25 სექტემბერი, 2025 წელი,
საქმე № ას-798-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ.ს–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ფ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს.ფ–ამ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ლ.ს–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 7087,2 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ;
4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის/კერძო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივრი განსახილველად იქნა მიღებული და სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა 2025 წლის 13 მაისს, 13:00 საათზე. სხდომის გამართვის თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.
6.2. 2025 წლის 13 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სასამართლო სხდომის ჩანიშვნის შესახებ აპელანტს/კერძო საჩივრის ავტორს პირადად ეცნობა 2025 წლის 17 აპრილს (იხ. სატელეფონო შეტყობინება, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები).
6.2.1. აპელანტს/კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო შესაგებელი 2025 წლის 28 აპრილს პირადად ჩაჰბარდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სსსკ-ის 70-ე მუხლის დანაწესი დაიცვა.
6.3. 2025 წლის 13 მაისს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა აპელანტის/კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად კი, ის გარემოება მიეთითა, რომ მოცემული სასამართლო სხდომის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2025 წლის 12 მაისს, შესაბამისად, სხდომას ვერ დაესწრებოდა, ვინაიდან, ამავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული ჰქონდა ორი სასამართლო სხდომა - 12:00 და 14:00 საათზე.
6.4. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა აპელანტის წარმომადგენლის პოზიციას და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 215.3 მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული და არ წარმოშობდა სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, შესაბამისად, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
6.6. სსსკ-ის 387-ე მუხლის გამოყენებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
6.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 387.1, 70-ე-78-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან არ არსებობდა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლო, რის თაობაზეც წინასწარ აცნობა კიდეც სასამართლოს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
10. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგე მხარემ კი - იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
11. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები), შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
13. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი.
გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
16. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
17. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა შეექმნას გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2025 წლის 13 მაისს, 13:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე, აპელანტი (წარმომადგენელი) არ გამოცხადდა. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი კი, ის გარემოება გახდა, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე მისთვის 2025 წლის 12 მაისს გახდა ცნობილი, შესაბამისად, სხდომას ვერ დაესწრებოდა, ვინაიდან, ამავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული ჰქონდა ორი სასამართლო სხდომა, 12:00 საათზე და 14:00 საათზე.
17.1. კერძო საჩივრის ავტორის მითითებულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 6.1 და 6.4. პუნქტში მითითებულ მსჯელობას და კერძო საჩივრის ავტორების ყურადღებას დამატებით მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე:
სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
სსსკ-ის 73.1 მუხლის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70.3 მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.
17.2. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივრი განსახილველად იქნა მიღებული და სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა 2025 წლის 13 მაისს, 13:00 საათზე.
17.3. ასევე დადგენილია, რომ აპელანტს/კერძო საჩივრის ავტორს საქმის განხილვის თარიღი 2025 წლის 17 აპრილს პირადად ეცნობა (იხ. შეტყობინება, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსკ-ის 70-ე მუხლის დანაწესი შესრულდა, აპელანტს შეეძლო პირადად მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში ან დროულად უზრუნველეყო სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის ინფორმირება და მისი სხდომაზე გამოცხადება; შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მისი წარმომადგენლისთვის სასამართლო სხდომის თაობაზე 2025 წლის 12 მაისს გახდა ცნობილი, არაარსებითი და დაუსაბუთებელია.
18. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, რადგანაც აპელანტს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
19. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება, პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია, გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. ევროსასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ს–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა