Facebook Twitter

25 სექტემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-972-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში - მოსარჩელე, დამზღვევი ან სამინისტრო) და სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია) შორის 2019 წლის 31 დეკემბერს დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში - დაზღვევის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც დამზღვევმა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადაზღვევო მომსახურების ვალდებულება იკისრა.

2. დაზღვევის ხელშეკრულების 5.2 პუნქტით, სადაზღვევო პერიოდი - 2020 წლის 1 იანვრის 00:00 საათიდან 2020 წლის 31 დეკემებრის 24:00 საათამდე დროის მონაკვეთს მოიცავდა. ხელშეკრულების №1 დანართით დაზღვევის პირობები განისაზღვრა. კერძოდ პირველი პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო რისკს მიეკუთვნებოდა - აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა/ვანდალიზმი.

ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების აალება/ ხანძარი - სადაზღევო ანაზღაურების გამონაკლისებში გათვალისწინებული არ ყოფილა.

3. 2020 წლის 29 დეკემბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-60 კილომეტრზე ხანძრის შედეგად დაიწვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი (TOYOTA LANDCRUISER, სახელმწიფო ნომერი ...., შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც ავტომობილი).

4. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 11 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილის დაზიანებით (დაწვით) მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა 59 500 ლარს შეადგენდა.

ზარალი ექსპერტმა გამოითვალა ბაზარზე ანალოგიური ავტომობილის საორიენტაციო ღირებულებასა და დაზიანებული ავტომობილის ნარჩენ ღირებულებას (500 ლარი) შორის სხვაობით.

5. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2021 წლის 18 იანვრის ექსპერტის დასკვნით, ავტომობილში ხანძრის გაჩენის მიზეზს, ცხელ ზედაპირთან ან ელექტრონაპერწკალთან გაჟონილი საწვავის კონტაქტი წარმოადგენდა. ხანძრის გაჩენის კერა, ძრავის განყოფილების მარცხენა ნაწილში მდებარეობდა.

6. სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით სამინისტრომ მზღვეველს წერილით მიმართა, რომელმაც ზიანის ანაზღაურებაზე უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობით წარმოშობილი ზიანი დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო რისკში არ შედიოდა.

7. 59 500 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მზღვეველის წინააღმდეგ დამზღვევმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 59 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევა ისეთ სადაზღვევო რისკს მიეკუთვნებოდა, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.

11. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, საკასაციო საჩივარი მოპასუხემ იმ გარემოებაზე მითითებით შემოიტანა, რომ ზიანი ელექტრომოწყობილობების გაუმართაობის შედეგად წარმოიშვა, რაც ხელშეკრულებით განსაზღვრული რისკის კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად დაკმაყოფილდა მოსარჩელის (დამზღვევი) მოთხოვნა, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის მოპასუხის (მზღვეველი) მიერ ანაზღაურების თაობაზე.

16. სარჩელის ზემომითითებული მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 799.1 მუხლის პირველი წინადადებიდან გამომდინარეობს, რომლის შინაარსიც შემდეგია: დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

17. რაც შეეხება განსახილველ სადაზღვევო შემთხვევას, მოსარჩელემ შემდეგ გარემოებაზე მიუთითა:

2020 წლის 29 დეკემბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-60 კილომეტრზე ხანძრის შედეგად დაიწვა მის ბალანსზე რიცხული ავტომობილი, რომელიც სადავო ხელშეკრულებით იყო დაზღვეული.

ამავდროულად, მოსარჩელემ საქმეზე წარმოადგინა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 11 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ ავტომობილის დაზიანებით (დაწვით) მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა 59 500 ლარს შეადგენდა.

ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველის უარი იმითაა დასაბუთებული, რომ ავტომობილში ხანძრის გაჩენის მიზეზი, ცხელ ზედაპირთან ან ელექტრონაპერწკალთან გაჟონილი საწვავის კონტაქტი იყო, ხოლო, ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობით წარმოშობილი ზიანი დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო რისკს არ მიეკუთვნება.

18. ზემომითითებული მსჯელობის გათვალისწინებით განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტა შემდეგი საკითხის ზუსტად განსაზღვრასთან არის დაკავშირებული - საქმეზე გამოიკვეთა თუ არა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ის შემთხვევა, რომლის არსებობის პირობებშიც მოპასუხე ვალდებულია, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს მოსარჩელეს. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მოსარჩელის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევა, მიეკუთვნება თუ არა, მოპასუხესთან დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმებულ რისკს.

19. დასმულ საკითხზე პასუხის გასაცემად უნდა გამოვიკვლიოთ დაზღვევის ხელშეკრულების №1 დანართის („დაზღვევის პირობები“) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო რისკია - აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი.

ხსენებული დანაწესი ერთმნიშვნელოვნად გვაუწყებს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევა, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო რისკს წარმოადგენს.

ამასთან, დასახელებული შეთხვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საერთო გამონაკლისებში მითითებულ არცერთ საგამონაკლისო პირობას არ მიეკუთვნება, რომელთა არსებობის პირობებშიც მზღვეველი ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლებითაა აღჭურვილი.

ამდენად, სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შესახებ დამზღვევის მოთხოვნა დასაბუთებულია, რაც სსკ-ის 799.1 მუხლიდან გამომდინარე მისი დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.

20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (ს/ნ .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 975 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №7031748, გადახდის თარიღი - 14.07.2025) 70% - 2 082.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა