5 ივნისი, 2025 წელი,
საქმე #ას-27-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ.ჯ–ძე და პ.ჯ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.მ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №355 დადგენილებით შპს „ს.გ.ს.ს.კ–იის“ მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი დამტკიცდა. დანართის სახით საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალში გათვალისწინებული იყო მელიორაციის დარგის სპეციფიკასთან დაკავშირებული სპეციალისტების საკონსულტაციო მომსახურება.
2. დადგენილების საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შესყიდვის განხორციელების მიზნით, თ.ჯ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მიმწოდებელი), პ.ჯ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მიმწოდებელი) და შპს „ს.მ–იას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან შემსყიდველი) შორის 2015 წლის 23 ივნისს №319-ს- ბ/15 (პირველ მოსარჩელესთან) და №318-ს-ბ/15 (მეორე მოსარჩელესთან) შეთანხმება დაიდო, რომლის საგანს აქტივების მართვის დირექციაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში, „მელიორაციის დარგის სპეციფიკასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების“ (მომსახურების კოდი 8) შესყიდვა წარმოადგენდა.
საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით, არაუმეტეს - 15 681.82 ლარით განისაზღვრა, თვეში - 2500 ლარის მოცულობით (მათ შორის საშემოსავლო 500 ლარი). შეთანხმება 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებდა (იხ. შეთანხმების 3.1. და 4.7 პუნქტები).
3. მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხსა და მიწოდების ვადების კონტროლს, შემსყიდველი ახდენდა (იხ. შეთანხმების 2.2. პუნქტი). ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მიმწოდებელს უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება ევალებოდა (იხ. შეთანხმების 2.4.1 პუნქტი).
4. დანართი №1-ით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, მომსახურების დასახელება განისაზღვრა, კერძოდ:
ბილინგის სისტემაში განსახორციელებელი ოპერაციები - აბონენტად აყვანა; მომსახურებების შეძენა და ტარიფები; დარიცხვა; ჯარიმები; გადახდა; კორექტირება; ანალიტიკა და რეპორტინგი; სისტემის მომხმარებლების უფლებები; კავშირი სხვა სისტემებთან; დამატებითი მოთხოვნები.
ქოლ ცენტრის სისტემაში განსახორციელებელი ოპერაციები - ზარების მიღება; პასუხი; რეპორტინგი.
5. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №478 დადგენილებით, კვლავ დამტკიცდა მოპასუხის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი, რომლის ფარგლებშიც, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2016 წლის 11 იანვარს პირველ მოსარჩელესთან №9-ს/16, ხოლო მეორე მოსარჩელესთან №10-ს/16 ხელშეკრულებები გაფორმდა. გარიგების საგანს დანართი №1-ში მოცემული მომსახურების კონკრეტული ფუნქციებისა და №478 დადგენილებაში მოპასუხის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება - 30 000 ლარით (მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 6 000 ლარი), ყოველთვიური თანხა თვეში - 2 500 ლარით (მათ შორის საშემოსავლო 500 ლარი), ხოლო გარიგების მოქმედების ვადა - 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.
6. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად, 1.1. პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევა გათვალისწინებული იყო აქტივების მართვის დირექციაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურისთვის, რომელიც „ბილინგის“ ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირებას და სრულყოფილად მუშაობას უზრუნველყოფდა.
7. დანართი №1-ით, რომელიც შეთანხმების განუყოფელი ნაწილია, განსაზღვრული მომსახურებები №318-ს-ბ/15 და №319-ს-ბ/15 ხელშეკრულებების დანართი №1-ის იდენტურია (ბილინგის სისტემაში განსახორციელებელი ოპერაციები და ქოლ ცენტრის სისტემაში განსახორციელებელი ოპერაციები).
8. 2016 წლის 30 დეკემბერს (2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით), მხარეებს შორის მსგავსი პირობებითა და ფუნქცია-მოვალეობებით შეთანხმება დაიდო. გარიგების ფარგლებში გაწეული სამუშაოს შესრულება მიღება-ჩაბარების აქტებით უნდა დადასტურებულიყო.
9. მოსარჩელეებთან 2017 წლის 1 ივნისს „გამოსაცდელი ვადით“ შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში შტატგარეშე თანამშრომლებად დასაქმდნენ.
10. დასაქმებულების მოვალეობას „ბილინგის“ ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირებისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სამუშაო მოიცავდა ბილინგში არსებული განაცხადის ფორმის ველებისა და სისტემაში არსებული რეპორტების ცვლილებას, ბილინგის სისტემის განახლებას და სხვ.
11. გარიგების მხარის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება - 2500 ლარით (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით), 2020 წლის 18 თებერვალის ხელშეკრულებებით კი, რომლებიც 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით მოქმედებდა - 3826.53 ლარით (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით) განისაზღვრა.
12. კომპანიის გენერალური დირექტორის 2020 წლის 20 მაისის №კ-636 ბრძანებით, მოსარჩელეებს - 3750 ლარის (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით) ანაზღაურების სანაცვლოდ, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2020 წლის 22 მაისიდან - 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით გაუგრძელდათ.
13. მოსარჩელეებს მოპასუხე კომპანიისგან „ხელფასის“ სახით თანხა ჩაერიცხათ (იხ. შემოსავლების სამსახურის ცნობა).
14. შინაგანაწესით, რომელიც კომპანიის სისტემაში შემავალ სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების თანამშრომლებზე ვრცელდება და შესასრულებლად სავალდებულოა, განსაზღვრულია სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; შესვენების დრო; დასვენებისა და უქმე დღეები; შვებულების გამოყენების პირობები და წესი, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები, მათი გამოყენების წესი და სხვა.
15. მოსარჩელეები შეთანხმების ფარგლებში დამსაქმებლის სასარგებლოდ მათზე დაკისრებულ სამოშაოებს ასრულებდნენ, სახელდობრ:.
15.1 კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი 2019 წლის 7 თებერვლის წერილით, მოსარჩელეებს ახსენებს - „...დავალება უნდა შეასრულოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გამოგზავნილი ე.გ–ძისგან, ა.ე–ისგან და თ.ა–ძისგან“.
15.2. კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების მონაცემთა ბაზის არქიტექტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილების უფროსმა 2019 წლის 24 ივნისის წერილით, მოსარჩელეებს გარკვეული დავალებების შესრულება სთხოვა.
15.3. საპასუხო წერილით მოსარჩელეებმა კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების მონაცემთა ბაზის არქიტექტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილების უფროსს აცნობეს, რომ ქალაქიდან მოუწიათ გასვლა 2 დღით და შეპირებული ველების დამატება „ცოტა“ დაგვიანდა.
15.4. 2019 წლის 8 ივლისის წერილით პირველმა მოსარჩელემ ე.გ–ძეს ბილინგისა და ქოლცენტრის ელექტრონული სისტემის ორი ვარიანტი შესთავაზა, რომლითაც სარგებლობდა მოპასუხე, კერძოდ, წერილის ავტორი უთითებდა, რომ 2015 წლის მარტიდან კომპანია სარგებლობდა მათ მიერ შექმნილი ბილინგისა და ქოლცენტრის სისტემით.
2015 წლიდან 2018 წლის ჩათვლით აღნიშნულ სისტემაში წარმოშობილი ნებისმიერი ხარვეზი (სისტემური/პროგრამული და საოპერაციო, მომხმარებლების მიერ დაშვებული შეცდომები) და დანამატები სრულდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების (5000 ლარი დარიცხული) ფარგლებში.... ამ შესავლის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მხრიდან მოხდა შეთავაზება ხელფასის - 10 000 ლარამდე (დარიცხული) გაზრდაზე ან მეორე ვარიანტად მითითებულია ბილინგისა და ქოლცენტრის სისტემის ტექნიკური და პროგრამული მომსახურების აუთსორსი, რომლის ფარგლებში მოსარჩელეები უზრუნველყოფდნენ არა მხოლოდ პროგრამულ მხარდაჭერას, არამედ სერვისებზე განთავსებასაც. სასერვო ინფრასტრუქტურის მოვლას, მაღალმდგრადობასა და უსაფრთხოებას.
15.5. 2019 წლის 24 დეკემბრის წერილით კი მხარემ, შეატყობინა თანხმობა, შეთანხმების ძველი პირობით გაგრძელებაზე, თუმცა, 2 000 ლარის ნაცვლად ანაზღაურების 4 000 ლარით განსაზღვრა ითხოვა.
15.6. კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი 2020 წლის 18 მაისის ელექტრონული წერილთ, მოსარჩელეებს ეკითხებათ, ხომ არ იქნებიან წინააღმდეგნი ხელშეკრულებების 1 თვით გაგრძელებაზე, რა დროსაც ძველი ბილინგი უბრალოდ იქნება ჩართულ მდგომარეობაში არსებული მონაცემების წაკითხვისა ან ექსპორტის მიზნით. პასუხად, პირველი მოსარჩელე აცხადებს, რომ თანახმაა ხელშეკრულება 1 თვით გაგრძელდეს.
15.7. კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი 2020 წლის 20 მაისის წერილის - შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ, იმისთვის რომ კომერციის დეპარტამენტმა სერვისების ჭრილში თითოეული აბონენტის ხელშეკრულების გაფორმების, დარიცხვების, გადახდების და ა.შ. ოპერაციები დაათვალიეროს ვიზუალურად, დაუტოვონ არსებული ბილინგი ისეთი ერთი მომხმარებლით, რომელსაც ექნება მხოლოდ სისტემაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების უფლება, პასუხად პირველმა მოპასუხემ მიუთითა - „QL„SQL მონაცემთა ბაზა ეკუთვნის კომპანიას და ცხადია ნებისმიერ დროს შეძლებთ ნებისმიერი ინფორმაციის ამოღებას. რაც შეეხება პროგრამას და სერვისებს, ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ გაითიშება პროგრამაც და ვებ სერვისებიც“.
16. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
17. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
19. სააპელაციო საჩივრით მოსარჩელეეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
21. განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და მოითხოვეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
21.1. კასატორების მტკიცებით, მხარეებს შორის არა ნარდობის არამედ შრიომითი ურთიერთობა არსებობდა. ფაქტებისა და გარემოებების არასწორი ანალიზისა და შეფასების შედეგად კი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 22 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, საკასაციო პალატის მოსაზრებით საქმეზე სათანადოდ არ არის დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, პალატა მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე, ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.
23. სსსკ-ის 404.1 მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407.1 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396.1 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ასევე ამავე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი: სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოადგინეს.
24. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება წარმოადგენს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნით, მხარეთა შორის არსებობდა არა შრომითი არამედ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მიჩნეულ იქნა წარუმატებლად.
25. კასატორების ძირითადი პრეტენზია მხარეებს შორის არა ნარდობის, არამედ შრომის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას ეფუძნება, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს და განმარტავს, რომ ნარდობა შრომის ხელშეკრულების მომიჯნავე კონსტრუქციაა, კერძოდ: ა) ნარდობის საგანს წარმოადგენს მენარდის შრომის შედეგი (რეზულტატი). შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ვალდებულია შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო დაკავებული თანამდებობის, პროფესიის თუ კვალიფიკაციის მიხედვით, მაგრამ სამუშაოს შედეგი, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების საგანს; ბ) ნარდობის ხელშეკრულებაში მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება. შრომის ხელშეკრულებით კი, მუშაკი ექვემდებარება ადმინისტრაციას (დამსაქმებელს); გ) ნარდობის ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, დასაქმებული კი ყოველთვის ფიზიკური პირია (შდრ. ზ. ძლიერიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი 2001,238,239; ზ. შველიძე, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), I, თბილისი, 2011, 91) (შდრ: სუსგ ას-1079-2020, 28 სექტემბერი, 2021 წელი, პ. 11).
26. როგორც ნარდობის, ისე - შრომითი ხელშეკრულების უმთავრესი მსგავსება სამუშაოს შესრულებაა (მომსახურების გაწევა), თუმცა ამ ორ სამართლებრივ ურთიერთობას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაცაა: შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის გენერალური პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განასხვავებს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან.
უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა).
რაც შეეხება ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას, აღნიშნული საკითხი სრულად წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის 629-ე-656-ე მუხლებით, ასევე, სახელშეკრულებო სამართლის ყველა იმ ზოგადი დანაწესებით, რომლებიც ზემოხსენებული სპეციალური ნორმებით არ რეგულირდება. ამ ურთიერთობის ნამდვილობისათვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი ისაა, რომ ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი ურთიერთობა ხასიათდება კონსესუალური ბუნებით, ანუ წარმოშობილად მიიჩნევა მხარეთა მიერ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან (სკ-ის 327.1 მუხლი) და ნარდობის მთელი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებულია მისი სუბიექტების თანასწორობა (დამოუკიდებლობა), რომელიც ორიენტირებულია ხელშეკრულების მიზნის მიღწევაზე და არ ახასიათებს ორგანიზაციული დაქვემდებარება;
შრომითი ურთიერთობა კი, შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, წარმოშობილად მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ვალდებულების დარღვევის თვალსაზრისით, განსხვავებულია კრედიტორისა და მოვალის როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნებიც: თუკი შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელი უფლებამოსილია, გამოიყენოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული სანქციები ან ცალმხრივად შეწყვიტოს ურთიერთობა (შკ-ის 37-ე მუხლი), ნარდობიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისას, იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს, გამოიყენება როგორც სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული, ისე უშუალოდ ნარდობის სპეციალური რეგულაციები (სკ-ის 636-ე-637-ე; 642-ე-644-ე მუხლები). (იხ. სუსგ. ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ;)
27. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეებთან 2017 წლის 1 ივნისს შრომითი ხელშეკრულება „გამოსაცდელი ვადით“ გაფორმდა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში შტატგარეშე თანამშრომლებად აიყვანეს. ასევე დადგენილია, რომ დასაქმებულები შეთანხმების ფარგლებში დამსაქმებლის სასარგებლოდ მათზე დაკისრებულ სამოშაოებს ასრულებდნენ და მოპასუხე კომპანიისგან თანხა „ხელფასის“ სახით ერიცხებოდათ (იხ. შემოსავლების სამსახურის ცნობა).
28. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან ასევე მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხასიათის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების შედავებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომის სამართლებრივი ურთიერთობა, ვინაიდან დასაქმებულის მხრიდან ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო სშკ-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ურთიერთობაზე მიუთითებს და არა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ მხარეთა შეთანხმებაზე.
29. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ბრძანების ბათილად ცნობასა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნაზე და განმარტავს, რომ სშკ-ის 48.8 მუხლის მიხედვით, კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული რეგულირებით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
მითითებული რეგულაციით, დამსაქმებლისათვის დადგენილია, უკანონოდ განთავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება
30. ამდენად, შრომის კანონმდებლობა, უპირატესად, სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად, ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის, კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობას (აღარ არსებობს ის სტუქტურული ერთეული, რომელშიც დასაქმებული მუშაობდა, დასაქმებულის მიერ დაკავებულ შტატზე სხვა პირი დასაქმდა და სხვა) განიხილავს (იხ. სუსგ №ას-1161-2018, 15.10.2020).
31. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მუშაკის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ წარმატებულია თუ დადგენილია, რომ ეს თანამდებობა ვაკანტურია; შესაბამისად, საქმის ხელახალა განმხილველმა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადოდ და სრულყოფილად განხილვის შედეგად უნდა გამოარკვიოს - შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულების/მოსარჩელეების აღდგენის შესაძლებლობა/შეუძლებლობა და მიიღოს სშკ-ის 48.8 მუხლით გათვალისწინებული ერთერთი გადაწყვეტილება (ვინაიდან ზემოაღნიშნული საკითხების გამოკვლევა ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენას უკავშირდება და იგი საკასაციო პალატის უფლებამოსილების ფარგლებს სცდება).
32. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარმოადგინეს დასაბუთებული შედავება (სსსკ-ის 393.3 მუხლი), რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
33. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
34. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ჯ–ძისა და პ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა