Facebook Twitter

საქმე №ას-59-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.ქ.მ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონოდ გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით შპს „რ.ქ.მ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მერია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მერიის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 388 514 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2019 წლის 07 მარტს მოპასუხე მერიას (შემსყიდველი) და მოსარჩელეს, სახელწოდების შეცვლამდე - შპს „ე–ის“ (მიმწოდებელი), შორის გაფორმდა ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ი.ხიზანიშვილის, ი.ვეკუას და ხოჭოს ტბის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N01.01.01/30/109. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 11 777 776.95 ლარით ყველა გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა გაფორმებიდან 2022 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა – სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 255 კალენდარული დღით;

2.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლით შეთანხმებულ იქნა შესრულებული სამუშაოს ხარისხის და გარანტიის შესახებ დებულებები:

2.2.1. 4.1. პუნქტი: შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი.

2.2.2. 4.2. პუნქტი: სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით;

2.2.3. 4.3. პუნქტი: სამუშაოს დაცვის ხარისხის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2.5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის გადახდა მოხდება შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო წლის დასრულებამდე დარჩენილია 10 სამუშაო დღეზე ნაკლები, ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საფინანსო წლის დასრულებამდე, საბანკო დაწესებულებიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას;

2.2.4. 4.4. პუნქტი: მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდება აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ;

2.2.5. 4.5 პუნქტი: თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 4.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2.5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება;

2.2.6. 4.6. პუნქტი: თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით;

2.3. 2020 წლის 15 იანვარს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N01.01.01/30/11, ქ.თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 399 999.92 ლარით ყველა გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა გაფორმებიდან 2024 წლის 1-ელი აპრილის ჩათვლით, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა – ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით:

2.3.1. ხელშეკრულების 4.1. პუნქტი: შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი;

2.3.2. 4.2. პუნქტი: სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით;

2.3.3. 4.3. პუნქტი: სამუშაოს დაცვის ხარისხის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2.5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ;

2.3.4. 4.4. პუნქტი: მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2.5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას;

2.3.5. 4.5 პუნქტი: თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 4.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2.5% არ ანაზღაურდება;

2.3.6. 4.6. პუნქტი: თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით;

2.4. 2020 წლის 16 დეკემბერს გაიცა საბანკო გარანტია N1974704-11219230. საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტი არის სს „თ.ბ–ი“, პრინციპალი – შპს „ე–ი“, ბენეფიციარი – მერია, საგარანტიო თანხა – 323 194.84 ლარი, გარანტიის გაცემის საფუძველი – ქ.თბილისში, გლდანის რაიონში ი.ხიზანიშვილის, ი.ვეკუას და ხოჭოს ტბის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2019 წლის 07 მარტს გაფორმებული N01.01.01/30/109 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკლის/დეფექტის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, პრინციპალმა ბენეფიციარს უნდა წარუდგინოს ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია; საბანკო გარანტიის პირობა - ბენეფიციარმა წერილობით მოთხოვნაში აუცილებელი წესით უნდა მიუთითოს იმ გარემოების შესახებ, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა;

2.5. 2020 წლის 29 დეკემბერს სს „თ.ბ–მა“ კვლავ გასცა საბანკო გარანტია N1974704-11243499, გარანტიის გაცემის საფუძველი – ქ.თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების თაობაზე ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2020 წლის 15 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის N01.01.01/30/11 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკლის/დეფექტის აღმოფხვრის უზრუნველყოფა. გარანტიის თანხა – 65 320.12 ლარი, ვადა – 2024 წლის 1-ელი აპრილის ჩათვლით;

2.6. 2020 წლის 23 ოქტომბერს 2019 წლის 07 მარტის სახელმწიფო შესყიდვების N01.01.01/30/109 ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თარიღად განსაზღვრეს 2020 წლის 15 ივნისი. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება ყველა დანარიცხის ჩათვლით განისაზღვრა 12 955 544.46 ლარით, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულება ყველა დანარიცხის ჩათვლით – 12 927 792.83 ლარით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ;

2.7. 2020 წლის 18 დეკემბერს 2020 წლის 15 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების N01.01.01/30/11 ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. მხარეებმა სამუშაოების დასრულების თარიღად განსაზღვრეს 2020 წლის 31 ივლისი. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება ყველა დანარიცხის ჩათვლით განისაზღვრა 2 639 999.89 ლარით, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულება ყველა დანარიცხის ჩათვლით – 2 612 804.81 ლარით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ;

2.8. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდეგ, 2021 წლის 05 აგვისტოს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა წერილით მიმართა მოსარჩელეს N01.01.01/30/11 ხელშეკრულების საფუძველზე და მიუთითა, რომ ვიზუალური დათვალიერების შედეგად ასფალტბეტონის საფარზე ფიქსირდებოდა დეფორმირებული მონაკვეთები, სხვადასხვა მისამართზე. მოსარჩელეს ეთხოვა აღნიშნული დეფექტების აღმოფხვრა იმავე წლის 1-ელ სექტემბრამდე. 2021 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელეს დამატებით მიმართა აღნიშნულმა სამსახურმა N01.01.01/30/109 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, აღნიშნა, რომ, ვინაიდან ი. ვეკუას და ო. ხიზანიშვილის ქუჩაზე კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა ასევე N01.01.01/30/109 ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ქუჩების სხვადასხვა მისამართებზე არსებული დეფექტების აღდგენითი სამუშაოები განხორციელებულიყო საგარანტიო ვადის ფარგლებში, 27 აგვისტოს ჩათვლით, ღამის საათებში - 23:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე;

2.9. 2021 წლის 10 აგვისტოს წერილით (05 აგვისტოს წერილის პასუხად), შპს „ე–ი“ მოპასუხე მხარეს არ დაეთანხმა, რომ გამოვლენილი ხარვეზები (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეული იყო მის მიერ სამუშაოების უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით და უარი თქვა ხარვეზის გამოსწორებაზე. აღნიშნა, რომ შესაძლო ნაკლოვანებები გამოწვეული იყო არა შპს „ე–ის“ მხრიდან სამუშაოების არაჯეროვანი შესრულებით, არამედ - გზის მოწყობის საპროექტო გაანგარიშებებში არსებული ხარვეზებით და არასწორი ექსპლუატაციით (წერილში აღინიშნა, რომ N01.01.01/30/11 ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსაწყობი საგზაო სამოსის კონსტრუქცია გაანგარიშებულია სტანდარტული მოძრაობის პირობების გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება სამოძრაო ზოლების თანაბარი ფუნქციური დანიშნულების საექსპლუატაციო პირობებით, სადაც მოძრავ ნაკადებს (ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს) ლავირების გაფართოებული შესაძლებლობები გააჩნია. ასეთ პირობებში მოძრავი დატვირთვების ზემოქმედება საფარზე გადანაწილებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე, რის გამოც გზის საფარი ექსპლუატაციის პირობებში განიცდის თანაბარ ცვეთას, ხოლო სხვა დანარჩენი ძირითადი საექსპლუატაციო მაჩვენებლები და დინამიკური დატვირთვები, აგრეთვე, გათანაბრებულია და გადანაწილებულია სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე. ასეთ პირობებში საგზაო სამოსის მომსახურების ვადა (გეგმიური მოვლა-შენახვის და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩათვლით) შეადგენს 15 წელს. როგორც ცნობილია, ზემოთ აღნიშნული საპროექტო გადაწყვეტების ძირითადი ნაწილი ჩანაცვლებული იქნა ახალი საპროექტო გადაწყვეტებით, რომლის შედეგადაც დღის წესრიგში დადგა ე.წ. „მედიანური ზოლების“ მოწყობის აუცილებლობა. მედიანური ზოლები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ავტობუსების (საზოგადოებრივი საავტომობილო ტრანსპორტის) სამოძრაოდ. ამასთანავე, მედიანური ზოლი წარმოდგენილია თითო მიმართულებით, თითო სამოძრაო დერეფნით, სადაც ამ უკანასკნელის სიგანე მიღებულია მინიმალური ოდენობით. შედეგად, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ავტობუსები უალტერნატივოდ (ყოველგვარი ლავირების გარეშე) მოძრაობენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ხაზზე, სადაც ბორბლების გავლათა რიცხვის 100% ერთსა და იმავე სამოძრაო ხაზოვან ზოლშია თავმოყრილი. ასეთ პირობებში, საგზაო საფარის საერთო ფართიდან მხოლოდ და მხოლოდ ეს ხაზოვანი ზოლია დატვირთული და განიცდის ინტენსიურ ცვეთას, ინტენსიურ დინამიკურ დატვირთვებს და სხვა დანარჩენ მძიმე საექსპლუატაციო პირობებს. ზემოთ ხსენებული საპროექტო გადაწყვეტების შეფასებით, როდესაც დღის წესრიგში დადგა მედიანური ზოლების მოწყობის საკითხი, პარალელურ რეჟიმში, როგორც მინიმუმ, უნდა დამდგარიყო საკითხი მედიანური ზოლების დერეფანში საგზაო საფარის კონსტრუქციის გაძლიერებისა, იმ მძიმე საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, რომელიც აღწერილია ტექსტის საწყის ნაწილში. ასეთ ვითარებაში ასფალტბეტონის საფარი უნდა მომზადებულიყო სპეციალური რეცეპტით (გაძლიერებული საექსპლუატაციო მაჩვენებლებით), ხოლო საფუძვლის ფენების მოწყობა უნდა განხორციელებულიყო სტაბილიზაციის მეთოდით. ხსენებული მიდგომები უზრუნველყოფდა მედიანურ ზოლებში მძიმე საექსპლუატაციო პირობების ფონზე საფარის სათანადო მდგრადობას და უდეფექტოდ ფუნქციონირებას ნორმებით დადგენილი ვადების განმავლობაში. ჩვენს შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული ფაქტის მართებულობა პრაქტიკულ ასპექტში აისახა მოწყობილი გზის საწყისი პერიოდის განმავლობაში, რა დროსაც მედიანური ზოლები თავისი ფუნქციით არ იყო შესული ექსპლუატაციაში და მოძრაობა ხორციელდებოდა გათანაბრებულ პირობებში, სავალი ზოლების თანაბარი დატვირთვების ფონზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოძრაობის ასეთ პირობებში პირველი 6 თვის განმავლობაში ასფალტბეტონის ზედა ფენა დაგებული არ ყოფილა და, მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში საფარზე რაიმე დეფექტი არ გამოვლენილა. კომენტარს აღარ საჭიროებს ის ფაქტი, რომ ასფალტბეტონის საფარის ზედა ფენის მოწყობის შემდეგ როგორ გაიზრდებოდა საერთო საექსპლუატაციო მაჩვენებლები. მედიანური ზოლების სათანადო ფუნქციით ექსპლუატაციაში შესვლამ პარალელურად წარმოშვა ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემა, რაც საფარის ექსპლუატაციის პირობებში მიჩნეულია ყველაზე უხერხულ და უარყოფით მოვლენად. აღნიშნული საკითხი მდგომარეობს შემდეგში: მედიანური ზოლების სათანადო ფუნქციით ექსპლუატაციაში შესვლამდე ახლადმოწყობილ გზის მთელ სიგანეზე მოძრაობა განისაზღვრა ცალმხრივი მიმართულებით, რა დროსაც, მოძრავი დატვირთვების ზემოქმედების ფონზე, გზის სამოსის ამგები ფენების (განსაკუთრებით, საფარის ზედაპირის) ადაპტაცია და დასტაბილურება მოხდა მხოლოდ ერთი მიმართულებით (მოძრაობის მიმართულების შესაბამისად). ცალმხრივი მოძრაობის ორგანიზაცია მიმდინარეობდა 10 თვის განმავლობაში, რა დროსაც გზის სამოსის ამგებმა ფენებმა სრულად მიაღწია დასაშვებ ზღვრულ მდგომარეობას, განიცადა ადაპტაცია და დასტაბილურდა საბოლოო სახით. როდესაც მედიანური ზოლები სათანადო ფუნქციით შევიდა ექსპლუატაციაში, ავტობუსებმა საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა, რამაც გამოიწვია უკვე დასტაბილურებული და ადაპტირებული საფარის ძვრის დეფორმაციების პროვოცირება და საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება, რაც უპირველესად და ყველაზე მძიმედ აისახება საფარის ზედაპირზე, ხოლო ქვედა ფენებში, პროპორციულად, კლებადობის ტენდენციით ვლინდება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სტანდარტული მეთოდით მიღებულმა საგზაო საფარის კონსტრუქციამ მედიანური ზოლების ფარგლებში ვერ უზრუნველყო დაკისრებული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულება და გეგმიურ ვადაზე ადრე გამოვიდა მწყობრიდან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გზის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე მედიანურ ზოლებში მოძრაობა რომ წარმართულიყო იმ მიმართულებით, როგორც დაიგეგმა მედიანური ზოლების სათანადო ფუნქციური დანიშნულების და მოძრაობის მიმართულების შესაბამისად, საფარის ადაპტაცია და დასტაბილურება მოხდებოდა „სწორი“ საექსპლუატაციო პირობების ფონზე. შედეგად, რამდენადმე შემცირდებოდა არსებული დეფორმაციების სიდიდე, თუმცა გარდაუვალი იქნებოდა მათი არსებობა, რადგანაც, ფაქტიური მდგომარეობით, მოწყობილი საფარის კონსტრუქცია მიღებულია სტანდარტული საექსპლუატაციო პირობების შესაბამისად, მედიანური ზოლების სპეციფიკური ზეგავლენის გათვალისწინების გარეშე. მოყვანილი არგუმენტების მიუხედავად, მოსარჩელე ასევე გამოთქვამდა მზადყოფნას ერთობლივ და სწორ გამოსავლამდე მისასვლელად და მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებისთვის);

2.10. 2019 წლის 07 მარტის სახელმწიფო შესყიდვების N01.01.01/30/109 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მიემართა სს „თ.ბ–ისთვის“ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული საბანკო გარანტიის თანხის - 323 194.84 ლარის გადახდის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ შპს „ე–იმ“ განსაზღვრულ საგარანტიო ვადაში არ აღმოფხვრა მის მიერ სამუშაოების უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ხარვეზები;

2.11. 2021 წლის 03 სექტემბერს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მერიას და სს „თ.ბ–ს“. წერილში მოსარჩელემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბანკო გარანტიის ამოქმედების მოთხოვნის უფლებამოსილება შემსყიდველ ორგანიზაციას გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ შესრულებული სამუშაოების წუნი (ნაკლოვანება, დეფექტი) გამოწვეულია მიმწოდებლის მხრიდან უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით. შპს „ე–იმ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს არაერთხელ აცნობა და დეტალურად განუმარტა, რომ შესაძლო ნაკლოვანებები გამოწვეული იყო არა შპს „ე–ის“ მხრიდან სამუშაოების არაჯეროვანი შესრულებით, არამედ საგზაო სამოსის მოწყობის საპროექტო გაანგარიშებებში არსებული ხარვეზებით და არასწორი ექსპლუატაციით. შესაბამისად, არ დგინდებოდა შპს „ე–ის“ მხრიდან სამუშაოების წარმოებისას რაიმე ხარვეზის არსებობა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა მერიის მიერ საბანკო გარანტიის ამოქმედების მართლზომიერებას;

2.12. 2021 წლის 14 სექტემბერს სს „თ.ბ–მა“ თვითმმართველი ქალაქი თბილისის საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხა გარანტიის თანხა - 323 194.84 ლარი;

2.13. 2020 წლის 15 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების N01.01.01/30/11 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მიემართა სს „თ.ბ–ისთვის“ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული საბანკო გარანტიის თანხის - 65 320.12 ლარის გადახდის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ შპს „ე–იმ“ განსაზღვრულ საგარანტიო ვადაში არ აღმოფხვრა მის მიერ სამუშაოების უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ხარვეზები;

2.14. 2021 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მერიას და სს „თ.ბ–ს“. წერილის მიხედვით, მხარეებს შორის 2020 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების 4.2. და 4.5. პუნქტების თანახმად, საბანკო გარანტიის ამოქმედების მოთხოვნის უფლებამოსილება შემსყიდველ ორგანიზაციას გააჩნდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ შესრულებული სამუშაოების წუნი (ნაკლოვანება, დეფექტი) გამოწვეული იყო მიმწოდებლის მხრიდან უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელემ განმარტა, რომ შესაძლო ნაკლოვანებები გამოწვეული იყო არა შპს „ე–ის“ მხრიდან სამუშაოების არაჯეროვანი შესრულებით, არამედ - საგზაო სამოსის მოწყობის საპროექტო გაანგარიშებებში არსებული ხარვეზებით და არასწორი ექსპლუატაციით. შესაბამისად, არ დგინდებოდა შპს „ე–ის“ მხრიდან სამუშაოების წარმოებისას რაიმე ხარვეზის არსებობა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა მერიის მიერ საბანკო გარანტიის ამოქმედების მართლზომიერებას;

2.15. 2021 წლის 30 აგვისტოს ბანკმა თვითმმართველი ქალაქი თბილისის საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხა გარანტიის თანხა 65 320.12 ლარი;

2.16. შპს „ე–ის“ და სს „თ.ბ–ს“ შორის 2021 წლის 16 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება შიდასაბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხაზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის თაობაზე, რომლის თანახმად, ანგარიშზე განთავსებულ თანხას ლარში ერიცხებოდა ყოველწლიური 3%. 2023 წლის 13 იანვრის შეთანხმებით, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში ანაბრის საპროცენტო განაკვეთის ტიპი განისაზღვრა, როგორც ცვლადი და საპროცენტო განაკვეთი – წლიური 6%-ით;

2.17. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ შპს „ე–ის“, ს/კ 206317948, შეეცვალა სახელწოდება და დავის განხილვის დროისთვის რეგისტრირებულია „რ.ქ.მ–ის“ სახელწოდებით.

3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 629.1 და 641.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ N01.01.01/30/109 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქ. თბილისში, გლდანში, ი. ხიზანიშვილის, ი. ვეკუასა და ხოჭოს ტბის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 15.06.2020წ. (იხ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ს/ფ ტ.1, გვ 33), ხოლო 01.01.01/30/11 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქ. თბილისის მასშტაბით ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 31.06.2020წ. (იხ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ს/ფ ტ.1, გვ 42). მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას მხარეები აღნიშნავენ, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. მიუხედავად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერისა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა 05.08.2021წ. წერილით აცნობა ხელშემკვრელ მხარეს ი. ხიზანიშვილისა და ი. ვეკუას ქუჩებზე 15 სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული დეფორმირებული ასფალტის შესახებ და 2021 წლის 1-ელ სექტემბრამდე დაუნიშნა ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად (ს/ფ ტ.1, გვ. 43-44). წერილის პასუხად, 10.08.2021წ. მიმწოდებელმა წერილობით აცნობა, რომ საპროექტო გადაწყვეტა ე.წ. მედიანური ზოლების მოწყობის შესახებ მძიმეწონიანი მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ცალმხრივად ერთ ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობის გამო განიცდის ინტენსიურ ცვეთასა და დინამიკურ დატვირთვას. სტანდარტული მეთოდით მიღებულმა საგზაო საფარის კონსტრუქციამ მედიანური ზოლების ფარგლებში ვერ უზრუნველყო დაკისრებული მოვალეობის შესრულება. მედიანური ზოლების მოწყობისათვის აუცილებელი იყო საფარის ადაპტაცია სწორი საპროექტო პირობებით. ხსენებულის გამო შესრულება არ ყოფილა არაჯეროვანი, ხარვეზები არ არის გამოწვეული არასათანადო შესრულებით და მასში ბრალი არ მიუძღვის მიმწოდებელს (იხ. ს.ფ. გვ. 47). 20.08.2021წ. წერილით მერიამ მიმართა მოსარჩელეს ქ. თბილისში ი. ვეკუასა და ი. ხიზანიშვილის ქუჩების 10 სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული ასფალტბეტონის საფარის დაზიანების შესახებ და მოითხოვა ხარვეზების 27.08.2021წ.-ის ჩათვლით ვადაში გამოსწორება. მერიამ მიიჩნია რა ვალდებულება დარღვეულად და რომ დანიშნულ ვადაში არცერთ ლოკაციაზე არ გამოსწორებულა ხარვეზი, გამოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხები.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის განხილვის დროს მოსარჩელე მხარემ წარადგინა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს „ვ–ის“ მიერ 28.02.2023წ. შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა N03/17, რომლის თანახმად:

4.1. NAT190002425 ელექტრონული ტენდერით მოცემული სახელმძღვანელო პროექტის მიხედვით საფარის ზედა ფენისთვის არ არის მითითებული მოდიფიცირების ხარისხი. შესაბამისად, შპს „ე–ი“-მ იხელმძღვანელა მოქმედი სტანდარტებით და ასფალტბეტონის ნარევში შემკვრელის მოდიფიცირება მოახდინა 3%-ის ოდენობის პოლიმერით „SASOBIT“-ით, რა დროსაც დარბილების ტემპერატურა გაიზარდა 65°C-მდე. ხსენებული ვითარების ფონზე ასფალტბეტონის საფარის ზედა (საცვეთი) ფენისთვის მიღებული იქნა „IIIMA-15 ტიპის ღორღოვან მასტიკური ასფალტბეტონი“. ამ უკანასკნელის საკუთრივი დრეკადობის მოდული 3300 მპ-ია, ხოლო სახელმძღვანელო პროექტით მოცემული წვრილმარცვლოვანი მკვრივი ღორღოვანი ასფალტბეტონის კი - 3200 მპ-ია. შედეგად, ფაქტიურად მოწყობილი საფარის ზედა ფენა უფრო ძლიერია, ვიდრე სახელმძღვანელო პროექტით მოცემული ანალოგიური ფუნქციის მქონე ასფალტბეტონის საფარი.

4.2. მშენებლობის პროცესი შპს „ე–ი“-ს მიერ წარიმართა სამშენებლო ტექნოლოგიების სრული დაცვით. ამის მტკიცებულებას წარმოადგენს დოკუმენტური მასალა, რომელიც შედგენილია სამუშაოს წარმოების პროცესში. უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება საზედამხედველო სამსახურის მიერ შემოწმებული და დოკუმენტურად დადასტურებული ტექნოლოგიური პროცედურების სათანადო ხარისხი, რომელიც შეესაბამება მოქმედ ნორმატიულ მოთხოვნებს. გარდა ამისა, დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს სამშენებლო კომპანიის ხარისხის სამსახურის მიერ განხორციელებული გეგმიური შემოწმებები. ორივე მათგანის საერთო შეჯამების საფუძველზე მტკიცდება, რომ საბოლოოდ მიღებული სამუშაოების მშენებლობის მიმდინარეობისას ტექნოლოგიური პროცესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია (საჯარო ინფორმაცია, NAT190002425 და NAT190024420 ელექტრონულ ტენდერზე მიბმული დოკუმენტები). მშენებლობის პროცესი შპს „ე–ი“-ს მიერ გამოყენებული სამშენებლო მასალები (ნარევები და ცალკეული კომპოზიციები) შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს. ამის მტკიცებულებას წარმოადგენს დოკუმენტურად დაფიქსირებული სამშენებლო მასალების (ნარევების) ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები საზედამხედველო სამსახურის მიერ, გამოყენებული მასალების (ნარევების) ობიექტზე მოწყობამდე განხორციელებული ლაბორატორიული შემოწმების, აგრეთვე, უშუალოდ ობიექტზე უკვე მოწყობილი მასალების (ნარევების) საველე და ლაბორატორიული გამოკვლევები (საჯარო ინფორმაცია, NAT190002425 და NAT190024420 ელექტრონული ტენდერზე მიბმული შემოწმების ოქმები (დოკუმენტები)), რომლებსაც დადებითი შეფასება მიეცა;

4.3. ზემოთ აღნიშნული ფაქტორების მიუხედავად, გზის ექსპლუატაციაში თავი იჩინა გარკვეული რიგის დაზიანებებმა, რომლებსაც უმთავრესად ადგილი აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამოძრაო ზოლზე ავტობუსის გასაჩერებელი ბაქნების გაყოლებაზე და შუქნიშნების მიმდებარედ. ხსენებული მდებარეობები და ზოგადად ავტობუსის სამოძრაო ზოლები მიჩნეულია განსაკუთრებული დატვირთვის მქონე უბნებად, რომელსაც ადასტურებს გერმანული სტანდარტი RSTO 12 (თავი 2.6 Special loading). ამ კონკრეტულ სიტუაციაში ადგილი აქვს, როგორც ერთ კვალში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, ასევე ინტენსიური დამუხრუჭების და დაძვრის პროცესებს. შედეგად წარმოქმნა მეტად უარყოფითი საექსპლუატაციო გარემო ასფალტის საფარისთვის. თანამედროვე ავტობუსების მოძრაობისას საფარზე არსებულ დამატებით პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები პრობლემატური და აქტუალურია ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, მაგ: 2007-2008 წლებში გერმანიის ქალაქ ერფურტის სატრანსპორტო სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ავტობუსების სამოძრაო ზოლებში ასფალტის საფარის ტემპერატურა (საფარის ზედაპირზე) ზაფხულის პერიოდში აღწევს 80°C, რაც გამოწვეულია ზაფხულისათვის დამახასიათებელი მაღალი ატმოსფერული ტემპერატურით 35°C, რომელსაც დამატებით თან ერთვის შშმ პირებთან ადაპტირებული (სავალი ნაწილიდან მცირე სიმაღლეზე დაშორებული) დაბალი ავტობუსების ძრავიდან, კატალიზატორიდან და კონდენცირების სისტემებიდან გამოფრქვეული სიმხურვალის ზემოქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე ZTV Asphalt-StB, TL Asphalt-StB და TL-Bitumen-Sti სტანდარტებით გათვალისწინებული სტანდარტული გადაწყვეტილებები მიიჩნევა არაეფექტურად და საჭიროებს განსაკუთრებულ გადაწყვეტებს (მაგ: როგორც RSTO 12 ის მიხედვით ავტობუსების ზოლები განეკუთვნება განსაკუთრებული დატვირთვის კატეგორიას). ასეთ ფონზე აუცილებელი ხდება ბიტუმების იმგვარად მოდიფიცირება და შესაბამისად შემკვრელის (ბიტუმის) იმ დონეზე მიყვანა, რომ მან გაუძლოს ზემოთ ნახსენებ ექსტრემალურ პირობებში წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურულ ზემოქმედებას. NAT190002425 ელექტრონული ტენდერით მოცემულ სახელმძღვანელო პროექტში ეს გარემოებები განხილული არ არის, არც მოძრაობის ინტენსიობაზე არის რაიმე სახის ინფორმაცია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ შპს „ე–ი“-სთვის ცნობილი რომ ყოფილიყო ფაქტიურ ასპექტში „75-80°C-იანი საექსპლუატაციო გარემოება“ და პრაქტიკულ ასპექტში მოსალოდნელი სატრანსპორტო ნაკადების ნაირსახეობა-ინტენსიობა, იმთავითვე დააყენებდა საკითხს მოდიფიცირების ხარისხის გაზრდასთან დაკავშირებით და ზოგადად საგზაო სამოსის კონსტრუქციის საჭირო დონემდე გაძლიერებასთან დაკავშირებით;

4.4. კვლევით ნაწილში მოცემულმა გაანგარიშების შედეგებმა ცხადჰყო, რომ NAT190002425 ელექტრონული ტენდერით მოცემული სახელმძღვანელო პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამოსის კონსტრუქცია (რომლის საფარის ზედა ფენაც ფაქტიურად იმაზე ძლიერი მოეწყო, ვიდრე სახელმძღვანელო პროექტი ითვალისწინებდა) ვერ აკმაყოფილებს ფაქტიური ინტენსიობის დღე-ღამის განმავლობაში თითო მიმართულებით 1388 ერთეული მიკროავტობუსის და 297 მსხვილგაბარიტიანი თანამედროვე ავტობუსის მოძრაობის შედეგად გამოწვეულ დატვირთვებს და პრაქტიკულ ასპექტში წარმოქმნილ სხვადასხვა რიგის უარყოფით საექსპლუატაციო გარემოებებს (რომელიც აღწერილია ზედა თავებში), რაც მთლიანობაში გახდა სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დაზიანების გამომწვევი მიზეზი;

4.5. კვლევით ნაწილში მოცემულმა გაანგარიშების შედეგებმა აგრეთვე ცხადჰყო, რომ ფაქტიური ინტენსიობის - დღე-ღამის განმავლობაში თითო მიმართულებით 1388 ერთეული მიკროავტობუსის და 297 მსხვილგაბარიტიანი თანამედროვე ავტობუსის მოძრაობის ფონზე საგზაო სამოსის კონსტრუქცია გაძლიერებული სახით უნდა დაპროექტდეს, რომელშიც დამატებით გათვალისწინებული იქნება „75-80°C-იანი საექსპლუატაციო გარემოება“. ამ პრეცენდენტის უზრუნველსაყოფად საფარის ფენების ამგები ასფალტბეტონის ნარევების ჯამური მინიმალური სისქე IIHCT 52-2021 (Ioporw фвтомобильные общего пользования. Нежесткие дорожные одежды. Правила 11pOeKTMpOBAHA) ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნების შესაბამისად უნდა იყოს 18 სმ, ხოლო „RSTO 12“-ის (Guidelines for the standartisation of pavement structures of traffic areas) შესაბამისად კი - 26 სმ. ორივე შემთხვევაში ასფალტბეტონები წარმოდგენილია სპეციალური რეცეპტებით და შემკვრელი მასალის გაძლიერებული მოდიფიცირებით;

4.6. 2021 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში ო. ხიზანიშვილის და ი. ვეკუას ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის პროცესში გაზომილი იქნა საფარის ზედაპირის ტემპერატურა, მგზავრების მოსაცდელ ბაქნებთან ავტობუსის დგომის პერიოდში, რა დროსაც ტემპერატურა მერყეობდა 70-75°C-ის ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, რომ მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერებული ავტობუსის შეყოვნება საშუალოდ 40წმ-ს შეადგენს. ასეთ პირობებში გაჩერებული ავტობუსი, ძრავიდან და კატალიზატორიდან გამოფრქვეულ სიმხურვალეს შეყურსულად გადასცემს საფარის ზედაპირს, რის გამოც საფარის ტემპერატურა მნიშვნელოვნად იზრდება. ამას ემატება ზოგიერთი მოდელის ავტობუსის ძრავიდან გამონაბოლქვი აირების სისტემების ინდივიდუალური კონსტრუქციული ტიპი, რა დროსაც ცხელი გაზები პირდაპირი წესით ეფრქვევა საფარის ზედაპირს. ხსენებული ფაქტორები კომპლექსურად იწვევს საფარის ზედაპირის ტემპერატურის მატებას, რაც ზაფხულის პირობებში საერთო ჯამში მაღალ მაჩვენებელს აღწევს. ავტობუსების მოძრაობის მაღალი ინტენსიობიდან გამომდინარე, ყოველი მომდევნო ავტობუსის ბაქანთან შესვლა უმთავრესად ხორციელდება წინა ავტობუსის მიერ უკვე გადაცხელებული საფარის ზედაპირის პირობებში, რაც ბორბლების კონტაქტის ფარგლებში წარმოქმნის ნაკვალევს, ხოლო ამავე ადგილებზე დამუხრუშების ზონაში (ბაქნებთან და დამატებით შუქნიშნებთან), ეს ნაკვალევი ტალღების სახით ფორმირდება. ამ პროცესს ჯაჭვური ხასიათი აქვს და ზაფხულის პირობებში საფარის ზედაპირის ტემპერატურა ბევრად აჭარბებს ბიტუმის დარბილების ტემპერატურას, რა დროსაც საფარის დაზიანებები გარდაუვალი ხდება;

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. თბილისში ო. ხიზანიშვილის და ი. ვეკუას გამზირზე NAT190002425 ელექტრონული ტენდერით მოცემული სახელმძღვანელო პროექტის მიხედვით მოწყობილი საგზაო სამოსის კონსტრუქცია ვერ უზრუნველყოფს იმ საექსპლუატაციო მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა ფაქტიური ინტენსიობის - დღე-ღამის განმავლობაში თითო მიმართულებით 1388 ერთეული მიკროავტობუსის და 297 მსხვილგაბარიტიანი თანამედროვე ავტობუსის (წლიური 3% მატების პერსპექტივით) მოძრაობის შედეგად გამოწვეული დატვირთვისათვის, 10-წლიანი საექსპლუატაციო ვადის შემთხვევაში“ (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ს/ფ გვ. 102-105).

5. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილით ნათელი ხდება, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა მისთვის გადაცემული ტექნიკური დავალება, დაიცვა ყველა ის პარამეტრი, რაც აუცილებელი იყო ქუჩებში არსებული გზის ასფალტბეტონის სამუშაოების საწარმოებლად. მის მიერ შესრულებული სამუშაოები არ არის ხარვეზიანი და ნაკლიან შესრულებას არ გამოუწვევია დამკვეთის მიერ მითითებული დაზიანებები. მიუხედავად სამშენებლო პროექტში რამდენჯერმე განხორციელებული ცვლილებებისა, არც ერთი ცვლილება არ შეხებია მედიანური ზოლის მოწყობასთან დაკავშირებით საფარის ფენების გაძლიერებას. ამ კონტექსტში მსჯელობისას პალატამ ყურადღება მიაქცია დასკვნის კვლევით ნაწილში საფარის დაგების პარამეტრებზე. ექსპერტი აღნიშნავს: „გადასამოწმებელი (ფაქტიურად მოწყობილი) საგზაო სამოსის კონსტრუქციული ფენები და სისქეები წარმოდგენილია შემდეგნაირად:* საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით (0-70 მმ) h-25 სმ; * საფუძვლის ზედა ფენის მოწყობა ფრაქციული ღორღის ფრ. 040 მმ (70%) და ნაფრეზი ა/ბეტონის (30%) ნარევით, სისქით 18 სმ; * საფარის ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ფოროვანი ღორღოვანი ა/ბ-ის ცხელი ნარევით, h-7 სმ; * საფარის ზედა ფენის მოწყობა „ШMA-15 ტიპი“- ღორღოვანი მასტიკური ასფალტბეტონით, h-5 სმ“ (იხ. ს/ფ 99, ბოლო აბზაცი). მომდევნო გვერდზე ექსპერტი მიუთითებს შემდეგს: „გაანგარიშების შედეგებით გამოიკვეთა, რომ წარმოდგენილი ინტენსიობის გათვალისწინებით ფაქტიური საექსპლუატაციო პირობების ფონზე, როგორც მინიმუმ საჭიროა შემდეგი ტიპის საგზაო სამოსის კონსტრუქცია, კერძოდ: * ქვესაგები ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით h-30 სმ; * საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა ფრაქციული ღორღის (ფრ. 0-40 მმ) ნარევით, სტაბილიზირებული ცემენტით (2-4%) და ბიტუმის ემულსიით (2-4%), ფენილის სისქე 25 სმ, ფენილის მარკა M-40; * საფუძვლის ზედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი მაღალფოროვანი ა/ბ-ის ცხელი ნარევით, h-7 სმ; საფარის ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი USFORENS მოდიფიცირებული ა/ბ-ის ცხელი ნარევით, h-6 სმ; * ფოროვანი საფარის ზედა ფენის მოწყობა ღორღოვან მასტიკური ა/ბ-ის ნარევით, „IIIMA- 15 ტიპის, h-5 სმ (ან წვრილმარცვლოვანი მკვრივი მოდიფიცირებული ა/ბ-ის ცხელი ნარევით, h-5 სმ) (იხ. ს/ფ 100, ბოლო აბზაცი).

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტი დასკვნის კვლევით ნაწილში მიუთითებს შპს „ე–ის“ მიერ NAT190002425-ის ტენდერის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულების ეტაპზე დამკვეთის მიერ მიცემული პროექტის განსხვავებულ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც სავალ ნაწილზე გათვალისწინებულია სამი სამოძრაო ზოლი, საიდანაც ერთი ზოლი განკუთვნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის და აქვს მედიანური ზოლის ფუნქცია (იხ. ტ.1, გვ. 92-93). მიუხედავად მოძრაობის სქემის შეცვლისა, შეცვლილი პროექტი იმეორებს იმავე ტიპის საგზაო სამოსის კონსტრუქციას, რაც მოცემულია NAT190002425-ის ელექტრონული ტენდერის პირობებში (იხ. ტ.1, გვ. 93). სასამართლოს მოსაზრებით, ისეთი სტანდარტის მქონე გზისათვის, სადაც უნდა განთავსდეს მედიანური ზოლები, საფარისა თუ საგზაო სამოსის კონსტრუქციის მოწყობა უნდა განხორციელებულიყო უფრო მეტი სიმტკიცისა და მოცულობის საშენი მასალებით გათვალისწინებული პროექტის შესაბამისად. დასკვნამ აჩვენა, რომ ფრაქციული ღორღის ფენილის სიმაღლე უნდა შეადგენდეს როგორც მინიმუმ 25 სანტიმეტრს და არა ისე, როგორც მოსარჩელისთვის გადაცემული პროექტითაა გათვალისწინებული (სისქით 18 სმ). ამასთან, ნაცვლად ქვიშა-ხრეშოვანი ნარევისა, ფრაქციული ღორღის ნარევი უნდა ყოფილიყო სტაბილიზირებული ცემენტისა და ბიტუმის ემულსიის შიგთავსით. ექსპერტის მიერ გაკეთებული განმარტების მიხედვით ფენებში ცემენტის მონაწილეობა ზედაპირის მედეგობას გაზრდიდა, რასაც სახელმძღვანელო პროექტი არ ითვალისწინებდა. ასეთი მტკიცებულებითი შინაარსის დოკუმენტის გაცნობის შემდგომ საქმეში არსებული წერეთლის ქუჩის მედიანური ზოლების ახლებური გადაწყვეტა, საშუალო გონებრივი შესაძლებლობის ადამიანსაც კი დაარწმუნებდა, რომ მერიამ გაითვალისწინა წინა პროექტებში დაშვებული შეცდომები. ახალი მოწესრიგების თანახმად, ტექნიკური დავალება გაჩერებებზე ცემენტის ხსნარის მეშვეობით დაგებულ ზედაპირს ითვალისწინებს, რაც სრულიად ლოგიკურია მასზე განსახორციელებული ზეწოლისადმი მედეგობისთვის (იხ. შუამდგომლობა თანდართული მტკიცებულებებით ს/ფ, ტ.2, გვ 72-98). მიუხედავად ლოკაციათა სხვაობისა, სხვა ლოგიკური ახსნა ვერ ექნებოდა იმას, თუ რატომ შეიძლებოდა შეცვლილიყო ავტობუსების გაჩერებებზე გზის საფარის ზედაპირის მოწყობის რეგლამენტი (სამშენებლო ტექნიკური თვალსაზრისით) დროის ასეთ მცირე მონაკვეთში.

7. სააპელაციო პალატამ ზედმიწევნით შეისწავლა საქმის მასალებში დაცული მხარეთა შორის არსებული ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე განხორციელებული შეთანხმებები და დაასკვნა, რომ არცერთი წერილობითი შეთანხმება და მის შესაბამისად შედგენილი ხარჯთაღრიცხვა არ ითვალისწინებს განსახორციელებელ პროექტებში იმგვარ ცვლილებას, რაც ადაპტირებული იქნებოდა „მედიანური ზოლებისათვის“ განკუთვნილ საგზაო სამოსის კონსტრუქციასთან, რათა ზეწოლისათვის გაეძლო სავალ ნაწილს (შეთანხმებები იხილეთ ს/ფ, ტ.1, გვ: 128; 132-133; 140; 145; 153; 160; 167-168; 174; 184-185; 191; 200; 226; 231; 235; 239). პალატამ აღნიშნა, რომ მან არაერთგზის დასვა შეკითხვა: შეცვლილი დავალების მიხედვით მედიანური ზოლის გათვალისწინებით მხარეები შეთანხმდნენ თუ არა გზის საფარის სხვაგვარ, უფრო მტკიცე მოწყობის წესზე (იხ. 16.10.2024წ. სხდომის ოქმი 12:00:25: სთ.-დან). პასუხი ორივე მხარის მიერ ერთგვაროვანი და უარყოფითი იყო. მერიის პოზიციით, მართალია, არანაირ განსხვავებულ სხვა სახის მინარევებისგან სავალი გზის საფარის დაგებაზე მხარეები არ შეთანხმებულან, თუმცა, მოსარჩელე არის მენარდე, სპეციალისტი გზის დაგების საქმეში, მას გააჩნია სპეციალური ცოდნა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეტყობინებით (რაც საქმეში არ მოიპოვება. იხ. იგივე სხდომის ოქმი 12:12:06: სთ.-დან) მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

8. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელე კომპანია შესაძლოა არის საგზაო საფარის ტექნიკურად მოწყობის საქმეში სპეციალისტი და მისი თანამშრომლები ფლობენ ამ დარგში სპეციალურ ცოდნას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამავე ორგანიზაციას შეუძლია არსებულ სახელმძღვანელო პროექტებში ყველა სახის ხარვეზების დანახვა ან მათი უკეთ შედგენა. ამასთან, პროექტი შედგენილია არა მოსარჩელის, არამედ მოპასუხის მიერ დაქირავებული „სისტემა - სპექტრუმ კონსალტინგის“ მიერ. თუ კი რაიმე სახის დამატებითი მოთხოვნები უნდა ჰქონოდა NAT190002425 ტენდერის ფარგლებში დასაგებ მედიანურ ზოლებს, ეს გათვალისწინებული/ასახული უნდა ყოფილიყო, როგორც საპროექტო დოკუმენტაციაში, ასევე ხარჯთაღრიცხვაში, რაც არ განხორციელებულა.

9. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა ისიც, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, კონკრეტულად როდის ეცნობა შეცვლილი სამოძრაო ზოლების მოწყობის შესახებ მოსარჩელეს. მერიის წარმომადგენელი მიუთითებდა საქმის მასალებში არარსებულ მტკიცებულებაზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლის მარტში უკვე ეცნობა კონტრაჰენტს შეცვლილი პროექტის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის კვლევითი ნაწილის შესწავლითაც დგინდება, რომ მედიანური ზოლების მოწყობის შესახებ განხორციელებული საპროექტო გადაწყვეტა მენარდისათვის ცნობილი იყო, თუმცა კონკრეტულად რომელ თარიღში დაუდგენელია. ასეთ პირობებში პალატამ ვერ შეძლო იმის გამორკვევა, როდის ეცნობა მენარდეს მედიანური ზოლების მოწყობის შესახებ. ამდენად, გაურკვეველია ამ დროისათვის რა მოცულობის სამუშაოები იყო ჩატარებული და შესაბამისად, შეუძლებელია იმის გამორკვევა, შეძლებდა თუ არა მოსარჩელე კომპანია ევარაუდა შეთავაზებული პროექტის შესაძლო ნაკლოვანებები.

10. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალების კვლევის შედეგად, აღნიშნა, რომ მოპასუხე შემოიფარგლა 28.02.2023წ. შედგენილი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის კრიტიკით, თუმცა იგი ვალდებული იყო მის მიერ მითითებული გარემოებები დაედასტურებინა სათანადო წესით. მერიამ არასწორად დაუკავშირა სარემონტო სამუშაოების პარალელურად გზის ნაწილით დროებით სარგებლობის შესახებ მოსარჩელის ინფორმირება და გზის სათანადოდ მოხრეშვის დროს დაშვებული შეცდომა აღმოჩენილ დაზიანებებს. მენარდისათვის ცნობილი იყო, რომ სამუშაოების პარალელურად მოძრაობა შესაძლებელია დაშვებული ყოფილიყო, თუმცა ეს არ გამხდარა არსებული ხარვეზების მთავარი გამომწვევი მიზეზი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გზის ხარვეზები გამოიწვია სახელმძღვანელო პროექტით გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა. მოსარჩელისთვის გადაცემული ტექნიკური დავალებითა და პროექტით არ ყოფილა გათვალისწინებული გზის საფარის მოწყობისა და მედიანური ზოლების დატვირთვისათვის გათვალისწინებული განსხვავებული მიდგომები, რამაც გამოიწვია ქ. თბილისში ი. ვეკუას, ო. ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩებზე არსებული არაერთი ხარვეზი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ხარვეზები განპირობებული არ იყო მენარდის მიერ განხორციელებული არაჯეროვანი შესრულებით, მისთვის არც პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები არ არსებობდა. პალატამ 01.01.01/30/109 და 01.01.01/30/11 ხელშეკრულებების 4.2. პუნქტზე დაყრდნობით, დაასკვნა, რომ მენარდეს ევალებოდა მხოლოდ იმ სახის ხარვეზების აღმოფხვრა საგარანტიო პერიოდში, რაც მის მიერ ბრალეული მოქმედებით ან უხარისხო შესრულებით იქნებოდა გამოწვეული. საქმის მასალებით კი ასეთი გარემოებები არ დგინდებოდა, ასევე არ დგინდებოდა, რომ მენარდე განსახორციელებელი პროექტის ნაკლს განზრახ მალავდა. შესაბამისად, იმის გამო, რომ შემკვეთმა არ გაითვალისწინა მენარდის ბრალეულობა დამდგარ ხარვეზებთან მიმართებით, არასწორად და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხები 388 514 ლარის ოდენობით.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

12. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

12.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულების საკითხი. მხარეთა შორის გაფორმებული სატენდერო დოკუმენტაციითა და ძირითადი პროექტის 11.5 პუნქტის მიხედვით, „დავალების თანახმად რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით. გზის დანიშნულებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს შემოვლითი გზა, შეუძლებელია გზაზე მოძრაობის ჩაკეტვა. სამშენებლო პერიოდის დროს შეუძლებელია გზის სრული გამტარობის უზრუნველყოფა. სამუშაოს მიმდინარეობის შესაბამისად ცალკეული სავალი ზოლები უნდა ჩაიკეტოს. ამ დროს აუცილებელია გვერდულების გამოყენება მოძრაობისათვის. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი საფარის გაძლიერება ხრეშის მოყრით“;

12.2. სატენდერო დოკუმენტაციის ფარგლებში დგინდება, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას მხარეთა შორის გაფორმდა არაერთი შეთანხმება, თითოეული შეთანხმების შინაარსი კი ეფუძნება ერთ უმთავრეს პრინციპს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, ადგილზე არსებული ფაქტიური მდგომარეობისა და საჭიროების გათვალისწინებით, ასევე, უკეთესი ხარისხობრივი და ვიზუალური ეფექტის უზრუნველსაყოფად მხარეები ეტაპობრივად ცვლიდნენ ძირითად პროექტს, ძირითადად კი იზრდებოდა განსაზღვრული სამუშაო მოცულობები. შესაბამისად, პროექტის უშუალო შემსრულებელი კომპანია იყო მოსარჩელე კომპანია, რომელიც თავადვე აფასებდა ობიექტებზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასა და საჭიროებებს, აღნიშნული კომპანია მერიის მხრიდან სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით, როგორც გამოცდილი და კომპეტენტური შემსრულებელი და ტენდერის ფარგლებში გაფორმებული თითოეული შეთანხმება ეფუძნება ურთიერთშეთანხმებას და არა ცალმხრივ - მერიისგან მიღებულ გადაწყვეტილებას. მხარისათვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ სარეაბილიტაციო ტერიტორიის სრულად გადაკეტვა შეუძლებელი იქნებოდა და კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ეტაპობრივად გზის ნაწილის გახსნა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა მომხდარიყო გზის საფარის გაძლიერება ხრეშის მოყრით. შესაბამისად, არასწორად იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან არაჯეროვან და უხარისხო შესრულებას ადგილი არ ჰქონია;

12.3. მნიშვნელოვანია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის ვალიდურობის საკითხის შეფასებაც. ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია 2023 წლის 28 თებერვლის თარიღით, ხოლო მოსარჩელეს ობიექტებზე არსებული დეფექტების თაობაზე ჯერ კიდევ 2021 წლის 05 და 20 აგვისტოს ეცნობა წერილობით. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზა არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე გზის საფარის დეფექტების მდგომარეობის აღწერის სრულყოფილ მტკიცებულებად, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული, თუ რა ცვლილება შეიძლება განეცადა გზის საფარს 2021 წლის ივლისიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით. ბუნებრივია, გზის საფარი 2021 წლიდან 2023 წლამდე განიცდიდა ბუნებრივ ცვეთას, განსაკუთრებით ისეთ არეალებში, როგორიც არის გლდანში მდებარე ო. ხიზანიშვილისა და ი. ვეკუას ქუჩები;

12.4. მოსარჩელის მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სხვა კომპანიებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები, რომლებიც ეხება აკაკი წერეთლის გამზირის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება- მშენებლობას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო, როგორც ვალიდური მტკიცებულება, ვინაიდან სახეზე არის ორი ფუნქციურად განსხვავებული ობიექტი, ერთი მხრივ, ქ. თბილისი, ო. ხიზანიშვილის, ი. ვეკუას და ხოჭოს ტბის ქუჩები და, მეორე მხრივ, - აკაკი წერეთლის გამზირი. სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული და შეთანხმებული პროექტი არ შეიძლება განხილულ იქნეს ცალკე აღებული შესაბამისი წინაპირობების გათვალისწინების გარეშე. გარდა ამისა, წერეთლის გამზირზე განსხვავებული პროექტის არსებობა განპირობებული იყო მიწისქვეშ არსებული სამარხების აღმოჩენით, რამაც გამოიწვია განსხვავებული პროექტის შემუშავება. თუმცა, აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია ფუნქციურად განსხვავებულ ობიექტებზე განსხვავებული პროექტების არსებობის მნიშვნელობა;

12.5. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტიის დაკავების მიზანზე. შესრულებული სამუშაოს გარანტია არის უზრუნველყოფის საშუალება, რაც იმას გულისხმობს, რომ შემსყიდველი იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა შესრულებული ხარისხის გარანტიის დაკავებით, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს გარანტიის დაკავება წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ხარისხის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].

17. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].

18. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია - დაარღვია თუ არა მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნის უფლების წარმოშობასთან.

19. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური [სსკ-ის 629.1 მუხლი]. ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1646-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი).

20. დადგენილია, რომ 2019 წლის 07 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ი.ხიზანიშვილის, ი.ვეკუას და ხოჭოს ტბის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N01.01.01/30/109, ხოლო 2020 წლის 15 იანვარს - სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N01.01.01/30/11, ქ.თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესყიდვის შესახებ. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი. სს „თ.ბ–მა“ გასცა საბანკო გარანტიები ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ნაკლის/დეფექტის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

21. დადგენილია, რომ N01.01.01/30/109 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 15.06.2020წ., ხოლო 01.01.01/30/11 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 31.07.2020წ.; მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას მხარეები აღნიშნავენ, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. თუმცა, 2021 წლის აგვისტოში მოპასუხემ წერილებით მიმართა მოსარჩელეს, აცნობა ასფალტბეტონის საფარის დაზიანების შესახებ და დაუნიშნა ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მოსარჩელემ განუმარტა, რომ ხარვეზები არ იყო გამოწვეული არასათანადო შესრულებით და მასში ბრალი მიმწოდებელს არ მიუძღვოდა, თუმცა მერიამ ვალდებულება დარღვეულად მიიჩნია და გამოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხები.

22. სსკ-ის 653-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ადგენს ნარდობის საგნის მიმართ საგარანტიო ვადის დაწესების შესაძლებლობას და სწორედ ამ ვადის განმავლობაში შეიძლება შემკვეთს წარმოეშვას მეორადი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მენარდის მიმართ. საგარანტიო ვადის დაწესება ემსახურება შემკვეთის ინტერესს, ეფექტურად, გარანტირებულად გამოიყენოს ნაკლიანი შესრულებით წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის უფლებები მენარდის მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-523-2024, 13 ნოემბერი, 2024 წელი; №ას-512-2022, 10 ნოემბერი, 2022 წელი).

23. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 639-ე [თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა] და 641.1 მუხლებზე [ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის] და განმარტავს, რომ ნების ავტონომიის პრინციპის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას (იხ. სუსგ საქმე №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი). ამასთან, სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლზე [ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას] და განმარტავს, რომ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ხელშეკრულების შესრულებას ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირობებით. შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შესრულება არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, აღნიშნული ჩაითვლება ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებად.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ [სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].

25. მოცემულ შემთხვევაში ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს (მოპასუხეს) ეკისრება (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1324-2019, 12 მარტი, 2021 წელი; საქმე №ას-58-2020, 11 მარტი, 2020 წელი). მას ევალება სპეციალურ მტკიცებულებაზე მითითებით (მაგ: ექსპერტიზის დასკვნა) დაამტკიცოს მენარდის მხრიდან ნაკლიანი შესრულება. შემკვეთს ნაკლიანი შესრულების დასადასტურებლად იმგვარი პირდაპირი მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რომელიც ფაქტობრივ დაზიანებასთან ერთად დაადასტურებდა მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევას და ამ ქმედებასა და დაზიანებებს შორის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1790-2018, 19 აპრილი, 2019 წელი).

26. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ გამოვლენილი ხარვეზები მენარდის მიერ განხორციელებული არაჯეროვანი შესრულების შედეგი იყო, ხოლო მენარდის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს „ვ–ის“ 28.02.2023წ. ექსპერტიზის დასკვნის N03/17 (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი) შესწავლის შედეგად, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა მისთვის გადაცემული ტექნიკური დავალება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დასკვნის კვლევით ნაწილზე, რომლის თანახმად, შპს „ე–ის“ მიერ NAT190002425-ის ტენდერის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულების ეტაპზე დამკვეთის მიერ მიცემული პროექტის განსხვავებული ვერსიით სავალ ნაწილზე გათვალისწინებულია სამი სამოძრაო ზოლი, საიდანაც ერთი ზოლი განკუთვნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის და აქვს მედიანური ზოლის ფუნქცია. მიუხედავად მოძრაობის სქემის შეცვლისა, შეცვლილი პროექტი იმეორებდა იმავე ტიპის საგზაო სამოსის კონსტრუქციას, რაც მოცემულია NAT190002425-ის ელექტრონული ტენდერის პირობებში (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი). პროექტში განხორციელებული არც ერთი ცვლილება არ შეხებია მედიანური ზოლის მოწყობასთან დაკავშირებით საფარის ფენების გაძლიერებას. ამასთან, პროექტი შედგენილია არა მოსარჩელის, არამედ - მოპასუხის მიერ დაქირავებული კომპანიის მიერ.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განხორციელებული შედავება ვერ გახდება საკმარისი წინაპირობა შესრულების ნაკლის დადგენისათვის. იმ პირობებში, როდესაც მხარეები არ შეთანხმებულან გზის საფარის უფრო მტკიცე მოწყობის წესზე, მოსარჩელემ შეასრულა პროექტით გათვალისწინებული სამუშაო, ამასთან, არც ის დგინდება, კონკრეტულად როდის ეცნობა მენარდეს მედიანური ზოლების მოწყობის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად შეასრულა.

28. საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე [სსკ-ის 879-ე მუხლი]. ამდენად, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს თანხის გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ საქმე №ას-562-871-09, 20 ოქტომბერი, 2009წ). საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, ემსახურება საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდ ბრუნვას, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებით და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ. სუსგ საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-1217-1176-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი).

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საბანკო გარანტიის გადახდევინებას ბენეფიციარის მხრიდან არ გააჩნდა წინაპირობა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახით ანუ სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი წუნი მიმწოდებლის არაჯეროვანი შესრულებით არ იყოს გამოწვეული, შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება მოპასუხისთვის უკანონოდ გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე [სსკ-ის 991-ე მუხლი: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული].

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სწორია, რაც აღნიშნული განჩინების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

32. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე შუამდგომლობს სასამართლოსგარეშე ხარჯის კასატორისთვის (მოპასუხისთვის) დაკისრების თაობაზე. კერძოდ, იგი ითხოვს სამივე ინსტანციის სასამართლოში გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებას დავის საგნის ღირებულების (388 514 ლარი) 4%-ის - 15540 ლარის ოდენობით [სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას].

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი). საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებულისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში (სადაც მხარე წარმოდგენილი იყო ადვოკატით), თუკი ამგვარი შუამდგომლობა არ იქნება წარდგენილი, მიიჩნევა, რომ მხარეს არ სურს ამ თანხის მოწინააღმდეგისათვის დაკისრება, სხვა ინსტანციის სასამართლოში აღძრული შუამდგომლობა კი განიხილება დაგვიანებულად (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1758-2019, 9 მარტი, 2020 წელი).

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სამართალწარმოება მერიის წარუმატებლობით დასრულდა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დასაბუთებულია, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოებისას გაღებულ იურიდიული მომსახურების ხარჯებზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.

35. საკასაციო პალატის განმარტებით, სსსკ-ის 53.1-ე მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-316-316-2018, 7 მაისი, 2018 წელი).

36. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის სირთულის, დავის საგნის ღირებულების, ასევე, პროცესის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვიდან გამომდინარე, კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. შპს „რ.ქ.მ–ის“ შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „რ.ქ.მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 1000 ლარის გადახდა;

4. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე