საქმე №ას-514-2024 30 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ჯ.ჯ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ლ–ია, პ.ჩ–ია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჯ.ჯ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ნ.ლ–იასა და პ.ჩ–იას მიმართ თანხის დაკისრებისა და ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ.ჯ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ.ლ–იას ჯ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 42 254.582 ლარის გადახდა. ბათილად იქნა ცნობილი ნ.ლ–ასა და პ.ჩ–იას შორის 2022 წლის 07 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე (ს/კ ........).
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისის გაუქმება, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დასუწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ლ–იამ, პ.ჩ–იამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ნ.ლ–იასა და პ.ჩ–იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს - საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ჯ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით ჯ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
2025 წლის 4 აგვისტოს ჯ.ჯ–ის წარმომადგენელმა გ.ც–იამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ჯ.ჯ–ის წარმომადგენელ გ.ც–იას განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.
საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით, ცხადია, რომ აპელანტის ხსენებული უფლება ვრცელდება კასატორზეც. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნათელია რომ საკასაციო საჩივრის ავტორს შეუძლია ნებისმიერ სტადიაზე განაცხადოს უარი საკასაციო საჩივარზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.
კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ჯ.ჯ–ის წარმომადგენელ გ.ც–იას განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საქმის წარმოება მოცემულ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 379-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.ჯ–ის წარმომადგენელ გ.ც–იას განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ჯ.ჯ–ის საკასაციო საჩივარზე ნ.ლ–იასა და პ.ჩ–იას მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი