ა–ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოწინააღმდეგე მხარეების - შპს „გ–სა“ და შპს „გ. ს.კ–იის“ წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სარჩელის უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და .თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შპს „გ–სა“ და შპს „გ.ს.კ–ას“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკისრებულ 1354,99 ლართან ერთად დამატებით ჯარიმის სახით სოლიდარულად დაეკისრათ 5420 ლარის გადახდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს „გ–მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე და განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, საკასაციო საჩივარი, შპს „გ.ს.კ–იის“ სახელით, შეიტანა შპს „გ–ის“ დირექტორმა ა.მ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ხოლო ამავე ნორმის „გ“ ქვეპუქტის შესაბამისად - სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შპს „გ–სა“ და შპს „გ. ს.კ–ას“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკისრებულ 1354,99 ლართან ერთად დამატებით ჯარიმის სახით სოლიდარულად დაეკისრათ 5420 ლარის გადახდა. დაუწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მხოლოდ შპს „გ–მა,“ შესაბამისად, შპს „გ.ს.კ–იის“ მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შპს „გ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარს ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, შპს „გ–ის“ დირექტორი ა.მ–ი. ასეც რომ არ იყოს, კასატორმა დაარღვია კანონით დადგენილი საკასაციო წესით გასაჩივრების 21-დღიანი ვადა, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება მას ჩაბარდა 2025 წლის 1 ივლისს (ს.ფ. 272), ხოლო საკასაციო საჩივარი, მისი სახელით, შპს „გ–ის“ დირექტორმა ა.მ–მა შეიტანა 2025 წლის 1 სექტემბერს (ს.ფ.277-284), ე.ი. კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. აღნიშნული დათქმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევაა და არა გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი