Facebook Twitter

25 სექტემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-431-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ნ.დ–ი, დ.ჩ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ.დ–ის (შემდეგში - მოსარჩელე ან მესაკუთრე) საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია გორის რაიონის სოფელ ........... მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება).

2. უძრავ ნივთს არამართლზომიერად ფლობს ნ.დ–ი (შემდეგში - პირველი მოპასუხე, პირველი კასატორი ან პირველი მფლობელი) და დ.ჩ–ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე, მეორე კასატორი ან მეორე მფლობელი).

3. უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 170-172-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მესაკუთრის სარჩელი წარმატებული იყო.

7. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, საკასაციო საჩივარი, მოპასუხეებმა შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინეს:

7.1. წინამორბედმა მესაკუთრეებმა უძრავი ნივთი თავიანთ საკუთრებად არასწორად დაირეგისტრირეს, რის შემდეგაც პირველ მოპასუხეს საკუთრებაში იგი ჩუქების თვალთმაქცური ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა.

7.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების წინააღმდეგ კასატორებს საჩივარი აქვთ შეტანილი, რომელიც საკასაციო საჩივარს თან ერთვის. ამით მოსამართლემ სსკ-ის 312-ე მუხლით გათვალისწინებული მოცემულობის მხედველობაში მიუღებლად მოპასუხეებს საქმეზე მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა შეუზღუდა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-4 და 102.2 მუხლებთან წინააღმდეგობაშია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილისა და 15 მაისის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

12. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

13. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ქონების გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

14. მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავდროულად, დადგენილია, რომ მოპასუხეები უძრავი ნივთის მფლობელები არიან.

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.

ეს გარემოებები ადასტურებს, რომ არსებობს უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრის მიერ ნივთის გამოთხოვისათვის კანონით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხეებს არ აქვთ მისი ფლობის უფლება.

სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

15. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორების მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მათ მიერ სადავოდაა გამხდარი, მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერება.

ზემოაღნიშნული საკითხის გაანალიზებისას, საყურადღებოა, სსკ-ის 312.1 მუხლის შინაარსი. ამ ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა.

სანამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება კანონიერად ითვლება, მანამდე უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.; Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.).

გარდა ამისა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აქარწყლებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ. Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.; Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).

კანონის ზემომითითებული ნორმის შინაარსი, ასევე, დასახელებულ განჩინებებში ასახული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა, საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა დავეყრდნოთ საჯარო რეესტრის არსებული ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ეს პრეზუმფცია კი, იმაში მდგომარეობს, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, რაც სათანადო წესით, ამ ფაქტის უსწორობის დამტკიცებამდე, პრეზუმირებულია.

აქედან გამომდინარე, უძრავ ქონებაზე, კასატორთა მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლების არაკვალიფიციური ხასიათის შედავება, მესაკუთრის განსახილველი სარჩელის უარყოფას ვერ გამოიწვევს. როგორც ზემოთ განიმარტა, მოსარჩელეს, რომელიც ამჟამად უძრავი ქონების მესაკუთრეა, აღნიშნული ქონების მოპასუხეებისგან გამოთხოვის სრული უფლება აქვს, რაც კანონიერად დაკმაყოფილდა.

16. მცდარია კასატორთა მხრიდან იმაზე აპელირება, რომ საქმის განხილვისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მათ მიერ საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით საჩივრის წარდგენის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ადგილი არ ჰქონია.

მოცემული კუთხით საკითხის შეფასებისას საყურადღებოა სსკ-ის 312.1 მუხლის შინაარსი, ამ ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. სანამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება კანონიერად ითვლება, მანამდე უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.; Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.).

გარდა ამისა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ. Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.; Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).

კანონის ზემომითითებული ნორმის შინაარსი, ასევე, დასახელებულ განჩინებებში ასახული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა, საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა დავეყრდნოთ საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ეს პრეზუმფცია იმაში მდგომარეობს, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, რაც სათანადო წესით ამ ფაქტის უსწორობის დამტკიცებამდე პრეზუმირებულია.

როგორც ზემოთ განიმარტა, მოსარჩელეს, რომელიც ამჟამად უძრავი ქონების მესაკუთრეა, აღნიშნული ქონების მოპასუხეებისგან გამოთხოვის სრული უფლება აქვს, რაც კანონიერად დაკმაყოფილდა.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-577-2019, 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება). სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).).

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 46.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორები გათავისუფლებული არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.დ–ისა და დ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორები გათავისუფლებული არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა